ნაწარმოებები



ავტორი: თამარ ბუკია
ჟანრი: იუმორისტული
26 მაისი, 2011


”რა კარგია ცხოვრება, ამის დედა ვატირე”...

სამარშრუტო მიკროავტობუსით თბილისიდან ერთ-ერთ ქალაქში მივემგზავრებოდი.
ჩემი ბედია ალბათ, - მერამდენე წელია, ერთ ქალაქში ვცხოვრობ  და მეორეში - ვმუშაობ. მთელი შეგნებული ახალგაზრდობა მანქანაში, ბორბლებზე მაქვს გატარებული, ლამის, სკამის ფორმა მაქვს მიღებული. ერთხელ ჩემს მეგობარს ვკითხე კიდეც:
- სადმე ხელოსანი ხომ არ იცი, პირდაპირ მე რომ დამიმონტაჟოს ბორბლები? მანქანაზე ფიქრი მაინც აღარ დამჭირდება-მეთქი.
- გენაცვალე მაგ გაფრენილ იუმორშიო, - გულიანად გაეცინა.
არა და, ყველა ხუმრობაში მხოლოდ მცირე ნაწილია ხუმრობისა. დანარჩენი - მართალი, ცინცხალი და ნამდვილია. სხვა შემთხვევაში თითიდან გამოწოვილი  ვაი-იუმორი  ანუ ”უკბილო” ხუმრობა დაგვრჩება მხოლოდ.
ისე გადავუხვიე გზიდან, ლამის სიტყვებში დავიკარგო. ამიტომ ჩვეულ გზას დავუბრუნდები და ისევ ჩემს მაშინდელ მგზავრობას გავიხსენებ.

სამარშრუტო მიკროავტობუსში თავიდან მხოლოდ მე ვიჯექი. მერე კიდევ ერთი ახალგაზრდა ვაჟი შემოგვემატა და მძღოლის გვერდით დაიკავა ადგილი.
როცა მიკროავტობუსი თითქმის ცარიელი მიდის, მძღოლს ვერ მოსთხოვ, სწრაფად იაროს. ამიტომაც მივღოღავდით იმდენად ნელა, რომ ფეხით მოსიარულენი გვასწრებდნენ და მერე შესაბრალისად გამოგვხედავდნენ-ხოლმე, აქაო-და ”შემოვდივართ თქვენს მდგომარეოაში, მაგრამ უდროობისა და უადგილობის გამო ისევ უკან გამოვდივართო”.
ამასობაში მიკროავტობუსმა ყვავილების საბითუმო სავაჭრო ცენტრამდე მიაღწია და...
- არიქა, გაუჩერე, ვიღაც ქალი დგას ეგერ, ყვავილების კალათით ხელში. ალბათ დაკრძალვაზე თუ მიდის, ნახე რა გამწარებით გიქნევს ხელსო, - გავიგე  მგზავრი ვაჟის ხმა.
მიკროავტობუსის მძღოლმა დაამუხრუჭა და უკან დახია მანქანა.
ქალი ადგილიდან არ იძვროდა და მძღოლს ანიშნებდა , ”კიდევ უფრო უკან წამოდიო...”
მანქანა ამ ქალის ფეხებთან მიღოღდა.
- შვილო, ყვავილები მაქ  წასაღები და ბაგაჟნია გამიხსენი...
- ”ბაგაჟნია” კი არა, ”ბაგაჟნიკი”, - შეუსწორა მძღოლმა.
- ”ბაგაჟნიკი” კი არა, ”საბარგული”  - ხმამაღლა ჩავილაპარაკე და გამეცინა: რა ვქნა? ”ჩვეულება რჯულზე უმტკიცესიაო” და... - ფანჯრიდან გავაყოლე ამ ქალს თვალი და...  ვაახ...  საბარგული თუ ბაგაჟნია დაიტევდა ამდენ ყვავილს?
- შვილო, ყველა ადგილისა რომ მე გადაგიხადო და სიდენიებზეც ყვავილი დავაწყო?
- ბებო, ფული გადამიხადე და... თუ გინდა გულზეც დავიწყობ ე მაგ ყვავილებს, - მძღოლმა ოცდათერთმეტივე კბილი გამოაჩინა. ოცდამეთორმეტე წინა კბილი აკლდა.

დაიწყო კალათების მანქანაში ამოზიდვის ხანგრძლივი და საპასუხისმგებლო პროცესი. ყველა სკამზე თითო ან ორ-ორი კალათა მოათავსეს, სიდიდის მიხედვით. მთავარია, ისე უნდა დაეწყოთ, რომ არცერთი გადმოვარდნილიყო.

ამ ”ბალზამირებული” ყვავილების სუნზე საშინელი ალერგია მაქვს და ვგრძნობდი, როგორ ნელ-ნელა მიკეტავდა სასუნთქ გზებს მიკროავტობუსში დატრიალებული სუნი. სწორედ რომ სუნი, რადგან სურნელი მხოლოდ ახალმოკრეფილ იებს, ვარდებსა და იასამნებს აქვთ. ჰო, კიდევ ცაცხვსა და აკაციასაც.

ყველაზე ცუდად მაშინ ვიგრძენი თავი,როცა ამ ქალმა 50-50 ცალად შეკრული კალების ორი შეკვრა ამახუტა გულზე, - ”ცოტა ხანს დამიჭირეო”, თანაც ჩემს გვერდით მოიტოვა თავისუფალი ადგილი.
დაიძრა მიკროავტობუსი.ღია ფანჯრებიდან შემოჭრილმა ნიავმა გრილ ჰაერთან ერთად ყვავილების სუნიც დაატრიალა და...
- ააფჩხიიი.... - გაისმა წინა სკამიდან იმ მგზავრი ბიჭის ცემინების ხმა.
- იცოცხლე, შვილო...
- კი, ვიცოცხლებ, თუ გზაში არაფერი დამემართა... ააფჩხიიი....
- გაიხარე... რა უნდა დაგემართოჲ, ქააა?!
- რა ვიცი, აბა? ისეთი სუნი დგას, როოომ... მაშ ცოდვა არ იქნება, ამდენი ყვავილი უქმად ეწყოს?
- უქმათ რათ აწყვია, ბიჭო? ამაჲ იმდენი პატრონი  გამაუჩნდება, როოო...
- საიდან ხარ, ბებო? ააფჩხიიი....
- დიდი დღე... იჲ, ლაპარაკზე არ მეტყობა განა, რომ კახელი ვაარ? საგარეჯო გაგიგია?
- კი, როგორ არ გამიგია... ააფჩხიიი....
- თხის კუდი! – ”დალოცა” ქალმა, - რა ცემინება აგიტყდა, ბიჭო?
- რა ვიცი, აბა? ამდენი სხვადასხვა სუნი რომ შეგიძვრება ცხვირში... ისე, საწყალი მიცვალებულები... რამდენნაირ სუნს იტანენ, ააა?
- შენა, შვილოსა, ცოტა იგრე ხომ არა ხაარ? - იკითხა ქალმა და ცერად გახედა ბიჭს.
- იგრე როგორ, ბებო, გაცივებული?
- არა, გაციებული ამ ყვავილების მომავალი პატრონებია... გაციებული რად უნდა იყო? თბილი ხააარ, სუნთქამ და აფჩხიკინებ...  აი, შექანებული ხომ არა ხარ-მეთქი...
ამ სიტყვებზე აქამდე ჩუმად მჯდარმა მძღოლმაც ხმამაღლა გაიცინა და, თავი არ მოუბრუნებია, ისე იკითხა:
- რა იყო, ბებო, ვარყევ მანქანას?
- არა, არ არყევ, მაგრააამ... კარგად კი ქანაობს და ინძრევა...
- რას ამბობ, ბებოოო, სადა მცალია მაგისთვის? ორივე ხელით რული მაქვს ჩაბღუჯული...
- ორივეთი, არა? იი, მე მამატყუებ?
- რა მოგატყუე, აბა?
- მა ხანდახან რიჩაგსაც რომ წაეტანები-ხოლმე? - ყვავილებს შორის გაყო ქალმა თავი და მზერა გააყოლა მძღოლის ხელს, რომელიც სიჩქარის გადამრთველზე ”იდო” და მანქანას სიჩქარეს უცვლიდა, - აი, ახლაცა...  მაშ სადა გაქ ხელი?
- ვაახ, მაშ თავისით როგორ გადაირთვება, მე თუ ხელი არ წავატანე-ხოლმე? - გადაიხარხარა მძღოლმა.
- შენ ცოტა ნელა ატარე და რასაც გინდა, იმაჲ წაეტანე-ხოლმე... ქაა, კალათები არ გადმამიცვივდეჲ სკამებიდანა...
- ბებო, გაჩუმდი, თორე სიცილისგან ცრემლები მომდის უკვე... - ხარხარებდა მძღოლი, - ნელა რომ ვიარო და თანაც ამდენი ყვავილ-კალათით სავსემ, ვინმეს პროცესია ეგონება და პირდაპირ სასაფლაოს უნდა მივაყენო მანქანა. ვაახ, მართლა  მგონია ახლა,  საკუთარ დასაფლავებას ვესწრები-მეთქი...
- კაი ენის იყავი...
- ააფჩხიიიი... – ”შემოეშველა” მგზავრი ბიჭის ხმა.
- რაო, შეგეცოდე, ბებო?
- შენ კი არა, ე ყვავილები შემეცოდა და ჩემი თავიცა...პირდაპირ სასაფლაოზე რომ წაიყვანო ე მანქანა,  მაშ მე როგოღა გავყიდო ამოტოლა ვენოკები?

ამასობაში მე სერიოზული ხუთვა დამეწყო. კიდევ კარგი, ალერფასტი სულ ჩანთაში მიდევს და ბოთლით წყალიც მქონდა, - იქვე დავლიე ერთი აბი.
- შენ რაღა დაგემართა, გოგო, შენც ცუდათა ხარ? - ახლა მე მომიბრუნდა ქალი.
- ხო, მეც ალერგია მაქვს ამ ყვავილებზე...
- ვაახ, რა მკვდრები ხართ ეს ახალგაზრდები...
- ააფჩხიიიი... მკვდარი რადა ვარ, ბებო? როდის იყო მკვდარი  აცემინებდა? - ისევ ალაპარაკდა მგზავრი ბიჭი, რომელსაც ცემინების გარდა, თვალებიდან ცრემლებიც მოსდიოდა უკვე.

უხმოდ გავუწოდე ერთი აბი ალერფასტი და წყლიანი ბოთლი.
მადლიერად შემომხედა და მაშინვე დალია.
- ჰა, წავედით, ბებო, სასაფლაოზე? რა გინდა მეტი? სამ კაცს ერთად მიგვიყვან, ყვავილებიანად...
- არა, ქააა... მე აქ გამიჩერე და მერე სადაც გინდათ, იქ წადით, სამივენი...

მძღოლმა მანქანა გააჩერა. ყვავილებიც გადაატანინა იმ ქალს.  ქალმა ხვნეშითა და ოხვრით გადაზიდა ყველა კალათა ტროტუარის სიღრმისკენ, მერე ფული გადაიხადა და კარიც მიხურა.
- ვაახ, კაცო, მართლა კატაფალკა მეგონა  ეს მანქანა, ოღონდ ეს კია, ერთი დაწოლილი მიცვალებულის ნაცვლად სამ დამჯდარს მივასვენებდი... - სახეზე ჩამოისვა მძღოლმა ხელი.
- ეს რა გვიყო ამ ქალმა? მოვკვდი ცემინებით... ააფჩხიიიი...
- იცოცხლე... - ვთქვი მე და... სამივეს ისტერიული სიცილი აგვიტყდა.
უეცრად ჩემმა მობილურმა დარეკა.
- ქ-ნო თამარ, ხომ კარგად ხართ? - ჩემი თანამშრომელი, თიკა მირეკავდა. აინტერესებდა, რატომ ვაგვიანებდი სამსახურში მისვლას.
- ხუთ წუთში მანდ ვიქნები, თიკა... გამიჩერეთ!

მიკროავტობუსიდან ჩასულმა ღრმად ჩავისუნთქე გაზაფხულის დილის მაცოცხლებელი, გრილი ჰაერი და იქვე მდგარი აყვავებული აკაციის საოცარი სურნელი.
- ”რა კარგია, ცხოვრება, ამის დედა ვატირე”?! - გამახსენდა ფრთიანი ფრაზა ცნობილი ქართული ფილმიდან და ხმამაღლა გამეცინა.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები