ნაწარმოებები


ურაკპარაკის დასახმარებლად!!!     * * *     გთხოვთ შეიხედოთ ფორუმზე: #ურაკპარაკის ფორუმი >> ლიტერატურული საიტის შესახებ >> ურაკპარაკის დასახმარებლად -> http://urakparaki.com/?m=13&Forum=1&Theme=1502#Last

ავტორი: ადვოკატი კახაბერ როდინაძე
ჟანრი: კრიტიკა-პუბლიცისტიკა
29 ოქტომბერი, 2011


მეცნიერება ანტიმეცნიერების წინააღმდეგ, ანუ სახელმწიფოებრიობის რამდენი წლის ასაკი აქვს საქართველოს?

ადვოკატი კახაბერ როდინაძე


მეცნიერება ანტიმეცნიერების წინააღმდეგ,
ანუ
სახელმწიფოებრიობის რამდენი წლის ასაკი აქვს საქართველოს?

   
    მეცნიერება არის ბუნების და აზროვნების შესახებ ჭეშმარიტი ცოდნის გამომუშავება.
    მეცნიერება 2  ჯგუფად იყოფა – ჰუმანიტარულ (საზოგადოებრივ) და საბუნებისმეტყველო მეცნიერებებად.
    ჰუმანიტარული (საზოგადოებრივი)  მეცნიერებებია ფილოსოფია, სოციოლოგია,ისტორია, იურიდიული მეცნირებები, პოლიტოლოგია და ა.შ.
    საბუნებისმეტყველო მეცნიერებებია ფიზიკა, ქიმია, ასტრონომია და ა.შ.
    იურიდიული მეცნირებებია სახელმწიფო და სამართლებრივი მოვლენების წარმოშობის, განვითარებისა და ფუნქციობის (ფუნქციონირების) შემსწავლელი მეცნიერებები.
    იურიდიული მეცნირებების სისტემაში შედიან: თეორიულ-ისტორიული მეცნიერებები, დარგობრივი იურიდიული მეცნიერებები, დარგთაშორისი იურიდიული მეცნიერებები, გამოყენებითი იურიდიული მეცნიერებები, საერთაშორისო სამართლის შემსწავლელი მეცნიერებები.
    თეორიულ-ისტორიული მეცნიერებებია: სახელმწიფოსა და სამართლის თეორია, სახელმწიფოსა და სამართლის ისტორია, საქართველოს სახელმწიფოსა და სამართლის ისტორია, რომის სამართლის ისტორია, პოლიტიკური და სამართლებრივი მოძღვრებების ისტორია.
  სახელმწიფოსა და სამართლის თეორიაში გაბატონებული თეორიის მიხედვით, სახელმწიფო არის საზოგადოების მართვისათვის შექმნილი ორგანიზაცია, რომელსაც აქვს შემდეგი ნიშნები:
1.საჯარო ხელისუფლება:
ა) მმართველობის აპარატი – საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების ორგანოები, რომელთა საშუალებითაც ხდება სახელმწიფოს მართვა;
ბ) იძულების აპარატი – არმია, პოლიცია და იძულების სხვა ორგანოები, რომლებიც სახელმწიფოსაგან უფლებამოსილები არიან ძალის გამოყენებით განახორციელონ სახელმწიფოს ნება;
2. სახელმწიფო სუვერენიტეტი:
ა) საშინაო სუვერენიტეტი –  სახელმწიფოს იურისდიქციის გავრცელება ქვეყნის მთელს ტერიტორიაზე;
ბ) საგარეო სუვერენიტეტი – სახელმწიფოს სრული დამოუკიდებლობა საგარეო პოლიტიკის განხორციელებაში;
3. ტერიტორია – მიწა, წყალი, სასარგებლო წიაღესეული, საჰაერო სივრცე, ტერიტორიული წყლები, რომელზედაც ვრცელდება სახელმწიფოს იურისდიქცია;
4. მოსახლეობა (მოქალაქეობა) – სახელმწიფოს ტერიტორიაზე მცხოვრები ადამიანები, რომლებსაც მტკიცე სამართლებრივი კავშირი  (უფლებები და მოვალეობები) აქვთ და ემორჩილებიან სახელმწიფო ხელისუფლებას;
5. სამართლის სისტემა – სახელმწიფოში მოქმედი სამართლებრივი ნორმები, რომელთა მიღების განსაკუთრებული უფლება მხოლოდ სახელმწიფო ხელისუფლებას აქვს;
6. გადასახადები – საჯარო ხელისუფლების საქმიანობის უზრუნველსაყოფად ფიზიკური და იურიდიული პირებისაგან აკრეფილი ფულადი სახსრები.
    თანამედროვე საქართველოს ტერიტორიაზე ადამიანები დაახლოებით 2 მილიონი წლის უკან დასახლდნენ. III ათსწლეულიდან ჩვენს წელთაღრიცხვამდე შეიქმნა პირველი ადრეკლასობრივი საზოგადოებები. თანამედროვე აღმოსავლეთ საქართველოს ტერიტორიაზე, თანამედროვე ქვემო ქართლის ტერიტორიაზე შეიქმნა მტკვარ-არაქსის კულტურა, ხოლო თანამედროვე დასავლეთ საქართველოს ტერიტორიაზე – კოლხური. შეიქმნა  3 პოლიტიკური გაერთიანება: დიაოხი (ტაო), კოლხა (კოლხეთი), იბერია.
    თანამედროვე საქართველოს ტერიტორიის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში  შეიქმნა პირველი პოლიტიკური გაერთიანება (სახელმწიფო) – დაიაენი, ანუ დიაოხი (ტაო). ამ სახელმწიფომ არსებობა ჩვენს წელთაღრიცხვამდე VIII საუკუნეში შეწყვიტა.
    შავი ზღვის  სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში შეიქმნა მეორე პოლიტიკური გაერთიანება (სახელმწიფო) – კოლხა. მისი საბოლოო ჩამოყალიბება ჩვენს წელთაღრიცხვამდე VIII საუკუნეში დასრულდა. ჩვენს წელთაღრიცხვამდე VII-VI საუკუნეებში კოლხას ადგილს იკავებს ეგრისის, ანუ კოლხეთის სახელმწიფო. ეგრისის, ანუ კოლხეთის სახელმწიფოს მოსახლეობას მხოლოდ თანამედროვე დასავლეთ საქართველოს ბარის ტერიტორიაზე მცხოვრებლები შეადგენდნენ. გვაროვნული წყობილების პირობებში მცხოვრები მთის მოსახლეობა – სვანები, დამოუკიდებელნი იყვნენ.
    თანამედროვე საქართველოს ტერიტორიაზე ჩვენს წელთაღრიცხვამდე VI-IV საუკუნეებში შეიქმნა მესამე პოლიტიკური გაერთიანება (სახელმწიფო) – იბერია. ამ სახელმწიფოს შექმნაში დიდი როლი შეასრულა ხეთური კულტურის მატარებელმა მცირეაზიული ტომის – მუშკების (მოსხების) გადასახლებამ აღმოსავლეთისაკენ, თანამედროვე აღმოსავლეთ საქართველოს ტერიტორიაზე, მტკვრის ზედა ნაწილსა და მდინარე ჭოროხის აუზში.
    პირველი ერთიანი ქართული სახელმწიფოს – სახელმწიფოს (ამ სიტყვის მეცნიერული მნიშვნელობით, ანუ საზოგადოების მართვისათვის შექმნილი ორგანიზაციის, რომელსაც ახასიათებს 1.საჯარო ხელისუფლება (მმართველობის აპარატი და იძულების აპარატი), 2. სახელმწიფო სუვერენიტეტი (საშინაო და საგარეო), 3. ტერიტორია, 4. მოსახლეობა, 5. სამართლის სისტემა, 6. გადასახადები.) ჩამოყალიბება დაიწყო 975 წელს ბაგრატ III (975-1014) მეფობის დროს. სწორედ  IX-X საუკუნეებში გაჩნდა პირველად სიტყვები: "ქართველი" და "საქართველო". ბაგრატ III-ის დაწყებული საქმე დავით აღმაშენებელმა (1089-1225) დაასრულა. XV საუკუნის ბოლოს საქართველოს ერთიანი სახელმწიფო დაიშალა. მის ადგილზე შეიქმნა ქართლის, კახეთის და იმერეთის სამეფოები და სამცხე-საათაბაგოს სამთავრო, მოგვიანებით იმერეთის სამეფო გურიის, სამეგრელოს, აფხაზეთის და სვანეთის დამოუკიდებელ სამთავროებად დაიშალა. 1801 წელს რუსეთის იმპერიამ ჯერ  ქართლ-კახეთის სამეფო დაიპყრო, ხოლო 1810 წელსა და შემდგომ წლებში თანამიმდევრულად დაიპყრო იმერეთის სამეფო, გურიის, სამეგრელოს, აფხაზეთისა და სვანეთის სამთავროები, 1876-1878 წლების რუსეთ-ოსმალეთის ომის შედეგად კი აჭარა.
    მეორე ერთიანი ქართული სახელმწიფო – სახელმწიფო, ამ სიტყვის მეცნიერული გაგებით – 1918 წლის 26 მაისს შეიქმნა, თუმცა ამ სახელმწიფომ სულ 3 წელიწადი იარსება. 1921 წლის 25 თებერვალს საბჭოთა რუსეთმა ჯერ ქალაქი თბილისი დაიპყრო, ხოლო შედგომ 2 – 3 კვირაში კი მთელი დანარჩენი საქართველოც.
  მესამე ერთიანი ქართული სახელმწიფო, სახელმწიფო, ამ სიტყვის მეცნიერული გაგებით, 1991 წლის 9 აპრილს შეიქმნა, ეს ის სახელმწიფოა, რომლის მოქალაქეებიც ჩვენ ყველანი ვართ და რომელსაც 2006 წლის 9 აპრილს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის 15 წლისთავი შეუსრულდა. ასეთია საქართველოს სახელმწიფოს ოფიციალური პოზიცია. თუ ლოგიკურად ვიმსჯელებთ. სწორედ ამიტომ არის, რომ 2006 წლის 9 აპრილს საქართველოს სახელმწიფომ საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის (დამოუკიდებლობის გარეშე სახელმწიფო არ არსებობს) 15 წლისთავი აღნიშნა. ამ სტრიქონების ავტორი მთლიანად ეთანხმება ამ აზრს, თუმცა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიაში სრულიად განსხვავებული შეხედულებაა გაბატონებული, მაგალითად, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტი თამაზ გამყრელიძე, აკადემიკოსი თამრიკო ლორთქიფანიძე, აკადემიკოსი გურამ შარაძე და საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსების უმრავლესობა საჯაროდ აცხადებს, რომ საქართველოს სახელმწიფოებრიობას 3000 წლის, პოლიტიკოს ლევან ბერძენიშვილის შეხედულებით კი (ძნელი სათქმელია, რომელი პოლიტიკური მიზამშეწონილებიდან გამომდინარე) – 6000 წლის ასაკი აქვს.
  რომელი აზრია სწორი? რა ასაკი აქვს საქართველოს  სახელმწიფოებრიობას? 15 წელიწადი, 18 წელიწადი (15+3 წელიწადი, 1918-1921 წლების დამოუკიდებლობის წლებიდან), დაახლოებით 5 საუკუნე (X-XV საუკუნეები, ამ საუკუნეებში იყო პერიოდები, როცა საქართველოს სახელმწიფო დაპყრობილი იყო უცხო ქვეყნების მიერ, ანუ საქართველოს სახელმწიფო სუვერენიტეტი საკუთარ ტერიტორიაზე ვერ ვრცელდებოდა, მაგრამ ვივარაუდოთ, რომ ეს 5 საუკუნე სრული დამოუკიდებლობის საუკუნეებია, მივუმატოთ კიდევ 15 ან 18 წელიწადი), 3000 წელიწადი, თუ 6000 წელიწადი, იქნებ 2 მილიონი წელიწადიც? 
  იმისათვის, რომ ვუპასუხოთ ამ კითხვას, იმისათვის, რომ ვუპასუხოთ კითხვას, თუ ზოგადად, როგორ უნდა დაითვალოს სახელმწიფოებრიობის ასაკი, შევადაროთ საქართველოს მეცნიერებათა აკადემიაში გაბატონებული შეხედულებები საქართველოს სახელმწიფოებრიობის ასაკზე, ერთი მხრივ, ამერიკის შეერთებული შტატების, მეორე მხრივ კი, დიდი ბრიტანეტისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს აკადემიურ წრეებში გაბატონებულ თეორიებს ამერიკის შეერთებული შტატებისა და დიდი ბრიტანეტისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს სახელმწიფოებრიობის ასაკებზე.
  შეგახსენებთ, რომ ამერიკის შეერთებული შტატები მსოფლიოში პირველ ადგილზეა მეცნიერული კვლევებით (12%), ხოლო დიდი ბრიტანეტისა და ჩრდილოეთი ირლანდიის გაერთიანებული სამეფო – მეორეზე (9%).
  დავიწყოთ ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფოებრიობის ასაკის განხილვით. პირველი ადამიანები თანამედროვე ამერიკის შეერთებული შტატების ტერიტორიაზე მოვიდნენ ჯერ კიდევ 12.000 წლის უკან, სავარაუდოდ, თანამედროვე ბერინგის სრუტის ადგილას მდებარე თანამედროვე ევრაზიისა და ამერიკის კონტინენტების შემაერთებელი ხმელეთის გადასასვლელის გავლით. ამერიკის კონტინენტი ევროპელთა კოლონიზაციამდე ინდიელებითა და ესკიმოსებით იყო დასახლებული. მოსახლეობა ძირითადად პირველყოფილი თემური წყობილების პირიბებში ცხოვრობდა. 1492 წელს ქრისტოფორე კოლუმბის მიერ ამერიკის კონტინენტის აღმოჩენის შემდეგ ესპანეთმა, საფრანგეთმა, ინგლისმა და ევროპის სხვა სახელმწიფოებმა დაიწყეს ამერიკის კონტინენტის კოლონიზაცია. პირველი ინგლისური დასახლებები აქ მხოლოდ XVII საუკუნეში გაჩნდა. 1607 წელს – ვირჯინიაში, 1620 წელს – ფლიმუთში, 1630 წელს – მასაჩუსეთში, 1632 წელს –  მერილენდში, ნიუ-იორქი ჰოლანდიელების  მიერ დაარსებული კოლონია იყო და ინგლისელთა ხელში მხოლოდ 1664 წელს გადავიდა.
  ერთიან ფედერაციად მთელი კოლონიების გაერთიანების იდეა XVIII  საუკუნის შუა წლებში გაჩნდა. 1748 წელს ფრანქლინმა ფედერაციის პროექტი შეადგინა. პირველი კონსტიტუციური კონგრესი ფილადელფიაში 1774 წელს შეიკრიბა,  აირჩიეს ხელმძღვანელი – პრეზიდენტი. 1775 წლის დამდეგს დაიწყო მოძრაობა, რომელსაც თვით კოლონისტები რევოლუციას უწოდებდნენ. 1776 წლის 7 ივნისს ვირჯინიის დელეგაციამ მოუწოდა კონგრესს საბოლოოდ გადაეწყვიტა კოლონიების თავისუფლების საკითხი. 1776 წლის 4 ივლისს II კონტინენტურ კონგრესზე ფილადელფიაში „დამოუკიდებლობის დეკლარაცია“ მიიღეს, რომელმაც დამოუკიდებელი სახელმწიფოს – „ამერიკის შეერთებული შტატების“ შექმნა გამოაცხადა.
  ამერიკის შეერთებული შტატების მეცნიერულ წრეებში გაბატონებული თეორიის მიხედვით, ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფოებრიობას იმდენივე წლის ასაკი აქვს, რამდენი წელიც არის გასული 1776 წლის 4 ივლისიდან. რატომ 1776 წლის 4 ივლისიდან და არა რომელიმე სხვა წლიდან? კი მაგრამ, რომელი ასეთი სხვა წლიდან? 1492 წლიდან? რა შუაშია 1492 წელი? რა კავშირი აქვს ქრისტოფორე კოლუმბს ა.შ.შ.-ის სახელმწიფოებრიობასთან? იქნებ 1607 წლიდან, როცა ინგლისელმა კოლონისტებმა ვირჯინიაში პირველი დასახლება დააარსეს? კი მაგრამ, რა კავშირი აქვს ინგლისის სახელმწიფოს ამ კოლონიას, და სხვა კოლონიებსაც, ა.შ.შ.-ის სახელმწიფოებრიობასთან? როდის შეიქმნა ამერიკის შეერთებული შტატები? 1776 წლის 4 ივლისს. სახელმწიფოებრიობას რამდენი წლის ასაკი აქვს? იმდენი წელი, რამდენი წელიც არის გასული 1776 წლის 4 ივლისიდან. ლოგიკურია? ლოგიკურია. მეცნიერულია? მეცნიერულია. რატომ? იმიტომ, რომ ამერიკის შეერთებული შტატების მეცნიერებაში მართლა მეცნიერები მუშაობენ (შეიძლება რამდენიმე გადარეული იქაც არის, განსხვავებული „ორიგინალური“ შეხედულებების მქონე, არც არის გასაკვირი, „ყოველ სოფელს თავისი გიჟი ჰყავს“), – ამიტომ არის ამერიკის შეერთებული შტატების მეცნიერება მსოფლიო მეცნიერების ავანგარდში.
  გადავიდეთ დიდი ბრიტანეტისა და ჩრდილოეთი ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს სახელმწიფოებრიობის ასაკის განხილვაზე. ძველი წელთაღრიცხვის V-III  საუკუნეებში ბრიტანეთის ტერიტორიაზე კონტინენტიდან  გადმოსული კელტები დასახლდნენ და შეერწყნენ ადგილობრივ მოსახლეობას – ბრიტებს.  I-V საუკუნეებში ბრიტანეთის კუნძულებზე რომაელები ბატონობდნენ. რომაელთა წასვლის შემდეგ ახალი დამპყრობლები – გერმანიკული ტომები (ანგლები,საქსები, იუთები) მოვიდნენ, რომლებმაც VI-VII საუკუნეებში დაიკავეს თითქმის მთელი ბრიტანეთი (შოტლანდიისა და უელსის გარდა). მკვიდრი მოსახლეობის ნაწილი გაანადგურეს, ნაწილი მონებად აქციეს, ნაწილი გააძევეს ბრიტანეთიდან უელსში, შოტლანდიასა და ბრეტანში (საფრანგეთი). დაპყრობილ ტერიტორიებზე წარმოიქმნა 7 სამეფო-ჰეფთარქია: ნორთუმბრია, მერსია, ბოსთიანი, ანგლია, ესექს, უესექს, ქენთ. VII-VIII საუკუნეებში იწყება ბრძოლები სამეფოებს-ჰეფთარქიებს შორის ბატონობისათვის. პირველად ნორთუმბრიისა და მერსიის მეფეებმა, ხელისუფლების განმტკიცების მიზნით, დაიწყეს  გაერთიანება. ამას თან დაერთო სკანდინავიიდან დანიელთა შემოსევის დასაძლევად ბრიტანეთის  სამეფოების ერთიანი სამხედრო  ხელისუფლების შექმნის აუცილებლობაც. IX საუკუნეში უესექსის მეფე ეგბერთმა შეძლო საბოლოოდ გაეერთიანებინა ბრიტანეთის სამეფოები „ინგლისის“ სახელწოდებით. მეფე ალფრედ დიდის (871-900) დროს ინგლისი პოლიტიკურად კიდევ უფრო გაძლიერდა, თუმცა 897 წელს ალფრედ დიდმა დანიელებთან შეტაკების დროს თავისი სახელმწიფოს მხოლოდ ჩრდილო-დასავლეთი ნაწილის დამოუკიდებლობის შეინარჩუნა შეძლო. 1017-1035 წლებში ინგლისის მნიშვნელოვანი ნაწილი დანიის მეფე კანუდ I-ს ემორჩილებოდა. ბრიტანეთის კუნძულების შემდგომი კოლონიზაციის პროცესი XI საუკუნეში ჰერცოგ  ვილჰელმ ნორმანდიელმა გააგრძელა, რომელმაც ტახტის მემკვიდრეობის პრეტენზიით (ინგლისის მეფე ედუარდს სიკვდილის შემდეგ შვილი არ დარჩენია) ინგლისს ომი გამოუცხადა და 1066 წელს ჰასთინგსის ბრძოლის შემდეგ დაიპყრო ლონდონი. დაიწყო ნორმანდიელების დინასტიის ბატონობა ინგლისში. XV საუკუნის ბოლოსთვის ინგლისში უკვე ჩამოყალიბდა ერთიანი ძლიერი ცენტრალიზებული სახელმწიფო. ბრიტანულ მეცნიერებაში გაბატონებული შეხედულების მიხედვით, ინგლისის სახელმწიფოებრიობა  სწორედ 1066 წელს დაიწყო და არა რომელიმე სხვა წელს, მაგალითად, ძველი წელთაღრიცხვის 1500 წელს, როცა ბრიტანეთის კუნძულებზე მცხოვრებმა უძველესმა ადამიანებმა სთოუნჰენჯის მეგალითური კომპლექსი ააშენეს, ან უფრო ადრე, როცა ბრიტანეთის კუნძულებზე მცხოვრები მაიმუნები ხიდან ხეზე დახტუნავდნენ.
  უელსი ინგლისის მეფეების კონტროლს 1284 წლიდან ემორჩილებოდა, ხოლო ინგლისის სამეფოს შემადგენლობაში 1535 წელს შევიდა. ინგლისმა და შოტლანდიამ პერსონალური კავშირის ხელშეკრულება 1603 წელს დადეს. 1707 წელს გაერთიანდა „დიდი ბრიტანეთის სამეფო“ და „ირლანდიის სამეფო“, შეიქმნა „დიდი ბრიტანეთისა და ირლანდიის გაერთიანებული სამეფო“. 1922 წელს  ირლანდიამ დამოუკიდებლობა გამოაცხადა, მაგრამ ირლანდიის ჩრდილო-აღმოსავლეთი ნაწილი – ოლსთერი (Ulster)  გაერთიანებული სამეფოს შემადგენლობაში დარჩა, 1927 წელს გაერთიანებულ სამეფოს სახელწოდება შეუცვალეს და დაარქვეს „დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთი ირლანდიის გაერთიანებული სამეფო“.
  ბრიტანულ მეცნიერებაში გაბატონებული თეორიის მიხედვით, „დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთი ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს“ სახელმწიფოებრიობას იმდენი წლის ასაკი აქვს, რამდენი წელიც არის გასული 1801 წლის 1 იანვრიდან. რა შუაშია 1801 წლის 1 იანვარი?  შუაში კი არა, თავშია. სწორედ თავში, იმიტომ რომ სწორედ 1801 წლის 1 იანვარს შეიქმნა „დიდი ბრიტანეთისა და ირლანდიის გაერთიანებული სამეფო“, 1927 წელს სახელწოდებაშეცვლილი „დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთი ირლანდიის გაერთიანებული სამეფო“.
  კი მაგრამ, რატომ ითვლიან ბრიტანელი მეცნიერები „დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთი ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს“ სახელმწიფოებრიობის ასაკს 1801 წლის 1 იანვრიდან? რატომ არ ითვლიან 1707 წლიდან? იმიტომ, რომ 1707 წელს შექმნილ „დიდი ბრიტანეთის სამეფოში“ შედიოდა ინგლისი და შოტლანდია, მაგრამ არ შედიოდა ირლანდია. რატომ არ ითვლიან 1535 წლიდან? იმიტომ, რომ 1535 წელს „ინგლისის სამეფოს“ შემადგენლობაში შევიდა უელსი, მაგრამ ინგლისის სამეფოსთან პოლიტიკური კავშირის ხელშეკრულება არ ჰქონდათ დადებული არც შოტლანდიას და არც ირლანდიას, ანუ ეს არ იყო „დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთი ირლანდიის გაერთიანებული სამეფო“. რატომ არ ითვლიან 1066 წლიდან? იმიტომ, რომ 1066 წელს შეიქმნა ერთიანი ცენტრალიზებული ინგლისის სამეფო და არა „დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთი ირლანდიის გაერთიანებული სამეფო“, რომელშიც ინგლისის გარდა შედიან უელსი, შოტლანდია და ჩრდილოეთ ირლანდია. რატომ არ ითვლიან VII-VIII საუკუნეებიდან? კი მაგრამ, ვისი სახელმწიფოებრიობის ისტორია უნდა დაითვალონ? ნორთუმბრიის, მერსიის, ბოსთიანის, ანგლიის, ესექსის, უესექსის თუ ქენთის? სად არიან აქ უელსი, შოტლანდია და ჩრდილოეთი ირლანდია? რატომ არ ითვლიან  I-V საუკუნეებიდან? კი მაგრამ, ძველი რომის სახელმწიფოს ისტორიას რა კავშირი აქვს „დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთი ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს“ სახელმწიფოსთან? რატომ არ ითვლიან ძველი წელთაღრიცხვის 1500 წლიდან, როცა ბრიტანეთის კუნძულებზე მცხოვრებმა უძველესმა ადამიანებმა სთოუნჰენჯის მეგალითური კომპლექსი ააშენეს? კი მაგრამ, ქვების გროვა სახელმწიფოა? ძველი წელთაღრიცხვის 1500 წლის შემდეგ ბრიტანეთის კუნძულებზე მცხოვრები ხალხები განა რამდენჯერმე არ შეიცვალა? რატომ არ ითვლიან იმ დროიდან, როცა ბრიტანეთის კუნძულებზე მცხოვრები მაიმუნები ხიდან ხეზე დახტუნავდნენ?  რატომ და იმიტომ, რომ ბრიტანელი მეცნიერები სახელმწიფოებრიობის ასაკის ათვლას მაიმუნებიდან ვერ დაიწყებენ. ასეთი სისულელისათვის არსებობენ ეგრეთ წოდებული „არშემდგარი სახელმწიფოების“ არშემდგარი მეცნიერებათა აკადემიების არშემდგარი მეცნიერები.
    ამერიკის შეერთებული შტატები მეცნიერული კვლევებით მსოფლიოში პირველ ადგილზეა, დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთი ირლანდიის გაერთიანებული სამეფო – მეორეზე.
შემთხვევით ხომ არ იცით, საქართველო მერამდენე ადგილზეა?
  რიტორიკული კითხვაა?
  რატომ?
  როგორი მეცნიერებათა აკადემიაა, ისეთი მეცნიერებებია. როგორი მეცნიერებებია, ისეთი მეცნიერებათა აკადემიაა...
  შედეგებიც შესაბამისია....
  ბატონო აკადემიკოსებო, მე რა თქმა უნდა, ვიცი, რომ თქვენ იცით, უბრალოდ შეგახსენებთ, რომ სახელმწიფო არის საზოგადოების მართვისათვის შექმნილი ორგანიზაცია, რომელსაც აქვს შემდეგი ნიშნები:
1.საჯარო ხელისუფლება:
ა) მმართველობის აპარატი – საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების ორგანოები, რომელთა საშუალებითაც ხდება სახელმწიფოს მართვა;
ბ) იძულების აპარატი – არმია, პოლიცია და იძულების სხვა ორგანოები, რომლებიც სახელმწიფოსაგან უფლებამოსილები არიან ძალის გამოყენებით განახორციელონ სახელმწიფოს ნება;
2. სახელმწიფო სუვერენიტეტი:
ა) საშინაო სუვერენიტეტი – სახელმწიფოს იურისდიქციის გავრცელება ქვეყნის მთელს ტერიტორიაზე;
ბ) საგარეო სუვერენიტეტი – სახელმწიფოს სრული დამოუკიდებლობა საგარეო პოლიტიკის განხორციელებაში;
3. ტერიტორია – მიწა, წყალი, სასარგებლო წიაღესეული, საჰაერო სივრცე, ტერიტორიული წყლები, რომელზედაც ვრცელდება სახელმწიფოს იურისდიქცია;
4. მოსახლეობა (მოქალაქეობა) – სახელმწიფოს ტერიტორიაზე მცხოვრები ადამიანები, რომლებსაც მტკიცე სამართლებრივი კავშირი  (უფლებები და მოვალეობები) აქვთ და ემორჩილებიან სახელმწიფო ხელისუფლებას;
5. სამართლის სისტემა – სახელმწიფოში მოქმედი სამართლებრივი ნორმები, რომელთა მიღების განსაკუთრებული უფლება მხოლოდ სახელმწიფო ხელისუფლებას აქვს;
6. გადასახადები – საჯარო ხელისუფლების საქმიანობის უზრუნველსაყოფად ფიზიკური და იურიდიული პირებისაგან აკრეფილი ფულადი სახსრები.
    და ბოლოს, თხოვნა ბატონ აკადემიკოსებს:
– „ბატონო აკადემიკოსებო, იქნებ როგორმე აგვიხსნათ, არსებობს თუ არა მსოფლიოში კიდევ ერთი სახელმწიფო,  საქართველოს გარდა, რომელსაც სახელმწიფოებრიობის 3000 ან 6000 წლის ასაკი აქვს? ბატონო აკადემიკოსებო, რატომ შეყოვნდით? რა? მეორე ასეთი სახელმწიფო არ არსებობს? საქართველოს სახელმწიფო ერთადერთი და განუმეორებელია? ბატონო აკადემიკოსებო, საქართველოს სახელმწიფო არა, მაგრამ იქნებ თქვენ თვითონ ხართ ერთადერთები და განუმეორებელები?
– „ბატონო აკადემიკოსებო, იქნებ როგორმე აგვიხსნათ, შედის თუ არა საქართველოს სახელმწიფოებრიობის 3000 ან 6000 წლის ასაკში 1921-1991 წლებში საბჭოთა რუსეთის მიერ საქართველოს სახელმწიფოს ოკუპაციისა და ანექსიის 70 წელიწადი?
– „ბატონო აკადემიკოსებო, იქნებ როგორმე აგვიხსნათ, შედის თუ არა საქართველოს სახელმწიფოებრიობის 3000 ან 6000 წლის ასაკში რუსეთის იმპერიის მიერ ქართლ-კახეთის სამეფოს, იმერეთის სამეფოს, გურიის, სამეგრელოს, აფხაზეთის, სვანეთის სამთავროების, ოსმალეთის იმპერიისათვის წართმეული სამცხე-ჯავახეთისა და აჭარის ოკუპაციისა და ანექსიის 40 წლიდან (აჭარა)  118 წლამდე (ქართლ-კახეთის სამეფო)  პერიოდი?
–  „ბატონო აკადემიკოსებო, იქნებ როგორმე აგვიხსნათ, შედის თუ არა საქართველოს სახელმწიფოებრიობის 3000 ან 6000 წლის ასაკში სპარსეთის, არაბეთის, ბიზანტიის, მონღოლეთის, ოსმალეთის, მეფის რუსეთის, საბჭოთა კავშირის იმპერიებისა და სხვა დამპყრობლების მიერ ოკუპაციისა და ანექსიის მრავალი ასწლეული?
–  „ბატონო აკადემიკოსებო, იქნებ როგორმე აგვიხსნათ, თუ საქართველოს სახელმწიფოებრიობის 3000 ან 6000 წლის ასაკში სპარსეთის, არაბეთის, ბიზანტიის, მონღოლეთის, ოსმალეთის, მეფის რუსეთის, საბჭოთა კავშირის იმპერიებისა და სხვა დამპყრობლების მიერ ოკუპაციისა და ანექსიის მრავალი ასწლეული შედის, მაშინ როგორ აქვს საქართველოს სახელმწიფოებრიობას 3000 ან 6000 წლის ასაკი?
–  „ბატონო აკადემიკოსებო, იქნებ როგორმე აგვიხსნათ, თუ საქართველოს სახელმწიფოებრიობის 3000 ან 6000 წლის ასაკში სპარსეთის, არაბეთის, ბიზანტიის, მონღოლეთის, ოსმალეთის, მეფის რუსეთის, საბჭოთა კავშირის იმპერიებისა და სხვა დამპყრობლების მიერ ოკუპაციისა და ანექსიის მრავალი ასწლეული არ შედის, მაშინ ვინ  ვის  მიერ იყო ოკუპირებული, საქართველო სპარსეთის, არაბეთის, ბიზანტიის, მონღოლეთის, ოსმალეთის, მეფის რუსეთის, საბჭოთა კავშირის იმპერიებისა და სხვა დამპყრობლების მიერ თუ სპარსეთის, არაბეთის, ბიზანტიის, მონღოლეთის, ოსმალეთის, მეფის რუსეთის, საბჭოთა კავშირის იმპერიები და სხვა დამპყრობლები  საქართველოს მიერ? ხოლო ამ სახელმწიფოების არმიები საქართველოს ტერიტორიაზე იმისათვის იმყოფებოდნენ, რომ საქართველოს მეტროპოლიური სახელმწიფოს მეთაურსა და უმაღლეს მთავარსარდალს მათი, კოლონიური არმიების, სამწყობრო მომზადება შეემოწმებინა? გენიალური თეორიაა, არა? ყოველ შემთხვევაში, იმაზე ნაკლებად გენიალური არ არის, ვიდრე ის გენიალური თეორიები, რისთვისაც თქვენ, ბატონო აკადემიკოსებო, სამეცნიერო ხარისხები და აკადემიური თანამდებობები  გაქვთ მიღებული.“


ადვოკატი კახაბერ როდინაძე
2006 წელი

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები