ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: იმედი ჯახუა
ჟანრი: პოეზია
30 ოქტომბერი, 2011


წასულ ძმათა ვერდავიწყებისა

რაღაც,  ბოლო  ჟამს,  ჩემს  წასულ  ძმებს
სულ  უფრო  ხშირად
ვიხსენებ  ხოლმე  უდროო  დროს
( ცუდად  დამჩემდა...)...
თითქოს  ხახაში  უხერხულად 
ფხა  გამეჩხირა...
თავს  შემცოდედ  ვგრძნობ  ასეთ  დროს  და
ყოვლის  გამჩენთან
უბრად,  თავდახრით  ვდგავარ  საწყლად,
ვით  განსასჯელი...
გულსაც  დღითიდღე  გაუგებარ
ყოყმანს  ვამჩნევ  და
ბინდით  მოსილი  ცოდო-მადლის 
გადასაჭვრეტთან
გუმანითა  ვგრძნობ,  რომ  შემინდობს
ამას  გამჩენი...

მაგრამ  გაყუჩდა  რახანია
დღეც,  თვეც  და  წელიც...
არ  დასცდენია  კალამს  ჩემსას
წამლად  მარცვალიც...
თითქოს  ნედლ  ბალახს  უსულგულოდ
გამომკრეს  ცელი
და  ხრიოკ  ველზე  მიმაწვინეს
ვნებადამცხრალი...

და  თქვენ  კი  ამ  დროს  სად  ხართ  ძმებო,
სად  ხართ  ბიჭებო?!.
გესმით  კი  მაინც  რამ  ამ  სოფლის
ურვა-ვარამის?..
მამულის  ბედით  გულმკვდარი  რომ
ბნელს  ვეყინჩები
და  მუშტს  რომ  ვუქნევ  ჩხუბის  შემდეგ
გამგეს  წკვარამის???

და  სულ  უფრო  ვგრძნობ,
რა  უამურ  გზებზე  მიხმობენ
ერთ  დროს  ფერადი,  დღეს  შავფერი
მღვრიე  სიზმრები...
მაინც  ჯიუტი,  არხეინად
გულს  რომ  ვიმხნევებ
და  ისიც  რომ  მწამს  -  ჩემის  ნებით
არ  ავიძვრები...

აქ  ვიდგები  და  გაგიხსენებთ
თუნდ  უფრო  ხშირად,
თუმც  მკვდარი  გულიც 
უარესად  დამეთუთქება...
და  კვლავ  ჩვეულად,  ვით  მიწირავს,
ისევე  ვწირავ
და  ვეღარც  ფხიზელს,  ვეღარც  მთვრალს  და
ვერც  მკვდრისებრ  მძინარს,
ძვრასაც  ვერ  მიზამს  თავად  ეშმაც,
რომც  დადგეს  ყირას...
და  სანამ  ბოლო  ქვეყნის  დამქცევს
მიეზღვის  წვრილად,
ბიჯსაც  არ  გავდგამ  ამ  ქვეყნიდან
( თუნდ  ღირდეს  ჩირად...),
იმ  ერთადერთი
და  იმ  ბოლო
სიტყვის  უთქმელად!!!

30.  10.  2011

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები