ნაწარმოებები


ვულოცავთ!!! მუხრანის პრემიის გამარჯვებულებს, საიტის წევრებს ირაკლი ასლანიკაშვილს და თეა თაბაგარს. დაწვრილებით ლიტ-მოვლენაში     * * *     ურაკპარაკის დასახმარებლად!!!     * * *     გთხოვთ შეიხედოთ ფორუმზე: #ურაკპარაკის ფორუმი >> ლიტერატურული საიტის შესახებ >> ურაკპარაკის დასახმარებლად -> http://urakparaki.com/?m=13&Forum=1&Theme=1502#Last

ავტორი: თამარ ბუკია
ჟანრი: პროზა
20 აპრილი, 2008


სალტო ხრამისკენ (ციკლიდან: "თეონას პატარა ისტორიები")

ოქტომბრის შუა რიცხვები იყო.
თეონამ, მის მეგობარ მაიასთან ერთად,  სტუდენტთა ჯგუფი ექსკურსიაზე წაიყვანა  დავით-გარეჯის სამონასტრო კომპლექსის დასათვალიერებლად. დავით-გარეჯის სამონასტრო კომპლექსი რამდენჯერმე ჰქონდა დათვალიერებული, მაგრამ სტუდენტებს უარი ვერ უთხრა და ჯგუფის ხელმძღვანელობაზე დათანხმდა.

- თეონა, ლომა გახსოვს? - ჰკითხა მაიამ.
თეონამ უსიტყვოდ დაუქნია თავი და ფიქრებში ჩაიძირა.
”რამდენი წელი გავიდა მას შემდეგ?!  10? 12?... ჰო, 12!!! ლომა, სადა ხარ, მეგობარო? იქნებ აღარც კი ხარ ცოცხალი?...”
თეონამ თვალზე მომდგარი ცრემლი შეიმშრალა და სტუდენტებს ლავრის ეზოში შეუძღვა.
ლავრის  შემდეგ უდაბნოს მონასტერი დაათვალიერეს.

ლავრიდან უდაბნოს მონასტრამდე სამი კილომეტრია.
უდაბნოს მონასტერი, უფლისციხისა და ვარძიის მსგავსად, კლდეშია ნაკვეთი, სულ ორ-სამ სართულად, მაგრამ თითქმის ორი კილომეტრის სიგრძეზეა გაჭიმული. უკან - სხვა გზით ბრუნდები და... არც ეს გზაა მოკლე, - ოთხ კილომეტრზე მეტია...  ამ ოთხი  კილომეტრიდან ორი - საცალფეხო ბილიკია, რომელიც ძალიან ღრმა ხრამის თავზე გადის.

უკან დაბრუნებისას მაიამ  უთხრა:
- თეონა,  მე წინ გავუძღვები ჯგუფს, შენ კი ჩამკეტად იარე, ამ საცალფეხო გზაზე არ დაგვეფანტებიან და ყველა კონტროლის ქვეშ გვეყოლება.
- კარგი, მე და ნიკუშა ბოლოს ვივლით. ძალიან სწრაფად ნუ ივლით, ბავშვები დაღლილები არიან, სიარული არ გაუჭირდეთ...

ნიკუშა თეონას შვილია. 9 წლის არის მხოლოდ, მაგრამ ვაჟკაცურად უძლებს სიარულს და დაღლას არ იმჩნევს.

უსასრულოდ გაიწელა გზა. ჯგუფებად სიარული გამორიცხული იყო, მხოლოდ თითო-თითოდ, ჭიანჭველების პრინციპით თუ ივლიდნენ ამ ბილიკებით.
2-3 ადგილას ცუდი გადასავლელი იყო, - გზა მკვეთრად უხვევდა ზევით. ერთი არაზუსტი ნაბიჯი და ...

ერთგან გზა ძალიან დავიწროვდა. სტუდენტები ცდილობდნენ, ხრამისკენ არ გაეხედათ. დაახლოებით 70 სმ სიმაღლის ასავლელს მიადგნენ. ბილიკი პირდაპირ ხრამის თავზე გადიოდა, მაგრამ ამის შემდეგ გზა ივაკებდა და სიარულიც უფრო გაუადვილდებოდათ. ასავლელთან რაღაც ხე იზრდებოდა.

- ბავშვებო, ერთმანეთს მიეხმარეთ... ყურადღებით იყავით!... ფრთხილად!!! - გამუდმებით იმეორებდა თეონა ამ რამდენიმე სიტყვას.

სტუდენტები ხის ტოტებს ეჭიდებოდნენ და ისე ადიოდნენ მაღლა.
ნიკუშა თეონას წინ მიდიოდა. თეონა  ნიკუშას მიეხმარა და ზევით ასვა. თვითონ ბოლო იყო.
ხის ტოტს ჩაეჭიდა ასვლის გასაადვილებლად, მაგრამ  ტოტი მოუტყდა. უსწრაფესად, ხის მეორე ტოტს წაეტანა, მაგრამ ისიც მოტყდა და... თეონა ზურგით გადაეშვა ხრამში. ასე, ზურგით იფრინა 2,5 – 3 მეტრი.


კლდის შვერილზე ერთხელ დაცემის შემდეგ  ჰაერში ორმაგი სალტოთი ამოტრიალდა და უკვე ფეხებით დაბლა გაფრინდა  ხრამში. კიდევ 7-8 მეტრი იფრინა  კლდის ქიმამდე. თეონას ქურთუკი კლდის შვერილზე შერჩა.

- დეეედააააა!!!! - თეონას ჰაერში ესმოდა ნიკუშას განწირული ბღავილი. ის ხმა, ალბათ, არასოდეს დაავიწყდება. საშინელებაა, როცა 9 წლის ბავშვი საკუთარი თვალით ხედავს დედის ხრამში გადაჩეხვას!...
ვერ გააცნობიერა, რა ძალამ გადაარჩინა, მაგრამ... კლდის პატარა ქიმზე შერჩა. და შერჩა ძალიან უცნაურად:

ქიმის სიგანე ნახევარ მეტრამდე ძლივს იქნებოდა. ამ ქიმზე არშიასავით იყო შემოყოლებული ჭანგა ბალახი. თეონას ფეხზე, ბოტასების ნაცვლად, ქუსლიანი ფეხსაცმელები ეცვა....

თავიდან ამ ფეხსაცმელების დანახვაზე მაიას სიცილი აუტყდა:
- დეკოლტირებული კაბაც რომ გეცვას, სათეატროდ ხარ მზად. ასეთი ფეხსაცმელებით რამ წამოგიყვანა? ბოტასები ხომ გაქვს?!
- ვითომ არ იცი, რომ დაბლებზე ვერ დავდივარ?! ბოტასები ორი წყვილი მაქვს, მაგრამ რად გინდა? ვერ ვიცვამ და...
- იპაკუნე, აბა, აღმა-დაღმა შენი ქუსლებით... ამ ბილიკებზე როგორ უნდა იარო?!  ნამყოფი არ იყო მაინც!... არ იცოდი, სად მოდიოდი?...
- ჰო, კაი, მე უნდა ვიარო, შენ ხომ არა? საკმაოდ სიმპატიური ქუსლია!... ”შპილკა-ქუსლი” ხომ არ არის, რომ მიწაში ჩავეჭედო-ხოლმე?! - გაეცინა თეონას,  თუმცა კი ხვდებოდა, რომ მაიას შენიშვნა სრულიად  სამართლიანი იყო...

თავისი ქუსლებიანი ფეხსაცმელებით თეონა ამ კლდის ქიმზე ”დახტა”, ფეხი აუსხლტა და ხრამისკენ გაცურდა, რომ... ფეხსაცმლის ძირსა და ქუსლს შორის ამ ჭანგა ბალახის ერთი ”ბუჩქი” გაეჭედა და შეაჩერა!... უქუსლო ფეხსაცმელი ან ბოტასები რომ ცმოდა, იმ ბალახზე ფეხი გადაუსრიალდებოდა და ხრამისკენ ”გზას” ფრენით გააგრძელებდა!...

საოცარი არ არის? ხემ ვერ დაიჭირა და ბალახმა გადაარჩინა!!!


პირველი, რაც გააკეთა, ნიკუშას და შიშით ენაჩავარდნილ სტუდენტებს ასძახა:
- არცერთი არ ჩამოხვიდეთ, მე თავად ამოვალ!...

ფრთხილად დაიწყო ზევით აცოცება. ფეხის მოსაკიდებელ ადგილს ძლივს პოულობდა.
”ფრენის” დროს თეონას ხელში ფოტოაპარატი ეჭირა, რომელსაც დაცემის დროსაც კი არ გაუშვა ხელი და თან ამოიტანა. არც მზის სათვალე დაუტოვებია, რომელიც დაცემის დროს თავიდან გადასძვრა და ქიმზე დავარდა...
ხრამიდან ამოსვლის დროს თავის ქურთუკს ”შეუარა” კლდის შვერილზე და თან წამოიღო...
იდაყვიდან გამოგლეჯილი ხორცის ნაჭერიც იქვე იყო, ეკლიან ბალახზე შერჩენილი...

თეონას მთელი ტანსაცმელი სისხლით ჰქონდა მოსვრილი,- იდაყვიდან თქრიალით მოსდიოდა სისხლი, მაგრამ ცდილობდა, არც მომხდარზე ეფიქრა და არც ხრამში გადაეხედა, ვიდრე ზევით არ ავიდოდა.

ზევით რომ ავიდა, მხოლოდ შემდეგ გადაიხედა ხრამში: ქიმის დაბლა კიდევ 11-12-სართულიანი სახლის სიმაღლეზე უნდა  ”ჩაფრენილიყო” და კოწახურის ეკლიან ბუჩქებში ჩაკარგულიყო. დასამარხადაც ვეღარ იპოვიდნენ, თორემ გადარჩენას ვინ დაძებდა?!...

თეონას სისხლიანი ხელის დანახვაზე ზოგიერთ სტუდენტს კინაღამ გული წაუვიდა.

-    თეონა მასწ, ხომ არაფერი იტკინეთ?...
- ვაიმე, შეხედეთ, ხელი რა დღეში აქვს! ...
- ძალიან გტკივათ ხელი?...
- ნიკუშ, ნუ გეშინია, დედიკოს არაფერი დაემართება!  მოდი, ხელი ჩამჭიდე, ჩემთან ერთად იარე...
- კაცი არა ხარ? რა გატირებს?!... დედიკო ცოცხალია და ჩვენთან არის!!!
- თეონა მასწ, მოგეხმარებით!...
- კარგით, ბავშვებო, დაწყნარდით... არაფერი მომივა!... ეკა, მოდი, სპირტი და ბინტი მაქვს ჩანთაში და იქნებ სისხლი მაინც შევაჩეროთ?!...

ექთნობა  - ეკას მოწოდება იყო!  ის მაშინვე ჭრილობის დამუშავებას შეუდგა: ჯერ  სისხლიანი ხელი ჩამობანა წყლით, რომელიც ბოთლში აღმოაჩნდათ სტუდენტებს, შემდეგ  სპირტით ჭრილობა მიწმინდა, კარგად დაამუშავა და შეხვევას შეუდგა.

და ამ დროს თეონამ გაიგონა ერთ-ერთი სტუდენტის მიერ ნათქვამი პატარა წინადადება, რომელმაც ძალიან-ძალიან მოუკლა გული:
- აუუუ, შეხედე, ბიჭო, სპირტს რაში ხარჯავეეენ!...

თეონამ თვალები დახარა და თავი გვერდზე მიაბრუნა. არ უნდოდა, თვალებში შეეხედა იმ სტუდენტისთვის....
- თორნიკე, ეს რა თქვი, ბიჭო?!  ფუუუ, შეგირცხვა ადამიანობა!... კაცი მეგონე!... პატივს გცემდი, მიყვარდი!... - ეს ლიკას ხმა იყო...
და  უცებ ”ტკაც”...

თეონამ თავი ასწია:
თორნიკე გაწითლებულ ლოყაზე ისვამდა ხელს და ჩუმი ბურტყუნით ეშვებოდა თავქვე, საითაც ცოტა ხნის წინ სტუდენტთა დიდი ნაწილი ჩავიდა,  ლიკა კი დიდ ქვაზე ჩამომჯდარიყო და ჩუმად ყლაპავდა თვალებიდან ჩამოგორებულ ცრემლებს.


კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები