ნაწარმოებები



ავტორი: სანშაინნ
ჟანრი: პროზა
27 აგვისტო, 2011


არ წახვიდე დედი (ნამდვილი ამბავი)

1994 წელი, აპრილი, ღამე. (ჩხოროწყუ, სოფელი მოიდანახე)


_ დე, მოსკოვი აქედან შორსაა?
_ ძალიან, ძალიან შორსაა შვილო.
_ დე, არ შეიძლება რომ არ წახვიდე?
_ აუცილებლად უნდა წავიდე ჩემო სიცოცხლე, აუცილებლად. ჩვენ ხომ უკვე ვისაუბრეთ ამაზე?
_ხვალ რომ არ წახვიდე დედი? აი, ხვალის მერე რომ დილა გათენდება მაშინ რომ წახვიდე?!
_ შენ უკვე ოთხი წლის ხარ ჩემო ყველაფერო, უკვე დიდი ბიჭი ხარ და უნდა შეგეძლოს დედიკოს გარეშე გაჩერება. ბაბუას და ბებიას თუ დაუჯერებ ყველაფერს ჩამოგიტან როცა ჩამოვალ, ისეთ მანქანასაც, თავისით რომ დადიოდეს.
_ არ მინდა მანქანა, არ მინდა! ოღონდ არ წახვიდე დედი და გპირდები არასდროს ვიტირებ სათამაშოს გამო. გთხოვ, არ წახვიდე!
_ ძალიან მალე დავბრუნდები შვილო და მერე სულ ერთად ვიქნებით, გპირდები.
_ არ შეიძლება სხვა რომ წავიდეს მოსკოვში სამუშაოდ და შენ აქ დარჩე?
_ არა შვილო... რომ ჩამოვალ სახლს ვიყიდით, ბაბუას სახლიდან გადავალთ და სულ ერთად ვიცხოვრებთ.
_ ბაბუამ მითხრა ადრე მსოფლიოში ყველაზე ლამაზ ადგილას ცხოვრობდიო. დე, რა ერქვა იმ ადგილს?
_ სოხუმი.
_ მერე რატომ წამოვედით იქიდან?
_ მერე აგიხსნი ჩემო პატარა, ახლა დაიძინე, უკვე გვიანია.
_ დე, დეე იცი რა მოვიფიქრე? - მცირე ხნის დუმილის შემდეგ წამოიყვირა პატარამ - მეც თან წამიყვანე მოსკოვში, მეც შენთან ერთად წამოვალ, ხომ მითხარი ძალიან მინდა შენთან ერთად ყოფნა, მაგრამ აუცილებლად უნდა წავიდეო, ხოდა მეც თან წამიყვანე დედი, კარგი?
_ აბა როგორ წაგიყვანო ჩემო სიცოცხლე, ხომ ხედავ როგორ გახველებს? - მცირე პაუზის შემდეგ ადვილად იპოვა გამოსავალი დედამ.
    პატარამ დაიჯერა, რომ მისი არწაყვანის მიზეზი მხოლოდ ხველება იყო. დიდხანს ითმინა, ხან ხელი აიფარა პირზე, ხან საბანი აიკრა, მაგრამ ბოლოს ვეღარ გაძლო, მაინც დაახველა და დედასთან ერთად ყოფნის ეს „გეგმაც“ ჩაეშალა.
    ბოლოს იგრძნო, რომ დედას დიდი ხანი ვეღარ ნახავდა და უკანასკნელი ხერხი სცადა, საკმაოდ ძლიერად მიარტყა თავი რკინის ლოგინს, რომელზეც იწვა და განწირული ხმით მორთო ტირილი. იფიქრა, ბევრს ვიტირებ, დედას შევაშინებ თითქოს თავი ძალიან ვიტკინე და ჩემს მოსავლელად დარჩებაო. დედამ ახლახანს „თავნატკენი“ შვილი მჭიდროდ ჩაიკრა გულში, ბავშვმა თავი ძუძუზე დაადო, მეორე ძუძუზე კი მარჯვენა ხელი მოსჭიდა (ასე უყვარდა დაძინება) და განაგრძო ტირილი იმ იმედით, რომ დედას წასვლას გადააფიქრებინებდა...
    რამდენიმე წუთში ბავშვის თავგანწირული ტირილი ხმადაბალმა წყვეტილმა კვნესამ ჩაანაცვლა, წუთიც და პატარა უკვე ოდნავ გასაგონად ფშვინავდა...
    დილით ჩვეულებრივზე ადრე გაიღვიძა, მის გვერდით ბებია იწვა, დედა კი ალბათ უკვე ავტობუსში იჯდა...


კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები