ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: დილეტანტი
ჟანრი: პროზა
19 თებერვალი, 2014


მოუსვენრად მოაზროვნე



უდიდესი მოაზროვნე იყო…
და როგორც თანამედროვეთ მიაჩნდათ - ყველა დროის!!!
იქვე, მისი ხასიათის მოუსვენრობაზეც იტყოდნენ ორიოდ სიტყვას,
მოკეთეები ალალი ღიმილით,
მოშურნენი ირონიულით,
მაგრამ ერთნიც და მეორენიც თანხმდებოდნენ იმაში რომ, ერთიც იქნება რაიმე შარს გადაეყრებაო - პირველნი სინანულით გააქნევდნენ ხოლმე  თავებს, მეორენი კი ამ იმედს ღრმად გულში იმარხავდნენ და თავის “სინანულით” გაქნევით, კონსპირაციის ნორმებს განუხრელად იცავდნენ.

განწყობილებანი საზოგადოებაში, მას არც ახარებდა და არც ადარდებდა…
სად ეცალა საამისოდ, დღედაღამ მოუსვენრად აზროვნებდა, აკვირდებოდა, აანალიზებდა…
და  აი  რა აკვირვებდა… 
საოცარი კანონზომიერება - მისგან უკვე გამოკვლეული სამყაროს ზეციური, მომდევნო სამყაროს მიწიერით, შესაშური თანმიმდევრობით იცვლებოდა ხოლმე…  და ამას, ბოლო არ უჩანდა, თითქოს!
სხვა, მის ადგილზე, ხელს ჩაიქნევდა და დიდი ხნის წინ დადებდა შეუვალ დასკვნას, რაც ალბათ ასეთი ფრაზით დასრულდებოდა - “…, და ასე უსასროლოდ”. 
მაგრამ მისი შემაშფოთებლად მოუსვენარი ხასიათი და აქვე აზროვნების შეუზღუდავი შესაძლებლობანი, ამ საკითხს, ასე მარტივად გადაჭრილს ვერ დაუტოვებდა შთამომავლობას  და იღწვოდა მუხლჩაუხრელად…
ვინ იცისო - ფიქრობდა - იქნებ სამყაროს წრიული ფორმა აქვსო, და ერთხელაც იქნება, მომდევნო ზეციურის გარღვევით… ისიც საინტერესოა, თუ რამდენი დონეა კიდევ გასავლელიო - მოკლედ- მომდევნო ზეციურის გავლით, ხომ შეიძლება ისევ იქ დავბრუნდე, საიდანაც დავიწყეო…
რა თქმა უნდა, ეს იქნებოდა უეჭველი დასტური - სამყარო მთლიანობაში წრიულია!

და ყოველი დაძლეული დონე, სიჯიუტესთან ერთად იმედსაც მატებდა…
სულ უფრო და უფრო იზრდებოდა განცდა რაღაც განსაკუთრებულის სიახლოვის,  ერთადერთისა და მთავარის… მოაზროვნე ხვდებოდა რომ სამყაროს აქვს ცენტრი და თავგამოდებით მიიწევდა მისკენ…

და აი, ერთხელაც მის წინაშე გაიხსნა ისეთი რამ, რომელმაც ერთიანად შეძრა ისეთი სრულყოფილი გონიც კი, როგორიც თავად იყო…
გასაოცარი ძალის სითბოსა და სინათლის ნაკადი ისე მაცდუნებლად ეძახდა თავისკენ, რომ ფიქრი და ანალიზი უჩვეულო დაუდევრობით გადასდო სამერმისოდ.  უცნაურის მოლოდინით სავსე საზოგადოებაც უპირობოდ მიენდო ყველა დროის უდიდეს მოაზროვნეს და კვალში მიყვებოდა ახალი შუქით გასხივოსნებული სამყაროსკენ, მიმზიდველად გუგუნებდა რომელიც...
სავარაუდოდ სამყარო იგი, უზარმაზარი, მათი წარმოდგენისათვის, არსებებით უნდა ყოფილიყო დასახლებული და  ასევე  განუზომლად დიდი სიბრძნითა და სიკეთით  სავსე…

***
- და თქვენ ფიქრობთ რომ, მე ამ სახლს ვიყიდი?.. ამ, ტერმიტებით სავსე სახლს?
- როგორ გეკადრებათ, ქალბატონო… სახლი აბსოლუტურად სტერილურია.
- მაშ ეს რა არის?! - პლინთუსის გასწვრივ მუქად გაჭიმულ და ნელა მოძრავ, წვრილ ზოლზე მიუთითა ქალბატონმა.
- ჰმ… საოცარია. რამდენიმე დღის წინ…
- თქვენ ხვდებით ალბათ, რა ზომებიცაა მისაღები… სახლი მოგვწონს, მაგრამ…
- დღესვე ჩავატარებთ განმეორებით დეზინფექციას…
- ძალიანაც კარგი… მაშ გარიგებაც ზეგისთვის გადავდოთ.
- შევთანხმდით.

***
საფიქრალს მისცემოდა მოუსვენარი მოაზროვნე… ისე უცებ გაქრა შუქი, რომლისკენაც ასე  ისწრაფვოდა… თუმცა სითბო დარჩა, ისეთივე როგორიც თავიდანვე ივარაუდა, თუ იანგარიშა, მაგრამ… მაგრამ… მაგრამ...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები