ნაწარმოებები



ავტორი: თიკუნა
ჟანრი: პოეზია
13 ივნისი, 2011


სადილი ორისთვის

ჭიქა ყავით და იმედებით მორთული დილა,
შეზავებული ღიმილით, ცოტა სევდით და
შუა ზაფხულში მოყინული ნატანჯი მხრებით.

ვდგები, მივათრევ მძიმე სხეულს და
დღიდან დღემდე სიცოცხლე მიმაქვს.
საყვარელ სადილს ვამზადებ რიდით,
რომ მერე ერთად შევექცეთ დინჯად.

ყოველი დილა იწყება ფიქრით,
რომ ჩემი სახლის ბებერ კარს ჭრიალით შემოაღებ,
ჩემი სახლის, თუ ჩვენის?
ლოდინი...

ძლივს ნასწავლ დიასახლისობას
ეწირება სხვადასხვა თითი,
პატარ-პატარა ჭრილობების მოსაშუშებლად
ბინტი დევს გვერდით.

ჩვენი პატარა სასადილოს დიდ მაგიდაზე,
ყოველ შუა დღეს რუტინულად სუფრას ვშლი ხოლმე,
ორი თეფში,
ორი ჭიქა თეთრი ღვინისთვის,
ყავა ლიმნით უშაქროდ და ჩვენი სადილი.

დღის სამი საათისთვის ვზივარ სუფრასთან,
კარი ჭრიალით იღება და ისევ არავინ,
ისევ უაზრო მოჩვენება ჯდება სადილად.

ყოველი დღის სამი საათისთვის,
მე და არავინ ვსხედვართ სადილად,
ვსვამ ნელი ტემპით ჩემს საყვარელ ჭიქა ღვინოს და
შენთვის დადგმული ჭიქა ყავა მუდამ ცივდება.

იწყება დილა იმედით რომ სახლში შემოხვალ,
სახლში რომელსაც "ჩვენი"  ჰქვია ასე უბრალოდ.

სუფრა ორისთვის,
ლოდინი და ისევ არავინ,
ბებერი კარის სახელური დამტვერილია.

სადილი ორისთვის,
აღარასდროს ბრუნდები შინ და
დუმილი სიგარეტის ბოლთან ერთად კედლებს გაუჯდა.

შევიშალე

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები