ნაწარმოებები



ავტორი: თამარ ბუკია
ჟანრი: პროზა
24 სექტემბერი, 2008


ფიქრები საღამოდან - დილამდე

ს ა ღ ა მ ო ა . . .
დაიღალა  დ ღ ე...       
ღ ა მ ე ს  უხმო შემცვლელად...

ღ ა მ ე  კი არ ჩქარობს გაბატონებას, - ზლაზვნითა და ტაატით მოიწევს მიწისკენ...  მზეს სხივები ააკრეფინა და დასასვენებლად გაისტუმრა, - ჯერ ჩრდილები დააგრძელა, მერე ჩერო დააბნელა, ბოლოს კი ნისლივით ჩაწვა ქუჩებში...
სადღაც, ხის კენწეროზე ფოთლები აშრიალდნენ, ერთმანეთს რაღაც გადაუჩურჩულეს და ჩუმად ჩაიკისკისეს... ნეტა რაზე იცინოდნენ?...

მთვარე ჯერ არ ამოწვერილა. სულ უფრო და უფრო ბნელდება...
ცას შევყურებ მოლოდინით სავსე თვალებით, - შენ გეძებ, შენ გელოდები,

და აი, ბნელი გაკვეთა ნათელმა და ობოლი მარგალიტივით აციმციმდა ცაზე მწუხრის ვარსკვლავი... ცაზე აციმციმდა და გული გაანათა, სულს ჩაეხლართა ვერცხლის ძაფებით...

მწუხრის ვარსკვლავი პირველი სიყვარულივით არის,- ყველაზე ნათელია, ყველაზე ლამაზი და... არა ერთადერთი!...
თითქოს ეშინიათ, “მხოლოდ მან არ წარიტაცოს მზერაო” და მის კვალდაკვალ უამრავი ვარსკვლავი ახელს თვალს.
მწუხრის ვარსკვლავის სილამაზე და სიბრწყინვალე თანდათან იჩრდილება, კლებულობს უთვალავი ვარსკვლავის ფონზე და ბოლოს სულ ქრება!...
ქრება პირველი სიყვარულივით!...

სადა ხარ, ჩემო ვარსკვლავო?!.. რომელ ცას ანათებ შენი ჩუმი ციალით?! გეძებ, სულ გეძებ, ყოველღამე ცისკენ მაქვს მოპყრობილი მზერა... გეძებ, გეძებ და... ვერ გპოულობ!... 
დამენახე, გული გამიხსენი, გულში ჩაიკარი ჩემი სული, შენგან უმიზეზოდ მიტოვებულ-მივიწყებული... ჩემი სული, რომელიც შენსკენ მოიწევს და შენს ალერსს ელის!...
ს ა დ ა  ხ ა რ ?!...
დაგეძებ!  გიხმობ!!  გეძახი!!!...
სულ ამაოდ!...

რა ვიღონო, სად გეძებო, რომელ მხარეში?! რატომ ჩამეკარგე უთვალავ ვარსკვლავს შორის?! რომელ ვარსკვლავს მივაპყრო მზერა, ვის შეგადარო?...
ან რომელ ბედნიერ ვარსკვლავზე დაბადებულს უნდა შევნატროდე?! რა დაგიშავე?!...
ცისკრის ვარსკვლავი მწუხრისად რად მომევლინე და რად ჩამინავლდი, რად გამისხლტი თვალსაწიერიდან? რად მიმატოვე?!... რად დამიტოვე თვალი ცრემლიანი და სული ცარიელი?!...
სადა ხარ, სად?!!!!!.........

ვიცი, შენ ახლაც ანათებ ვიღაცის ცაზე, ვიღაცას ათბობ შენი შორეული სითბოთი, ვიღაცას უხარებ თვალსა და გულს შენი ციმციმით, მაგრამ... ვაი, რომ ეს “ვიღაც” მე აღარ ვარ!!!
მე კი სხვა არა დამრჩენია რა, თუ არა შენზე ოცნება და შენი კვლავ ნახვის უზომო სურვილი!...

და  გელოდები!...
დაგელოდები, ჩემო პირველო და განუმეორებელო სიყვარულო!...

ღამე ფიქრსა და მოლოდინში მიდნება!
ვარსკვლავებს ძილი მოერიათ და თვალები ებლიტებათ...
დაიძინეთ, დაიძინეთ ვარსკვლავებო! მე ცოტა ხანს კიდევ მოვიცდი...

ბნელს ნათელი მიეპარა და თვალებზე ააფარა  ხელები: ყველა ვარსკვლავი ერთად  ჩააქრო!...
და მაშინვე აკიაფდა სულში ნათელი, - ცისკრის ვარსკვლავმა გაახილა თვალი, ვერცხლის სიმებად გამოჭიმა სხივები და მზეს სავალი ბილიკი გაუნათა!...
შეხედე: ულამაზესი ვარდისა და ოქროს ფერებით  დ ღ ე  მოიჩქარის დედამიწისკენ!
თ ე ნ დ ე ბ ა !!!...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები