ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: იმედი ჯახუა
ჟანრი: პოეზია
2 ნოემბერი, 2011


მეწისქვილის სიკვდილი

ლამის  ამ  პორტალზე  შემოსვლის  დღიდან  არაერთხელ  და  არაერთ  კოლეგა-იუზერთან  მქონია  მწვავე  კამათი  ქართული  პოეზიის  მომავალი  განვითარების  გზების  შესახებ.  დღესად  პირდაპირ  ვაცხადებ  ჩემს  ერთხელ  და  სამუდამოდ  არჩეულ  პოზიციას,  რომ  ეს  უნდა  იყოს  ძირძველი,  რუსთველურ-კლასიკური  პოეზიის  სულ  მუდამ  ახალ-ახალ  მეტრებსა,  ზომებსა  თუ  რიტმ-რითმებში  განხორციელებული  და  სიტყვასთან,  ენის  უიდუმალეს  და  უძლიერეს-უმდიდრეს  სტიქიასთან  მუდმივ  სამკვდრო-სასიცოცხლო  ბრძოლაში  შექმნილი  ლექსი  და  არა  ის  ყველაფრისგან  თავისუფალი  ე.წ.  ლ ე ქ ს ი,    რომელიც  მე  უბრალოდ  ქსოვილის  უკანასკნელი  ნაგლეჯისაგან  განძარცვულ  ქუჩის  ქალს  მაგონებს,  რომელიც  ყველაფრისგან  თავისუფალია  -  სირცხვილ-ნამუსისა  თუ  სხვა  ნებისმიერ  მორალურ-ეთიკური  ვალდებულებებისაგან,  მაგრამ  რომელშიც  მე  ნამდვილ,  ღირსეულ  ქალს  ვერასოდეს  დავინახავ,  გარდა  ერთი  ბოლომდე  ზნედაცემული  არსებისა,  რომლის  სქესს  უკვე  არავითარი  მნიშვნელობა  არა  აქვს...
ისიც  არაერთხელ  მითქვამს,  რომ,  მეც  ერთ  დროს  პერიოდულად 
( 1966-80  წ.წ. )  გატაცებული  ვიყავი  ჯერ  უიტმენითა  და  მერე  სხვა  დასავლელი  პოეზიის  დიდ  წარმომადგენელთა  მსგავსი  სტილის  ლექსებით,  მაგრამ  მივხვდი,  რომ  ასე  წერა  ძალზე  აიოლებდა  იმას,  რასაც  მე  ნამდვილ  და  ღირსეულ-ღირებულ  შემოქმედებით  შრომას  ვუწოდებ...  ასე  შემოქმედის  ზრდა-განვითარება  ვერ  ხდება  და  ერთმანეთისგან  სრულიად  არაფრით  განსხვავებული  ტექსტებითა  და  ავტორებით  გადაივსო  ჩვენი  ( და  არა  მარტო )  ლიტერატურული  სივრცე  და  რის  მიმართაც  მხოლოდ  ერთეულებს  შეიძლება  ჰქონდეთ  რაიმე  ( ჩემთვის  გაუგებარი )  ინტერესი...
ამაზე  სიტყვის  გაგრძელებას  ახლა  არ  ვაპირებ.  უბრალოდ  გთავაზობთ  ჩემს  ერთ-ერთ  პირველ  ტექსტს  თავისუფალი  პოეზიიდან -  ურითმო-რიტმული  პოეტურ  პროზად  დაწერილ  ლირიკულ  პოემა-ნოველას.
ყოველ  შემთხვევაში  დიდი  ხნის  შემდეგ  თავად  მხოლოდ  ასეთი  ჟანრული  კლასიფიკაციის  მიკუთვნება  მოვახერხე.  უკეთეს  კლასიფიკაციას  უფრო  სერიოზული    მკითხველისგან  მოველი.

მეწისქვილის  სიკვდილი

ნოველა-ბალადა

1.
... ვერვინ  გეტყოდათ  დარწმუნებით, 
თუ  რა  მიზეზით
გადაუხვიეს  მყისიერად  დრო-ჟამ-მოთეულ
და  მრავალნათელ, 
მიმოხვეულ  სოფლის  ორღობეს,
რომლის  გავლითაც  მოილევდა  მოაქჟამამდის
ბოლო  გზასავალს
დამაშვრალი  თუ  წელნაკლული
ამ  სოფლის  მკვიდრი  კაცი  ყოველი,
ქოხიდან,
ვიდრე  განაპირას  ძირძველი  სოფლის,
რიყის  ქვის  ყორე  შემოვლებულ  სასაფლაომდე...
და  რად  დაუყვნენ 
საურმე  გზას
ჭალისკენ,
თავქვე...

2.

არვინ  მოსთქვამდა  გულამოსკვნით,
აღარც  ყასიდად.
ფიჭვის  მსუბუქ  და
ღარიბულ  ჭურჭელს
( კუბო  რომ  ერქვა  ზრდილობისათვის
და  წესისამებრ  ამ  ქვეყნისა  და  და  ამა  სოფლის,
ოთხი  მხარი  რომ  შესდგომოდა 
ოთხი  ჭარმაგის ),
შაოსან  ქალთა  მიჰყვებოდა  გუნდი
მდუმარე...
მათ  უკან,
მტვერში,
ბაას-ბაასით,
მიფრატუნებდნენ
მოთენთილი  ბერიკაცები
და  ტანხმელი  და 
ჯერაც  ჯანმხნე 
ჭარმაგნი  სოფლის.
მხოლოდ  სულ  ბოლოს  დაეჭირათ
თავისი  რიგი
გლეხურად  ზრდილ  და 
ზნეშეურყვნელ  მოწიფულ  კაცებს,
ჯერაც  ჭაღარა  გაურევლებს 
და  საჯიშეებს,
დინჯკაცობაში  რომ  ცდილობდნენ
თავდამკვიდრებას
და  თავის  წილი  სოფლის  ვალიც 
აეღოთ  თავზე...

ქუდოსნებს  უბრად  მოეჭმუჭნათ
ქუდები  ნაბდის,
და  ცხელ  თითებში  აწვალებდნენ 
უთქმელ  ჯავრივით.

ჩიბუხის  ბოლი,
არეული  ორღობის  მტვერში,
ამუქებდა  და  კიდევ  უფრო  აბუნდოვნებდა
ხორბლისფერ  შუბლთა  ღრმა  ღარებში 
მომწყვდეულ  ჭმუნვას...

უნიავობით
და  უწყლობით  პირგამხმარ  მიწას
სალბუნად  უჩნდა 
შებინდების  ნოტიო  სევდა...

3.

მალე  ჭალისპირ  გაივაკეს
და  ამომშრალ  და  ფსკერამომხმარ 
ბარაქიანად  განიერ 
ღარს
( სამოცი  წელი
სამ  ვეება,  ტინის  კლდის  დოლაბს, 
ციბრუტივით  რომ  უჭირველად  ატრიალებდა...)
წიფელთა 
ფოთლებმოფხაკუნე 
ტოტებქვეშ 
გავლით,
ძველი  ბილიკით 
წისქვილისკენ  დაუყვნენ  ნელა...

4.

იხსენებს  ვიღაც
( მუსაიფობს  ანუ  თავისთვის...):
- ამ  წიფლების  ქვეშ  სჩვეოდაო
ფაცერის  ჩადგმა...
ახლა  მეორე 
სულ  სხვა  რამეს  ფიქრობს  ხმამაღლა:
მან  შეავსოო  აქ  ნაკლული  წიფლების  რიგი,
რომ  ერთი  ძირიც  არ  ჰკლებოდა 
პაპის  სათვალავს...
თავად  ახსოვდა  აქ  პირველი  წიფლების  დარგვა,
ჯერ  სულ  ბალღი  რომ  უყურებდა,
მამა  და  პაპა,
თუ  რა  ბეჯითად  ამშვენებდნენ,
დაუზარებლად 
ახლადგაჭრილი
საწისქვილე  განიერ  ღარის
მოშანდაკებულ-მოტიტვლებულ
ორთავე  ნაპირს,
მანძილზე  კაი  ასი  საჟენის ...
ყველაზე  ტანმსხვილ
და  ახოვან  წიფლებს  რომ  ხედავთ,
სულ  ამ  წისქვილის  ხნისა  არიან. 
დაიჭირაო  თადარიგი  ბაბუამისმა
იმ  კვირიდანვე,
წისქვილს  რომ  ჭერი  დაახურეს
და  რომ  აკურთხეს
ბარაქისა  და  ჭირნახულის  გასამრავლებლად...
ღარს  ჩრდილიც  უნდა,
თევზსაც  უყვარს  ჩრდილნარში  ყოფნა,
სიმყუდროვე  და  სიგრილეში
მრავლდება  უკეთ
და  აღარც  თევზი  მოჰკლებიათ
არც  მეწისქვილეს
და  აღარც  სოფელს,
ვიდრემდის  ხვატმა  ბოლო  ყლუპიც  არ  აისრუტა
და  ფსკერამდე  არ  ამოხაპა
ბებერი  ღარი...

5.

კი,  ჭკვიანი  და  ბრძენი  იყო 
ის  ცხონებული
ამისი  პაპა,  ნაადრევად  უგანა  უღონდ
ბედმა 
და  კაცმა  სიჭარმაგეს  ვერ  მიატანა...
ეს  საწყალი  კი  -  განა  ჭკუა-გონება  აკლდა,
დღესაც  ცოცხალი  იქნებოდა,
საღსალამათი...
სახლი  ჰქონდა  და  კარი  ჰქონდა,
წყალიც  და  ჭადიც...
ვინ  აძალებდა  ამ  წისქვილში  სულის  დალევას?..
გვერდით  მავალიც  უდასტურებს,
კვერს  წყნარად  უკრავს:  -
ჯიუტი  იყო  ცხონებული,  თავისებურად...
ისიც  არა  ჰქნა, 
კვირაში  ერთხელ 
თავის  სახლში  ამოსულიყო
და  ერთი  კვირის  სამყოფი  მაინც
წამოეღო  სახემსოდ  რამე...
მესამე  კიდევ  უფრო  ბრძნულს  და
ჭკვიანურს  ბრძანებს: 
-  სულაც  თავის  ქოხში  მჯდარიყო,
წვიმა  ხომ  იქაც  მოვიდოდა  ერთ  მშვენიერ  დღეს,
განა  იქ  ვეღარ  გაიგებდა  ღარის  გავსებ?..,
ცარიელ  წისქვილს
ზურგზე  ხომ  არ  მოიკიდებდნენ
და  სადმე  ხომ  არ  გადადგამდნენ
რქიანი  თუ  ურქო  დევები...
ახლა  მეოთხე  დასძენს  დინჯად
და  სევდიანად:
-  უცნაური  რამ  ყოფილაო  კაცის  ბუნება...
ვერ  დატოვაო  წუთით 
პაპის  დანატოვარი...
და  აჰა,  აგერ  გაუჭრესო  მიწაც  ალალად
მკლავჯანიანმა  ჯეელობამ
მისივე  სოფლის...
კი,  ალალია  მისთვის  ეს  და  დაუყვედრები...

6.

მაგრამ  ამ  სიტყვებს
აღარავინ  უსმენდა  თითქმის...
თავ-თავის  საფიქრ-სადარდელში 
იყვნენ  ჩაფლულნი... 

ხოლო  წიფლები,
უჩვეულოდ  გახევებულნი,
დაფხრუკულ,
ხეშეშ,
მეჩხერ  ფოთლებს
ძლივს  იამებდნენ
ყოვლად  უმწეო  ანაორთქლში
ამომმხმარ  მიწის,
და  უხმოდ, 
როგორც  მგლოვიარე  ჭირისუფლები,
მის  ნაპირებზე  გაუნძრევლად,
სამგლოვიარო  ყარაულში  ჩამდგარნი  თითქოს,
კრიჭაშეკრული  წისქვილისკენ 
მიაცილებდნენ
ფიჭვის  ჭურჭელს  და 
იმის  მიმყოლთ,
მძიმედ  მიმავალთ,
მიასვენებდნენ
უპატრონო  ცხედარს  რომელნიც...
გატრუნულიყვნენ  ცხელ  ფოთლებვეშ
სკვინჩა  ჩიტები
და  პირღაბუა  ბეღურები
ხმის  გაუღებლად
და  კურკანტელას  კურკებივით  პაწია  თვალთა
სევდიან  მზერას  აყოლებდნენ
ძვალტყავა  ცხედრის
მჭლე  მკერდზე  დაყრილ
როსმე  მათთვის  ალალად  მზრუნველ,
ახლა  გაფიჩხულ-გაუქმებულ 
ჟანგისფერ  ხელებს...
უკვე  რომ  აღარც  ეცნობოდათ...

რამდენი  წელი  აპურებდათ  მათ  ეს  ხელები...
ოდენ  ძვალ-ძარღვად  დარჩენილი 
ხელები  ბებრის  ,
თითქოსდა  განგებ
და  გულმოდგინედ,
განუშორებლად  შეფიფქულნი  ნიადაგ  ფქვილით,
ფეტვსა  და  ღერღილს  რომ  უყრიდნენ
თოვლში,
ყინვაში,
გათოშილ  და
დამშეულ  შაშვებს,
სცვინჩებს,
ბეღურებს...
და  მათ  მადლიერ  ჟრიამულზე 
გამოუთქმელი  რაღაც  გრძნობით 
მისუნებურად, 
უცნაურად  რომ  ცახცახებდნენ...

7.

ჭარმაგმა  ოთხმა,
მიატანეს  რა  უკვე  წისქვილს,
წინკარში, 
ზღურბლზე  დაასვენა
მსუბუქი  ტვირთი,
და  ხელში  კარგად  მოთელილი  ნაბდის  ქუდებით,
ოთხივემ  უხმოდ  და  ერთდროულად
ტითქოს  წინ-წინვე  დაეთქვათო,
აუჩქარებლად  მოისრისეს  ცხელი  შუბლები.
მერე  ბამბუკის  ჩიბუხები  გამართეს  დინჯად
და  მწარე  ბოლით  შეაზავეს
თავ-თავის  წილი,
ბინდშეპარული
და  კიდევ  უფრო  დახუთული
მღვრიე  ჰაერი...

8.

ღრიჭოდ  დარჩენილ
და  ჟამისგან  ღდინზე  დაბრეცილ
ძველ  ფიცრულ  კარსი  შეიპარა 
გამჭოლი  მზერა...
თითქოს  პირველად  შეეხედოთ  ბებერ  წისქვილში
და  შიგნით  ფეხიც  არ  შეედგათ  დღე  და  მოსწრება...

9.

მტვერი  და  თვლემა  მორეოდათ 
ნათალ  დოლაბებს,
ხელმარჯვნივ  მკვიდრად  ჩარიგებულთ
და  ეს  ორი  თვე
უწყლობისაგან  გაქვავებულთ
და  გარინდებულთ,
აგერ  სამოცი 
ავკარგით  და  ჭირ-ლხინით  სავსე
წელი  გაბმულ  ბრუნვა-ხმაურში
რომ  გამოლიეს  და  ვინ  მოთვლის,
რამდენი  ფუთი
ფქვილი,
ღერღილი,
თუ  პირუტყვის  საზრდო-საწველი
სხვადასხვა  ჯურის  ქატო  ჩამოფქვეს...
რამდენი  ურემ-საზიდარი, 
გავსილი  ხვავით
და  კმაყოფილი,
მძიმე  ზოზინით  აჰყოლია
სოფლისკენ  აღმართს...
რამდენს  ზურგითაც  უზიდია  ჯალაბის  სარჩო,
თავის  ჭკუაზე  დაფქული  ფქვილი
და  მადლიანად  დაულოცავს 
მისი  დამფქვავიც...

10.

ხელმარცხნივ,
ბინდში  მილევადი  მუქი  ხაზებით
ილანდებოდა  მთელი  კედლის  აყოლებაზე
წიფლის  ფიცრების  სკამლოგინი,
გრძელი  და  ფართო,
თავის  ხელით  რომ  შეეჭედა 
დიდი  ხნის  წინათ
თავად  გამრჯე  და  ხელმარჯვე  პაპას,
თან  ისე  მკვიდრად,
რომ  აქამომდის  მოეღწია  საღსალამათად...
თუმც  ახლა  უკვე,
სამწუხაროდ  და  სავალალოდ,
ის  უკვე  არად  სჭირდებოდა  მის  ბებერ  პატრონს,
სამარადჟამოს  ეზიარა  სარეცელს  რადგან,
ვინც  ამ  დოლაბთა  მტვრიან  ხმაურში
მთელი  ცხოვრება  აღამებდა  და  ათენებდა
და  უთვალავზის  დაფქულ  ჰაერით
სუნთქავდა  ბოლო  ამოსუნთქვამდე
ამ  აუფიცრავ 
კრამიტის  ჭერქვეშ...

11.

ეს  ორი  თვეა,
არ  დაფქულა  რაც  აქ  საფქვავიც...
არ  დაღერღილა  აღარც  ქატო,
აღარც  ღერღილი
და  კარების  თუ  ჭერ-კედლების  ღრიჭოებიდან
ჩუმად, 
ნელიად,
გაილალა  მათი  სურნელიც...

ეს  ორი  თვეა,
მდუმარებენ  რაც  დოლაბები
და  მოჭარბებულ  მტვერს  და  ფარილს 
ვერ  ირიდებენ...
ხოლო  ვით  უშნო,  უგონჯესი  ბერიკაცები,
ფქვილ-მტვერწაყრილი  მჭმუნვარებით 
ჩამოყრდნობიან
ძველი  კოდები
საცოდავად  ჯუჯა  ყავარჯნებს
ძირმოცვეთილ  და  გაშეშებულ  სარეკელათა...

12.

ეს  ორი  თვეა,
დაეწაფა  ხახამხურვალი
მსახვრალი  ხვატი  და  უბოდიშოდ
ბოლო  ყლუპამდე  ამოხვრიპა
რაც  ღარში  თუნდაც
სათავკომბალე  წყალი  იდგა...
ხოლო  მანამდე  მთელმა  სოფელმა
სულ  უკანასკნელ  ჭიჭყინამდე  გაინაწილა
საბრალოდ  მშრალზე  გარჩენილი
წვერაც  და  ღორჯოც
( თუმც  ტიტლიკანა  წვრილფეხობა
გულდაჯერებით
კიდევ  სამი  დღე 
შლამში  ხელფეხს  აფათურებდა...).

13.

შეძრულნი  ხვატით,
გაღმა-გამოღმა
უფრორე  მხნედ  და  მჭიდროდ  ჩარიგდნენ
უწყლობის  შიშით  გულშეძრული 
მძლავრი  წიფლები
და  სულთმობრძავ  ღარს  მოუჩრდილეს 
ხშირი  ფოთლები,
თითქოსდა  მის  წყალს
ეს  ივლისის  ასე  ვარვარა
და  ველმინდორთა  გადამხრუკავი
მზე  იპარავდა  თვალდახელშუა...
მათ  ან  საიდან  უნდა  სცოდნოდათ,
რომ  იქ,  სულ  ზემოთ,
მთებში,
მდინარის  სათავეებთან,
რომლითაც  ღარი  საზრდოობდა 
ასე  გულუხვად,
თოვლ-ყინულისა  აღარ  დარჩა  აღარც  ნამცეცი...
რომ  მხურვალე  მზემ  მისი  საქმე  იქ  მოილია
და  ღარიც  -  უკვე  განწირული  ამოხმობისთვის,
აღარც  მზესა  და 
აღარც  ჩრდილნარს  არ  დაგიდევდათ...
წიფლებს,  უბრალოდ,
სხვა  რამე  ხომ
არც  რა  შეეძლოთ...
და  ბოლო  დღემდე  იფარავდნენ  დაუზარებლად
და  გულდანდობით,  ეგზომ  საშურით,
ყანყრატოხარბი  ხვატისაგან 
წყალმარჩხ  გუბეებს,
უფრო  და  უფრო  ბეჩავად  რომ  იყუჟებოდნენ
მათი  სიშიშვლეგამოჩენილ  ფესვებისაკენ...

14.

სულთამხუთავმა  დაივანა  უწყლო  წისქვილშიც...
ორივე  მხარეს  ღია  იყო  კარი  ყურთამდის,
თუმც  იგი,
ერთხელ  ერთი  კარით  ჯიქურ  შესული,
აღარცერთიდან  აპირებდა  გასვლას  იოლად...

15.

ძველ  მეწისქვილეს 
ბალღობიდან  მოყოლებული
ხვატი  და  გვალვა
არაერთი  ენახა  დღემდეც...
უბუღრავიათ  კვირაობით,
ზოგსაც  მთელი  თვე
და  მის  მიერვე  სანახევროდ  ამოხვრეპილ  და
წყალმარჩხობისგან  უკვე  ლამის  სულთმობრძავ  ღარში
( საათობით  რომ  აგუბებდა  ხოლმე  მოხუცი
ერთი  ბათმანი  კაცის  სარჩოს  ჩამოსაფქვავად...) ,
ნაშუაღამევს  მიგდებული 
და  მითვლემილი,
მსწრაფლ  მოუგუდავს 
უცაბედად  მოვარდნილ  ღვარცოფს...

მოულხენიათ
მეწისქვილის  გულს  და  დოლაბებს...
გამოუდიათ  ერთობ  თავი  სარეკელათაც...
და  აწყობილა  შეწყვეტილი  ფერხულიც  ისევ...
და  მოლეულა  გათენებამდე
დანაგროვები  საფქვავ-საღერღიც...
და  არც  როდისმე  მოჰკლებია 
ღამისთევებით  ჩამოლეულ 
გამრჯე  ბერიკაცს
ლოცვა-კურთხევა
ღვთისმოსავი  სოფლის  ქალების...

16.

ეს  ბოლო  ხვატი  სულ  სხვა  იყო...
და  მეწისქვილეც 
უფრო  მოღლილი  ჟამისგან  და  ჯანშელახული,
ვიდრე  ოდესმე...
და  მაინც  დინჯად 
და  მოხუცის  კერპ  სიჯიუტით
ფეხმოუცვლელად  ტრიალებდა  მაინც  წისქვილში,
ხანაც  წისქვილის  არემარეს  ხელს  შეავლებდა
და  მის  გარშემო  თავის  დარგულ 
დახუნძლულ  ვაზებს
ძველშავისა  და  ჯიშიანი  იზაბელების,
რწყავდა,  თოხნიდა 
და  იმ  შვილივით  თავს  ევლებოდა,
მთელი  ცხოვრება  სანატრელად  რომ  დარჩენოდა...
თან  დღე  და  ღამე  მოელოდა  თმენამოღლილი,
მკვდრეთით  აღდგომას  ანაზდად  ღელის...

17.

ხოლო  სოფლიდან
რახანია   
უკვე  არავის 
არ  მოეტანა  საფქვავ-საღერღი.
ანდა  რა  აზრი  ამას  ჰქონდა,
როცა  წისქვილი
უქმადღა  იდგა  საცოდავად  კრიჭაგამშრალი... 
და  თავის  სარჩო  ორიოდ  ბათმან
ფქვილსა  და  ღერღილს  ძლივს  უმალავდა
სუროვანდისგან  სავალალოდ  გაქუცულ  ვირთხებს,
რომლებმაც  ბოლოს
მაინც  თავად  უშველეს  თავს  და
ჭალის  მინდვრებში 
საშოვარზე  მიმოიფანტნენ...

ხოლო  მხუცი  მეწისქვილე
ულუკმაპუროდ,
გალოკილი  თითივით  დარჩა
მთლად  გამოფხეკილ  და  და  დახუთულ
ოთხკედელშუა...

18.

...და  დამშეულმა  მარტოობამ  -
ყველა  ჯურის  ხვატზე  მსახვრალმა,
უნდოდ  დარია  ცოდვილი  ხელი
უკვე  აშკარად  სიძაბუნემორეულ  მოხუცს,
ვინაც  ბოლომდე
თავის  ჭალის,
თავის  წისქვილის,
თავის  მოვლილი  დოლაბების,
თავისი  ხელით  დარგული  თუ 
პაპის  დარგული
ტანაშოლტილი  მძლავრი  წიფლების
( ჭალის  მშვენებად  რომ  მიაჩნდა
მტერს  თუ  მოყვარეს...)
ერთგული  დარჩა... 
ერთგული  დარჩა  ვინც  ფრთხიალა
ჭალის  სკვინჩების
და  გულღაბუა  ბეღურების  ცელქი  გუნდების...
გარიჟრაჟიდან  მოჭახჭახე  შავჩოხოსნების
უნებით  ფრთხილი,
მაგრამ  მოხუცის
ხმელ  ხელებს  ლამის  შეჩვეული
ლაღი  შაშვების,
მთელ  ცივ  ზამთარს  რომ  მასთან  ერთად
იქ  ატარებდნენ,
იმ  ეკალღიჭით  დაბურული  ხეების  ახლო,
რომლებზეც  დედამ  გამოჩეკათ
და  გამოზარდათ...

19.

გაუგონარი  მოთმინებით  ელოდა  დიდხანს
სულიერს  ვისმე,  ან  სოფლიდან,
ან  გზად  გამვლელს  მის  შორიახლო,
რომ  ბოლო  მზერა  მაინც  შეევლო
ადამისძისთვის, 
მოყვასისისთვის,
ანდა  უცხოსთვის,
ალბათ  იმისთვის,
რამე  ეთქვა,
ანდა  ეკითხა...
რამ  სანუგეშოს  მსგავსის  სურდა  იქნებ  მოსმენა...

წვიმას, 
უბრალოდ  ერთ  თავსხმა  წვიმას
ელოდა  თმენით  ბერიკაცი  ბოლოსდაბოლოს,
ზოგჯერ  ერთ  ქუხილს  რომ  მოჰყვება 
თავპირისმტვრევით
და  გადახრუკულ  არემიდამოს
მკვდრეთით  აღადგენს  გამთენიამდე!..

21.

გაცუდდა  უქმი  ლოდინი  და
გაწვრილდა  გულიც...
გამოღამდა  და  დაიშრიტა  ჭროღა  თვალების
ძლივას  მბჭუტავი  იმედის  სხივიც...
და  მარტოობა
სრულიად  მარტოდ
დარჩა  ანაზდად  ერთ  მრუმე  და 
დახუთულ  ღამეს...

22.

... კვლავ  ოთხი  მკვრივი,
ხმელი  მხარი  შეუდგა  კუბოს.
შემოატარეს  გარეშემო 
ძველ  წისქვილს  სამგზის
და  ამით 
გულით  მოიხადა  თავისი  ვალი
მთელმა  სოფელმა,
როგორც  სწამდა,  როგორც  შეეძლო,
ძველებისაგან  როგორც  დარჩათ  ჩვევა-ადათად...
ალბათ  შენდობაც  სთხოვეს  გულში
ბებრის  კეთილ  სულს...

და  ახლა  უფრო  მოთენთილი  და  მოჯაყული
თითქოს  უხორცო  შავოსანთა  ლანდების  გუნდი,
გამოვლილ  ბილიკს  უფრო  მძიმედ  შეუყვა  აღმა
და  კვლავ  დაადგნენ  გზას,
რომლითაც  ძეხორციელის
უსულო  ცხედარს  ბოლო  სავალს  გაუყენებენ...

23.

...  ...  ...  ...  ...

და  გვიან, 
როცა  სახის  მქონე
ირგვლივ  ყოველი
მიიქცა  მრუმე  ღამის  წიაღად,
არარაობის  მოციქულთა  ყომრალი  გუნდი,
ღამემღვიძარე  მღამიობთა  ფრთებით  და  ხატით,
ანაზდეულად  მოევლინა  კუნაპეტიდან
ძაძისფერებში  ჩაძირულ  წისქვილს...

და  შეაფრინდნენ  წამახული  წვრილი  ბრჭყალები
წისქვილის  მგლოვარ  ჭერსა  და  კედლებს...

აჩქამდა  სივრცეც, 
ჩათვლემილი  და  ჩახუთული,
ხენეში  ფრთების  უხიაგი  ცახცახით  ხშირით...
და  უცაბედი  ჟრიამულით  თვლემაგამფრთხალი,
ძრწოლამოგვრილი  მიენარცხა
და  აღესრულა
ისეც  ხანმოკლე  მდუმარება 
დაობლებული  ძველი  წისქვილის...

მღამიობნი  კი
უამური  წრიპინ-წრიალით
არარაისფერ  ლეშს  ძიძგნიდნენ 
გარიჟრაჟამდე...

1967-68  წ.წ.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები