ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: თეა თაბაგარი
ჟანრი: პოეზია
22 სექტემბერი, 2008


გელაციცები

ვეღარ ვამშვიდებ თვალებს ნაწვიმარს,
ვეღარც პალიტრას ვარჩევ  სიტყვების,
მორიგი ჩქმეტით გულმა დამცინა,
და არითმიად მექცნენ რითმებიც.

შენ მიფრთხილდები... ჰო, მე ბავშვი ვარ,
მაგრამ ჭაღარა შარას მივყვები...
ლექსებით გიმხელ, ასე, _ მარტივად,
გაუსაძლისად როგორ მჭირდები.

იმდენ ქარსა თუ ქარაფს გავცლივარ,
ახლა ვკრთები და, თითქოს, ვცივდები,
სიზმრებშიც ბეწვის ხიდზე დავდივარ,
გაბედულ ბოდვას არ ვუშინდები.

უწინდებურზე ბევრად ადვილად,
გელაციცები ახლა ფიქრებით,
რადგან ჰაერიც ისე დამძიმდა,
ძლივსღა დავათრევ სუნთქვას, ტვირთივით.

შემოგეხიზნე, უგზო მანძილებს
კვლავ ვეღარასგზით  ვუნაპირდები,
ყველა ბგერა რომ ლოდად დამძიმდეს,
მე უპირობო ლოდინს გპირდები.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები