ნაწარმოებები



ავტორი: ლიკა_ოხანაშვილი
ჟანრი: პოეზია
29 ივლისი, 2011


მე თქვენ მიყვარხართ, ბატონო ჩემო...

იცით? მიყვარხართ, ბატონო ჩემო,
მაინც გაგიმხელთ,
მე მსახური ვარ თქვენთვის თუმცა,
უბრალოდ, ერთი...
მოხეტიალე რეალობას და ფიქრებს შუა,
ვიცი, სულელი, მაწანწალა ქალი ვარ თქვენთვის...

ჩამოსახრჩობად გავუყარე თავი ოცნებებს,
(ყველაზე მძიმე
მარყუჟი ხომ ეს არის ალბათ)
მუდამ მიწამდე
თავდახრილი დავდივარ, მორცხვად
და დამცირებით გაჟღენთილი სხეული დამაქვს...

თქვენ ვერ მიხვდებით, თუ რას ნიშნავს ასე ცხოვრება,
როცა გაშინებს ყველაფერი,
უბრალოდ ფიქრიც,
არაფრად გიღირთ სხვისი ცრემლი
და ვერც ხვდებით, რომ
ცალკე სამყარო იმალება ჩვენს ცრემლებს იქით...

ალბათ, ამ სიტყვებს როცა ნახავთ, მასხრად ამიგდებთ,
ან უფრო მეტიც,
ჩემი დასჯა უბრძანოთ იქნებ...
ვიცი და მაინც
კვლავ ჯიუტად ვაგრძელებ წერას,
დიახ, უტიფრად ამ წერილით ჩემს გრძნობებს გიმხელთ.

მე თქვენ მიყვარხართ, ბატონო ჩემო,
გეტყოდით, ალბათ...
ამის პასუხად მოვითხოვდი თუმცა არაფერს,
მაგრამ აჯობებს
ეს ფრაზები ნახოთ ვერასდროს,
წერტილს დავსვამ და... ამ წერილსაც თვითონ გადავხევ...

ლიკა ოხანაშვილი
29.07.2011



კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები