ნაწარმოებები


გთხოვთ დავეხმაროთ საიტის წევრს კონკურსში გამარჯვებაში. დეტალები იხილეთ ნაწარმოების ბოლოს https://urakparaki.com/?m=4&ID=113471     * * *         * * *         * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ნეფერტარი
ჟანრი: პროზა
11 აგვისტო, 2011


ბედუინი (ნაწილი III ფრენა ფრთებით)

                                                                                                          „უდაბნოს მზეო, უდაბნო ჩემი
                                                                                                          შენს უდაბნოზე ბევრად დიდია,
                                                                                                          როგორც გრიგალთან მებრძოლი გემი
                                                                                                          სიკვდილ-სიცოცხლეს შორის ჰკიდია.“

                                                                                                                        არმენ არუთინოვი

      დამშვიდებულს გამეღვიძა, ჩემი საათი დილის ხუთს უჩვენებდა. ღამეული სიზმარი ცხადად მახსოვდა, ისევ ვგრძნობდი მთელ სხეულზე მოუშორებელ სითბოს, მკლავებზე კი ცხენის ღონიერ და უღალატო კისერს. დანანებით ამოვიხვნეშე, რეალურ ცხოვრებაში ისედაც მენატრებოდა ასეთ საიმედო საყრდენი, ამიტომ სიზმარში ნანახი არც მეთმობოდა და არც მემეტებოდა.

      ჩინელ გოგონებს შევეხმიანე,  მადლობა ნამძინარევი ღიმილით მომიხადეს და  თვალების სრესვით წამოდგნენ.  მილოში ცეცხლს უტრიალებდა და ჩვენთვის სახელდახელო საუზმეს აცხელებდა. კაცები ჯგუფად იდგნენ, ერთმანეთის ენა არცერთმა არ იცოდა, ერთმანეთში ხელებით საუბრობდნენ და დიუნების კალთებს ათვალიერებდნენ.

      მოსარკულ ცაზე მზე მოსაბრძანებლად ემზადებოდა.
უდაბნოში მზის ამოსვლას პირველად უნდა დავსწრებოდი. გაფაციცებით ველოდი ახალ სანახაობას. ნელ-ნელა  აღმოსავლეთის ჰორიზონტზე დიუნების და აქა-იქა წამოშვერილმა კლდის წვერებმა ფერი იცვალეს,  ოქროს გვირგვინები დაიდგეს და უჩვეულოდ აციალდნენ. მზვერავმა სხივებმა ყვითლად გამოიბილიკეს და აჭიატდნენ.  თვალები ხელით მოვიჩრდილე არეკლილ სინათელს რომ არ დავებრმავებინე. ქვიშა ათასფრად ელავდა და ციალებდა, სხივებს ისროდა. ნათება წარა-მარა იცვლიდა ფერს და გამას, ათასობით მოელვარე სხივი ერთად გაწვა საჰარაში. მანათობელი ხიდები ერთი მწვერვალიდან მეორეზე გადადიოდა და ერთმანეთს სპირალებივით ერწყმოდა. მზის  მოძრაობასთან ერთად ყველაფერი წამიერად იცვლებოდა. დიუნებმა ნელ-ნელა დაუთმეს ოქროს გვირგვინები დღის მბრძანებელს და მის ნაცვლად ციდა ჩრდილები დაიკიდეს კისრებზე. მზემ ჰაერი საგრძნობლად გაათბო, მცირე ნიავმაც წამოუბერა.
     
    მოულოდნელად  მზე ორად გაიყო.... ერთი მზე, მეორის ქვეშ გაწოლილიყო და პირდაპირ ცაში ისროდა სხივებს, თან უნაზესად ლიცლიცლებდა და წრეზე ტრიალებდა. ქვიშის დიუნები ცაზე თავდაღმა დეკიდნენ და წვერებით დედა ბორცვებს მიეკვრნენ. მეორე მზე დინჯად და დიდებულად ამოიზარადა  და ანარეკლთან წრე შეკრა. ერთი მზე - ზემოთ იწევდა, მეორე მზე - ჩვენსკენ.  საჰარის ცაზე ორი მზე ერთად ამოდიოდა.

      - მირაჟი! - აღმომხდა განცვიფრებულს... ყველა ჩემსკენ მოტრიალდა და ბუნების აუხსნელ საოცრებას მონუსხული შეაჩერდა.  მზეები ნელნელა ცალკ-ცალკე იღებდნენ წრის ფორმას. მათი დამაკავშირებელი ხაზი თანდათან მოკლდებოდა. ცოტა ხანში ერთი წერტილიღა აკავშირებდათ ერთმანეთთან. ნამდვილი მზე ჩვეულ გზას იწყებდა ცის კაბადონზე და თავის ანარეკლს ნელ-ნელა შორდებოდა. საჰარა მთლიანად მაჩვენებდა თავის განსაკუთრებულ სილამაზეს.  მირაჟმა ხუთოდე წამი იციალა და გაქრა. მზემ მთლიანად დატოვა ჰორიზონტი და ცაზე დაეკიდა. 

      საჰარაში გათენდა.

    მილოშმა ცეცხლთან მიგვიპატიჟა მცირე საუზმეზე და ინსტრუქტაჟი ჩაგვიტარა. კაცები მოტოციკლებზე გაანაწილა, ჩინელი გოგონები და მე კვადროციკლებზე. როგორც კი გულს ვიჯერებდით ქვიშაზე ქროლვით, მერე სერფზე აპირებდა ჩვენს  დაყენებას დიუნების კალთებიდან სასრიალოდ, ხოლო ყველაზე გაბედულების და თავზე ხელაღებულებისთვის დელტაპლანი იცდიდა.

    ჩადრის მოსახსნელად მანქანასთან მოვბრუნდი.რაღაც ისე არ დამხვდა როგორც დავტოვე, მაგრამ თითქოს არც არაფერი იყო შეცვლილი. ქვემოთ გადავიხედე და მოპირდაპირე დიუნას კალთაზე რამოდენიმე ჩაღრმავებას მოვკარი თვალი.  რატომღაც ვიფიქრე რომ ადამიანის კვალი უნდა ყოფილიყო. მილოშს დავუძახე და ნაკვალევი ვაჩვენე... მან მხრები აიჩეჩა, ხელი ჩაიქნია, მხარზე ხელი მომხვია და ბანაკისკენ მიმაბრუნა. 
 
    ძრავების გუგუნმა უდაბნოს სიჩუმეს გულისფიცარი შეუნგრია. სერფზე ყველამ უარი თქვა და მოტოციკლებს მოასხნენ. აღმუვლებული მოტოციკლები  ძერებივით დაეშვნენ ქვიშის კალთებზე. ადრენალინმა მთელი ძალით იფეთქა და კაცების ჟივილ-ხივილში, ყვირილსა და ჟინიან შეძახილებში ამოიფრქვა. გოგოები ტოლს არ უდებდნენ და თავიანთი კვადროციკლებით კაცებს შეჯიბრში იწვევდნენ, აღიზიანებდნენ, წინ ეჩხირებოდნენ, შემდეგ კი გაურბოდნენ. იყო თავდავიწყებული დევნა და ცალ ბორბალზე შემდგარი რკინის რაშების თავაწყვეტილი  რბოლა. მოტოციკლები ერთი დიუნას კალთიდან ეშვებოდნენ, მეორე დიუნას კალთაზე ფრენით ადიოდნენ, ჰაერში ტრიალდებოდნენ და კალთებზე ეშვებოდნენ და ახლა სხვა დიუნას კალთაზე მიფრნავდნენ აღმა. გოგონები მოტოციკლებისთვის გზის მოჭრას ცდილობდნენ. კაცები ბრაზობდნენ, გოგონებს მისდევდნენ და კვადროციკლებიდან მათ გადმოყრას ლამობდნენ. 

    მე ჩემი კვადროციკლით  კუსავით მივღოღავდი ბაიკერების გატკეპნილ კვალზე და ისეთი სახე მქონდა, რომ მთელი ჯგუფი დიდი ხალისით დამცინოდა. მეც ვიცინოდი, ვითომ ვიბუტებოდი და მუშტებს ვუქნევდი სიხარულით გაცისკროვნებულ ადამიანებს. ძალიან მსიამოვნებდა ბედნიერი ადამიანების ცქერა.

