ნაწარმოებები



ავტორი: ანანე კიკნაძე
ჟანრი: პოეზია
8 ივნისი, 2011


მოხალული მზე

ჩვენ ისე მალე ავიყარეთ ტანი, რომ მიკვირს
როგორ ვეტევით ერთმანეთის თვალებში ახლა;
ჰო, ამ თვალებზე აგვაფარეს ნახმარი ბინტი
და რაც მზე დარჩა, ცივ ტაფაზე გვიგდია, ვხალავთ.

ჩვენ ერთმანეთი, რიგრიგობით ვატარეთ გზამდე,
გადავიხვიეთ ნატყვიარი თოთო შუბლები;
მერე მეზობლის გამომცხვარი პურებით გვზარდეს,
გვითხრეს, რომ უკან აღარასდროს არ დავბრუნდებით

და სულ სხვა, ქვიშა ნიადაგზე ავიდგით ფეხი,
ჩამონგრეული, განაცრული ცა ლურჯად ვღებეთ;
ყელში რომ გვქონდა მოწოლილი ის ბოღმა ვერ ვთქვით
და ასე დავრჩით მეოცნებე თაობად დღემდე.

და ისე უცბად, ნაადრევად დაგვჭირდა გაზრდა,
ვერ მოვასწარით ბავშვობასთან დამშვიდობება.
თვალებს, ყინვის და სიცივისგან ბოლომდე დამზრალს,
სიმწრის, დარდის… და ათასგვარი ცრემლი გვითბობდა.

მე და შენ ერთად ვთამაშობდით დახუჭობანას,
და ერთმანეთი ვერ ვიპოვეთ ისე დაგვმალეს.


კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები