ნაწარმოებები



ავტორი: დარინა
ჟანრი: პოეზია
26 ივნისი, 2011


აღარ ვარ პოეტი

აღარ ვარ პოეტი და ნუღარ ირწმუნებ,
თუ გითხრეს, რომ ისევ ლექსების მონა ვარ...
ჩემს ძველ ემოციებს როცა შევიძულებ
სხვა ფიქრებს ავყვები – მსუბუქს და ონავარს.

აღარ ვარ პოეტი... ჩვენმა დრომ მითხრა, რომ,
დღეს ცაზე ფიქრი და ოცნება რთულია,
რომ არვინ დაგიდევს, შენს გულში რა ხდება,
და სენტიმენტები ღრმად დამარხულია.

აღარ ვარ პოეტი და არც კი მეხუმრო,
რომ ისევ ლამაზი ლექსების დედა ვარ.
ნუ ღელავ, გაფრენას აღარსად ვაპირებ,
თუმცაღა, ეს გული ოდესღაც ბედავდა

მზის ნახვას ან ცაზე ღრუბლებთან შეხებას
და ჯერაც მოუსვლელ ფიფქებთან საუბარს,
ზღვის პირას ჯდომას და ტალღების გაცნობას,
დიდხანს ფიქრს იმაზე, დღეს ვის გულს რა უყვარს...

მაგრამ მე აღარ ვარ, სულ არ ვარ ასეთი,
თუმც, შენთან ლექსებით აღსავსე მოვედი...
და რადგან გაფრენას აღარსად ვაპირებ,
აღარ ვარ მშვიდი და აღარ ვარ პოეტი...



კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები