ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: დილეტანტი
ჟანრი: პროზა
27 თებერვალი, 2014


ჩვენებური რობინზონის დღიურიდან

ჩვევად მექცა დილაადრიან ქვიშიან სანაპიროზე ფეხშიშველი სეირნობა.
იმ დღესაც მივუყვებოდი ნაპირს ცალკე დილის გრილი ჰაერით და ცალკე დროდადრო კოჭებამდე მომწვდარი ქაფიანი ტალღის საამური ღიტინით აჟრჟოლებული და თუ ასეთი რამ შესაძლებელია, სულ არაფერზე არ მეფიქრებოდა,  გარდა იმისა რომ აბსოლუტურად არაფერზე არ მეფიქრება. ეს მაინც ხომ უნდა გამფიქრებოდა რამენაირად.
უცებ, მოშორებით თვალი მოვკარი რაღაც საგანს. ტალღები თითქოს დასატოვებლად არ ემეტებათო, ისევ უკან წაღებას ამაოდ ლამობდნენ, ისე ჩანდა შორიდან.
ბოთლი გამოერიყა ზღვას. დახავსული და აშკარად ეტყობოდა კარგად თავდაცული. საინტერესო კი ის იყო რომ მოვლილ საპლიაჟე ზოლზე, დილაადრიან ასეთი რამ გამორჩენოდა მომსახურე პერსონალს, მხარზე ფარცხგადებულები რომ ტოვებდნენ დაკრიალებულ პლიაჟს.
მათ უკან მობრუნებად არ ღირდა. ურნაც იქვე იყო და დიდი ამბავი თუ ხელი წავაშველე მეთქი – აბსოლუტურად არაფერზე ფიქრი შევწყვიტე მაშინ და საქმიან, სადღაც ჰუმანურზეც კი გადავერთე.
მერე რაც მოხდა დაწვრილებით აღწერად არ ღირს.
ბოთლი ბევრად უფრო საინტერესო აღმოჩნდა, ვიდრე შორიდან ჩანდა და თუ რითი, ამას თავად გადახედეთ.
მე მხოლოდ გადავწერე, მეტნაკლებად დაუზიანებელი შიგ მოთავსებული ტექსტი, ალბათ დღიურისა, თუ უბრალოდ ჩანაწერებისა და სათაურად იმიტომაც დავარქვი

“ჩვენებური რობინზონის დღიურიდან”


“გემი ჩაიძირა.
მოულოდნელი ამაში არაფერი იყო. კარგა ხანია ვგრძნობდით ამ კატასტროფის მოახლოებას და აი, როგორც იქნა დასრულდა მოლოდინი.
გაჟეჟილს გატეხილი ჯობიაო – ხომ არი ნათქვამი... ჰოო და თუ ჯობია, გვაქვს კიდეც აგერ, გატეხილიც და ჩაძირულიც.
მაინც იმედი გვქონდა რაღაცის, თუ ვიღაცის, რა მნიშვნელობა აქვს უკვე. მაგრამ მაინც ხომ გვეფიქრებოდა, იქნებ ჯერ კიდევ არაო, იქნებ კიდევ გაქაჩოსო… ან იქნებ სულაც არასოდესო, საამისოდაც გვყოფნიდა უჭკუობა. 
სასაცილოა ახლა ეს ყველაფერი.
არადა გვესმოდა როგორ საცოდავად ჭრიალებდა, ვხედავდით როგორ გადაიხარა გვერდზე, რაღაცნაირად არანორმალურად. წყალმაც გამოჟონა ბევრგან.
არა! ვითომ არაფერი ისეთი არ ხდებოდა. ჩაივლისო თავისით, გასწორდებაო ისევ.
ეეჰ, ისე გასწორებულა ჩვენი მაწყევარი.
ჩვენ კი მაინც იმედი გვქონდა.
ოპტიმიზმს, ფასი რომ ქონდეს ნავთობის, ჩვენზე მდიდარი ხალხი არ იქნებოდა ამ ქვეყნად.
და აი, მოხდა მოსახდენი.
პრინციპში, ჯერ გაუსაძლისი არაფერია. მაშველიც მოგვისწრებს ალბათ.
იმედია…”

“მეორე დღეა წყალში ვართ. მაშველი ჯერ არ გამოჩენილა. თუმცა ზოგიერთები, აი სწორედ ისინი, ვისაც ყველაზე მეტად ეიმედებოდა, ადრევე სამაშველო ჟილეტებში დასეირნობდნენ გემბანზე. ზოგიერთს ერთი თუ ეცვა, ორიოდე გადამალულიც ჰქონია, როგორც აღმოჩნდა. ფულიც ცელოფანის პარკებში შეუფუთავთ საიმედოდ და წელზე შემოკრული დაჰქონდათ თურმე.
ასე რომ, ემზადებოდნენ ამისთვის, სხვა რა უნდა ვიფიქრო აბა - ჩვენ გვაიმედებდნენ, თვითონ კი ემზადებოდნენ.
გემიც დიდი სასწაული არაფერი იყო, ზღვაში სასეირნოდ გასულს უფრო ჰგავდა, ვიდრე რაიმე სერიოზული განზრახვით. მაინც რამდენი ხარახურით ყოფილა სავსე. უამრავი რამ სასარგებლო, ამ სიტუაციაში, ტივტივებს ახლა ირგვლივ.
ხომ დიდი ვერაფერი იყო, არა? მაგრამ მაინც დასანანია რომ ჩაიძირა. მყუდრო იყო მაინც და ეს სისველეც არ იგრძნობოდა ასე შემაწუხებლად.”

“კვირაზე მეტია რაც ჩაიძირა ჩვენი გემი. რატომღაც უფრო დიდი მახსოვს, ვიდრე სინამდვილეში იყო.
უფრო მენანება დღეს
ვტივტივებთ ყველანი როგორც ვახერხებთ. ვინ რას ჩაავლო ხელი და ზედ ტანზე მიიბა, მთვლემარეს არ დამეკარგოსო.
უფრო დავუახლოვდი თანამგზავრებს. უმეტესობას ჩაძირვამდე არც ვიცნობდი.
საინტერესო ხალხია. განათლებული უმრავლესად. კულტურული და ინტელიგენტი.
მალე მაშველიც გამოჩნდება.
იმედია. “

“დღეს მგონი მეათე დღეა… შეიძლება მეთერთმეტე… დიდი-დიდი მეთორმეტე ვთქვათ, რაც ჩაგვეძირა ჩვენი ხომალდი.
ზოგიერთებმა, მოპესიმისტო ტიპებმა, ტივების შეკვრა დაიწყეს. საამისო მატერიალი ოხრად დარჩა წყლის ზედაპირზე. არც ღელვა ყოფილა ისეთი რომ დაეფანტა და აგროვებენ რაც ხელში მოხვდებათ, ვითომ ტივის შესაკვრელად.
რაში უნდათ ნეტა?
ჰა და ჰა წამოწვნენ ზედ და გაირუჯნონ მზეზე, ან ითევზაონ… ზღვაში ვართ მაინც.
სისულელეა მოკლედ და სხვა არაფერი.
თან არასწორი საქციელია პრინციპში.
აი როცა მოვლენ მაშველები და ჩვენს ჰეროიზმზე მასობრივი საშუალებები ერთხმად ალაპარაკდებიან, მე და ჩემისთანები არ დავუშვებთ, რომ მათაც ჩვენსავით თავი მოიწონონ სტიქიასთან მედგარი ბრძოლით.
თუმცა სტიქია არ ჩქარობს გახურებას. რაც ჩავიძირეთ მას შემდეგ ერთი ტალღაც კი არ აქოჩრილა ისეთი, სურათი რომ გადაიღო კაცმა. სისველე ხდება სულ უფრო შემაწუხებელი და ეგაა.  ეგ არაფერი. მოვა დრო აიქოჩრება, შენგან მოწონებული.
ამასობაში მაშველებიც გამოჩნდებიან…
ალბათ… “

“სამ კვირაზე მეტი იქნება… ოთხი, ნამდვილად ვიცი არ არის.
ვცურავთ ძველებურად. სისველეს ცოტა სიცივეც მიემატა, მაგრამ გაუსაძლისი არ არის.
ჯერჯერობით…
ესენი კიდევ წამოსკუპებულან თავიანთ ტივებზე არხეინად და თევზაობენ, და მერე ყიდიან კიდეც.
საძაგელი ვაჭრუკანები.
არაუშავს რა. ყველაფერს გაგიხსენებთ – მოვა დრო!
თევზიც რომ კარგად იჭირება… გემრიელიცაა, ჩვენში დარჩეს და.”

“კი. თვე იქნება უკვე. მაქსიმუმ თვენახევარი.
საცაა გამოჩნდებიან მაშველები.
ალბათ…
შეუძლებელია რომ არ გამოჩნდნენ.
ამათ  კიდევ, ტივოსნებმა, გაერთიანება დაიწყეს და სამი მცურავი პლატფორმა შეაკოწიწეს.
უსაქმურები!
ერთზე კაფე მოაწყეს, მეორეზე სილამაზის სალონი და მესამეზე კაზინო.
იდიოტები!
სასეირნო აფრებიანი ტივებიც გააკეთეს და კრუიზებს აწყობენ  კაფე – სალონი – კაზინო
ფულს აკეთებენ, მამაძაღლები.
დიდხანს ვერ გასტანს ამათი პარპაში. მოვა დრო ყველაფერს გავუხსენებთ. ყვე-ლა-ფერს!!!”

“რაღაც საეჭვოდ არ ჩქარობენ ჩვენს გადარჩენას. დრო კიდევ გადის და რაც უფრო, წყალიც უფრო ცივდება თითქოს. სისველეს კი მივეჩვიე უკვე, სიცივე კი, სულ უფრო შემაწუხებელი ხდება.
კიდევ კარგი სიწყნარეა. არც ტალღები ჩქარობენ აქოჩვრას და არც სურათის გადაღების განწყობაზე ვარ, სიმართლე რომ ვთქვა.
სანამდე უნდა გაგრძელდეს ასე? რაზე ფიქრობენ მაშველები, არ ვიცი პირდაპირ.
ჩემთვისაც ვცადე პატარა ტივის შეკვრა.
რატომღაც არ გამომივიდა. არც ისე ადვილი ყოფილა, ერთი შეხედვით რომ ჩანდა.
ცოდნა სდომებია რაღაცნაირი, გამოცდილება… ამას კიდევ ჩვენ არავინ გვასწავლიდა, ან რაში გვინდოდა – ხომალდი გვქონდა იმოდენა.
ისე, არც მასალა დარჩა შესაფერისი. დაიტაცეს ყველაფერი ნაძირალებმა და ახლა სასტუმროთვის პლატფორმას ეჩალიჩებიან – რომ ისეთებმა, როგორიც ჩვენ ვართ ვიცხოვროთ შიგ ცოტა ხანი მაინც ადამიანურად… სანამ ფული არ გამოგველევა არა?
მანამდე არ აგიდგეთ გვერდები, სანამ მაგ ქოხში მდგმურად არ დავდგეთ!!!
მოვლენ ერთიც იქნება ჩვენები და გიჩვენებთ სეირს… ბანდიტებო.
ვნახოთ მაშინ ვის ექნება საქმე საღიმილოდ…”

“დროის  ათვლას აზრი არა აქვს მგონი.
ისედაც გასაგებია საშველად რომ არავინ მოვა. არავის არაფერში ვჭირდებით როგორც ჩანს, საკუთარი თავის გარდა.
სამუშაო უნდა მოვნახო რამე, თორემ დანაზოგიც მელევა უკვე…”

“გუშინ ოქროს თევზი დავიჭირე, შემთხვევით მომყვა ხელში, როცა მეძინა… სიზმრად რა თქმა უნდა.
სიზმარში კი არ მეძინა. ფხიზლად ვიყავი და აი, შედეგიც – ოქროს თევზი.
ერთ თხოვნას შეგისრულებო, მეუბნება, როგორიც გინდა იყოსო. ოღონდ ჩქარა, სხვებიც მყავს მისახედი, შენისთანები და კიდევ უარესებიო.
მეც არც ვაციე, არც ვაცხელე, ეგრევე ვაჯახე
დიდხანს და ბედნიერად მინდა ვიცხოვრო მეთქი.
იმან კიდევ, შენ რა,  ვერ გაიგე? მხოლოდ ერთი თხოვნა თქო. დროზე ახლა, ჩამოყალიბდი, დიდხანს თუ ბედნიერადო.
მე კიდევ უცებ ვერც მოვიფიქრე, რომელი ამერჩია და სანამ ამ გაწამაწიაში ვიყავი, კი გამისხლტა ხელიდან.
ახლაც ამაზე ვფიქრობ და ვერ გადამიწყვეტია.
არა და მოსაფიქრებელია სასწრაფოდ. ერთხელაც იქნება ისევ დავიჭერ.
ალბათ… “

“ისეთი ხმაური მოდის იმ პლატფორმებიდან… ნერვებისმომშლელი.
სამუშაოც ვერ ვიშოვე…
რა გინდა რომ ქნა?
ვფიქრობ, ამ ბოლო დროს, ხო მარ გამეცურა სანამ ჯერ კიდევ ჯანზე ვარ… დასავლეთით მაგალითად, თუ ჩრდილოეთით ჯობია ვითომ? ან სამხრეთით, თბილა იქეთ… თუ აღმოსავლეთით, მზე იქიდან არ ამოდის სულაც.
ვერ გადამიწყვეტია ჯერ.
მაგრამ… “

სამწუხაროდ აქ მთავდება ჩანაწერები, რომელთა გარჩევაც შევძელი და “ჩვენებური რობინზონის დღიური”-ც.
რატომ სამწუხაროდ?
იმიტომ, რომ სხვისი ჭირი ღობეს ჩხირიო, ნათქვამია და სულ ტყუილად მოვიტყუებ თავს, თუ დაგიწყებთ მტკიცებას, თვალებზე ცრემლმომდგარი გავყურებდი ჰორიზონტს, წაკითხულით სულის სიღრმემდე შეძრული-მეთქი.
ან თქვენ დამიჯერებთ რო? სიცილს ვინ ჩივის, გაღიმებითაც არ გამღიმებიაო,  რომ გითხრათ. როცა თავად ასე გემრიელად გეღიმებათ, სხვა რომ არაფერი ვთქვა.
რატომ ჩვენი?
იმიტომ რომ მენიშნა.
ძალიან, ძალიან.
მაშინ კი მართლა გავხედე ჰორიზონტს და…
გინდ დაიჯერეთ გინდა არა.
ახლაც დავსეირნობ ფეხშიშველი სველ ქვიშაზე  ცალკე დილის გრილი ჰაერით და ცალკე დროდადრო კოჭებამდე მომწვდარი ქაფიანი ტალღის საამური ღიტინით აჟრჟოლებული და სევდანარევი ღიმილით მეფიქრება ხოლმე რობინზონზე.
…იშოვა ნეტა სამუშაო? ან იქნებ პატარა ტივი რამე შეკრა თავისთვის.
…ან სულაც ოქროს თევზი დაიჭირა ისევ… ჰა?

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები

საიტის წევრებს ნიკით:  გიორგი7464, ხურსი ვულოცავთ დაბადების დღეს