      მე, როგორც გამოუცდელი და როგორც მილოშმა მიწოდა -ნამდვილი „ჩაინიკი“, - ჩემი კვადროციკლით ბანაკში მივჩაქჩაქდი,  ქვიშაზე გაბრაზებული გავიშოტე და ზეცას შევაცქერდი. საკუთარი თავით უკმაყოფილო ვიყავი.  მილოშს ჩემი განმარტოება და ბრაზი არ გამოპარვია, მოპაექრეები მიატოვა გვერდით მომიჯდა.    ცოტა ხანს დასავლეთს უყურა, მერე ნელა და როგორც მომეჩვენა,  ფრთხილად მითხრა:

    - ნილნა, არ გინდა ნამდვილი ბედნიერება იგრძნო ?
    - რაზე მეუბნები მილოშ ?
    - შეხედე... - მითხრა მილოშმა და მწვანე ფრთებგაშლილი დელტაპლანი დამანახა.
    - რას ამბობ მილოშ, კვადროციკლით ძლივს დავღოღავდი და მაგაზე ხომ კისერს მოვიტეხ,  ქირურგის მთელი ხელოვნება არ გეყოფა ჩემს ასაწყობად. - გადავიხარხარე გულიანად.

    - ნილნა, ნახე რა კარგი ნიავია, თან რამოდენიმე საპირისპირო ნაკადია ცაში. აქედან სამ კილომეტრში  მშვენიერი კლდოვანი ქარაფია. ეს მოწყობილობა ძალიან მარტივია,  უბრალოდ სწრაფად უნდა მოძებნო ჰაერის ნაკადი და საჭე სწორად მართო... დაშვებისას კი ოცდაათგრადუსიანი კუთხე დაიჭირო და ქვედა ნაკადზე გადმოინაცვლო... მიწასთან ახლოს რომ მოხვალ, ფეხები უნდა გაინთავისუფლო და დელტაპლანის ცხვირი ზემოთ ასწიო.  უმტკივნელოდ დაეშვები. იცი, ოდესმე და ერთხელ მაინც, ყველა ადამიანმა უნდა გაბედოს ფრენა, ეს აუცილებელია საკუთარი თავის შესაყვარებლად. - გაიღიმა მილოშმა.

    -  აჰ, მე მაინც თვითმფრინავით მირჩევნია. - ვიხუმრე კი, მაგრამ დელტაპლანს მაინც დაკვირვებით გავხედე.

    - დაიცა ნილნა, მე სერიოზულად გეუბნები, უბრალოდ სცადე. ხედავ როგორ დაგცინოდნენ ბაიკერები. მაგათ იციან რა არის უფრთოდ ფრენა. შენ კი შეგიძლია ფრთებით იფრინო და კამარა შეკრა საჰარას  ცაზე... ზემოდან ულამაზესია უდაბნო, დაუვიწყარი სანახაობაა.  მთავარია გეზი ქვიშრობისკენ გეჭიროს და დასავლეთით, ჰამადში არ გაგიტაცოს ქარმა. ჰამადი კლდოვანი უდაბნოა და მანქანით სიარული შეუძლებელია.  აღმოსავლეთით კი ქვიშრობია და ჯიპით  წამში მოგადგები. არ შეგეშინდეს, განა შენთან არ ვარ? - თბილად შემომხედა მილოშმა, მერე ცოტა ხანს დაფიქრდა და დაამატა:

    -  და იცი კიდევ რა, არაფრად ღირს სიცოცხლე თუ ერთხელ სიგიჟემდე არ გყვარებია,  ერთხელ ცაში ჩიტივით არ გიფრენია და, ერთხელ  სრულიად უნაგაროდ  დიდი სიკეთე არ გაგიკეთებია.  სხვა ყველაფერი  - უშნო ყოფიერებაა და მეტი არაფერი. 

    - ფილოსოფოსი ხარ მილოშ ? - გავუღიმე ინსტრუქტორს.

    - ეს უბრალოდ სიცოცხლის აზრია - მითხრა მილოშმა. - მე ქირურგი ვარ და უამრავ სიკვდილს ვხედავ. სიცოცხლის გადარჩენა დიდი მისიაა, მაგრამ ადამიანები ინსტიქტურად ებღაუჭებიან იმ უბადრუკ სიცოცხლეს, რომელიც მიწაზე საღოღად, საკვების მოსაპოვებლად და ბავშვების გასაჩენად სჭირდებათ. იშვიათად თუ შემხვედრია ადამიანი, რომელსაც სიცოცხლის შესაგრძნობად და შესაცნობად, საკუთარი სიცოცხლის ფასად დიდი რისკის გაწევა შეუძლია. 

    - და რატომ ფიქრობ რომ  მე შემიძლია ? - ვიკითხე და უფრო დაკვირვებით დავაცქერდი დელტაპლანის კონსტრუქციას, არც ისე რთული იყო თითქოს...

    - წუხელ როცა დიუნას წვერზე იწექი და ღამის ცას შესცქეროდი, მაშინ ვიფიქრე რომ შეგიძლია. ძლიერი სული გაქვს. თავის ფლობაც არ გიჭირს. წუხანდელ ამბავზე, სხვა ისტერიკას დაიმართებდა. შენ კი ისე მიამბე რომ თითქოს ზღაპარს მიყვებოდი ძილის წინ.  ორი საათი გვაქვს სანამ აქედან გავალთ. ასე რომ მოასწრებ. როდის ან რა ადგილას მოგეცემა ასეთი შესაძლებლობა ღმერთმა იცის. გაბედე და ნუ ინანებ.  ბედნიერება სწორედ მაგაშია. მოიფიქრე ნილნა, მე მანამდე სხვებს გავაფრთხილებ რომ საათნახევარში ყველა ბანაკში იყოს ჩალაგებულ-ჩაბარგებული. 

      მილოშმა ჩემს პასუხს აღარ დაუცადა, კვადროციკლი დაქოქა, დიუნას კალთა მოკლეზე მოჭრა და ზუსტად მაშინ მიადგა ჩინურ დუეტს, როცა კორეელმა ბაიკერმა როგორც იქნა კვადროციკლი ამოუყირავა და მოტოციკლით გადააფრინდა ქვიშაზე გაგორებულ, მოტკარცალე გოგოებს. 

        ინსტრუქტორმა მართლა კარგად იცოდა საჰარის ეს ნაწილი. ჩვენი ჯიპიანად უკვე ქარაფის წვერზე ვიდექით. ახლა ჩემთვის დელტაპლანს ამზადებდა და თან გამოყენებას მასწავლიდა. ქარაფის თავზე ქარი უბერავდა. თავზე  ქალის აბრეშუმის თავსაბურავი,  არაბული „ნიკაბი“ ისე მოვიხვიე, რომ მხოლოდ თვალები მიჩანდა. მილოშმა ჩაფხუტი მომარგო. ტრაპეციაზე დაყრდნობა და მისი მოხმარების წესი ამიხსნა,  ფეხებზე აპარატის მარყუჟები ამომაცვა, ტრაპეციაზე ხელები ჩამაჭიდინა, დელტაპლანის ფრთებს გახედა,  საფრენი ტრაექტორია ხელით ჰაერში მომიხაზა  და მითხრა:

        - გახედე ნილნა, აღმოსავლეთით ქვიშრობი უდაბნოა, -  აქაურად  რეგი ქვია.  ჩვენ ახლა ერგში ვართ, ანუ ქვიშის მთებიან უდაბნოში, დასავლეთით კი ჰამადი - კლდოვანი უდაბნო იწყება.  გაფრთხილებ, ჰამადისკენ არ გაგიტაცოს ქარმა, მაშინვე დაბლა ნაკადზე ჩამოინაცვლე და აღმოსვლეთისკენ მოტრიალდი აი ასე.... - საჭირო მოძრაობა მაჩვენა მილოშმა.

        -  ახლა კი ნილნა, მოემზადე!  იფიქრე ყველაზე სანუკვარზე, იმაზე რაც გულით გენატრება. წარმოიდგინე, თითქოს აი იქ, ჰაერში კიდია. გაიქეცი, გაეკიდე და ფეხქვეშ არ იყურო, ქარაფის კიდეს გასცდები თუ არა, გაწექი როგორც ბედუინი ცხენზე და გაფრინდი.  დაჯდომისას დელტას წვერი მაღლა სწრაფად აწიე და ადვილად დაჯდები, ოღონდ ეგ მიწის პირიდან სამი მეტრის სიმაღლეზე უნდა გააკეთო.

      ადრენალინმა გული შემიფრიალა, მაგრამ უკან აღარ დამიხევია. მთელი ძალით გავიქეცი და ქარაფიდან მოწყვეტით გადავეშვი, თვალები დავხუჭე. რაღაც წამები თავისუფალი ვარდნით - დაბლა ვეშვებოდი, მაგრამ დელტამ სწრაფად დაიჭირა ქარი და ცისკენ წამიღო. ტრაპეციას ჩავებღაუჭე და ჰორიზონტალურად გავწექი.
      ... გავბედე და თვალი გავახილე... 

      ...ვფრინავდი ! ვფრინავდი !  და მერე როგორ ! ...
შეუკავებელი შეძახილი თავისით ამოფრინდა მკერდიდან და ქართულმა „ეჰეჰე... ჰეეეეიმ“ საჰარას ჩემთან ერთად გადაუყიჟინა. იმ წუთში არც კი მეფიქრებოდა რომ შესაძლოა ჩამოვვარდნილიყავი, დავმტვრულიყავი და კისერიც მომეტეხა უკიდეგანო უდაბნოში.
       
დავრწმუნდი, რომ ზეცაში ჩიტივით ერთხელ გაფრენა მართლა ღირდა მთელ დახარჯულ და დასახარჯ სიცოცხლედ... ისეთი შეგრძნება მქონდა თითქოს სამოთხეში ნეტარებით დავფრინავდი  მძიმე სხეულის გარეშე და არცერთი, არცერთი, არცერთი ცოდვა არ მამძიმებდა.

          ჩვენი  ბანაკიც გამოჩნდა ... ბაიკერების ჯგუფი მონუსხულივით შესცქეროდა ცაზე ჩემს ულამაზეს მწვანე ფრთებს.  მე, რომელიც კუსავით დაღოღავდი მიწაზე, ახლა მათ თავს ზემოთ ფრთებით მივფრინავდი და სად შეეძლოთ ჩემამდე ამოღწევა ... ნელ-ნელა მოვტრიალდი, ორიენტირად ქარაფი და ზედ შემდგარი ჯიპი ავირჩიე და ირაოს შეკვრა გადავწყვიტე... მილოში ორივე ცერათითს მაღლა იშვერდა და მორიგ ტრაექტორიას ხელით მიჩვენებდა.

      ცოტა ხანი დაფიქრება დამჭირდა იმაზე რომ გამერკვია - მე, მართლა „მე“ ვიყავი თუ არა? ან იქნებ აღარ ???

      - აწი რაც გინდა მოხდეს ! - გავიფიქრე და მზესაც გავუტოლდი. ცას და მიწას ერთად ვათვალიერებდი. დიუნებს კლდეები ცვლიდა, მერე ისევ დიუნები და კლდეები... ყველაფერი ხელისგულზე მოჩანდა... მიწა ჩემს ქვემოთ მიცურავდა.

      საჰარა თავის ნამდვილ სახეს ჩადრმოხდილი ქალივით უშურველად მაჩვენებდა.
ყველაფერი ძალზე ნატიფად იყო მიხატული დედამიწაზე.  უდაბნოს თეთრი და უდაბნოს ყვითელი - ყველაზე ლამაზ ფერებად მეჩვენებოდა, დიუნების მოხაზულობა, ყველაზე ნარნარ ხაზებად, მათ კალთებზე შლილი ქვიშის მომცრო ტალღები უნაზესი ლივლივით გადადიოდნენ ერთმანეთში და უსასრულობაში იკარგებოდნენ. ცისფერი ცა ლურჯდებოდა.  საჰარას ქვიშისფერი მზე ჩემს წინ ეკიდა. სიხარულის და ბედნიერების განცდა ყელში ამომაჯდა.
უნებურად ცრემლები წამომივიდა, ბედნიერებისგან უხმოდ ვტიროდი.
        ნაცნობ ჰორიზონტებს ზემოდან დავცქეროდი.
        მე ახლა ახალი და უცნობი ჰორიზონტები მქონდა, ზეციდან დანახული ჰორიზონტები.
        ქარი ჩემს სხეულზე სრიალებდა, ძალიან მსიამოვნებდა, მე ხომ სიცოცხლეში პირველად დავიჭირე ქარი.
        მე ვხედავდი ნამდვილ საჰარას.

        ოჰ, როგორი მადლობელი ვიყავი მილოშის... ისევ ქარაფისკენ გადავწყვიტე მობრუნება, საკმაოდ დიდი ნახევარწრის გაკეთება მიწევდა ჰამადის თავზე და ცოტა შემეშინდა. მილოში ხელს მიქნევდა, მობრუნდიო, დასჯდომ ადგილს მიჩვენებდა ქარაფის ქვემოთ გაშლილ ქვიშრობზე, მეც ჩავდივარო -  მანიშნა.  ჯიპს ეცა და კარი არც მიუხურავს, დიდი სისწრაფით დაიწყო ქვიშრობისკენ დაშვება.   
   
      ის იყო ნახევარწრე უნდა დამესრულებინა, რომ უცბად  ჰამადის კლდეებს შორის ჩარჩენილ ჩვენსკენ მომავალ ვიწრო ხეობაში ადამიანების ჯგუფი დავინახე, - ორი დახურული სატვირთო მანქანით და ერთი ჯიპით. ათიოდე კაცი იქნებოდა, თავიდან მეორე ტურისტული ჯგუფი მეგონა, მაგრამ ყველას თეთრი გალაბა ეცვა, თავზე აკალით დამაგრებული თეთრი ბრუნუსები ეხურათ. 

        „არაბები! რაზე ნადირობენ ნეტა? ანტილოპებზე ? ტუარეგები არიან თუ ბედუინები? არა, არცერთს არ გვანან. მაგრამ ანტილოპების რემა რომ არ დამინახავს ? " - გავიფიქრე და რატომღაც მოულოდნელად გამახსენდა მუჰამედის  წასვლის შემდეგ, დიუნას კალთაზე წუხელ ორჯერ გასრიალებული ჩრდილი. ამდილანდელი ნაკვალევიც ამოტივტივდა გონებაში. ფორიაქი შემომიჩნდა. ბანაკამდე მანძილი თვალით გავზომე, შვიდ კილომეტრამდე მაინც იქნებოდა. ჩემი ქარაფი უფრო ახლო მეჩვენა. მილოშიც უკვე დაბლა მიცდიდა. 

      - "როგორმე უნდა ვანიშნო რომ აქ ვიღაცეები არიან... და ეს ვიღაცეები, შეიძლება ჩვენზეც არიან დაგეშილები."  - გავიფიქრე.

        მილოშს ვუახლოვდებოდი მაგრამ ჯერ კიდევ მაღლა ვიყავი.  ძლივს გავითავისუფლე მარცხენა ხელი. დელტაპლანი მაშინვე მარჯვნივ დაქანდა. ორი თითი  თვალებთან მივიტანე, არაბების ადგილსამყოფელზე ხელით მივანიშნე და ორჯერ ვაჩვენე გაშლილი ხუთი თითი. 
        ტრაპეციას ისევ ორივე ხელით ჩავეჭიდე და შიშისაგან გულშექანებულმა დელტაპლანი ძლივს გავასწორე.

კიდევ ერთი, ოღონდ პატარა წრის შემოვლა იყო საჭირო, უსაფრთხოდ დასაშვებად. ქარის ნაკადი ჩამოვინაცვლე, მიწას სულ ორმოცდაათიოდე  მეტრიღა მაშორებდა.

        ის იყო დაბლა ჩავიხედე, რომ მარჯვენა ფეხის წვივი მწარედ ამეწვა. ფეხი შევარხიე, თითქოს არაფერი მჭირდა,  მაგრამ აუტანელმა წვამ მთელი სხეული გამისერა და გულამდე ამოაღწია. ცივმა ოფლმა წამში დამასხა.
თვალები მანქანის მინიდან არეკლილმა სხივმა მომჭრა. თვალები მოვჭუტე.მილოში სარკით მანიშნებდა რაღაცას. უკვე ახლოს ვიყავი და ინსტრუქტორს კარგად ვხედავდი.

      - „რაში ჭირდება სარკე ?“ - გავიფიქრე, მაგრამ მისი გაქვავებული სახე უცხოდ მომეფეთა. 
მილოში ჯიპთან ჩაჩოქილიყო, ხელში სარკე კი არა, ვერცხლისფერი მაყუჩიანი პისტოლეტი ეჭირა...
      ...მე მიმიზნებდა... 

        თვალს არ დავუჯერე, მაგრამ ტყვიამ  დელტაპლანის ფრთა გახვრიტა. ინსტიქტურად, დელტაპლანი მოწყვეტით მარჯვნივ გადავაქანე და ქარის ზედა ნაკადს დავუბრუნდი. შიშმა მთლიანად დამჯაბნა. ახლა ვცდილობდი შორს გავცლოდი ამ ადგილს და როგორმე მორიგი ტყვია ამერიდებინა. მივხვდი, ფეხშიც ტყვია მქონდა მოხვედრილი. ფიქრში დროს აღარ ვხარჯავდი და მიდამოს ვათვალიერებდი. მილოშის, არაბების და ბანაკის სამკუთხედს უნდა გავცლოდი. მზე მიჩვენებდა რომ, აღმოსავლეთისკენ მივფრინავდი, ეს მახე იყო. ისე სწრაფად ჩამოვინაცვლე დაბლა ნაკადზე, - რომ სული შემეხუთა. დელტაპლანმა დაიტკარცალა და შემახსენა რომ ნამდვილი ფრთოსანი არ ვიყავი. როგორც იქნა, დიდი წვალებით დასავლეთისკენ შევბრუნდი.
ახლა მიწა მენატრებოდა, მხოლოდ მიწა მინდოდა. ჰაერი მტრულად განწყობილ სტიქიად იქცა და ავად მანიშნებდა, რომ მე, უბადურკ ორფეხას,  მხოლოდ მიწაზე შემეძლო მეღოღა და ცაში ჩემი ადგილი სულაც არ იყო.
    მზე ზენიტში ავიდა, სასტიკად დაცხა. ცხელი შუადღე მთელი ძალით აზიმზიმდა საჰარაში. 

      ხელები დამეღალა, ოფლისაგან მთლიანად სველი ვიყავი, ფეხი ისე დამიბუჟდა, ვეღარ ვგრძნობდი. რამდენ ხანს მივფრინავდი აღაღრ მახსოვდა. მოულოდნელად ჩემს წინ კლდეებში ჩაკარგული სიმწვანე  გამოჩნდა.


      "ოაზისი.  ნეტა რომელი ოაზისია," - გავიფიქრე და დაშვებისთვის მოვემზადე... ფეხის ყოველი შერხევა აუტანელ ტკივილს იწვევდა. რაც უფრო ვუახლოვდებოდი სიმწვანეს, - უფრო და უფრო მშორდებოდა...

    -  მირაჟია, -  როგორც იქნა მივხვდი.  უკვე ჰამადში ვიყავი. კლდოვანი უდაბნო მომძლავრდა.  მიწას ათიოდე მეტრიღა მაშორებდა. ფრთხილად ვარჩევდი დასაშვებ ადგილს. ფეხები მარყუჟებისგან გავინთავისუფლე, მტკივან ფეხს ზედმეტად გავუფრთხილდი და  ყურადღება გამეფანტა.  ტრაპეცია უხერხულად მივაბრუნე და ქვიშრობს ავცდი. უცბად, ქარაფის კბილები ისე ახლოს დავინახე რომ ყველაფერი გვიან იყო.  პირდაპირ ნატკენი ფეხით და მარჯვენა მხრით ქარაფს მთელი ძალით ისე მივეხალე, რომ ტრაპეცია გადატყდა, დელტაპლანი უკან გადაიხარა, პირაღმა ამომატრიალა და მომწყდა,  ოთხიოდე მეტრის სიმაღლიდან, -  მთელი სიმძიმით ქვიშიან ბორცვზე გულაღმა დავენარცხე.  „დელტას“ გადარჩენილმა ნაწილმა თავზე გადამიფრინა და უჩემოდ გააგრძელა გზა.
     
    დაცემისას ფეხი ცუდად დამყვა და ისე მეტკინა, ლამის გონება დავკარგე. ჩაფხუტი ძლივს მოვიხსენი და ქარაფთან წვალებით მივხოხდი. ჩრდილის ვიწრო ზოლი მხოლოდ მკერდამდე მომწვდა. გულაღმა ამოვბრუნდი. ფეხი გაუჩერებლად და ძლიერად მტეხდა. სხვა არაფერი მტკიოდა. ტანსაცმელზე ხელი მოვისვი და ჯიბეები მოვსინჯე. მთელი ჩემი ავლა-დიდება,  წუხანდლიდან შემორჩენილი ნახევარი ბოთლი წყალი,  დანა, მაჯის საათი, სიგარეტი, სანთებელა და მარშრუტის რუკა იყო.
   
      სანამ დაჟეჟილი სხეული ტეხვას დამიწყებდა, ქარაფს ზურგით მივეყრდენი, ნატკენი ფეხი, ორივე ხელით მუხლში მოვხარე და ჭრილობის გარშემო დანით  გაჭირვებით შემოვჭერი სისხლით გაჟღენთილი  ნაჭერი. ნატყვიარს დავაკვირდი. შედედებული შინდისფერი სისხლი წვრილად გადმოდიოდა. ტყვია ფეხში მქონდა. თავიდან ნიკაბი მოვიგლიჯე  და შუაზე გავხიე, ერთი ნახევარი კბილებში ჩავიდე, მეორე ნახევარი სახვევად მოვამზადე. დანის წვერი სანთებელას პატარა ალზე  რამოდენიმეჯერ გადავატარე და ჭრილობზე სწრაფად დავუსვი.

ბასრმა დანამ სამართებელივით გაჭრა კუნთი.  ნეკა თითით ტყვიას მივწვდი. დანის წვერი მივახმარე და როგორც იქნა ამოვიღე. საზარელმა ტკივილმა გული ლამის მართლა გამიჩერა. ჩემმა შეკივლებამ უდაბნოს შედედებული ჰაერი გასერა და ჰამადში ჩაიკარგა. ტკივილისაგან გულამომჯდარი ვტიროდი, ის კი არა და არ ნელდებოდა და ბოლო ძალას მაცლიდა.  ვცდილობდი გონება არ დამეკარგა და როგორმე ფეხი შემეხვია. 

      სული მოვითქვი, დარჩენილი წყალი თვალით გავყავი, ნაწილით ჭრილობა მოვბანე, სიგარეტი გავტეხე,  თამბაქო ჭრილობაზე დავაყარე და აბრეშუმის ნაჭრით ფეხი მჭიდროდ შევიხვიე.

ბოთლში სულ რაღაც ერთი ჭიქა წყალი დარჩა. თავი დავახურე და ჩრდილში მივწიე. როგორც იქნა ფეხი გავშალე. მოძრაობაზე ტკივილი ისევ ტვინში ამივარდა და ყველა ნერვი გათანგა.

      ქარაფს მივეხუტე და თვალები დავხუჭე... 
    „ოღონდ ფეხი არ დამიჩირქდეს, ოღონდ სიარული შევძლო, კომპასი და რუკა ხომ მაქვს...  აქ რომ მიპოვოს მილოშმა და მომკლას? თუმცა ჯიპით აქ ვერ შემოვა. თან, თუ ბანაკში დააგვიანებს, მაშინ ბაიკერები დაგვიწყებენ ძებნას და ერთ ამბავს ატეხენ. არა, არ აწყობს, იფიქრებს რომ ჩამოვვარდი და თავად მოვიტეხე კისერი  ამ კლდეებში. არ მომძებნის. მაგრამ იქნებ მუაჰამდმა მომძებნოს, იქნებ მიპოვოს... რა უნდოდა მილოშს, რატომ მესროლა ?! რა უნდოდა..." - ვფიქრობდი და ტკივილს ვუსმენდი. 

      ვფიქრობდი რა უნდა მექნა ახლა. სამი ამოცანა მქონდა. პირველი, - მიუხედავად აუტანელი სიცხისა და გადატანილი განსაცდელისა, სანამ დღე იყო,  ძალების მოსაკრებად როგორმე უნდა დამეძინა. ეს  ენერგიას და წყალს დამიზოგავდა,  მეორე - თუნდაც გაუსაძლისი ტკივილის გამო - გონება არ უნდა დამეკარგა და მესამე - ღამის სიცივისთვის უნდა გამეძლო.

      გარემო მოვათვალიერე.
ჩემს უკან, სავარაუდოდ  ხუთ მეტრამდე სიმაღლის და ათიოდე  მეტრი სიგრძის ქარაფი იყო. ჩემს წინ, ის პატარა ქვიშის ბორცვი, რომელზეც დავენარცხე.  იმის იქეთ,  - კიდევ კლდოვანი ქარაფი. გარშემო სიცოცხლის ნიშანწყალიც არ ჩანდა,  მხოლოდ ქვიშა და კლდეები... უცბად გავიაზრე რა მოხდა და სად ვიყავი.
   
      აფრიკა.
      საჰარა.
      ჰამადი.
      ვიწექი უდაბნოში... მარტო... უცნობ ადგილას, თაკარა სიცხეში... დაჭრილი, მშიერი. სიარული არ შემეძლო. შუადღის სიცხისგან საფარი მჭირდებოდა და არ მქონდა, ღამის სიცივისგან დასაცავად ცეცხლი მჭირდებოდა და ვერც მას მოვიპოვებდი.

      სიკვდილი სულ ახლოს, ჩემს წინ, ქვიშის პატარა ბორცვზე ჩამომჯდარიყო. მას ქვიშის სახე და სხეული ქონდა... სახელად საჰარა ერქვა. ცელის ნაცვლად, ქვიშის პეშვი მოემარჯვებინა. შიგ წყალი ესხა, რომელიც წვეთებად იღვრებოდა და ჰაერშივე შრებოდა.

      ეს უკვე აღარ იყო მირაჟი...  თვალი ავარიდე და ცას გავხედე...
      ახლა მხოლოდ ერთი ჭიქა წყალი და ერთი მუჭა იმედი მქონდა.
      ხელი მუშტად შევკარი და გულთან  მივიტანე.           
      იმედი ზუსტად გულისხელა იყო.
                                             
                                                              ( იხილე როგორ გაგრძელდა)     

_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
© საავტორო უფლება დაცულია საქართველოს საავტორო უფლებათა ასოციაციის მიერ.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები