ნაწარმოებები


26 ოქტომბერი არჩევნების დღეა. არჩევნებში მონაწილეობა ნიშნავს თქვენი მოსაწონი მთავრობის შანსს. არ გაუშვათ ეს შანსი, აუცილებლად მიდით 26 ოქტომბერს არჩევნებზე და გააფერადეთ სასურველი ნომერი     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: მე-კალ-მე
ჟანრი: პროზა
22 სექტემბერი, 2011


ერთი ფურცელი

  -გამარჯობა, უფალო! - მიმართა საბავშვო საწოლის წინ, თაროზე დაბრძანებულ ხატს ღამის პერანგის ამარა, თმაგაჩეჩილმა კონსტანტინემ და იქვე იატაკზე დაუდევრად მიყრილ ჩუსტებში ჩაყო ცალი ფეხი (როგორც ყოველთვის, მარცხენა ფეხისთვის განკუთვნილში - მარჯვენა). მერე ტანსაცმელს დაუწყო ძებნა (მე მგავს: არასდროს ამზადებს წინადღით დილით ჩასაცმელ სამოსს). მე დღეს არ მიწევს ტანსაცმლის ძებნა - სამსახურში მორიგე ვარ, უნიფორმა კი ყოველთვის გამზადებული მაქვს.
  დათოც მალევე დგება და , ტრადიციულად, სამივე ერთად შევდივართ სააბაზანოში. ერთ ნიჟარასთან ვიბანთ ხელ-პირს, ვცდილობთ, დავასწროთ ერთმანეთს და მეათასედ გვეცინება ყოველდღიურობად ქცეულ ამ სცენაზე.
  დათო ერბო-კვერცხს ამზადებს, მე ჩაის ვასხამ ჭიქებში, კონსტანტინესთვის - კაკაოს.
  ვსაუზმობთ და გავდივართ სახლიდან. კოტე ბაღში მიგვყავს, მე ჩემს სამსახურთან ჩამოვდივარ, დათო კი თავისი სამსახურისკენ აგრძელებს გზას.
  სამსახურში დღე ჩვეულებრივად გადის: ვიცავ წესრიგს, ვეხმარები ხალხს... ვაკეთებ ჩემს საყვარელ საქმეს და ვიღებ სიამოვნებას მუშაობისგან.

  ღამის თერთმეტი საათია. სახლში ვბრუნდები. კოტე სირბილით მეგებება და კისერზე მეკიდება. ძიძამ მითხრა სულ "დედიკო"-ს გაიძახოდა, ვერაფრით დავაძინეო.
  ვიცვლი, თავს ვიწესრიგებ და ძილმორეული პატარა მიმყავს დასაძინებლად. პაწუკა თითებით მეფერება ოდნავ გამობურცულ მუცელზე და სასაცილოდ მეტიტინება:
  -ხომ მალე ამოიყვანს მილანას ექიმი? იქ როგორ ჩავიდა, დე? ლამაზია? ხო დამაკავებ ხელში? - მეღიმება და მეასედ ვპასუხობ მის შეკითხვებს.
  კმაყოფილს მალევე ეძინება. მე ფრთხილად გავდივარ სამზარეულოში და ჩაიდანს ვადგამ გაზქურაზე. ორ ფინჯანს ვდებ მაგიდაზე და ჭიშკრის ხმაც გაისმის - ეს დათოა. მე კარებთან ვდგები და პატარა ბავშვივით ვცქმუტავ.
  ხელში თებერვლის იების ორი კონა უჭირავს: ერთი - სულ ციცქნა, მეორე - ოდნავ დიდი.
  -ერთი ჩემს ქალიშვილს, ერთი კი - შენ. - მეუბნება და მუცელზე მკოცნის, მერე - ცხვირზე...
  უცებ ვგრძნობ როგორ ირხევა ჩემი ჯერარშობილი ჩემსავ სხეულში, თითქოს პაწუკა ხელს იწვდის პირველი საჩუქრის მისაღებად.
  ჩაის ვსვამთ, თან მთელი დღის ამბებს ვუზიარებთ ერთმანეთს. გარეთ ნაბოლარა ფანტელები ეხუტებიან წყალჩამდგარ ხეებს.


                                                    *      *      *      *

  რა არის ეს? არც არაფერი, ერთი უბრალო ფურცელია, რომელსაც წლების შემდეგ ჩემს დღიურში ჩავაკრავ, როგორც ერთ ჩვეულებრივ გვერდს.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები