ნაწარმოებები



ავტორი: ზაზა_გაბეჩავა
ჟანრი: კრიტიკა-პუბლიცისტიკა
10 ივლისი, 2011


მამა პეტრე მრევლს მოუწოდებს

[ნინო მიქიაშვილი]

დღეს, 10 ივლისს, წირვის დასრულების შემდეგ, ყველა მოქმედი ტაძრიდან მრევლი თავ-თავიანთ მოძღვრებთან ერთად მშვიდობიანი მსვლელობით სამების საკათედრო ტაძრისკენ დაიძვრება. ამის შესახებ, სამების საკათედრო ტაძრის მღვდელმსახურმა, დეკანოზმა პეტრე კვარაცხელიამ გვითხრა, რომელსაც სამების ეზოში ვესაუბრეთ.

სამღვდელოება და მრევლი კიდევ ერთხელ მოითხოვენ უარი თქვას ხელისუფლებამ 5 ივლისს მიღებულ კანონზე, რელიგიური გაერთიანებებისთვის იურიდიული სტატუსის მინიჭების შესახებ.

ქაშუეთის ტაძართან დათქმულ შეკრებაზე ათეულობით ათასი ადამიანი მივიდა, რაც მოულოდნელი აღმოჩნდა, რადგან ამ შეკრების ირგვლივ ინფორმაცია მხოლოდ სოციალურ ქსელებში იყო გავრცელებული. ქვაშუეთთან შეკრებილი ადამიანები სამების საკათედრო ტაძრისკენ გაემართნენ. მათ ხალხი გზადაგზა ემატებოდა. როცა აქციაზე მივედით, მსვლელობა დაწყებული იყო - პუშკინის ქუჩაზე გახლდათ ხალხის ნაკადის ბოლო, ხოლო თავი არ ჩანდა, მხოლოდ იმას ვხედავდით, რომ ბარათაშვილის ხიდს იქით გადასულები იყვნენ.

ამ მსვლელობაში მონაწილეობა ძირითადად ახალგაზრდობამ მიიღო. ძალიან ბევრ ადამიანს ბავშვები ჰყავდა თან, მათ შორის ჩვილები. იყვნენ შუახნის ადამიანები, ხანშიშესულები და მოხუცებიც. ტელეკამერები არსად დაგვინახავს.

სამების საკათედრო ტაძარის ეზო ხალხით სავსე დაგვხვდა. ეზოში, ასასვლელ კიბესთან ყმაწვილები მრავალჟამიერს მღეროდნენ. დროდადრო ასეთი ფრაზები გვესმოდა - „ისე, მთლად წამხდრები არ ვყოფილვართ ქართველები, შემთხვევით გავიგე ეს ამბავი, ხალხმა არ იცის, თორემ უფრო მეტნი ვიქნებოდით. ხედავთ რამდენი ვართ?!...“ ჩვენი აზრით (და არა მარტო ჩვენი აზრით), გუშინდელ მსვლელობაში მონაწილეობა 100 000-მდე ადამიანმა მიიღო.

დეკანოზი პეტრე კვარაცხელია ამბობს, რომ ხვალ უფრო მეტნი ვიქნებით. მისივე თქმით, შაბათობით მისი უწმინდესობა სამების საკათედრო ტაძარში მიბრძანდება ხოლმე, მაგრამ ამ შაბათს პატრიარქს სამებაში ძალიან ბევრი მომლოცველი და მრევლი ელოდებოდა, რათა სამღვდელოებას გადაწყვეტილება მიეღო და მრევლისთვის სათქმელი ეთქვა.

დეკანოზი პეტრე კვარაცხელია: „გაორებულები ვიყავით, ჩვენი ლოცვა-კურთხევით არ გვინდოდა რაღაც გადაწყვეტილებამდე მივსულიყავით. ყველა ველოდებოდით ჩვენი უწმინდესის გადაწყვეტილებას, მის ნება-სურვილს და როგორც აღმოჩნდა, ღმერთს მადლობა, რომ სამღვდელობის და ჩვენი უწმინდესის ნება-სურვილი ერთმანეთს დაემთხვა.

სამების საკათედრო ტაძრიდან, რამდენიმე მოძღვარი ფეხით გავემართეთ ქვაშუეთისკენ. იქ დაახლოებით 50-მდე მოძღვარი და მრევლი შემოგვიერთდა. ეს იყო ძალიან დიდი გამარჯვება - ამ ორი ათეული წლის განმავლობაში, ერი და ბერი ასე ერთსულოვანი არ მინახავს“.

დეკანოზ პეტრე კვარაცხელიას აზრით, 10 ივლისს გაცილებით მეტი ადამიანი მივა სამებაში:

„ქართველი ერი მტერს თუ მოღალატეს აბსოლუტურად ყველაფერს აპატიებს, მაგრამ სარწმუნოებასთან ჭიდილს და სარწმუნოებასთან კონფლიქტს არასდროს და ის, რაც ახლა ხდება, ქართველი ერის ბრწყინვალე გამარჯვებით დამთავრდება.

ჩვენ, სამღვდელოება მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებს, რომ სანამ დროა გონს მოეგონ, საჯაროდ შეინანონ და ამით  საუკუნოვან რისხვას აიცდენენ. წინააღმდეგ შემთხვევაში, საპატრიარქო ალბათ, დადგენილებას მიიღებს - ყველა ანათემას გადაეცემა (სჯულის კანონის თანახმად, ჩვენ ამის უფლება გვაქვს) და დაიწყევლებიან შთამომავლობით! ამას სჯობია გონს მოეგონ, გამოფხიზლდნენ და დადგნენ იქ, სადაც ქართველი ერი და სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი დგას.

არავის ეგონოს, რომ ჩვენ ვიცავთ საქართველოს კათალიკოს-პატრიარქს და საპატრიარქოს - ჩვენ ვიცავთ მამულს, ენას, სარწმუნოებას! სჯობია შეინანონ, თუ მათ სურთ, რომ უფლის წიაღში დაიმკვიდრონ სამუდამო განსასვენებელი“.

დეკანოზი პეტრე კვარაცხელია მრევლს მოუწოდებს ხვალ თავ-თავიანთ მოძღვრებთან ერთად დაიძრან მოქმედი ტაძრებიდან და 12 საათზე სამების საკათედრო ტაძარში მყოფ მრევლს შეუერთდნენ:

„მოვუწოდებ მრევლს, რომ თავიანთ მოძღვრებთან ერთად მსვლელობა მოხდეს ყველა მოქმედი ტაძრიდან, 12 საათზე ყველა მობრძანდეს სამების საკათედრო ტაძარში და შემოუერთდეს სამების მრევლს და სამღვდელობას. ასეთი სურვილი და  ლოცვა-კურთხევა არის და ხვალ ალბათ, ერი და ბერი ერთად დადგება და  ქართველი ერის კონსოლიდაცია მოხდება - მადლობა ღმერთს იმისათვის, რომ ეს კანონპროექტი შედგა, ზოგი ჭირი მარგებელია“.

http://www.presage.tv/?m=politics&AID=5734


პ.ს. როგორც ვიცით ანტიქრისტე ეცდება მთელ მსოფლიოში დაიდგას ტახტი...
ბოლო ჟამს ღვთისმშობლის წილხვედრი საქართველო და საქართველოში მყოფნი ყველაზე მეტად იქნებიანო დაცულნი ბოროტისაგან...

დავიცვათ ჩვენი სიწმინდე, მამული, ენა სარწმუნოება,
რომ მან დაგვიცვას ჩვენ!!!!!!!!!!!!!!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები