ნაწარმოებები



ავტორი: ლიკა_ოხანაშვილი
ჟანრი: პოეზია
30 აგვისტო, 2011


სანამ...

თეთრი კედლები დაგვყურებენ ნიშნის მოგებით
და არცერთს გვჯერა, რომ იქნება ხვალაც იგივე,
მელაპარაკე და თუ გინდა, სისულელეზე,
ვიცი, რომ სანამ აქ იქნები არ დავიძინებ...

ცდილობ ირწმუნო... ახლაც, ჩემი გადარჩენისთვის,
ამბობ, სიცოცხლეს რომ დათმობდი შენსას, სანაცვლოდ...
ცრემლიან თვალებს გარიდებ და თუმცა სხვას ვფიქრობ,
შენს გასაგონად უიმედო სიტყვას არ ვამბობ...

თვალებს დავხუჭავ მოთენთილი, რადგან წარსული,
სურათ-სურათად დაწყობილი თვალწინ ჩამივლის,
წარმოსახვაში რას ვნახავ ხომ ჩემი ნებაა...
ჰოდა, მომავალს მოვკრა თვალი, იქნებ... რა იცი...

კედლები უკვე სიბრალულით გადმომცქერიან
და ირონიით მათ თვალს ვუკრავ უკვე თვითონვე,
რაღა აზრი აქვს, აბა, ბრძოლას სიცოცხლისათვის,
თუ სიკვდილამდე თავი შენვე გამოიგლოვე...

ლიკა ოხანაშვილი
30.08.2011


კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები