ნაწარმოებები



ავტორი: ჭა
ჟანრი: პოეზია
19 აგვისტო, 2011


ნუ გეშინია

როგორც კი დადგი  ფეხი მიწაზე,
იმ დღეს დავიწყე სიყვარულით შენი შემოსვა,
და უფრო ადრეც, ფეხისდადგმამდეც,
საუკეთესო  მასწავლებელს,  მზეს მიგაბარე.
და იყო ყველგან ოქროსფერი ლიცლიცი მისი-
სიყვარულის გაკვეთილები.
ხელებგაშლილი სიხარულით მისკენ გარბოდი
და როგორც კი აგეწვებოდა ფეხისგულები,
წვიმას გადენდი,
გალუმპული დატანტალებდი.
მერე კი, როცა სიცივისგან აკანკალებულ კბილს კბილს აჭერდი,
სათუთ ტანს ნაზად გიმშრალებდი ცისარტყელებით.
ღამით კი...ღამით...-
საოცრად თბილი, მშობლიური მთვარის ნანები
ჩაგესმოდა და...იყო კოცნა...
ციმციმ...ციმციმ...ვარსკვლავების...
და ისე ტკბილად, ნეტარებით გეძინებოდა,
აღარ გინდოდა სიზმრებისგან თავის დაღწევა.
ასე მისდევდა დღეებს დღეები,
ღამეებს კი მოჩურჩულე მთვარეები.
სანამ  ერთ დღესაც არ გადმოვიდა
შენს შესახვედრად,  მზიდან ის კაცი .
ახლა  ხომ იცი,  ისაც ჩემი იყო გზავნილი,
შენი სიწრფელის  გამოსაცდელად,
ხომ გახსოვს?...ისე  მოაბიჯებდა...
კრძალვით კი არა, როგორც გასწავლე,
არა, თამამად და თავხედურად
და სწორედ მისმა სითავხედემ მოგხიბლა ასე.,-
შენც შეგიყვარდა.
შენ რა იცოდი, შენ სულელმა, რომ სწორედ ახლა იწყებოდა
სიყვარულში ნამდვილი გაწვრთნა,
ჯერ ხელი დაგწვა, მერე გული,
გაუსაძლისი გახდა ტკივილი.
გამოსავლის ძებნა დაიწყე ისევ იმაში,
რაც გასწავლე და რაც იცოდი.
გადაწყვიტე  ცეცხლი  დაგენთო
ისეთი დიდი, როგორც მზეშია,
(უფრო პატარას ვერ დაანთებდი, უბრალოდ ასე გქონდა ნასწავლი.)
თან რომ იწვი და თან გიხარია.
სხვა გზა არ იყო, შენთან მოსული, ის ჩემი კაცი
სიყვარულით უნდა გერჩინა,
დაიწყე შენი სულის შებერვა...
(მზისხელა ცეცხლის გაღვივება, ალბათ ხუმრობა თუ გეგონა.)
ჯერ ორს გყოფნიდათ, მერე კი  ბევრნი როცა გახდით,
გსურდა რომ ყველა გამთბარიყო ცეცხლის კოცონთან
და  უბერავდი...უბერავდი...
შენც მონდომებით, სანამ სული არ გამოგეცალა .
დარჩი უსულო და კოცონიც აღარ გებევრა,
ვერ დაიტიე.... -  რა იცოდი, შენ სულელმა,
თურმე სული უნდა მოგეთქვა შიგადაშიგ,
მანამდე კი სხვას შეებერნა.
ახლა კი ახლა, ისე დავარდი და დაუძლურდი,
ერთ პატარა კოცონსღა ნატრობ,
სადაც ხელებს გაითბობ მხოლოდ,
და ისაც ვეღარ აგინთია,
თუმცა კი სცადე ძალიან ბევრჯერ.
მერე კი მერე,  -რაღა იქნება?
ალბათ ნელ-ნელა გაიყინები.
სიკვდილიც მეტი არაფერია:
არ შეგიძლია ისევ გიყვარდეს, არ შეგიძლია...-
ეგაა სწორედ!
ნუ გეშინია! ნუ გეშინია!
მე მოგიყვანე,
გახსოვს მიყვარდი, გახსოვს ვზრუნავდი
და ახლა როცა სულ მარტო დარჩი,
როგორ დაგტოვებ?
როგორ იფიქრე, რომ მიგატოვებ?
რა ნამუსით, ვერ ვიზამს მაგას!
ისევ წაგიყვან!....

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები