ნაწარმოებები



ავტორი: თამარ ბუკია
ჟანრი: პოეზია
2 სექტემბერი, 2011


დაზოლილი ცხოვრება

აღარც ლექსები მეწერება და
სიტყვებიც ფურცლიდან გამირბიან...
სული დამეცალა გრძნობებისგან,
ჩემს სულში - უქარო ამინდია!

ვნებების ტალღები დამიოკდა,
ზღვაზე სრული შტილი გაწოლილა...
რა უცნაური შეგრძნებაა, -
თითქოს თვით ცხოვრება დაზოლილა:

თეთრ ზოლს შავი ზოლი ენაცვლება,
შავ ზოლს ზოლი მოსდევს ისევ თეთრი,
მაგრამ... დარღვეულა თანაბრობა:
შავი ზოლი, ლამის, შავ ზოლს ერთვის,

ისე წვრილი არის თეთრი ზოლი,
ისე უმწეო და უსუსური...
ჩაფიქრებასაც კი ვერ მოასწრებ, -
ის ვერ აგისრულებს ვერა-სურვილს…

. . .
შტილი, ალბათ, ისევ ქარით შეიცვლება,
მჯერა, აფრას გაშლის სულის ნავი.
აფრა - სურვილებით აივსება,
აღარც კი მექნება ნატვრის თავი...

. . . . . .
- სდეეექ!... რამდენ რამეზე ოცნებობდი...
ახლა კი, უფულობის გადამკიდე,
ისევ ლექსის წერას მიუბრუნდი?...
თამრო, არ მოგბეზრდა ნატვრა კიდევ?

23.08.11 

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები