ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: თანანა
ჟანრი: პოეზია
6 ივნისი, 2011


ნაცემი თავისუფლება

  ვინ იცის, აწი რა მოხდება, რით გაგვაოცებს
  დრო, აყოლილი ფეხისნაბიჯს ხელის ბიჭების...
  დროც თუ გაოცდა და აუგი სიტყვა წამოსცდა,
  დააბრალებენ სიტყვის სეტყვას, დროს დაიჭერენ!
  გადააწყობენ საკუთარ დროზე საათებს მოშლილს,
  აზრის დამხშობით ფიქრში ფიქრსაც გაგვითიშავენ.
  თავისუფლება ხელკეტებზე წამოცმულ დროშით
  სახეს იფარავს, რომ დამალოს თვალთან სიშავე...                   
                07.11.07

 
***
წარმოსახულ ეკრანზე დარდის სლაიდ- შოუ მაქვს,
ცას მიუყვება ქარავანი ქუფრი ღრუბლების.
ვერ მომაწვდინა წინათგრძნობამ კადრი დროულად,
მოსარკულ გზაზე ფეხის უცებ გადაბრუნების...
ჩააცხობს აზრი ფიქრში მწარე პურის ლავაშებს,
უფრო რომ ვიგრძნო პურ-მარილი მარტოკაცობის.
-როგორ ჰგავხარო ყველაფერში მაინც მამაშენს,-
იტყვის დედა და თითქოს ჩემს თავს ამ წუთს მაცნობდეს...
ჯერ არ ეტყობა შუბლის გახსნა ჩემი დარდის ცას,
სადღაც ქვეტექსტში ჩამრჩა ლექსის ბოლო სტრიქონი.
დღეს სიმარტოვემ ჩითის კაბა რატომ ჩაიცვა?
ალბათ, მამასთან გადაღებულ ფოტოს იგონებს...

                  02.06.11


კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები