ნაწარმოებები


ურაკპარაკის დასახმარებლად!!!     * * *     გთხოვთ შეიხედოთ ფორუმზე: #ურაკპარაკის ფორუმი >> ლიტერატურული საიტის შესახებ >> ურაკპარაკის დასახმარებლად -> http://urakparaki.com/?m=13&Forum=1&Theme=1502#Last

ავტორი: თამარ ბუკია
ჟანრი: პროზა
17 დეკემბერი, 2011


თავი 3. იახტა ”პელიკანი” (”დაბრუნება”)

სწრაფად გადიოდა დრო.  მალე მოვიდა ზაფხული.
თეონა თბილისში დასაბრუნებლად ემზადებოდა, ალა და დიმა კი - ”პელიკანით” ვოლგა-დონის არხზე გასეირნებისთვის.
”პელიკანი” - მათ იახტას ერქვა. იახტა კლუბს ეკუთვნოდა, მაგრამ დმიტრი სერგეიჩი მისი უცვლელი კაპიტანი იყო აგერ უკვე ოცდახუთი წელია და, ფაქტიურად, ”პელიკანი” თავის საკუთრებად მიაჩნდა.  აქ გაიცნეს ერთმანეთი ალამ და დიმამ ოციოდე წლის წინ, როცა იახტ-კლუბის პრეზიდენტმა კლუბის ახალი წევრი ალა ალექსანდროვნა ”პელიკანზე” ბოცმანად გაამწესა.

უცნაური წესებია იახტ-კლუბში. თითოეული ეკიპაჟი დაკომპლექტებულია ოთხი ადამიანით: კაპიტანი, ბოცმანი და ორი მეზღვაური. რომელ ეკიპაჟსაც ქალი არ ჰყავდა, მათთვის ადვილი იყო სამორიგეოდ ერთმანეთის ჩანაცვლება. მაგრამ იქ, სადც ქალიც იყო ეკიპაჟის წევრი, იქ მორიგეობაც უფრო პრობლემური იყო, დაძინებაც და ტანზე გამოცვლაც.
ამიტომ იახტ-კლუბში ერთი უმარტივესი წესი იყო შემოღებული, რომელსაც მხოლოდ იახტაზე კი არა, ხმელეთზეც არ არღვევდნენ კლუბის წევრები:
- ”მე გავდივარ მეორე ოთახში”, - იტყოდა ამ ფრაზას რომელიმე წევრი და დანარჩენები, გამონაკლისის გარეშე, ან მასთან ზურგშექცევით სხდებოდნენ და ან, თუ ამის ადგილი არ იყო, - თვალებს ხუჭავდნენ და მანამდე არ ჰქონდათ თვალის გახელის ან შემობრუნების უფლება, სანამ იგივე პიროვნება არ იტყოდა:
- ”მე დავბრუნდი”.

იახტები არასოდეს დაცურავდნენ ცალ-ცალკე. მინიმუმ სამი იახტა მაინც დაცურავდა ერთად.
იახტების მაქსიმუმი განსაზღვრული არ იყო, - თუნდაც ას იახტას ერთად შეეძლო ეცურა ერთი და იმავე მიმართულებით და ასეთ შემთხვევაში ასივე იახტა ერთდროულად მიადგებოდა ნაპირს როგორც პროდუქტებისა და სასმელი წყლის მარაგის შესავსებად, ისე სხვადასხვა ფიზიოლოგიური მოთხოვნილებების დასაკმაყოფილებლად.

ტრადიციულად, ხუთიახტიანი ”არმადა” ყველაზე რაციონალური ვარიანტი იყო, ამიტომ ”პელიკანთან” ერთად კიდევ ოთხი იახტა დაცურავდა-ხოლმე.

- თეონა,  არ გინდა, ეს ზაფხული ჩვენთან ერთად გაატარო? ”პელიკანზე” შენთვისაც მოინახება ადგილი.
- მეხუთე წევრად? - გაეცინა თეონას.
- არა, მეორე მეზღვაურად. წელს იურა ვერ მოდის, მისი ცოლი ფეხმძიმედაა და ბავშვს ელოდებიან. მოიფიქრე...
- ვერა... დედაჩემი და მამაჩემიც ბავშვს ელოდებიან...
- რას ამბობ, მართლა? - თვალები გაუბრწყინდა დიმას.
- არა, ბიძია დიმა, - გაეცინა თეონას. - მე მელოდებიან.
- მე დაველაპარაკები და გამოგიშვებენ. არ გაინტერესებს ვოლგა-დონის არხზე გასეირნება?
- ძალიან მაინტერესებს, მაგრამ...
- ალიოშკასაც გაუხარდება, შენ თუ წამოხვალ.
- ვინ ალიოშკას? ჩვენსას? ის მოდის მეზღვაურად?
- ჰო... ნუ, ის იქნება ”პელიკანზე” მეზღვაურიც და ჩვენი ხუთი იახტის ექიმიც. წელს მისი მორიგეობაა.
- და ირა? ის წაიყვანეთ...
- ირა დედამისთან მიდის. სამ წელიწადში ერთხელ უწევს მორიგეობა ალიოშკას და ირას დედა მოუთმენლად ელის-ხოლმე ამ ბედნიერ წლებს, - თავის შვილს ორ თვეს არ იცილებს გვერდიდან... - გაეცინა დიმას.
- ბიძია დიმა, ვოლგა-დონის არხზე როგორ ხვდებით?
- აი, შეხედე, - დიმამ რაღაც რუკა გადმოიღო თაროდან და მაგიდაზე გაშალა, - მდინარე მოსკოვიდან არხით გადავდივართ ვოლგაზე, შემდეგ მივემართებით იაროსლავლისკენ, მერეა კოსტრომა, ნიჟნი ნოვგოროდი, ჩებოქსარი, ყაზანი, ულიანოვსკი, სამარა, სარატოვი, ვოლგოგრადი... იქიდან გადავდივართ დონზე - და სათავეებისკენ მივუყვებით ვორონეჟამდე. ეს თითქმის ერთ თვეს გრძელდება. მერე ვბრუნდებით უკან, - ესეც მეორე თვე.
- ფანტასტიური კრუიზია... საოცარია!
- ანუ მოდიხარ?
- არა მგონია... მამა ისე მელოდება, გული დასწყდება, რომ არ ჩავიდე. თან მეც ისე მომენატრა ყველა, რომ... არ გეწყინოთ, კარგი?
- ნება შენია... და ”პელიკანის” მზადყოფნის შესამოწმებლად სამი-ოთხი დღით რომ გავდივართ, ვერც იქ წამოხვალ?
- უი, სიამოვნებით, თუნდაც ხუთი დღე იყოს!
- ჰოდა, ძალიან კარგი! შენი საბანაო კოსტუმი აქ არ გექნება წამოღებული და ამიტომ ყიდვა მოგიწევს. მხოლოდ გაფრთხილებ, ერთიანი არ იყიდო, ვერ გამოიყენებ იქ.  ალექსეი ირას ”ვეტროვკას”  წამოგიღებს.

მაინც აპირებდა საზღვაოდ მომზადებას და ამიტომ მეორე დღესვე იყიდა თეონამ ორი საბანაო კოსტუმი: ერთი - მთლიანი, შავი ფერისა, რომელსაც ისე ჰქონდა ჩადგმული ოქროსფერი გულისპირი, რომ საცეკვაო კაბის დეტალი გეგონებოდა, მეორე კი - ორნაწილიანი, ფირუზისფერ-ზღვისფერ-შავ ფერებში. ეს ფერები ისე იყო ერთმანეთში გადახლართულ - შერეული, რომ აბსტრაქტულ სურათს ქმნიდა. მთავარი ის იყო, რომ საოცრად უხდებოდა თეონას.

ალექსეიმ ირას ზურგჩანთა მთლიანად წამოუღო თეონას: რა აღარ იდო შიგნით, - ნემსითა და ძაფით დაწყებული და პატარა თერმოსით დამთავრებული. და როცა ალექსეიმ გასაბერი მაშველი რგოლიც ამოაძვრინა ჩანთიდან, თეონას სიცილი აუტყდა.
- რა გაცინებს? შენ არ იცი, რამდენი რამეა საჭირო მგზავრობის დროს! შენ ხომ მოსკოვში არ იქნები, რომ უცებ შეირბინო მაღაზიაში? იქ ყველაფერი გათვლილად უნდა წაიღო, არც არაფერი ზედმეტი და... არც არაფერი უნდა გაკლდეს, თორემ გაწვალდები და მოგზაურობა სიამოვნების ნაცვლად მხოლოდ დისკომფორტს მოგიტანს.
- მაშველ რგოლზე გამეცინა, ალიოშკა.
- იცინე, იცინე... რაო, კარგად ვცურავო, ამით ეს მითხარი, ხომ?
- დაახლოებით...
- რას გეტყვი, იცი? იხრჩობა ის, ვინც ცურვა იცის. ვინც არ იცის ცურვა, ის ნაპირზე ზის და უყურებს, როგორ იხრჩობა სხვა.
- გავითვალისწინებ, ამხანაგო ექიმო... - გაეცინა თეონას.-  ალიოშკა, მამაჩემის რა ხარ? იმან მითხრა ზუსტად ეს წინადადება.
- ჭკვიანი კაცია მამაშენი.
- ვიცი... ჰო, მართლა, რა წამლები  წამოვიღო?
- მხოლოდ ისინი, თუ რამეს ოფიციალურად სვამ. ზოგადი მოხმარების წამლები - დიდი ხანია საგზაო აფთიაქში მიწყვია.
- ესე იგი, მე არაფერი მომაქვს!
- ასე გამოდის...

მეორე დილას ადრე გავიდნენ სახლიდან და სულ რაღაც ერთ საათში თეონამ  ”პელიკანზე” შედგა ფეხი.
- ზურგის ქარს ვუსურვებთ ”პელიკანს”, - მიაძახეს სხვა იახტებიდან და ”პელიკანმა” აფრები აუშვა.

ლამაზი, მზიანი დღე იყო. ”პელიკანი” უხმოდ მისრიალებდა და მოსკოვ-მდინარის წყლის ზედაპირზე თეთრქაფიანი ტალღის ზოლს ტოვებდა. ცოტაც და მდინარე მოსკოვიდან არხისკენ გადაუხვია ”პელიკანმა”.
- თავბრუს ხვევას თუ იგრძნობ, დაბლა, კაიუტაში ჩადი, - გააფრთხილა ალამ.
- ჩემი კაიუტა რომელი იქნება?
- რას ნიშნავს ”ჩემი კაიუტა”? კაიუტა ერთია...
- აბა, როგორ უნდა დავიძინოთ? - გაუკვირდა თეონას.
- კაიუტის ორივე გვერდზე გადმოსაკეცი საწოლებია დამაგრებული. თითოეული საწოლის სიგანე - მეტრანახევარია. ორივე საწოლი გადმოშლის დროს ერთდება და სამი მეტრის სიგანის ერთიანი საწოლი იქმნება. რას იტყვი, სამ მეტრიან საწოლზე ოთხნი ვერ დავეტევით?
- არ ვიცი?!... ალაბათ - კი.
- ჰოდა, ძალიან კარგი. შენ კედლისკენ დაწვები, მერე - მე, მერე დიმა და მეორე კედელთან - ალიოშკა.
- ღმერთო ჩემო... როგორ გძინავთ-ხოლმე?
- დღის მანძილზე იმდენი საქმეა, ღამე გათიშულებივით გვძინავს. თავად დარწმუნდები.
- ახლა ორი ქალი ვართ და... მარტო თქვენ როცა ხართ, მაშინაც ასე ორ-ორი წევხართ? - გაოცებას ვერ მალავდა თეონა.
- მერე რა მოხდა? გგონია ვინმე ხელს გახლებს ზედმეტად? იახტ-კლუბში, დაწერილი კანონების გარდა, დაუწერელი კანონებიც არსებობს და მათი დამრღვევი უფრო მკაცრად ისჯება, ვიდრე დაწერილი კანონების დამრღვევი. ასე რომ, ნურაფრისა გეშინია!
- ალექსეის ისედაც არ მეშინია... მე საერთოდ ვკითხულობ.
- მეც საერთოდ გეუბნები... ნურავისი და ნურაფრისა შეგეშინდება-მეთქი.
- კარგი. მე რა უნდა გავაკეთო?
- შენ  ჩვენს მზარეულად დაგნიშნეთ უკვე. შეგიძლია შეუდგე შენს სამუშაოს. მალე მოგვშივდება ყველას. აბა, წარმატებულ დღეს გისურვებ!


* * *
სწრაფად გაიფრინა სამმა დღემ. ”პელიკანმა” გეზი ისევ მოსკოვისკენ აიღო.
ალექსეი ბორტზე იდგა და ცას მისჩერებოდა. ზოგჯერ უკმაყოფილოდ იქნევდა თავს.
- რა მოხდა, ალიოშკა? - მიუახლოვდა თეონა.
- ცუდი ღრუბელი მოდის. საღამოს მაგრად დასცხებს.
- ვითომ?
- კი... ვერ გრძნობ, სუსხი რომ წამოვიდა? ცივი ქარი უბერავს.
- ჰო, ცოტა არის...
- წადი, ”ვეტროვკა” ჩაიცვი.
- ჯერ არ მცივა...
- რომ შეგცივდება, მერე გვიანი იქნება ჩაცმა. მანამ უნდა ჩაიცვა, სანამ არ გცივა. ეს თერმოსის პრინციპია.
- ეს როგორ?
- ჩვეულებრივად,  დაუკვირდი: თერმოსში ცხელ წყალს ჩაასხამ, ცხლად შეინახავს... ცივ წყალს ჩაასხამ და - დიდხანს დარჩება ცივად.
- ჰო, მართალი ხარ...
- ჰოდა, მანამდე ჩაიცვი, სანამ შეგცივდება-მეთქი... მერე გაგიჭირდება გათბობა. ამას როგორც ექიმი, ისე გეუბნები. როგორც გამოცდილი მეზღვაური, რჩევას მოგცემ, შენი გაზქურა დაბლა, კაიუტაში ჩაიტანე, იმიტომ, რომ მალე აქ ვეღარ მოამზადებ საჭმელს, წყლით გაივსება ქვაბი და ცეცხლიც ჩაგიქრება... და ბოლოს, როგორც მამაკაცი, ანუ უფრო ღონიერი, ვიდრე შენ ხარ, გეუბნები, წადი და თოკი შემოიხვიე წელზე...
- თოკი რად მინდა, ალიოშკა? - გაეცინა თეონას. - ამის გარდა, ყველაფერი ნათელი და მისაღები იყო... აი, თოკის დანიშნულება ვერ გავიგე.
- თოკი იმისთვის, რომ ბორტზე ადვილად მიგაბა, თუ ძლიერი ქარი ამოვარდება... და თუ იახტიდან გადაგაგდო ქარმა, შენი ამოყვანა უფრო ადვილი იქნება იახტაზე. გაიგე, ჩემო პატარა?
- ბრრრრ, გავიგე და შემეშინდა!
- საშიში არაფერია, თუ დამიჯერებ. აი, ირამ არ დამიჯერა და თითქმის ორი საათი ვეძებე წყალში. წადი, ჩაიცვი!

თეონა მალევე დაბრუნდა გემბანზე ”ვეტროვკითა” და წელზე შემოხვეული თოკით. ალექსეიმ გემბანის იმ ადგილს გახედა, სადაც ამდენ ხანს სამზარეულო იყო მოწყობილი, -  გაზქურა გემბანზე აღარ იდგა.
კალეიდოსკოპის სისწრაფით იცვლებოდა სურათები... ულამაზესი  დღე მოიღუშა, მოიქუფრა. ძლიერი ქარიც ამოვარდა, რომელმაც წვიმის პირველი წვეთები მოიტანა.  თეონამ ბორტიდან გადაიხედა და... უცებ, საიდანღაც, ცივი წყალი გადაესხა. მოულოდნელობისაგან შეხტა თეონა, რადგან მოეჩვენა, რომ ალექსეი ეხუმრებოდა და კისერში ასხამდა წყალს. მაგრამ არა, - ეს კოკისპირული წვიმა წამოვიდა ამდენად სწრაფად.  თვალდათვალ აიმღვრა  მდინარე, აიფაფრა, ტალღები აჰყარა...
- თეონა, ნაპირისკენ მივცურავთ. კარგია, თოკი რომ გიკეთია, მისი თავისუფალი ბოლო ბორტს ისე მიაბი, რომ გადაადგილება შეგეძლოს, - მთელი ხმით ყვიროდა ალა, მაგრამ მისი ხმა ქარის ღმუილში იკარგებოდა.

ალიოშკამ ძალა მოიკრიბა, თეონამდე მიაღწია და თავად მიაბა ბორტს თეონას წელზე შემოხვეული თოკის თავისუფალი ბოლო.
- შენ არ უნდა მიება? - დაიყვირა თეონამ.
- კი... მეც...  გვერდულად მიგვაცურებს მდინარე... ფრთხილად იყავი,  იახტის გადაბრუნების შემთხვევაში ამით გადაჭერი ბორტიდან ეს თოკი, - ყვირილითვე უპასუხა ალექსეიმ და ჯიბიდან დასაკეცი დანა ამოიღო, რომელსაც მკლავზე წამოსაცმელი თამასა ჰქონდა მიბმული. - ხელზე მიიბი დანა.
- გმადლობ, ალიოშკა! მოდი, მოგეხმარები ბორტზე მიბმაში...
- შენს თავს მიხედე, ბორტს ხელი არ გაუშვა... მე არ მინდა დახმარება... - ყვიროდა ალიოშკა და ”პელიკანის” გაწონასწორებას ცდილობდა, მაგრამ არაფერი გამოსდიოდა:  ”პელიკანი” უცნაურად ატორტმანდა და ცალ მხარეს გადაიზნიქა.
- მაღლა აწეულ ბორტთან დადექით ყველანი, იქნება გასწორდეს?! - მოისმა დიმას ხმა.
- ახლავე... - ალექსეიმ ცალი ხელი თეონას შემოხვია და მეორე ხელით ბორტს ჩაებღაუჭა. - გამაგრდი, თეონა, ნუ გეშინია!..
- არ მეშინია, მაგრამ... ალიოშკა, ახლა რაც მოხდება, იმის თქვენ არ შეგეშინდეთ, კარგი?  - უცნაური ხმით თქვა თეონამ, თითქოს ვერცხლის პატარა ზარს შემოჰკრესო... მერე ხელები ცისკენ აღაპყრო და მთელი ხმით დაიძახა, - მამაააააააა!!!  შენი ხელი მჭირდება, მამააააა!!!

ალა, დიმა და ალექსეი გაოცებას ვერ მალავდნენ, როცა ”პელიკანის” თავზე ისე უცებ შეწყდა წვიმა, თითქოს მათსა და წვიმიან ცას შორის დიდი ქოლგა გაშალესო. ”პელიკანიდან” არც თუ ძალიან შორს  კოკისპირულად ასხამდა წვიმა, მდინარე ისევ მღვრიე ტალღებს მოაგორებდა, მათი იახტის თავზე კი წვიმამაც გადაიღო და ”პელიკანიც” ჩვეულ მდებარეობას დაუბრუნდა, - ისე გასწორდა, თითქოს სულ რამდენიმე წუთის წინ გადაბრუნების პირას არ იყო მისული.
- ვის ეძახდი, თეონა? - დაბნეულმა იკითხა დიმამ.
- მამას...
- გიზოს?
- არა, ბიძია დიმა... მამა - ერთია, მამა ღმერთი!
- ნუ მაგიჟებ! და რა, მამა ღმერთმა გაიგო შენი ძახილი და წვიმამ ამიტომ გადაიღო?
- ბიძია დიმა, მე ხომ არ გეუბნები, ”გინდა თუ არა, დამიჯერე-მეთქი”? თუ არ გინდათ, ნურც დაიჯერებთ...
- ჰო, თუ არ მინდა დაჯერება, არც დავიჯერებ, მაგრამ... ფაქტებს სად გავექცე? - დიმამ უცნაურად ჩაიქნია ხელი და ბორტიდან თოკები შეხსნა.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები