ნაწარმოებები



ავტორი: ჭა
ჟანრი: პროზა
4 დეკემბერი, 2011


კაცი და მზე

        მზესთან მეგობრობდა...ზღაპარში კი არა და...- მართლა მეგობრები იყვნენ.
დილით ერთმანეთის შესახვედრად დგებოდნენ. კაცი, ყველაზე მაღალ მთაზე აირბენდა ხოლმე, უფრო ახლოს რომ ყოფილიყო მასთან .მზე თავის სხივს გადახვევდა და ისხდნენ ასე ხელგადახვეულები საღამომდე.
  კაცი ქართველი იყო და თავისთავად, ერთი დოქი ღვინოც ქონდა თავის შესაქცევად...
სადღეგრძელოები?...ეს ზუსტად ვიცი, კაცი ამბობდა. კი არ ამბობდა, ყვებოდა, ამ მთისას, იმ მთისას, ისე ხატოვნად, მზე გაყურსული უსმენდა. დღეც შეუმჩნევლად გადიოდა.
  ჩააცილებდა თუ არა მეგობარს, კაცი სახლში ბრუნდებოდა. მთელი დღის მზით გამთბარს, უცნაური ფერი გადაჰკრავდა, ფორთოხლისფერი უფრო და თვითონაც ანათებდა პატარა მზესავით.
      ერთხელ, ვერ ვიტყვი რაც მოხდა...მოხდა...-უნდა მომხდარიყო!...
კაცი დაიბნა, აღარ იცოდა რა ექნა...- ალბათ ეგონა, რადგან მზის მეგობარი იყო,მას გვერდს აუვლიდა განგება , ბედისწერა.  ასე არ მოხდა და...-ჯერ ფორთოხლისფერი დაკარგა, მერე გაფითრდა, ბოლოს გაშავდა. სახლშიც  დაბნელდა, ოთახი დანესტიანდა, დაობდა, დაიხავსა.  შეუძლებელი გახდა იქ ყოფნა. კაცი გარეთ გამოვარდა. იქაც ბნელოდა, მაგრამ თვალდახუჭულმაც იცოდა მთისკენ  მიმავალი გზა... .მზის იმედიღა ჰქონდა...-ერთადერთი.
ავიდა მთაზე. იქ არავინ დახვდა.იქაც ბნელოდა.  არ ვიცი ზუსტად, არ დახვდა თუ სიბნელეში ვერ დაინახა). არა , არას, ...იქ რომ ყოფილიყო, თვითონ მზე შეამჩნევდა თავის მეგობარს... ასე იყო თუ ისე, ფაქტია რომ აძაგძაგებული, მზისხელაიმედჩამქრალი თავის ნესტიან სახლში დაბრუნდა. ჯერ ისე იმედის ჩაქრობა რა არის და ახლა მზისხელა იმედის...ხომ გესმით?!
    ოთახი აკლდამას დამსგავსებოდა. ნესტისგან კედლები სულ დანამულიყო. წუმპეებში ფეხი უვარდებოდა. ძლივს იპოვნა ერთი კუნჭული, ცოტათი მშრალი და იქ მოიკუნტა.  გადაწყვიტა აღარასდროს გამოსულიყო გარეთ.
      გამოხდა ხანი. მზე ჩვეულებრივ ამოდიოდა. ანათებდა. ეძახდა ყოველ დილით.  მზეს არც არასდროს დავიწყებია, ეს კაცს ეგონა ასე.  კაცები კი მოგეხსენებათ რა ჯიუტები არიან,  ერთხელ თუ დაიჩემეს რამე, მორჩა, ვერაფერით გადაარწმუნებ.  ესეც ჩვეულებრივი კაცი იყო, კი მეგობრობდა მზესთან ერთ დროს, მაგრამ მაინც.
მოკლედ მზე ეძახდა, ეფიცებოდა: მე არ მიღალატნია შენთვის,  სწორედ იმ დროს მომიწია აქედან შორს, ამერიკაში წასვლაო...ისევ მიყვარხარო...მზისხელა სიყვარულითოოოო!...
  კაცს ესმოდა, აღარ ბრაზობდა,  ეღიმებოდა,  უხაროდა კიდეც, სითბოსაც გრძნობდა კედლის მიღმიდან...თუმცა დაბეჯითებით ამის თქმა მაინც ძნელია გრძნობდა თუ არა.  პირდებოდა კიდეც:  დღეს არა, მოდი ხვალ იყოს, ხვალ გამოვალო.  ჯერ ცოტას ვივარჯიშებო, მუხლებს გავიმაგრებო,იქნებ შევძლო და მთაზეც კი ამოვიდეო!
მაგრამ პირობა, პირობად რჩებოდა...დრო  კი გადიოდა,- ვის დაელოდებოდა?
  იჯდა კაცი თავის აკლდამა ოთახში და გარეთ  გასვლა ვერ გაებედნა.  პირისპირ შეხვედრის ეშინოდა მზესთან, თვალს მომჭრის, ვერ გავუძლებ და სულ დავბრმავდებიო!... ყოველ დილით კი მოუთმენლად ელოდა მზის დაძახებას...
მაგ იმედით იძინებდა.  მაგ იმედით იღვიძებდა.  სასაცილოა არა?...ჩვენებურად რომ ვთქვათ,  მზის და კაცის მეგობრობაც ვირტუალური გახდა.
  იცოდა მზემ,( მზეს რა გამოეპარება) დი დ ი სითბო რომ ჭირდებოდა კაცს. მზეს ყველასთვის და ყველაფრისთვის უნდა დაენებებინა თავი და მთელი თავისი ენერგიით, მხოლოდ ის ერთი  უნდა გაეთბო, მაშინ ალბათ გაბედავდა გამოსვლას გარეთ,  მაგრამ მზე ხომ ყველას ჭირდებოდა, ვერ იზამდა მაგას. ძალიან კი უყვარდა მეგობარი,
ენატრებოდა...ცდილობდა დაერწმუნებინა, რომ ის, -.თავისი წილი სითბოც საკმარისი იყო იმისთვის, რათა კაცს ყველაფერი ისევ ფორთოხლისფრად დაენახა, მაგრამ ერთხელ თუ გაჯიუტდა? რაღა ვთქვა აბა, თქვენ ჩემზე უკეთ მოგეხსენებათ  კაცების ამბავი.
საწყალი მზე, სამყაროს ხომ ვერ გადაუდგება მართლაც ,  მეგობარი რომ გადაარჩინოს?   
  მიხვდება კაცი, მზის გასაჭირს?... ამას რომ მიხვდეს, ისევ ისე უნდა უყვარდეს, როგორც მაშინ....  სულმოუთქმელად როცა არბოდა ყოველ დილით, ყველაზე მაღალ მთაზე, მეგობრის შესახვედრად და ერთხელაც რომ არ დაუწუწუნია, რა შორიაო...
  არ ვიცი...არ ვიცი... ჩასაფრებული ვარ! .თქვენც ჩემთან ერთად ყურადღებით იყავით...ფორთოხლისფერი, რომ გახდება  ირგვლივ      ყოველი... ე. ი.შეხვედრა შედგა.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები

საიტის წევრს ნიკით:  ნიგოზა ვულოცავთ დაბადების დღეს