ნაწარმოებები


გთხოვთ დავეხმაროთ საიტის წევრს კონკურსში გამარჯვებაში. დეტალები იხილეთ ნაწარმოების ბოლოს https://urakparaki.com/?m=4&ID=113471     * * *         * * *         * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: იმედი ჯახუა
ჟანრი: პოეზია
8 დეკემბერი, 2011


ნაღმი



... ნაშუაღამევს,
უცაბედად,
თეთრღელის გაღმით,
ღამეს შეყუჟულ თეთრ საყდართან
აფეთქდა ნაღმი...
მთებიდან ექომ დაიქუხა
ცხრა გზის და ცხრა ხმით...

მომცრო  საყდრისამ
დაიგმინა ეულმა თაღმა...
ექოც მცირედი გამოიღო
იმ თაღმა გაღმა...

მიწაზე  ექოს მალე მოსწყდა
გრუხუნი  ხაფი,
ციდან  კი ექო
აღარავის გაუგონია...
ეპირებოდა ცა ღრუბლიდან
ზღვის  ამოხაპვას...
იდგა  შეგრძნება 
ბრმად-ბედითი  რამ აგონიის...

გავეშდა ღამე...
თუმც არც მანამ
ჰგავდა დავრდომილს...
ისე გავეშდა,
დაეკარგა სახე დამნდობის...
მაგრამ ვინა ჰყავს ღამეს მოძმე
ან თანამდგომი...

ერთი უკუნი ღამე იყო,
უჭრაქ-უმთვარო
და ვარსკვლავებსაც
დრო ეშოვნათ მაშინ განდგომის...
და მარტო იყო ბნელი ღამე  -
ბედით მუხთალი...

თუმც ბნელ ღამეზე
საუბარი  გვაქვს  აქ  ნაკლებად...
ისღა ვთქვი მხოლოდ -
ღამით მოხდა ესე ყოველი...
და  სიმყუდროვე
აქამდისინ  შეუკრთომელი
წამისუმალვე  გადაძოვა
ხარბმა ცხოველმა,
და  ღრუბლებმაც  რომ  დაასრულეს
ვარსკვლავთ  აკრეფა
( ხმა აფეთქების არ სმენია
არცერთ იმათგანს...),
-  ვიღაც  უგვანო,
ლაჩარი  და
სულგაბოლილი
ბნელ-უკუნეთში
მეყვსეულად  გაუჩინარდა...
ბნელს შეეფარა ავაზაკი,
ამკლები საყდრის
( ყველაფერს ფარავს უკუნეთი -
ბნელეთის ჩადრი... ) ...

ამ დროს ვისაც რა მოუნდება
იმას იკადრებს
ან ვინ დაუშლის
თუ თითონვე არ დაიშალა...
მაგრამ  უღმერთო  და  უგულო, 
სულგასაღადრი,
რას  აღარ  იზამს,
ღვთისუშიში,
კურდღლებრ  მშიშარა...

***
სულიერს  ყოველს  ღრმად ეძინა,
თვლემდა  სოფელი
( ჭირ-ვარამს  ძილშიც
ყველა თავის წილხვედრს ატარებს...)...
წყვდიადში მთვლემი,
ალბათ  ცისკრის  მზისმონატრული
და  იმ  დროს  თითქოს 
არცსად  მყოფელი,
შეკრთა მთა-ბარიც,
ყანაც შეკრთა
უეცარ ბათქით,
საწვიმარ  ღრუბლის 
და  უკუნის ფსკერზე  დანთქმული...
სადაც გუშინ მწყრებს აგროვებდა
ჭრელი სეტერი.

რაღა  თქმა  უნდა  -
საყდრის მრევლი -
ანაზდად შეკრთა
და ღრმად მძინარეს გაეღვიძა
გულხელდაკრეფილს...
თვალის  მოფშვნეტაც  არ  უცდიათ,
შეჩქვიფულთ  ერთობ,
ღამეს  გახედეს,
უსაშველო  მეხით  დაკეპილს...

ცა აპირებდა, ისე  ჩანდა,
წვიმის დაწყებას,
ღრუბლები  ისე  ამოძრავდნენ 
ქარსაყოლინი...
და როცა ქარი თაღდალეწილ
საყდარს მოაწყდა...
და როცა ცასაც
ღარგახსნილი ღვართქაფი მოსწყდა,
როცა არაფრის
ჯერ არავინ არ სჩანდა მოწმე,
ცივმა  დელგმამაც  ცაწალეკა
ირგვლივ ყოველი...

ამოიხვნეშა ( თითქოს შვებით ...)
საყდარმა მომცრომ,
ვითომ  ნაჭრევნი გაიგრილა და დაუამდა...
( ალბათ  პასუხად ) ცამ  მის  ზემოთ
ელვა გამოსცრა...
მეხისხმას მისას შეესიტყვა
სადმე თუა მთა...

***
იმ  ღამით
ძაღლს  არ გააგდებდნენ
( სხვისასაც ) გარეთ,
სველ და  შეცივნულ,  წაფერდილ  ქოხით...
ღვარცოფს  თანდათან  გაერია
სეტყვა და კოხი...
ზვარზე  ნაღვლობდა
ძილგამფრთხალი ხალხი
და ოხვრა
ნაღმზე კი არა,
დასცდებოდა უფრორე  ზვარზე...

თითქოს გააკრეს  მაცხოვარი
ხელახლა ჯვარზე...
ერთპირ შეიძრა დილიდანვე
სოფელი მთელი
იმ სახილველით,
რაც საყდართან იხილეს თვალით,
რომ ვერ ჰკადრებდა ვერა კაცი
დასანგრევ თავლას...

იდგა  ჩოჩქოლი გარეშემო
კაცის თუ ქალის,
ანუ ყაყანი ლიტონი  და
არაფრის მთქმელი...

სხვა  რა შეეძლო...
ქვაბავაზაკს,
მოქმედს ავისას,
სად იპოვიდნენ,
აიფარა ვინც ღამე ბნელი...

ხმა ჩამიჩუმის არ ისმოდა
ცის კამარიდან,
ყუჩობდა ზეცა,
ნაზათქი და ნაღვარღვარალი
აღარც მზე ჩანდა,
არც მცირე რამ ქროდა ქარი და
იხედებოდა ზეცისაკენ
არც აღარავინ.

რისხვის ნაღმებით
სოფლის გული თუმცა  გაივსო,
შერჩა ავაზაკს
ნაქნარიც  და ავაზაკობაც...
გამოაჩინა ცის ნაფლეთი
გვიან,
დაისმა,
ხალხიც  ყაყანმა და  შიმშილმა
ლამის დაცოფა
და თავჩახრილნი
ქოხების გზას გაჰყვნენ  ცალ-ცალად...

იდგა  საყდარი  -
ხეიბარი,
მარტო დამრჩალი,
ვერ მოჰყვებოდა ვეღარც  ქვითინს
და ვეღარც ტირილს...
იმ ღამეს მხოლოდ ერთსღა სწუხდა,
ნაგები კირით:
რად დასდევს  მაინც ბოროტება
კეთილს ჩანჩალით
და რასაც სჩადის,
არ ეცვლება  თუ რატომ ნირი,
ღმერთმა რომ იქვე დააჭედოს
მისივ სამსჭვალით...

დიდი ყაყანიც მინელდა და
იქცა დუდუნად,
იქცა ჩურჩულად,
მიილია მერე თანდათან...
დაუბრებულნი თითქოს ერთურთს
და გაბუტულნი
დადუმდნენ  ბოლოს,
სულგაწეწილთ და გულდათუთქულთ
ზენა ძალი რომ აკავებდათ
მხოლოდ საყდართან...

მაინც მხოლოდღა
ვაებისას არ ჰგავდა ის დღე,
ის სულის დრტვინვა,
მძაფრი განცდა ღვთისმოშიშობის...
ეს იყო რაღაც
ბოროტებით განწმენდა კაცთა,
ძეხორციელი საიდანაც
ახლად იშობა...

***
ჭარმაგნი,
მცირე,
მაგრამ კუშტი თათბირის შემდეგ,
თაღჩამონგრეულს,
ბჭემორღვეულს,
მიადგნენ საყდარს.
შიგ ფეხაკრეფით შეაბიჯეს
უჩუმრად, რადგან
ეშმაკეულის ნაქნარს გავდა
ნაღმის შედეგი...

ჩამოცვენაზე
იყო თაღის ქვები წინამოს,
მაგრამ თუ რამე გადაურჩა ამ მკრეხელობას,
უნდა მოესწროთ,
გაერჩიათ,
მიწი-მოწიეს
ფრთხილად ნანგრევნი
და აკრიფეს რაც დარჩა მთელი,
რაც გადაურჩა
ღვთივ წყეულის ხელს და ხელობას.

ბოლო სანთელიც არ დატოვეს
სიწმინდეთ გარდა,
ხოლო ბევრი რამ
აღარც ღირდა ხელში აღებად.

ჩანთებში ფრთილად ჩაალაგეს
და პირჯვრის წერით
გამოაბრძანეს სიწმინდენი
საყდრიდან უხმოდ...
და ძველ ჩექმებზე ამოკრული
ტალახით, უხვით
ნელ ნელა სოფლის გზას გაუდგნენ
დიდი ბალღები
და გზად არავის არ უცდია
კრინტის გაღება.

მხოლოდღა უხმოდ ლუღლუღებდა
მღვდელ-დიაკვანი,
მოულოდნელი ელდისაგან
ენაც წართმოდათ,
არც როს მოწმენი 
საარაკო მსგავს მკრეხელობის,
უღმერთოთა,
სულუსათნოთა.

***
დააბინავეს ,
დაასვენეს გაშლილი განძი
გასაშრობად და გასაწმენდად
ფრთხილად, რუდუნით,
მერე უჩუმრად, უბრად,
თითქოს ერთურთის ბაძვით,
გამოეფინნენ მღვდლის სახლიდან.
მწიკვი თუთუნი
ეჭირა ყველას გასახვევად გამზადებული,
იქ აღარცერთმა არ იკადრა
ფუტის გაშვება,
გზად, შინისაკენ, აბოლებდნენ
მორიდებულად,
შეშფოთებული,
შიშნაჭამი უფლის ბავშვები.

***
უფალო, შენ კი ამ დროს იყავ
უშფოთვრად, მშვიდად?!.
იქ, იქ კი ნეტავ რა ხდებოდა
ცის საყუდარში,
როს ერთი სოფლის,
ერთი საყდრის მრევლის მუდარა
ცისა და მიწის გამჭოლ საზღვარს
შიშისგან შლიდა?!.

***
მოლოდინები უარესის გვქონდეს კი როსმე?
არაკაცობას,
მკრეხელობას, რა ძალუძს მეტი?!.
იქნებ ხვალ მავანს მოესურვოს
უგვანს და მომსპარს,
ძირს დაანარცხოს
სიდიადე ცხოველი სვეტის!..

ან მთლად სატანის ჩაიმარხოს
წაბილწულ სულში
კადნიერება,
ყველაფერს რომ გადაამეტოს
და უდრტვნილველად,
ცივი გულით,
უბრად და კუშტად,
ქარს გაატანოს
ნაკუწებად
მთელი პლანეტა...

***
ბოლოს წამომცდეს ხმა უკმეხი
იქნებ... შემინდე,
მაღალო ღმერთო,
ერთადერთო, ყოვლისმხედველო!..
ნუ მიატოვებ ცოდვილ მიწის
შვილს უიმედოდ,
აწრიალებულ დედამიწის
სუსხით დახუფულს
და მოგვასწარი,
რომ ავაზაკთ და უღვთო მკრეხელთ
სიავის ქმნისგან დასაცავი
ხუნდები ედოთ!!!

25. 11. 11

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები