ნაწარმოებები


რევაზ ინანიშვილის სახელობის „ერთი მოთხრობის„ კონკურსი - 2023     * * *     ქუთაისის ილია ჭავჭავაძის სახელობის საჯარო ბიბლიოთეკის კონკურსი: „ჭადრის ოქროსფერი ფოთოლი - 2023„     * * *     ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ ფორუმზე, კონკურსების გაყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: იმედი ჯახუა
ჟანრი: პოეზია
25 ნოემბერი, 2011


სამი ტრიპტიხი

პატრიარქისადმი  მიძღვნილი  კრებულიდან
,, მინაწერები  ცადსაფრენ  წერილებზე’’



უპირველესი  ტრიპტიხი


1...

ვარ  ბედნიერი,  უწმინდესო  -
შენგან  ნაკურთხის
მეც  მომეპკურა  წყლის,  ანკარის 
მადლი  ღვთიური!..
და  უფრო  მეტიც  -
ნორჩ-ბადიშნი, 
ჩემნი,  სათუთნი,
მირონით  შენით
განინათლნენ
მარადიულით!!!

ნეტარებისამ  დაივანა  მადლმა
ჩემს  ქოხში...
საწუთრო  ჩემი
ზეციურით  გაცისკრდა  ნათლით...
არსება  ჩემი  -
ბევრგზის 
უნდოდ  მოზრული  თოშით,
შენი  -  უმაღლეს  მირონმცხებლის  -
სხივნათლით  გათბა!..

სხვა  კიდევ  რაღა  სურდეს
ჩემებრ  ბევრჯერ  სასოწარკვეთილს,
როცა  ესოდენ  დიდი  მადლი
დიდ-კრძალვით  დამაქვს?!.
ამასღა  შევსთხოვ  ცათუმაღლესს  -
დიდსასიკეთოდ
ერს  შენი  სახით
წმიდა-ბრძენი  უცოცხლოს  მამა!..

და  მეტიც  -  მალე
ლოცვის  შენის
იბარტყოს  ნერგმა
და  მამულს  ჩვენსას 
და  ერს  ჩვენსას  -
დალოცვილს  შენგან  -
მტერმოშურნეთა  აარიდოს
წყევა  და  დელგმა!..



2...

ამიერიდან  რწმენის  წრფელის
დიდმოიმედე,
ვისუნთქებ  ვიდრე  -
მუხლთ  მოვუდრეკ
წმინდა  საესავს...
ჩემს  შვიდ  ძე-ბადიშს  და  ერთ  ასულს
ღმერთს  შევავედრებ
და  მადლს  მირონის  შენის  ვანდობ  -
უნეტარესო!..

რომ  ეს  უმანკო  სიცოცხლენი
ღირსმექმნენ  იმის,
დარჩნენ  მარადის 
ოდენ  უფლის  გულმორჩილ  მონად!..
მწამს.  ლოცვა  შენი
ღვთივ  შეარჩენს  მათ  პირზე  ღიმილს
და  გამხდის  ამით  უმდიდრესად,
სხვა  არცრის  მქონეს!..

ვედრება  ესე  -
ვინმე  ჩემებრ  უბირის  ერთის,
მჯერა, 
ფრთებს  გაშლის
ლაღად, 
რათა  მეცხრე  ცას  მისწვდეს!..
სალმობას  ყოველს  აარიდებს 
მათ  მამა-ღმერთი,
და  განარიდებს  გზებს  წყეულთა,
მრუშთა  და  ბილწთა...

ამ  რწმენის  მადლით
ცოცხლობს  ჩემი  სული  და  ხორცი!..
ნუმცროს  მოგვაკლებ, 
უწმინდესო,
მადლს  შენი  ლოცვის!!!


3...

ახლო  რიჟრაჟის 
სუნთქვასა  ვგრძნობ,
სიყრმით  სანატრელს...
-  მალე  იზევებს  ძალი  ნათლის
იბერთა  ზედა!..
მნათი  ცხოველი 
სულ  სხვა  მადლით  ამოანათებს,
ააოქროვნებს  უწმინდეს  ჯვრებს
ღვთიური  მზე  და

ამცნობს  ხმატკბილი  დედოზარი
სამების  -  წმიდის
მრევლს  -  გათენებას
ნანინანატრ  დღის  - 
სანუკვარის!..
ერს  -  ნაგვემს  -
მადლი  ლოცვის  შენის
ცრემლის  კვალს  მოსწმენდს
და  ამიერით 
მსგავს  სალმობას  არ  გააკარებს!

და  იღორძინებს  სიარული
ერის  -  ნაგვემის,
იმძლავრებს  რწმენაც  დაღლილი  და
ზეაიწევის...
და  ერგულებას  მამულისას,
მხცოვანნიც,  მრწემნიც,
იბერნი  -  ჯვარზე 
კვლავ  შენს  ფერხთით  დაიფიცებენ!..

მეც  შენ  მიკურთხე  წიგნი  ესე,
უნეტარესო,
რათა  მეც  -  ცოდვილს,
სული  რწმენის  მადლით  ამევსოს!!!

6.  11.  2011 



მეორე  ტრიპტიხი

1...

ბოლო  დაღამებისა

ანაზდეული  როცა  მეხივით
შეგაბარბაცებს  მიწის  ტრიალი...
როცა  ანაზდად 
ძილგატეხილი
წვას  იგრძნობ  ყველა  ბრმა  ნატყვიარის...

როცა  მდუმარე  კედლებს  შეხლილი
ვერვის  იგულვებ  შემწედ,  გარდა  ღვთის...
როცა  შენივე  ეჭვი  -  მკრეხელი  -
სადავოდ  გიქცევს 
ბრძოლებს  გარდახდილს...

როცა  გაჰყვება  ბოლო  ქადილიც
ქარს
და  ბინდბუნდიც
თვალებს  გადივლის...

როცა  ( გულგრილად )
კარებს  ჩარაზავს
ბოლო  დღეც  -
ბოლო  სხივის  ჩამქრობი,
გულშივ  ჩაიკლავ  ბოლო  ვარამსაც  -
სამარის  პირზეც  მიუსაფრობის...



2...

გაოცებული  ნუშისა

ეს  რა  ანაზდად  აფეთქდა  ნუში?!.
ასე  დამრია  ხელი  ღრმა  ძილმა?..
თუ  მიპირშავა  მაშვრალს  ძილქუშმა
და  ღამე  კვირად  გამიხანგრძლივა?!.

და  ახლა  ისე  მიცქერის  ნუში,
აშკარად  უკვირს  -
სად  ვარ  ამდენ  ხანს...
ცისა  და  მყარის  ამ  ჟრიამულში
ჟამმა  ვაგლახად  ხომ  არ  გამტეხა?..

-  როცა  ეს  ოქრო  დილა  გათენდა
და  მზემ  ცა  ასე  გააჩახჩახა...
როცა  მიდამოს  -
ღამით  დათენთილს,
ძილი  გაუფრთხო  შაშვის  ჭახჭახმა...
ეს  ბერიკაცი,
ჟამით  ნათეთრი,
რად  ჩაჰყურებსო 
მიწას
თავჩაღმა?!.

3...

თვალის  ახელისა

/ ანუ  -  ბავშვობის  დასასრული /


მიფრიალებდნენ  მაღლა  ნისლები
და  ეწეოდნენ  მზისკენ  ჩინარებს,
ვარსკვლავთ  რომ  თვლიდნენ  გაფაციცებით,
მზეში  ჩაფლულებს  და  უჩინარებს...

მზე  ნებივრობდა  თბილ  ტალღებს  შორის
და  უხაროდათ  პატარა  თევზებს...
თოვლს  ვარდისფერი  დაჰკრავდა  მთებზე
და  ( ბუმბულივით )  მიჰქონდა  ქორი
აპრილის  ნიავს...

თავისით  გაჩნდა  სულში  უფსკრული
როგორც  თავისით  ჩნდება  მწვერვალი...
თვალისმომჭრელად
და  მომნუსხველად
იხედებოდა  შიგ  ელვარება
შენი  თვალების...

და  ნათდებოდა  სამყარო  -
ერთობ
უთავბოლო  და  გზების  ამრევი...
და  ცაზე  -  მხოლოდ  ერთი  რომ  ენთო
მზე  -
მე  ვიხილე  მზე  უამრავი!..


მესამე  ტრიპტიხი

1...

dadumebuli  zarebisa


ფარდას  გასწევდეს  მთვარე  ვიდრემდის
და  გავყვებოდე  გზას  მონუსხული...
დამძლევდეს  ვიდრე  და  ჩამითრევდეს
გრავიტაცია  ლურჯი  უფსკრულის...

ვიდრე  ჭრილობებს  მივსებს  მარილით
და  არ  მაძინებს  ღამე  ლუსკუმი...
და  ეწამება  მაცხოვარივით
რწმენაც  -  ეჭვების  ჯვარს  მილურსმნული...

მომაკითხავდეს  ძველი  მევალე
ვიდრე  -  სისხლგამშრალს  და  ფიქრგათოშილს
და  უწარსულოდ  და  უმომავლოდ
გავქრები  ვიდრე  ჩემს  მწირ  აწმყოშიც...

-  მოდი  და  მითხარ,  რომ  ჩემს  მოლოდინს
არ  დალევია  ჯერაც  სახმილი
და  რომ  ამაოდ  გზათა  ბოლომდის
გზას  არ  გავცქერდი  მზერადაღლილი...

რომ  მზე  ჩვენს  ცაზეც  ისევ  აიწევს,
ისევ  დათბება,  ისევ  დავთბებით...
რომ  ჩვენ  შევხვდებით  ჩვენს  წილ  აისებს
და  ენთებიან  ჩვენი  ატმებიც...

მითხარ...  მეც  იქნებ  გულში  გავივლო,
რომ  მზე  ცისკრისა  მეც  მესალმება!..
იცოცხლონ  იქნებ  და  იყვავილონ
ჩემმა  საბრალო  იასამნებმაც!..

აანაპერწკლე  მუნჯი  ზარები,
რომ  დაიხანძროს  ღამეც  ლუსკუმი
და    ც ა დ    ა მ ა ღ ლ დ ე ს    მ ა ც ხ ო ვ ა რ ი ვ ი თ
რწმენაც  -  ეჭვების  ჯვარს  მილურსმნული!!!

                                                1976    ქ.შ.

2...

გულშესავედრებელი  უფლისადმი

შენს  ზვარაკად  თავგაწონილს,
დღემდის  ზნე-და-ფერუცვლელს,
დუმილსა  და  დუმილს  შორის
სიჩუმეს  რომ  ვერ  უძლებს...

მიწყივ  ხელს  და  თავაწყვეტილს,
ალს  რომ  იხვევს  შემმუსვრელს,
ვერც  რომ  ბებერს, 
სისხლდაწრეტილს
ტრფობის  ცეცხლი  ვერ  უმცრეს...

ერთხელაც  რომ  გულისსწორის
ერთგულებაც  ვერ  უცნეს,
ღალატსა  და 
ღალატს  შორის
კვნიწ  ეჭვსაც  რომ  ვერ  უძლებს...

ცხრაუცხოსთვის 
ძმობის  მქმნელი,
ვისაც  ძმებმაც  ვერ  უძმეს...
კვლავ  ალალად  ცნობათხელი
უძმობას  რომ  ვერ  უძლეს... –

აწ    ზ ე ა ს ძ გ ე რ ს  შენს  სამკვიდროს,
მარადისს  და  შეუძვრელს,
ვინც  მდიდარი  მტრებით  მუდამ
ვერც  უმტრობას  ვერ  უძლებს...

მონას  უღირსს, 
მაგრამ  ერთგულს -
მგმობთა  შენთა  შემმუსვრელს,
შენ  უკურთხე  პური  -
ბედკრულს,
სპაც  წყეულთა  -
შენ  უმცრე!..

ოდენ  შენს  იმედად  შთენილს
მტარვალთ  ოდენ  შენ  უძლევ!..
შენ  უკურთხე  ცრემლიც  მტევნის,
უძმოდ  შთენილს  - 
შენ  უძმე!..

სხვა  ვინ  ან  ვით  შეიყვარებს,
სხვა  ვინ  შესძლებს  შეუძლებს,
შვებაც  შენ  თუ  არ  მოჰგვარე,
როს  სალმობას  ვერ  უძლებს?!.

შენი  რწმენის  მოეც  ძალი,
შუბლს  მირონიც  შენ  უცხე...
არ  ჩაუქრო  კერის  ალი,
კვერიც  ობლის  -
შენ  უცხვე!..

მხოლოდ  გრძნობას  ნუ  შებღალავ
ბედთან  ჯვარდაწერილის
და  ნუ  გახდი  გიჟის  ხალათს  -
შიშველი  ხომ  ვერ  ივლის ?!.



3...

შენსკენ აძრული გულისა

          ,,რაც  უფრო  შორს  ხარ...’’
                            გალაკტიონი

თუმცა  შორი  ჩანს 
        შენამდე  ჯერაც,
ამ  სიშორითაჩ  მიტაცებ  ისე,
რომ  შენი  გულის 
        იდუმალ  ძგერას
ვით  ანგელოზის  ფრთების  ხმას, 
        ვისმენ...

არც  მახსოვს -          როდის  დაგკარგე  სადღაც
და  უშენობას            როდიდან  ვუძლებ...
შენსკენ            ფეხს                      ახლაც                                ბალღივით                                          ვადგამ,
რომ  არ  დამიცდეს            დამრეცზე                      უცებ...

მაგრამ  რა  უნდა            უმანკო  ყვავილს
ქართა            ფლოქვებით                      გაქელილ                                ქვებზე?!.
თუმც -          არ  იშლიდა  როგორც                      თავისას,
არც  ახლა  ცდილობს -
        იცვალოს  გეზი...
და  ქვის  ცივ  კედლებს 
        ეხლება  კვლავაც
გული  -
თავადვე  რომ  წააქეზე...       

და  რომც  ვერასდროს 
        გიხილოს  ახლოს, 
ამ  სიშორითაც 
        იზიდავ  ისე,
რომ  შენსკენ  გზაზე
        სუყველა  მაღლობს
მწვერვალად  თვლის  და
        მიიწევს  ცისკენ.

19. 11. 2011

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები