ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: სოლე
ჟანრი: პოეზია
15 აგვისტო, 2011


ძველი ლექსებიდან

***
გახსოვს, გაგვიწვიმდა
შინ რომ ვბრუნდებოდით.
არ დამისველდეო,
მხარქვეშ შემიფარე.
ჩემი რომელ გოგოს
არ შეშურდებოდა?!-
იმათ ქოლგა ჰქონდათ,
მე კი- შენი მხარი.


***
რამდენი წელი შემომაცვდა,
რამდენი წაღა...
ბოლოსდაბოლოს გიპოვნე და
მინდიხარ?-აღარ!


გული

ქარებმა ისევ დამიბრუნეს ჩემი წერილი:
აღარ ცხოვრობსო, სიყვარული, ძველ მისამართზე.
დღეიდან, მინდა სამუდამოდ გავასტერილო
გული, ბავშვურად მიხატული ცისფერ ბარათზე.


***

ისე გასწორდა ცხოვრების გზა,
მოსაწყენია.
აღარც მიხვეულ-მოხვეული,
არც ჩიხებია.
გუშინ ოცნებებს არ ჰყოფნიდათ
ზეცა ფრთებისთვის,
ახლა დგანან და
სექტემბრის მზეს
ეფიცხებიან.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები