ნაწარმოებები


გთხოვთ დავეხმაროთ საიტის წევრს კონკურსში გამარჯვებაში. დეტალები იხილეთ ნაწარმოების ბოლოს https://urakparaki.com/?m=4&ID=113471     * * *         * * *         * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ჰა-რა-ლე
ჟანრი: პროზა
22 ნოემბერი, 2011


ამბავი ლაიოშ ბატტიანისა

ერთი შეხდვით მეტისმეტად მკაცრი, თავმომწონე (ამპარტავნებაში რომ გადადის) და ცოტა არ იყოს – უჟმური ვინმე გახლდათ ლაიოშ ბატტიანი. საამაყო შეიძლება ჰქონდა კიდეც, წარმომავლობით გრაფი იყო და მისი გვარი ლამის წინ უსწრებდა უნგრეთის ისტორიას. წმინდანიც ჰყოლიათ ბატტიანებს, მეფე-ფელდმარშალიც, ეპისკოპოსებიც და უნგრეთის საპარლამენტო მმართველობისას, პირველი პრემიერ მინისტრი მისი მოგვარე და მოსახელე იყო. ის ლაიოშ ბატტიანი კი გეხსომებათ ალბათ? თუ არა და შეძლებისდაგვარად მოკლედ შეგახსენებთ. კოშუტის და პეტეფის სახელი, ვისაც საბჭოთა სკოლა გვაქვს დამთავრებული, ენაზე გვეკერა. აი, ლაიოშ ბატტიანი, რატომღაც უფრო ჩრდილში იყო ჩაჩოჩებული. რატომ? ვერაფერს გეტყვით. თუმცა სამივე ერთ დროს ცხოვრობდა და ერთ საქმეს ემსახურებოდა, თავდადებით.

ჰაბსბურგების იმპერიაში შემავალ უნგრეთს, დამოუკიდებლობის სურვილის შეპარვა რომ შეატყო ავსტრიის იმპერატორმა ფფერდინანდ I-მა, დათმობაზე წასვლა გადაწყვიტა და გარკვეული ავტონომიაც მიანიჭა მადიარებს. შემდეგ პარლამენტი აარჩევინა და 1848 წელს ლაიოშ ბატტიანიც დაუდგინა პრემიერმინისტრად. მაგრამ უნგრელებმა: ავტონომია არ კმარა, უნდა დაიშალოს იმპერია, თქვენ თქვენთვის, ჩვენ – ჩვენთვისო. მოჰყვა ამ ამბავს რევოლუცია. პრემიერმინისტრი აჯანყებულებს მიემხრო. დაიღვარა სისხლი.
ავსტრიის იმპერატორმა: მე როგორ გავჟლიტო ჩემი ფრთის ქვეშ მყოფი, გზააბნეული ერიო და დასახმარებლად რუსეთს უხმო. ამგვარ საქმეში მათზე უკეთესს კაცი რომ ვერ ინატრებს, ვინ-ვინ და ჩვენ, სხაპა-სხუპით ვიცით. ჰო და, აფრინეს კიდეც რუსებმა ფელდმარშალი პასკევიჩი, ვეებერთელა არმიით. ლაიოშ ბატტიანი ბრძოლაში დაიჭრა. ტყვედ ჩაიგდეს. თავის მოკვლა სცადა. გადაარჩინეს და...…მეორე დღეს დახვრიტეს. ერთი არ აკმარეს, ორ დღეში - ორჯერ მოკლეს კაცი. “სამგლოვიარო მარში,” ამ ამბავს მიუძღვნა ფერენც ლისტმა.
ეტყობა მეცხრამეტე საუკუნეში დახვრეტილ პრემიერმინისტრთან ნათესაობით ამაყობდა, 1956 წელს ბუდაპეშტში მცხოვრები, სისხლის გადასხმის სადგურის, შუა ხანს გადაცილებული მთავარი ექიმი - ლაიოშ ბატტიანი. რის დასტურად კაბინეტში გამოკრული დიდი მოგვარის და სეხნიის პორტრეტი გამოდგებოდა. ისე, შესახედავადაც ჩამოჰგავდა წინაპარს. განსაკუთრებით ცხვირით და თვალ-წარბით. ეს კი არა, თმაც ისევე ჰქონდა კეფაზე გვარიანად შეთხელებული და მეტი მსგავსების მიზნით, წვერ-ულვაშიც, ფოტოზე გამოსახულის დარად აებიბინებინა ექიმს.

****
-კიდევ ითხოვენ ექიმო! არ გვყოფნის! როგორ მოვიქცეთ? ნახევარი უნგრეთი სისხლს აბარებს, მეორე ნახვარი კი იცლება სისხლისგან. – შუა ღამეს კარგა ხნის გადაცილებული იქნებოდა, აფორიაქებული ექთანი რომ შემოვარდა მთავარი ექიმის კაბინეტში.
- 20 ათასზე მეტია დაჭრილი. ამბობენ, დღეს უთენია დამატებითი ძალები უნდა შემოიყვანონო რუსებმა, ჟუკოვის მეთაურობით.
- ესღა გვაკლდა. რა დამატებითი ძალები სჭირდებათ კიდევ? ისედაც რუსული ტანკებით და არტილერიით არის მთელი ქვეყანა მოფენილი. ერთ უნგრელზე ათი მომხვდური მოდის და ჩვენი ჯარის ნახევარი და უშიშროება მათ მხარესაა. – გამოსცრა კბილებში ლაიოშმა.
..…დღეს, 1956 წლის 4 ნოემბერს, გამთენიისას, საბჭოთა ჯარი თავს დაესხა ჩვენს სამშობლოს. მათი მიზანი უნგრეთის კანონიერი, დემოკრატიული ხელისუფლების დამხობაა. უნგრეთის სახალხო გვარდია ბრძოლაშია ჩართული. მთავრობის ყველა წევრი ადგილზეა... - განთიადისას დაწყებულ მოვლენები, რადიოდან ამცნო ხალხს, უნგრეთის სახალხო რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე - იმრე ნადმა.

ბატტიანიმ რადიო გამორთო. მძიმედ ჩაეშვა სავარძელში. კარგად იცოდა რას ნიშნავდა საბჭოთა ჯარის თავდასხმა. ჟუკოვის არმიის წინააღმდეგ ბრძოლა კი მეორე მსოფლიო ომის დროს, საკუთარ ტყავზე ჰქონდა განცდილი. გერმანიის მოკავშირე იყო მაშინ უნგრეთი. მძიმე და ძვირი დაუჯდა ფაშისტებთან თანამშრომლობა მის სამშობლოს. უამრავი დახოცილი, დასახიჩრებული, ტყვე, კონტრიბუცია და დღემდე ჩექმით გათელილი, სულში ჩაფურთხებული, გაკომუნისტებული ქვეყანა.

- ბატონო ექიმო, ბელა კირაის წარმომადგენლებს სურთ თქვენთან შეხვედრა. – მოახსენა ბატტიანის, ექთანმა ჟუჟა ლეკეტუშმა, შავთვალა, სავსე მკერდიანმა, ჭროღა თვალება გოგომ.
-შემობრძანდნენ!

*****

ექიმი იყო კონსტანტინე ერისთავის მამა. ექიმი გახლდათ პაპამისიც. გაგიკვირდებათ და იმავე საქმიანობას ემსახურებოდა დიდპაპა – ქაიხოსრო ერისთავი. ბუნებრივია, გაკვალული გზა აირჩია ბადიშის შვილმაც. ერთი ეს ჰქონდა მათგან განსხვავებული - სამხედრო ექიმი გახლდათ კონსტანტინე ბატონი. თავის საქმის ჩინებული მცოდნე, ომგამოვლილი, ორდენებახუნძლული ქირურგი, “დამსვი, მასმენინე და მაყურებინე” კაცი. ლენინგრადის სამხედრო-სამედიცინო აკადემიის დამამთავრებლი კურსის სტუდენტი რომ იყო, ხალ-ხინ-გოლზე გაგზავნეს სამედიცინო-სანიტარულ ბატალიონთან ერთად, შემდეგ ფინეთში, ბოლოს კი უკრაინის ფრონტზე ამოყო თავი. გამარჯვება ბერლინში იზეიმა.
დამთავრდა ომი და ბელორუსიაში, მინსკიდად 400 კილომეტრით მოშორებით, ჭაობებში მშენებარე ჰოსპიტალი ჩააბარეს საპატრონოდ და მისახედად. ქართველი ექიმიც აშენებდა, პატრონობდა და ხელმძღვანელობდა სამხედროების საავადმყოფოს. რომ ვთქვა - ენატრებოდა სამშობლოო, - ჩათვალეთ რომ არაფერი მითქვამს. ბოლო 20 წლის მანძილზე, 3-4 თვე თუ ექნებოდა თბილისში, მშობლიურ ჭერქვეშ გატარებული. გაიტანჯა კაცი. ასაკის მატებასთან ერთად, გაუსაძლისი ხდებოდა ნოსტალგია. წელს საახალწლოდ აპირებდა საქართველოში ჩასვლას, ოჯახიც ყავდა შეპირებული: “ყველანი მივდივართ და მთელი თვე იქ დავრჩებითო”, მაგრამ ხომ გსმენიათ: კაცის დაწყობილ გეგმებზე, ღმერთის სიცილის ამბავი? ასე დაემართა კონსტანტინე ერისთავსაც.
24 ოქტომბერს, თავის ჰოსპიტალიანად შუა უნგრეთში აღმოჩნდა. პირველმა ღამემ შედარებით მშვიდად ჩაიარა. მაგრამ 25-ში, მას შემდეგ რაც, პარლამენტის წინ მოწყობილ ხალხმრავალ მანიფესტაციაზე, ვიღაცამ ცეცხლი გახსნა, საბჭოთა ოფიცერი სიცოცხლეს გამოასალმა და რუსულ ტანკს ცეცხლი წაუკიდა, იქ ამბები დაიწყო – თქვენს მტერს და მაწყევარს! მაშინვე მიხვდა ჩვენი ექიმი, საქართველოში დაგეგმილ სტუმრობას, კასრით რომ ასვეს ჩაილურის წყალი. ისე, კაცმა რომ თქვას, იმ გაწამაწიაში, არც ჰქონდა ნანატრ შვებულებაზე ფიქრის დრო, მედიცინის პოლკოვნიკს. აკი გითხარით დიდი ამბები ტრიალებდა უნგრეთში და დანაკარგიც გვარიანი ჰქონდათ აჯანყების ჩამხშობებს, მოწინააღმდეგეს ხომ, ნუ იკითხავთ.
-კასტანტინ ნიკალაევიჩ, დაჭრილები მოიყვანეს. მათ შორის 23 მძიმეა, 9-ს გადაუდებელი ოპერაცია ესაჭიროება. სისხლი გვითავდება, რეზუს უარყოფითები და პირველი ჯგუფის დადებითი, პრაქტიკულად გამოილია. შტაბიდან გვაცნობეს, მხოლოდ 6 ნოემბერს იქნება თვითმფრინავიო. სამი დღე როგორ გადავაგოროთ?- საოპერაციოშივე ამცნეს გასაჭირი, ჰოსპიტალის უფროსს.
- აქ ვერსად ვიშოვით?
- ?? – ქვედა ტუჩი გამობუშტა და მხრები აიწურა მედდამ, რაც ყველა ენაზე –“წარმოდგენა არა მაქვს”-ის სინონიმია.
- კეთილი. ოპერაციას დავამთავრებ, თქვენ კი მანამადე, ბუდაპეშტის სისხლის გადასხმის ინსტიტუტის, ან მასთან გათანაბრებული დაწესებულებების მისამართები და ტელეფონი დამიდგინეთ.
- არის დავადგინო, ამხანაგო პოლკოვნიკო!

****
- რა უცნაური კაცი ყოფილა, ეს ვიღაც ლაიოშ ბატტიანი! – გადაულაპარაკა, კაბინეტში მის მოსაკითხად შემოსულ, გვარდიის 33-ე მექანიზირებული დივიზიის, პოლკის მეთაურს - ტიმოფეი კოჟევნიკოვს, კონსანტინე ერისთავმა.
- ბატტიანი, ვინ ოხერია, კანსტანტინ ნიკალაევიჩ?
- აქაური კაცია. ბუდაპეშტის სისხლის გადასხმის სადგურის უფროსი.
- რაო? რა მინდაო? წერას ხომ არ აუტანია? ჩავუბათ ტანკს, ძაღლიშვილი? – გართობის იმედი მიეცა, სალდაფონს.
- ნუ ხარ ტიმოშა შენ, მუდამ -კაცის ტანჯვაზე დაგეშილი. რას ერჩი უცნობ ადამიანს? სისხლი გვჭირდება დაჭრილებისთვის. ვთხოვე. თავიდან, ქვა ააგდო - თავი შეუშვირა, არ გვაქვსო. ახლა თავად დამიკავშირდა – ხვალ დილით მობრძანდით და წაიღეთო. ა, ძმაო! ხედავ? ყველა უნგრელი კი არ არის მტერი? ჩვენზე ათასჯერ მეტი დაჭრილ-დახოცილი ჰყავთ, მაგრამ მაინც გვეხმარებიან, რითიც შეუძლიათ.
- ჩვენი შიში არ ჰქონდეთ, ნახავდი რასაც დაგვეხმარებოდნენ. ახლა გახდნენ ხო ჩვენიანები, ქვა-ქვაზე რომ არ დავტოვეთ? წავიდნენ მაგათი ძაღლიშვილი!..
- წყნარად, წყნარად, ტიმა, ნუ ყვირი და ილანძღები. საავადმყოფოა აქ.
- კეთილი, ამხანაგო პოლკოვნიკო. არ შევაწუხებ ავადმყოფებს, წავედი მე. მაგრამ იცოდე: მაინც არ ვენდობი მაგათ და იმ ბატიანია თუ ბანტიანი, ჩემგან გადაეცი – ხვალ ჰოსპიტალში, ერთ საათში მშვიდობით მობრუნებულს თუ არ გნახავ, იმ სადგურიდან გუბე დარჩება მხოლოდ!

წესით გაგრძელება მალე უნდა იყოს.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები