ნაწარმოებები


გთხოვთ დავეხმაროთ საიტის წევრს კონკურსში გამარჯვებაში. დეტალები იხილეთ ნაწარმოების ბოლოს https://urakparaki.com/?m=4&ID=113471     * * *         * * *         * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: გიორგი არაბიძე
ჟანრი: პოეზია
12 ივლისი, 2011


  ჩამოტვირთვა

21 #


                                #    #    #

რას აღვნიშნავდით?! არაფერს... ცა იყო, ალბათ, ცისფერი.
არ ღამდებოდა ოხერი პურის და ღვინის გარეშე.
სიმღერა – ძილისპირული. თუ ძმა ხარ არ შეიფერო,
რომ გაჩეხილი სულიდან ჩიტები ამოთარეშდნენ.

გათენდა... (მამლის ყივილი) ჩამოვუარე ვენახებს,
ნიგვზის ჩეროში მიყრილა ორშიმო და ნასუფრალი.
ამ ირისებში ჩამჯდარი ნეტავი შენ დამენახე,
წყაროს წყალივით სუფთა და დილის ნამივით უბრალო...




                            #    #    #

სიჩუმე და მზერა უჩანდა გამომშრალ ფიგურას,
მე მასში, ის უფრო ცებისკენ იშვერდა ბადურებს.
თუ სადმე ვარსებობთ, შენს ირგვლივ, შენს გვერდით მიგულე,
გეყოფა სითბოსთვის ნაგვიან აზრებში ფათური...

ხომ გესმის, რომ მესმის მაგ შენი თვალების სილურჯის,
რომ მესმის ცა ასე რატომ და რა განცდით გაბაცდა,
რატომ ჰგავს სხეული ფლოქვებით გათელილ იონჯას?!
მე მოვალ, ჩვენ ვივლით, შენს გვერდით სუნთქვას თუ დამაცდი.

ხომ გესმის ვერხვები მაისის ქარებსაც ახრჩობენ,
წამოდი, თოვლიან მთებში ან ჭალებში ვიქროლოთ.
ეშმაკებს საჯიჯგნად გამხმარი სხეული დარჩებათ...
(თუ რამე გადარჩა მიდით და თვალებით ჩაქოლეთ)

ხომ გესმის, რომ მესმის ეზოში ვერხვების ხმაური?!




              #    #    #

ქარი აფხიზლებს ხეთა ფალანგებს
და ფოთლის სუნი უდის.
ფიქრი ღრუბლებზე შემოვალაგე
ისე დამძიმდა მიწა.
მარჯვნიდან მოჩანს თეთრი ქალაქი,
როგორც მეცხვარის ქუდი.
ქარი აფხიზლებს ხეთა ფალანგებს
და რაღაცისგან მიცავს.

თვალები არის სულის ვერანდა
და სიყვარულის წონა.
ძნელია სუნთქვა გაიფერადო,
როცა გზა კუდში მოგდევს.
სული ვერაფრით სხეულს ვერ ენდო
და თვალებიდან ჟონავს.
დროა გაგიჟდე როგორც ტერენტი
და წმინდანივით მოკვდე.

ქარი აფხიზლებს ხეთა ფალანგებს
და რაღაცისგან მიცავს.



                  #    #    #

დილით შეგამჩნიე წუხელ გიტირია,
ღამე მტკივნეული იყო, გეთანხმები,
ენა თითქოს შენი სულის ფითილია,
ამბობ რაც იყო და უფრო გეტალღება
თვალის ამღვრეული, ლურჯი გამოხედვა.
გული ხმაურობს და სუნთქავ გამალებით...
(სული სხეულიდან მალე ამოხეთქავს,
ვისაც გეცოდებით თავი გამანებეთ)
შენმა ცრემლიანმა თვალმა დამიფარა,
როგორ ჩაივლიდა ისე სარწყუნისი?!
მარტი ნეკერჩხალის ხეზე აიპარა,
ჩადრი აიფარა მერე ქალწულივით...
მოდი... როგორც ხვია ტოტებს, მომეხვიე,
სული შემიბნიე ყელთან თასმასავით,
ეს დღე კალენდარებს ისე მოჩეხვია,
წამებს ციფერბლატზე ძლივსღა ასავსავებს.
სუნთქვა ჩუმი არის...
სუნთქვა ჩუმი არის...
ღამე ვარსკვლავებად ცაზე მიხატულა.
თვალი დავხუჭე და თვალწინ ჩამიარეთ,
თბილი სიოსავით შენ და სიყვარულმა.



                              #    #    #

აქ, ყველა ყვავილს მხოლოდ შენი სუნი შემორჩა...
ტუჩების გემო შერევია მწიფე ალუჩებს...
ცაზე, მზის გვერდით, პაწაწინა ლურჯი შრე მოჩანს
ფერი თვალების, ფერი სულის, ფერი... არ უჩანთ
ხეებს გახლეჩილ ოცნებებთან წვეთი სინათლის,
არ უჩანს ბალახს სიმწვანე თუ რამე რაც უნდა
უჩანდეს... წადი ქარაფებთან, ღმერთი ინატრე,
ხომ ხედავ ირგვლივ ყველაფერი როგორ გაცუდდა?!



              #    #    #

მოფრინდი,
მოფრინდი სახესთან თოლია,
რამდენი რამე მაქვს სათქმელი?!.
შენს იქით, ჩემს იქით სულ ყველგან თოვლია
და თეთრი ნამქერი...

მე მინდა,
საკუთარ სხეულს რომ გადავცდე,
როგორც ამ მოაჯირს...
შეგრძნება: თითქოს ეს დუმილის ანდანტე
ქარების სიჩუმეს მოაჭრეს.

ჩურჩულებ...
ან შენი ვის ესმის თოლია?!
გაჩუმდი და სმენა მომანდე...
სიმაღლე ხიდიდან სიკვდილის ტოლია
და ფრენა მომინდა...

მე თქვენთან ვიყავი,
ეს ბედისწერაა.
თვალებში შესულო ღრუბლებო,
მომეცით ღიმილი, ხელები, მზერა ან
სიკვდილის უფლება...

მე კიდევ ბევრი მაქვს სათქმელი, თოლია,
(ცხენივით მოღელავს ქარონი)
რას უსმენ ბუნების სულელურ კანონებს,
წამოდი! ჩვენს იქით ცისფერი თოვლია...




              #    #    #

ეხები ხელით გაბზარულ მინას,
ეხები სულით არეულ ფიქრებს.
მე (მაშინ, როცა მებაღეს სძინავს)
თეთრთმეტფურცლიან გვირილებს გიკრეფ.

უეცრად წვიმას ჩათვლიმა, ხოლო
ღამე თუ ნიავს ჭენებით დაღლის,
შევრჩებით მთვარეს უძილო მხოლოდ
მე, შენ და კიდევ მაისის ბაღი.

თავისთვის ჩუმად, ტუჩსზემოთ, ხალი,
ამხელს და თითქოს ვერც ამხელს გოგოს.
ვიქნები აის გულაბი მსხალი,
ჩემს ჩრდილში იჯდე სულ ასე ოღონდ.

ძალიან ღრმად თუ ძალიან ძნელად,
სიჩუმეს მოწყდა სიცილი თითო,
ბუჩქიდან შაშვი აფრინდა ნელა
და გაძვრა სადღაც წყვდიადში თითქოს.

აისის ლანდი დააჯდა გუმანს,
როგორც ლოდინით დაღლილი ნიყვი.
ვიცინეთ მერე, ვიცინეთ ჩუმად,
ჩვენს გარდა იქვე, შაშვიც რომ იყო.

თენდება... როგორც გაბზარულ მინას,
მეხები. და მზე კულულებს იჩენს.
ჯერ კიდევ, როცა მებაღეს სძინავს,
მამალი სახლში გაპარვას გვირჩევს.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები