ნაწარმოებები


ურაკპარაკის დასახმარებლად!!!     * * *     გთხოვთ შეიხედოთ ფორუმზე: #ურაკპარაკის ფორუმი >> ლიტერატურული საიტის შესახებ >> ურაკპარაკის დასახმარებლად -> http://urakparaki.com/?m=13&Forum=1&Theme=1502#Last

ავტორი: თამარ ბუკია
ჟანრი: პროზა
21 აპრილი, 2008


მგელი

მე    თავისუფალი  ვარ!
ვიყავი, ვარ და ვიქნები  თავისუფალი,  მიუხედავად იმისა, რომ... დიდი ხანია რაც ვოლიერში ვარ გამომწყვდეული!
ჰო, მე ერთდროულად ვარ „პატიმარიც“ და „თავისუფალიც“...
როგორ?
სულ უბრალოდ, – მე  მგელი  ვარ!... და თუ ხორცი ჩემი ამ რკინის გისოსების ტყვე არის, სული ჩემი თავისუფალია! მას ვერავინ დაიმორჩილებს! ვერავინ წამართმევს სულის თავისუფალებას!!!

რამდენჯერ ყოფილა, ვოლიერის კუთხეში მიწოლილსა და თვალებმილულულს შემომირბენია მთა და ბარი, ტყე-ტყე მიხეტიალია ხან ჩემს მეგობრებთან ერთად, ხან – მარტოს... მინადირია კიდეც!... ჩუმად, მიპარვით კი არა, ჯიქურ, პირდაპირ მივსულვარ, როგორც ეს ჩვენ, მგლებს შეგვეფერება!...
და ვისთან ერთად არ მითამაშია და მიკოტრიალია ხელისგულისხელა, მზით გამთბარ კორდზე, რომელიც ყოველი მხრიდან ასწლოვანი ხეებით არის შემოჯარული!...

ნეტა თუ მართლა სჯერათ, რომ ჩვენი გაწვრთნა და მოთვინიერება შეიძლება?!...  მე  მგელი  ვარ!... ვარ ისეთი, როგორიც შემქმნა დედა-ბუნებამ და ვერავინ ვერასოდეს გამომცვლის!...
მოთვინიერება?!...
რას ნიშნავს ეს?! იმას, რომ ვიღაცას შეუძლია  მაიძულოს, გავაკეთო რაღაც ისეთი, რისი გაკეთებაც თავად არ მინდა?...
ნუთუ ჰგონიათ, იმ ერთი ნაჭერი აქოთებული ხორცისთვის საკუთარ სულს გავყიდი?!...
ნეტარ არიან მორწმუნენი!!!!
მე  მგელი  ვარ!...
ვერავინ შესძლებს, მაცეკვოს უკანა თათებზე შემდგარი, ბუქნით მატაროს მის გარშემო, საკუთარი ნაბიჯები მათვლევინოს და მაზომინოს!...
მე არ ვემორჩილები „ადამიანურ“ კანონებს! ჩემთვის მხოლოდ ერთი კანონი კანონობს, – ჯუნგლის კანონი: სუსტი – მარცხდება, ძლიერი – იმარჯვებს! სამართლიანობა და ურთიერთგატანა!!! – აი, რაც განსაზღვრავს ჩემი ცხოვრების სტილს და რაც ყველაფერზე მთავარი მგონია!...
და დღეს თუ ჩემი არსებობა და „ცხოვრების წესი“ ამ ვოლიერის კედლებით შემოისაზღვრება, არ ნიშნავს, რომ ეს ყოველთვის ასე იყო და ან მუდმივად ასე იქნება!...

ღმერთო ჩემო, რამდენი ცნობისმოყვარე თვალი მომჩერებია!... ყველას აინტერესებს „მოთვინიერებული“ მგლის ნახვა! ჰგონიათ, მაჯობეს, რადგან ამ რკინის ციხეში დამამწყვდიეს!... ჰგონიათ, ხელების ლოკვას დავუწყებ საჭმლის მოლოდინში!... ჰგონიათ, მორჩილად გავუწვები ფერხთით და მათ გარშემო ცოცვას დავიწყებ!...
ვერ ეღირსებიან!...  ვერასოდეს!!!
მე  მგელი  ვარ!... თავისუფალი  მოდგმის  თავისუფალი  შვილი!!!
მე შემიძლია, ვიყო ძალიან კეთილი, ძალიან სათუთი და ალერსიანი მათთან, ვინც მიყვარს, მაგრამ შემიძლია ვიყო დაუნდობელიც მათთან, ვინც ვერაგი და დაუნდობელია სხვათა მიმართ!... მე მიყვარს ის, ვინც  მინდა რომ მიყვარდეს და მძულს ის, ვინც  უნდა მძულდეს!... და ვერავინ მაიძულებს, ძალით „შემაყვაროს“ ან „შემაძულოს“ ვინმე!... ჩემი გრძნობები  სხვების სურვილებს არ ემორჩილება!!!
ნურავინ ეცდება,  ფინია დაინახოს ჩემში, –  მე  მგელი  ვარ!... თავისუფალი სულის მქონე... ვოლიერში დამწყვდეული მგელი!!!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები