ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ლ. ლორია
ჟანრი: პროზა
28 სექტემბერი, 2008


ორი დღე შუაში ოთხი სიზმრით და ცოტა ძველი ამბები, ანუ ბჰუტანი და თიმფჰუ


  დღეს დილით ჩვეულებრივ მივედი სამსახურში. ჩვეულებრივ დავაგვიანე, რადგან ვიცი რომ  დირექტორი ჩემზე მეტს აგვიანებს, თუმცა როგორც თვითონ ამბობს კი არ აგვიანებს, არამედ ყოვნდება. თანამშრომლები ყველანი გაფრთხილებულები მყავს, თუ დარეკა (ქალაქის ტელეფონზე რა თქმა უნდა - მობილზე თუ რეკავს, სულ სამუშაოზე ვარ) მოსული ვარ და ეს წუთია  გავედი. ეს უსაფრთხოების ზომები აუცილებელია, იმიტომ რომ შრომის ნაყოფიერების ამაღლებისათვის დამგვიანებლებზე საჯარიმო სანქცია დაწესდა – 20 ლარი. საერთოდ ხელფასი 300 ლარი მაქვს და პრემიალურებიც ცოტა, აზრზე არა ვარ რისთვის. არადა, ყოველდღე თუ დავაგვიანებ, ჯარიმის სახით უნდა გადავიხადო დაახლოებით 600 ლარი, ანუ იქეთ უნდა მივიტანო…ხელფასი და ერთი იმდენი, ანუ დამედება ვალები... როგორ არ მიყვარს ვალები, სამაგიეროდ მიყვარს ჩემი მევალეები, თუმცა ვერ ვიტყვი რომ ისინიც იმავე გრძნობით მპასუხუბენ...
ხო,  ავეჯის კომბინატში ვმუშაობ. …ინვაიტ-მენეჯერი  ვარ
... ეს სამუშაო წელს იანვარში, განცხადებით ვიპოვე, უფრო  სწორად ერთ უფასო სარეკლამო გაზეთში განთავსებული რეკლამით, რომელსაც მინდა არ მინდა ყოველდღე ტოვებს ჩემს კარებზე ვიღაც, ალბათ უცხოპლანეტელი. იმ დილითაც ვკითხულობ:  სოლიდური ფირმა ეძებს ახალგაზრდა კაცს არაორდინარული აზროვნებით და უმაღლესი განათლებით  ინვაიტ-მენეჯერის ვაკანტურ თანამდებობაზე...
ცხრა თუ ათი იანვარი იქნებოდა. ასე იმიტომ მახსოვს, რომ ახალი წლის ქეიფები მოთავებული იყო უკვე, თრობის მორევიდან გამოსული ვიყავი და რომ არავინ მეძახოდა, დავლიოთო, მიხაროდა კიდეც...  და რადგან ჩემს სახლში ზომაზე მეტად ციოდა  და  თურქული ზეთის რადიატორი მეტის-მეტი მადააღძრულობით ნთქავდა ჩემს  წინა სამუშაოდან დარჩენილ ფულებს, მივხვდი  რომ სხვა სამუშაო უნდა მეპოვა. წინა სამუშაო რა იყო?! დისტრიბუტორი ვიყავი ერთ ფირმაში. Aარა უშავს შემოსავალი მქონდა. ეს ტოტალიზატორები რომ არა, შეიძლება ფულიც დამეგროვებინა ცოტა, მაგრამ ამდენი ტოტალიზატორი რომ არის, იმათ იმდენი თანამშრომელი რო ჰყავთ, ხელფასი ვინ უნდა გადაუხადოს თუ არ მიხვედი და რამდენიმე ლარით არ შეეწიე.  მერე  დეკემბრის მიწურულს ერთ ღამეს, ტელევიზორი ჩავრთე  (ნეტა არ ჩამერთო) და პირველი რაც  დავინახე, გენოვიჩი იყო - ჩვენი ფირმის პრეზიდენტი, თან გაღიმებული. ის იყო გავიფიქრე, როდის გახდა ეს ჩემისა ტელევარსკვლავი, ალბათ ფული გადაიხადა და ახალ წელს გვილოცავს-მეთქი და პატრულიც გამოჩნდა, თურმე გადასახადების გადაუხდელობის თუ დამალვის გამო აყავდათ. რა აცინებდა, აზრზე არ ვარ? მეორე დღეს კი მივედით სამუშაოზე, მაგრამ მოადგილე მეტისმეტძმარმოსხმულ და ცხარეპიმპილმოყრილი ლობიოს ნაჭამი სახით დაგვხდა და დაგირეკავთო, დისტრიბუტორებს გვითხრა. მერე ერთი-ორჯერ მე თვითონ  გადავრეკე, ხომ არ დაგირეკავთ-მეთქი, მარა ცივი უარი რომ მივიღე, მივხვდი დისტრიბუციამ მოგჭამა ჭირი.
Gახალმა განცხადებამ ძალიან დამაინტრიგა. ინვაიტ-მენეჯერი აზრზე არ ვიყავი რა იყო,  დანარჩენ ყველა მოთხოვნას ასე თუ ისე  ვაკმაყოფილებდი: უმაღლესი განათლება მაქვს, არ მოვყვები რა სიმწრის ოფლი და რა მატრიკულებში ჩაცურებული ათლარიანები დამიჯდა სხვადასხვა მასშტაბით (საგნებს გაჩნია) ეს დიპლომი, მაგრამ ეს შიგ არ წერია. დიპლომში წერია რომ მაქვს გეოგრაფიის ბაკალავრის აკადემიური ხარისხი. არ წერია მაგრამ  ვიცი რომ ბჰუტანის დედაქალაქი არის თიმფჰუ და  მორჩა. სკოლაში რომ ვსწავლობდი, გეოგრაფიის  მასწავლებელმა, გოგუცამ მკითხა ერთხელ გაკვეთილი. სანამ დაფასთან გავიდოდი, ჩემი მერხის ამხანაგს ვკითხე, რა გვაქვს გაკვეთილად-მეთქი, და ინდოეთის ოკეანეო. მეც დავიწყე ინდოეთის ოკეანეს სერავენ ტანკერები და სუპერტანკერები-მეთქი – გოგუცას უყვარდა ამის თქმა გაკვეთილს რომ ხსნიდა. უცებ მეკითხება ბჰუტანის დედაქალაქი მითხარიო. პირველად გავიგონე, ასეთი ქვეყანა. ვიფიქრე დამცინის მასწავლებელი-მეთქი და `თხიმ-თხუ~-მეთქი - ჩავიცინე. გოგუცა მასწავლებელს ყურს აკლდა ცოტა და ნამდვიდა თიმფჰუა, ყოჩაღო და ხუთიანი დამიწერა. ჩემს აქამდე არსებულ და ალბათ აწიც, მომამავალ სიცოხლეში ერთადერთი.  უნებურად რომ აღმოვაჩინე ჩემი ნიჭი, გეოგრაფობა გადავწყვიტე. ამის მერე შემიყვარდა ბჰუტანი და თიმთფჰუ და ის კი არა და საკუთარი თვითმფრინავი რომ მეყოლება აუცილებლად უნდა გადავფრინდე ერთი და დავათვალიერო, იმიტომ რომ საქართველოდან პირდაპირი რეისი არ არის (ავიასალაროში დავრეკე ერთხელ  და ოპერატორი გოგონა თავიდან კინაღამ სიცილით მოკდა, რა ბჰუტანი,  რა თიმფჰუო. მერე  რომ დავაძალე,  აღმოაჩინა რომ დელიში უნდა გაფრინდეს ჯერ ბჰუტანში მიმავალი კაცი). არაორდინარული სხვისგან განსხვავებულს რომ ნიშნავს, ვიცი, მაგრამ მთლად კარგად ვერ მივხვდი, რა უნდა ყოფილიყო, ამიტომ გასაუბრებაზე იმავე დღეს რუბიკის კუბიკით წავედი. ეს ადრე იყო მოდაში, ახლა ხომ არ დადიან რუბუკის კუბიკით ხელში. ე. ი. განსხვავებული ვარ-მეთქი, გავიფიქრე... ეს კუბიკი წინა ღამეს დამხვდა ჩემს  კარებთან, თან აწყობილი... ვინ მოიტანა, საიდან მოვიდა აზრზე არა ვარ, აქაც უცხოპლანტელებზე მაქვს ეჭვი... 
ხოდა იმავე დღეს მინიშნებულ მისამართზე მივედი. გეოგრაფობაც გამოვიყენე და ადვილად მივაგენი. იანვრითა და  ყინვით სავსე დღე იყო. მზე ანათებდა მაგრამ ისე დაბლა იყო და ისე შორს, შეგეცოდებოდა კაცს... ფეხსაცმელი არასაიანვრო მეცვა, ცვეთის უკანასკნელ სტადიაში, მაგრამ სანამ ახალ ფეხსაცმელს შევიძენდი ფული ხომ უნდა მეშოვნა, თან მალე გაზაფხულიც მოვიდოდა და ახლა რომ საზამთრო ფეხსაცმელი მეყიდა, გაზაფხულზე საზამთრო ფეხსაცმლით ხო არ ვივლიდი,  ამიტომაც ძალიან არც ვჩქარობდი ახლების ყიდვას? თან უცხოპლანეტელების იმედზეც ვიყავი, რა იცი ერთხელაც და ჩემი ზომა ფეხსაცმელი დატოვონ კარებთან,  მერე რა ვუყო ორ წყვილს და თან ორივეს საზამთროს...
სოლიდური ფირმა ავეჯის კომბინატი ყოფილა.  რკინის პატარა გორგოლაჭებზე შემდგარი დიდი რკინის  ჭიშკრით, რომელსაც ასევე რკინის ღეროებით `კიდობანი~ ეწერა. ჭიშკრის  გვერდით პატარა აგურის მინაშენი იყო. ფანჯრიდან  დავინახე ვიღაც გამოუძინებელი კაცი იჯდა შეშის ღუმელთან  და ამთქნარებდა. უხერხულად კი მომეჩვენა, მაგრამ მაინც დავაკაკუნე და  კარი  გავაღე. ფირმა კიდობანი აქ არის მეთქი, ვიკითხე. პირდაპირ იმას ხო მარ ვიტყოდი, `ინვაიტ-მენეჯერს~ თქვენ ხომ  არ ეძებთ-მეთქი.  შენ რა კითხვა არ იციო? კითხვა რომ ვიცი, იმიტომაც ვიკითხე-მეთქი. არა, ქართულის კითხვა თუ იციო, იცი რა დაჯდა ეს წარწერა გარეთ, ჭიშკარზეო?!  მე არ ვიცოდი  რა დაჯდა წარწერა და გამოსვლა  დავაპირე, თან ჩავილაპარაკე:: დარაჯი რომ ასე შარიანია, დირექტორი რა იქნება-მეთქი და მეო დირექტორი ვარო... დარაჯიც შენ ხარ და დირექტორიც-მეთქი,  - დამლაგებელი არ დავაყოლე, რა ვქნა სამუშაო მე მინდოდა მას კი  არა  და არაო, აბა დარაჯი სად არის-მეთქი, თითქოს მთელი ცხოვრება ამ ფირმის დარაჯის ნახვაზე ვოცნებობდი. რაღაც თავი მტკივა და ციტრამონის საყიდლად გავუშვი, მოვკვდი გუშინ იმდენი ვსვი, ქართველებმა ხო ქეიფი არ ვიცითო... პირველი იანვრის მერე არ გამოვფხიზლებულვარ, ესაა საქმეო?! დამისვა კითხვა... სოლომონ ბრძენის ამბავი ხო იცი-მეთქი? რომელიო? რომელი და ერთხელ სუფრაზე რომ უგონოდ დათვრა და მიეძინა-მეთქი? არაო – დაინტერესდა, ხოდა წამოვიდა დილით სახლში თავისი ვირით, თან უგუნებოდ და დარცხვენილი რომ ზომაზე მეტი დალია და შერცხვა კაცი. გზაში პატარა ღელე უნდა გაევლოთ. ვირი მოწყურებული იყო  და წყალი დალია. სოლომონ ბრძენი ჩამოქვეითდა და ეუბნება ვირს – აბა კიდე დალიე ჩქარაო, უარი სტკიცა  ვირმა. ხან ეჩხუბა, ხან ემუდარა,  არაფრით არ დალია მეტი წყალი. მე ვყოფილვარ ვირი და  შენ ყოფილხარ ბრძენიო, უთხრა ბოლოს სოლომონ ბრძენმა დანანებით... მოვყევი ეს ამბავი და გვიან ვიკბინე ენაზე... როგორია ჯერ სამუშაო არ დაგიწყია და უფროსს ეუბნები ვირი ხარო... არ წყენია,  პირიქით გაუხარდა კიდეც,  რატომ აქამდე არ ვიცოდი ეს მბავიო და მერე დარაჯიც რომ მოვიდა მთელი დასტა ციტრამონით ხელში, თვითონ რომ დალია ერთი ტაბლეტი, დამპატიჟა კიდეც, შენც ხო არ დალევდი ერთსო. არ მადლობთ მთელი იანვარი სულ დალევასა და სმაში ვარ-მეთქი...
მერე მეუბნება შენ დარაჯის ნახვა გინდოდა თუ ჩემიო, არა სამუშაოს-მეთქი.  წამოდი მაშინ კაბინეტში გავაგრძელოთ კასტინგიო.
Lლამაზად მოგვილ-მოწესრიგებული ეზოს შუაგულში ცენტრალური ოფისი იყო. უფრო სიღრმეში გრძელი შენობები იყო ჩამწკვურევული, ალბათ იქ ამზადებდნენ ავეჯს. იქვე მორების სახერხი ჩანდა და ქარის წისქვილი. წისქვილი ფრთებს იანვრის ქარი უბერავდა და აბრუნებდა. ხო არაფერია, მაგრამ გაგიხარდება კაცს რაღაცას ამუშავებულს რომ დაინახავ. ოფისში ავედით.  ეტყობა რემონტი ახალი ჩატარებული ჰქონდათ - სისუფთავე და რაც მთავარია სითბო იგრძნობოდა.  ის კი არა, დერეფანში რომ მივდიოდით ერთი ოთახიდან ყური მოვკარი გოგო როგორ ეჩხუბებოდა ბიჭს, დაუწიე მაგ `ზიმა-ლეტას~  ცოტა, ოფლად ვიღვრები, ან  გამიშვი გაგრაშიო...  ბიჭმა გაგრაში გაუშვა თუ არა გოგო, ვერ მივხდი, იმიტომ რომ ამასობაში კაბინეტშიც შევედით.
ნათელ ოთახს თხელ ეკრანიანი სუპერთანამედროვე კომპიუტერი ამშვენებდა, პრინტერით. პროფესიით რა ხარო, მკითხა უცებ. გეოგრაფი-მეთქი. კარგიაო. ზუსტად ეს გვჭირდებაო. აბა ბჰუტანის დედაქალაქი მითხარიო. ვაა, გამომივიდა ესეც გოგუიცა მასწავლებელი-მეთქი,  კი გავიფიქრე და თიმთფჰუ-მეთქი, მაინც ვუპასუხე. ხო `თხიმთხუ~, ხოდა თხიმთხუში ვიყავი ახლა წლებზე დაპატიჯებული ქორწილში,  ჯარის ამხანაგი ცხოვრობს იქ და ქალი მოყავს თურმე იქაური, მაგრამ ვერ მოვახერხე წასვლაო. ე, ბჰუტანშიც წასვლაც მოუსწრიათ, დასწრებაზე ყვეკაფერი ამ სამყაროში-მეთქი გავიფიქრე... იმან რა სახელები აქვთ, რა სჯობია საქართველო, გეორგია, თბილისი. ნახე რა ტკბილხმოვანებააო, ხო მაგრამ ეს ჩვენთვის და იმათთვის შეიძლება ჩვენ ვართ თიმფჰუ-მეთქი... ხო კაი გავანებოთ ბჰუტანს  თავი, საერთოდ ამ თანამდებობაზე გოგონა სჯობს,  გამოგიტყდებიო...  მეთქი გაუქანე ახლა და ლეწე, მაგრამ სამუშაოც რო მინდა? საწყენად არ მიიღო, უცხოელ დელეგაციებს უნდა დახვდეო, მაგრამ ჯერ არ გვწვევია არავინ და არც ეს არ არის პრობლემაო.  ოღონდ ყოველ დილით ინტერნეტში ელექტრონული ფოსტა უნდა შეამოწმო, მისამართია, კიდობანი, საბაჩკა, ფოსტა ჯი. პაროლი ადვილია კიდობანი13, უწერტილოდ, უტიროდ და უინტერვალოდო. რატომ მაინც და მაინც 13, 14 მაინც ყოფილიყო-მეთქი. მაგაზე არ იდარდო შენ, წინა ინვაიტ-მენეჯერიც მეყო მაგაზე რო დარდობდაო. და ის სადღაა-მეთქი, ლამაზი იყო და  ცოლმა იეჭვიანა არცთუ უსაფუძვლოდ და კატეგორიულად მომთხოვა კაცის აყვანა, გაგიმართლაო... ხო მართლა არაორდინარული რითა ხარო, მკითხა, მეც ვუთხარი აი, აწყობილი რუბიკის კუბიკის დაშლა ვიცი-მეთქი... შავი პარკიდან წინა საღამოს ნაპოვნი კუბიკი ამოვიღე - აწყობილი და დაშლა დავიწყე. ყოჩაღო. აბა ახლა ისევ ააწყვეო. არა მე მარტო დაშლა ვიცი-მეთქი. არა უშავს,  მიდი ახლა კადრებში, ექვსთვიანი ხელშეკრულება გააფორმეთ და  ხვალიდან სამუშაოზე გელიო...
რო გამოვდიოდი, შემაჩერა, მთლად შენ სამსახურში არ შედის, მაგრამ  სავარძლები  გამოვუშვით `ტროიკა~ ახალი და ხვალ სარეკლამო სლოგანი მომიტანე რამე, არაორდინარულიო... 
ხელშეკრულება გავაფორმე, ხელიც მოვაწერე. სამასი ლარი ხელფასი კი მეპატარავა, `ზიმა-ლეტას~ ხათრით უარი არ ვთქვი და უცხოპლანეტელების იმედად ვიყავი კვლავ. იმ Dდღეს პაემანზეც მოვასწარი მისვლა,  კარგი გოგო იყო მაგრამ სახლში დაპატიჟებზე სასტიკი უარი  განმიცხადა. რა ცუდი ხარ,  ვიცი რატომაც მეპატიჟები სახლშიო, საიდან იცოდა რომ სახლი ორი თვის დაულაგებელი მქონდა, ვერ ვხვდები. ჩაის სახლში ყავა დავლიოთო, კარგი-მეთქი – გადამიქანდა გული. ვიყავი ადრე იმ ჩაის სახლში სხვა გოგოსთან ერთად  და ორი ულუფა ჩაი ათი ლარი დაჯდა. მე მხოლოდ 6 ლარი მქონდა და იმ გოგოს ვალი დამედო, თუმცა არ გადამიხდია ჯერ. სადაც ჩაი ამდენი ღირს, ყავა რა ეღირება-მეთქი ვფიქრობდი და დაცვამ რომ მითხრა, უკაცრავად ადგილები არ არისო, კინაღამ ვაკოცე - `უცხოპლანეტელი~ მეგონა...  მერე ორი საათი ვიჯექი იანვრის მზით ოდნავ შემთბარ `ვარდების~ ბაღში და ორი საათი მიკითხავდა არ ვიცი საკუთარს თუ ვიღაც-ვიღაცეების ლექსებს... მე  კი დიდი ინტერესით  ვაკვირდებოდი კედელზე მიხატულ დიდ, გულუბრყვილო თვალებიან,  ყელზე ბანტშებმულ ძროხას და  სარეკლამო სლოგანზე ვფიქრობდი...
პაემანმა შედეგი გამოიღო. მეორე დღეს სლოგანი მზად მქონდა: ჩვენს სავარძლებში ძროხაც კი კარგად გრძნობს თავს...
არ მოეწონა, ცოლმა რამე არ იფიქროსო, რა უნდა იფიქროს,  თან ინდოეთში ძროხას აღმერთებენ-მეთქი. ხო, მაგრამ ინდოეთში ხო არ ვართო...
ხო კარგი, სლოგანებს თავი დაანებე და  შენს სფეროს მიხედეო... ოთახი გამომიყვეს, დიდი არ იყო მაგრამ მაგიდა, სკამი, და ინტერნეტში ჩართული კომპუტერი მქონდა... რა ცოტა რამეა სრული ბედნიერებისთვის საჭირო...
იანვრიდან ივლისამდე ვიმუშავე...
არცერთი დელეგაცია არ ჩამოსულა... სამაგიეროდ გულდასმით ველოდი...  ყოველ დილით ვამოწმებდი ელექტრონულ ფოსტა. იქ კი ერთი და იმავე შინაარსის წერილები მხვდებოდა: `ვოტ ვილაჟილა ნოვიე ფოტკი, პასმატრიო~,  -  ცუდი ყოფაქცევის უცხოპლანეტელები თუ იყვენ ალბათ. ვუყურებდი ამ სურათებს და მცხვენოდა...
თან რაც ინვაიტ-მენეჯერი გავხდი სიზმარი დამჩემდა ერთი: თითქოს რომელიღაც კუნძულის მეფე ვარ და ლამის ტიტველი მოდელები მახვევია თავზე...
ამ ამბიდან ცოტა ხანში ერთი ცნობილი ფირმის სარეკლამო  ბილბორდები გამოჩნდა სავარძელზე წამოგორებული ბედნიერი, თვითკმაყოფილი მზერით აღსავსე ჭრელი ძროხით... იმ ფირმამ საიდან გაიგო ეს ჩემი იდეა,  ახლაც არ ვარ აზრზე...
თანამშრომლებთან თბილი ურთიერთობა მქონდა. არ ვიცი ეს `ზიმა-ლეტას~ დამსახურება იყო, რომელიც ყოველ ოთახს თანაბრად ათბობ-აცივებდა თუ უბრალოდ კოლექტივი იყო კარგი. ერთხელ მაფრთხილებენ, ხვალ რევიზია მოდის და იცოდე არ დააგვიანოო. რევიზია ვინღაა-მეთქი  და ჩვენი უფროსის უფროსი, ანუ მისი ცოლიო. იმ ღამით უცხოპლანეტელი მესიზმრა, თითქოს წერილი გამომიწოდა და წაიკითხეო მითხრა, წავიკითხე: `არც შეიყვარო, არც შეგიყვაროს – გაიყინები~,  - ეწერა წერილში. დაახლოებით ისეთი წერილი იყო ნოსტრადამუსის ცენტურიები რომ არის. ვიფიქრე, ალბათ რევიზიის ვიზიტს ეხება, მე კი არ შევიყვარებდი, მაგრამ ის რა ვიცი რა თვალით შემომხედავდა. ამიტომ მთელი დილა ვვარჯიშობდი, როგორმე იდიოტური შეხედულება მიმეღო, რაც  არ გამჭირვებია. მართლაც მეორე დღეს ადრე მივედი, კომპიუტერი ჩავრთე და კარებზეც დააკაკუნეს. მე ნავარჯიშევი მიმიკა მივიღე და მობრძანდით მეთქი, თურმე დამლაგებელი იყო, ცოცხი კინაღამ გაუვარდა... რა გჭირს რა სახე გაქვს, რამე ხო არ დაგემართა, სასწრაფოში ხო არ დავრეკოო, -მკითხა შეშინებულმა, ე. ი. ვარჯიშს ამაოდ არ ჩაუვლია...
მერე რევიზიამაც შემოიხედა. არაუშავს, ლამაზი ქალი ჩანდა. მაგრამ ისე იყო შეღებილ, გაკრასკული, თავიდან რომელიღაც საღებავების ფირმის რეკლამა მეგონა. შენ ხარ ახალი `ინვაიტ-მენეჯერიო? – მკითხა. `კეე~-მეთქი. დამლაგებელს რომ დავხვდი ის სახე მქონდა ისევ და რატომღაც `ი~ ვერ ვთქვი. `რა ხდება, მოდიან უცხოელი დელეგაციებიო~, - მკითხა კვლავ.  რაცხა არ უჩანს მაგეს პირე-მეთქი, ვუთხარი და გავიკრიჭე. `უი რა საყვარელი ხარო~, - მითხრა. კინაღამ ინფარქტი მივიღე.  თურმე გადავრჩი. კმაყოფილი წავიდა და მერე არც შემოუხედვას... 
აი  ივლისსაც გადავაგორებ, მერე ფასიან შვებულებას ავიღებ და ზღვაზე წავალ-მეთქი ვფიქრობდი... თურმე მწარედ, ფასიანი კი არა უფასო შვებულებაც სანატრელი გამიხდა...
გუშინწინ კაბინეტში მიბარებს და ცოლს გავეყარეო...  ვითომცდა ძალიან მანერვიულებდა მისი ოჯახური ცხოვრების დეტალები... თან პარლმენტარმა მთხოვა ერთზე სამუშაოზე მოწყობა და... ზუსტად არ ვიცი ჯერ მოვა თუ არა  და თუ ძმა ხარ თუ მოვიდა  წყენა არ ჩაიდო გულში, ხელშეკრულება მაინც გითავდება  და არც მაგინოო... 
კაი-მეთქი, დავპირდი...
ხო, დღეს დილით ჩვეულებრივ მივედი სამსახურში, დაგვიანებით...…
    ის კი მისაღებში იჯდა. ისეთი ლამაზი იყო, სიზმარი გამახსენდა უცებ, კუნძულის მეფე რომ ვარ  და  თითქმის ტიტველი მოდელები თავს რომ მახვევია, იმ მოდელთაგან გავდა ერთ-ერთს. რომ დამინახა გამიღიმა. ვიფიქრე მიცნო და მეც გავუღიმე – მეფურად.  ის იყო შეყვარებას ვაპირებდი, იმან ბატონი ჯემალი თქვენ ბრძანდებითო (დირექტორს ერქვა ბატონი ჯემალი). Aჯერ-ჯერობით არა-მეთქი და ბატონი ჯემალი მალე მოვა, მე ის ვარ ინვაიტ-მენეჯერის თანამდებობაზე რო უნდა დავიწყო თქვენთან მუშაობაო? – გამახარა ვითომ. Aარ ვიცი ქალიშვილო ბატონი ჯემალი როდის მოვა, ნოლ-ცხრაზე დარეკეთ-მეთქი, ვუთხარი  და ცხვირი აიბზუა...
არავის არ დამშვიდობებივარ, არ მიყვარს ეს ცერემონიები, ავიღე ჩემი  თუ რუბიკის კუბიკი თავის შავ პარკიანად და წამოვედი, სხვა არც არაფერი იყო ჩემი...
ღამე კი ძალიან სიზმრიანი გამომივიდა:
1-ლი სიზმარი: ასფალტიჭამია მომსდევდა სევდიანი თვალებით და თან მაზუთგადასხმულ ასფალტს ისე ჭამდა, როგორც ქარაქგადასმულ პურს. ასეთი სევდიანი თვალები რატო გაქვს-მეთქი, ვკითხე. Aაბა ჭამე ყოველდღეE ასფალტი და ერთი ვნახავ არ თვალები გექნებაო. ვინ გაძალებს-მეთქი. შენ ვერ გაიგებ, უცნობი ხარ და უცნობს გული რატო გადაგიშალოო, თან რა ვიცი იქნებ მერიაში გყავს ვინმე ნაცნობიო.  მაშინ რას მომსდევს, რომელი შენი ძმაკაცი  ვარ-მეთქი. საიდან მოიტანე რომ მოგსდევ, უბრალოდ დრო-ჟამმა ამ მომენტისათვის ერთად შეგვყარა და ჩვენი გზები ერთმანეთს დაემთხვნენ, ეს არის და ესო. შენ რა ფილოსოფიურად მოაზროვნე ასფალტიჭამია ხარ და რა მიზნით დამესიზმრე, ის მაინც მითხარი-მეთქი,  არ გეყო ის სიზმარი, კუნძულისNმეფე რომ ხარ და ლამის ტიტველი მოდელები რომ დაგტრიალებენ თავსო, თქვა და წავიდა:  ასფალტის ჭამით გააგრძელა გზა... მე კიდე სხვა სიზმარში გადავედი უცებ, გვერდი თუ ვიცვალე ალბათ...
მეორე სიზმარი.  სიღნაღში,  Kფიროსმანის სახლ-მუზემში ვარ.  შესასვლელში, იქვე, ტყვია გაუმტარ მინაში მილიონი დოლარი დევს რომელიღაც ბანკის სარეკლამოდ ალბათ და მწვანედ ხასხასებს, თან ოთხი მთასავით ქართველი იცავს, ზემოდან კიდე ვიდეო იღებს. ვფიქრობ, რად უნდათ ტყვილად რომ უდევთ, მომცენ ეს მილიონი, რამდენ რამეს გავაკეთებდი. რას გავაკეთებდი, რა ვიცი რას გავაკეთებდი.  ალბათ ბანკში შევიტანდი, პროცენტებით ვიცხოვრებდი... ხოდა კი არის ბანკში და ახლა სხვა ცხოვრობს ალბათ პროცენტებით... Uუცებ მუზეუმში ნიკალას ვხედავ, აი ფიროსმანის ქუჩაზე რომ პატარა ოთახი ქონდა  კიბის ქვეშ,  იმ ბინაშია თითქოს. ის ბინაც ახლა თითქოს მუზეუმში აქვთ გადმოტანილი. მინდა მივიდე და ვუთხრა რომ ძაან მაგარი კაცია, რომ მის ნახატებს მთელი მსოფლიო განცვიფრებაში მოყავს, რომ მისი ნახატები ამ მილიონზე ძვირი ღირს და ნაბიჯიც ვერ დავძარი. დაჭედებული ვარ თითქოს. Uუცებ  პიკასო შემოვიდა  მოლბერტით და ნიკალას ეხვეწება, ერთი წამი გამიჩერდი, დაგხატავო. ნიკალამ კიდე, აჰა და წამიც გავიდა,  მეტს უკვე ვერ დაგელოდები,  დუქანი მაქვს მოსახატი, შენც წამო, ერთად მოვხატოთ და  მერე კარგად ჩავუჯდეთ იქვე დუქანშიო. ხო კაი, იქ დაგხატავ მაშინო, პიკასომ და წავიდნენ. გული დამწყდა, რომ მე არ დამიძახეს. ამ დროს კარებზე აკაკუნებენ, M რუბიკის კუბიკი იყო აწყობილი და მიცინოდა. რას მიცინი შეჩემა, ვალი კი არ მაქვს შენი ასი ლარი-მეთქი, ვუთხარი გაბრაზებულმა.  ნიკალას გამარჯობაც რომ ვერ ვუთხარი, ამის გამო კუბიკზე ვიყარე ჯავრი და პასუხად სიმღერა დაიწყო, `სულ მარე ლუჩიტა, Lლასტრო და ჯენტო...~, რა შუაში იყო. Aარ მიყვარს აწყობილი რუბიკის კუბიკები, თან მომღერალი. Mმოვკიდე ხელი და ავშალე, ამასობაში მეორეც მოვიდა, ისიც აწყობილი, `დდტ-ს~ სიმღერას მღეროდა, `ეტო ვსიო, ჩტო ასტანეტსია, პოსლე მენია...~, ისიც ავშალე, მარა რად გინდა? მოდის და მოდის ეს აწყობილი რუბიკის კუბიკები, თვლა არ აქვს.  მოდიან, მე ვშლი, ბოლოს ვხედავ მთელი ქვეყანა, ხალხი, პარლამენტი, პრეზიდენტი,  რუბიკის აწყობილი კუბიკებია და პინკ-ფლოიდის სიმღერა რომ არის `ედუკეიშენ~, `კედელიდან~  იმას მღერიან, თან მწყობრი ნაბიჯებით მოდიან  და მე გავრბივარ... ისევ იმ სიზმარში, კუნძულის მეფე რომ ვარ მინდა მოვხვდე,  მაგრამ უცებ... 
მესამე სიზმარი: გერმანიის ნაკრები  ესპანეთის ნაკრებს ხვდებოდა ევროპის ჩემპიონატის ფინალში. Pპირველი ბურთი ბალაკმა გაიტანა, მეორე კლოზემ... მერე ტორესმა ლამს მოქაჩა უკნიდან, კარიდან უდრო დროს გამოსულ ლემანს დაასწრო და  ერთი ბურთი გაქვითა... მე ათი ლარი მქონდა დადებული გერმანიაზე და მეორე დღეს ოცდაცამეტი ლარის ასაღებად მივედი. ტოტალიზატორის მოლარემ, გერმანიის მოგება რა, სიზმარში ნახეო, ხო-მეთქი და  შენ საიდან იცი-მეთქი,  ხოდა სიზმარში აიღე მოგებული თანხაო  და გამიღიმა, თითქოს ის სიზმარიც იცოდა კუნძულზე მეფე რომ ვარ...  მეც გამოვედი ტოტალიზატორიდან და იმ სიზმარში მინდოდა შესვლა, ოცდაცამეტ ლარს რომ ავიღებდი, მაგრამ ამაოდ..
მეოთხე სიზმარი, ყველაზე შავი. ბჰუტანში ვცხოვრობ თითქოს, თიმფჰუში და ოტელო ვარ, ის მომენტია ზუსტად დეზდემონას რომ ვახრჩობ, დეზდემონა კი ის ქალია, ახალი ინვაიტ-მენეჯერი და გამეღვიძა...  უფრო სწორად ხმაურმა გამაღვიძა, რუბიკის კუბიკი იყო გადმოვარდნილი წიგნის თაროდან, თან აწყობილი... ნეტა ვინ ააწყო... ააა, გამახსენდა, სამსახურიდან გზაში ავტობუსისთვის ორმოცი თეთრი არ მქონდა მისაცემი, ვნერვიულობდი და უაზროდ ვატრიელებდი ხელში, ალბათ მაშინ ავაწყვე... უცებ სიზმარი აღვიდგინე, ბოლო. გასაგებია სპეცსამსახურები რომ ხალხს ჩუმად უსმენს, ნეტა სიზმრებსაც თუ ათვალიერებენ... თუმცა რადგან ამ სიზმარში ბჰუტანში ვიყავი, ალბათ ბჰუტანის კანონებით უნდა დავესაჯე... მოკლედ ადამიანის მოკვლას კუბიკმა გადამარჩინა... კიდე კარგი დროზე გამაღვიძა... 
დილაა. კარები გავაღე – უცხოპლანეტელებმა დამიტოვეს იქნებ რამე-მეთქი.  სარეკლამო განცხადებების უფასო გაზეთიც არ იყო. ეეე, იმათაც დავავიწყდი. წავედი. უფასო რეკლამა უნდა გავაკეთო რომელიმე გაზეთში... 
`..ახალგაზრდა კაცი, არაორდინარული აზროვნებით და უმაღლესი განათლებით, ეძებს სამუშაოს... მაქვს ინვაიტ-მენეჯერის თანამდებობაზე მუშაობის ექვსთვიანი სტაჟი...~


10.07.2008 წ.


კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები