ნაწარმოებები



ავტორი: თამარ ბუკია
ჟანრი: პროზა
22 დეკემბერი, 2011


თავი 4. რეისი ”მოსკოვი-თბილისი” (”დაბრუნება”)

იახტით მოსკოვში დაბრუნებიდან მესამე დღეს თეონა თბილისში გაფრინდა.
როგორც წესი, ბილეთს საღამოს რეისზე იღებდა-ხოლმე. ახლაც, ექვსი საათი ხდებოდა, თეონა რომ ალას და დიმას დაემშვიდობა და გამოძახებულ ტაქსიში ჩაჯდა.
მანქანამ ტრასაზე გადაუხვია თუ არა, მძღოლი მოუბრუნდა და უთხრა:
- ჩაჯექით თუ არა, მაშინვე გიცანით.
- მე? საიდან? - გაუკვირდა თეონას.
- მე ვიცი, თქვენ ვინც ხართ.
- მაინც, ვინ?
- დავიწყებ იქიდან, რომ თქვენ არ ხართ რუსი... თუმცა კი უაქცენტოდ ლაპარაკობთ რუსულად... მართალი ვარ? - მხიარულად თქვა მძღოლმა.
- დავუშვათ...
- მე ვიცი, რომ ამჟამად თქვენ და თქვენი მეუღლე სხვადასხვა ქალაქში ცხოვრობთ... მართალი ვარ?
- გაოცებული ვარ თქვენი გამჭრიახობით. მაგრამ მე რომ ვერ გცნობთ?
- თქვენ როგორ უნდა მიცნოთ? მე თქვენი ნიჭის თაყვანისმცემელი ვარ! ისე, საინტერესოა, თქვენც თუ მღერით? თუ მხოლოდ მეუღლე?
-  ალბათ მართალი ვიქნები, თუ ვიტყვი, რომ მე უკეთ ვმღერი...
- ჰო, მას ხრინწიანი ხმა ჰქონდა... მაგრამ მაინც ყველას უყვარდა ვალოდია...
- ვინ ვალოდია?
- ვისოცკი...
-  ვლადიმერ ვისოცკი? და მე რა შუაში ვარ მასთან? - გაოცება ვერ დამალა თეონამ.
- თქვენ ხომ მარინა ვლადი ხართ? ზუსტად ვიცი...
- ღმერთო ჩემო, რა სისულელეა? - გაეცინა თეონას, - მაპატიეთ, უნებურად წამომცდა... მე არ ვარ მარინა ვლადი!
- არა?
- არა...
- შეუძლებელია! თქვენ ისე ჰგავხართ მას... - მძღოლმა სარკე ისე დააყენა, რომ თეონასთვის შეეხედა.
- ვლადის? რას ამბობთ? სულ არ ვგავარ!.. და, ჩემს თვალიერებას,  იქნებ მაინც გზისთვის გეყურათ? აჯობებდა!
- მაპატიეთ... მე კი როგორ გამიხარდა, თავად მარინა ვლადი ჩამიჯდა მანქანაში-მეთქი,- გულდაწყვეტით თქვა მძღოლმა და სარკე გაასწორა.

აეროპორტამდე ისე მივიდნენ, ხმა აღარ ამოუღიათ.  აეროპორტში მოსაცდელ დარბაზთან მიაყენა მანქანა მძღოლმა და მანქანიდან გადმოვიდა, ბარგის გადმოტანაში უშველა, შემდეგ პატარა ბლოკნოტი ამოიღო ჯიბიდან და მორიდებით სთხოვა:
- რა მნიშვნელობა აქვს, ხართ თუ არა მარინა ვლადი? მართალი ხართ, თქვენ სულ არ ჰგავხართ მარინას, მასზე ლამაზი ხართ... ბევრად! და შეიძლება, ავტოგრაფი გთხოვოთ? ასეთი ლამაზი ქალის ავტოგრაფი ვლადის ავტოგრაფზე ძვირფასია... ნუ მეტყვით უარს...
- დავიბენი, არც კი ვიცი, რა გითხრათ...
- ნურაფერს მეტყვით, მხოლოდ ავტოგრაფი დამიტოვეთ თქვენი...

თეონამ მხრები აიჩეჩა, ბლოკნოტი გამოართვა და ხელი მოაწერა.
ბლოკნოტი დაუბრუნა თუ არა, მძღოლმა ხელი დაუჭირა და მოწიწებით აკოცა ხელზე. მერე სწრაფად ჩაჯდა მანქანაში და ძრავი ჩართო.
- მოითმინეთ, ფული არ მომიცია თქვენთვის... - თეონამ ჩანთა გახსნა, მაგრამ მძღოლმა უარის ნიშნად გაიქნია თავი.
- ჩემთვის ეს ავტოგრაფი უფრო ძვირფასია. ჩათვალეთ, რომ ჩემი სტუმარი იყავით და... კეთილი მგზავრობა! - მძღოლმა საჰაერო კოცნა გაუგზავნა თეონას და სწრაფად დაძრა მანქანა ადგილიდან.

მხიარულ ხასიათზე დადგა თეონა.
რეგისტრაცია გაიარა, ბარგი ჩააბარა, აეროპორტის კაფეში სურნელოვანი ყავა დალია, სუვენირების მაღაზიაც დაათვალიერა. ვერცხლის ბეჭედი მოეწონა და დაუფიქრებლად იყიდა. მხოლოდ ხურდები ჩაიტოვა ჯიბეში, - მამა დახვდებოდა მანქანით და გზაში ფული აღარაფერში დასჭირდებოდა.
ძალიან ნელა გადიოდა დრო. როგორც იყო,  გამოცხადდა ჩასხდომაც. 
ტელეფონ-ავტომატთან მივიდა და სახლში დარეკა, - ”ჩასხდომა გამოცხადდა უკვე, არ ვიგვიანებთ, დროზე გამოვფრინდებიო”.
ჯიხურიდან გამოვიდა და ნელა გაუყვა გზას თვითმფრინავისკენ გასასვლელისკენ.
- თეონა?... თვალი მატყუებს თუ ნამდვილად შენ ხარ? - შემოესმა ხმა, რომელიც თან ეცნო და თან...
შეჩერდა და ნელა მიბრუნდა ამ ხმისკენ.
გაფართოებული თვალებით შემოსცქეროდა ახალგაზრდა ვაჟი და ფეხის გადმოდგმას ვერ ბედავდა. მის გარეგნობაშიც იყო რაღაც ძალზე ნაცნობი, მაგრამ არა - ”მშობლიური”... თეონა მას იცნობდა და ვერც... ახსოვდა და არც...  თვალები მოჭუტა, ცდილობდა ეს ხმა აღედგინა... და უეცრად იგრძნო, როგორ მიაჭყლიტეს კედელზე... სუნთქვა შეეკრა... მერე როგორ იყვირა ამ ხმამ, ”მიშველეთ, გოგო იღუპებაო”...
- კაკო? კაკო ლეჟავა?! - უნებურად აღმოხდა თეონას და ვაჟი ადგილს მოსწყდა.
- მე ვარ, თეონა, მე! მიცანი? შენც მიცანი?... რომ იცოდე, რამდენი ხანია გეძებ... - კაკო თეონასთან მიიჭრა, გადაკოცნა და გულში ჩაიხუტა.
- სად მეძებ? - კაკოს ხელები მოიშორა თეონამ და გამომცდელად ჩახედა თვალებში.
- ყველგან... თბილისშიც, მოსკოვშიც...
- ტყუილს მეუბნები... არასოდეს გიძებნივარ.
- არ გჯერა?
- არა... მაპატიე, მაგრამ არ მჯერა.
- რატომ? - ხმაში ბზარი გაუჩნდა კაკოს.
- იმიტომ, რომ მე ისევ იქ ვარ, სადაც ვიყავი... ანუ სადაც პირველად მნახე, უნივერსიტეტში... ჩემო მოძებნა არაა ძნელი და... აქედან დასკვნაც: მა-ტყუ-ებ!
- არ აქვს მაგას მნიშვნელობა, სად გეძებდი და როდის... მთავარია, ისევ გიპოვე და აღარასოდეს დაგკარგავ.
- დარწმუნებული ხარ? - ჩაეცინა თეონას და კაკო გამომცდელად აათვალიერ-ჩაათვალიერა. ”მდააა... ძალიან შეცვლილა, ლამის რომ ვერ ვიცანი, ისე... საკმაოდ სიმპათიური და წარმოსადეგი ყმაწვილია, მაგრამ... არის მასში რაღაც... რაღაც ისეთი, ჩემში რომ უნდობლობას იწვევს. თუმცა კი ვერ ვაცნობიერებ, რა!”
- კი... შენ მაშინ მითხარი, საქმრო თუ შეყვარებული მყავსო და... საქორწილო ბეჭედი დღემდე არ გიკეთია. ეს კი ბევრ რამეზე მეტყველებს.  თუ მაშინ მომატყუე, თეონა?
- მაპატიე, კაკო... ჩემს რეისზე ჩაჯდომაა გამოცხადებული. მე არ დამელოდებიან, უნდა წავიდე. - თეონამ გაუღიმა, შებრუნდა და დერეფანს გაუყვა.

უპასუხოდ დატოვა კაკოს შეკითხვა. ან რა უნდა ეპასუხა? რატომ არ გავყევი ჯაბასო, - ეს მოეყოლა? თუ ის მოეყოლა, რამდენი რამ გადახდა იმ  ”14 აპრილის”  შემდეგ? ან რატომ უნდა მოეყოლა? რაში სჭირდებოდა ეს ყოველივე კაკოს?

კაკომ თვალი გააყოლა მიმავალ თეონას. შემდეგ ხელი  დაავლო ზურგჩანთას, ადგილს მოსწყდა, დაეწია და მის გვერდით გააგრძელა სვლა. თეონამ მოხედა, მაგრამ არაფერი უთხრა და გზა განაგრძო.

- ამ რეისით მოფრინავ? კიდევ უკეთესი. თბილისამდე ბევრი დრო გვექნება სალაპარაკოდ.
- დარწმუნებული ხარ, რომ ჩემს გვერდით გექნება ადგილი? 
- ასიანი...
- კარგი, ვნახოთ... - თავად ვერ მიხვდა თეონა, რატომ გააღიზიანა ასე კაკოს ნახვამ, რატომ დაიძაბა გასასროლად მოჭიმული  მშვილდივით.
- ვნახოთ... - კაკომ თეონას შეხედა, გაუღიმა და ხელი მოხვია ბეჭებზე.
- კაკო, ხელი ჩამოიღე... - სრულიად მშვიდი, მაგრამ ფოლადივით მტკიცე ხმით თქვა თეონამ.
- ბატონი ბრძანდები, - გაეცინა კაკოს, - სულ არ ვაპირებ შენს დაშინებას.

თვითმფრინავში ასასვლელად ჯერ პირველი ცამეტი რიგის მგზავრები მიიხმეს.
თეონა ტრაპს მიუახლოვდა.
- ასვლისას ყველამ დაასახელეთ რიგი და ადგილი... ასე უფრო სწრაფად ახვალთ, -გამოაცხადა სტიუარდესამ.
- მეშვიდე რიგი, ადგილი ”ა”... - თქვა თეონამ და ტრაპზე ადგა ფეხი.
- მეცხრე რიგი, ადგილი ”დ”... - მოისმა ვიღაც ქალის ხმა.
- მეშვიდე რიგი, ადგილი ”ბ”... - თეონა დენდაკრულივით შეხტა და შემობრუნდა, რადგან ეს კაკოს ხმა იყო.

”ასე სწრაფად ვის გაუცვლიდა ბილეთს? ჩემს გვერდით იდგა და მხოლოდ ის ფეხმძიმე ქალი გამოატარა თავის წინ. ღმერთო, შენ ნუ გადამრევ!”

ფეხმძიმე ქალმა თეონას გვერდი აუქცია და მასზე წინ წავიდა. თეონასა და კაკოს შორის აღარავინ იყო.
- გითხარი, შენს გვერდით ვიქნები-მეთქი? - გაუცინა კაკომ.
- ჰო, მითხარი, მაგრამ... რა იცოდი ჩემი ადგილი? აეროპორტში რეგისტრაციიდანვე მითვალთვალებდი?
- არა, შენს თავს გეფიცები... გუმანით მივხვდი, როცა მითხარი, რომ შენც თბილისში მოფრინავდი. სულ სხვა რეისით ვაპირებდი გაფრენას  და სულ სხვა დღეს. ბილეთი ვერ ვიშოვე. მერე დღევანდელზე რომ მითხრეს, ”რეისი მაინც მომეცით დილის-მეთქი”,  ვთხოვე და... არ იყო.  ”მეთოთხმეტე რიგი მაინც თუ გაქვთ, პირველივე ჩავალ-მეთქი” და... ”მხოლოდ ეს ერთი ბილეთი გვაქვს, ისიც ვიღაცამ დააბრუნაო”... მივხვდი, რაღაცას მიმზადებდა ბედი... რაღაც ისეთს, რომელიც აუცილებლად უნდა მომხდარიყო, ჩემი სურვილებისგან დამოუკიდებლად.

”მივხვდი, რაღაცას მიმზადებდა ბედი... რაღაც ისეთს, რომელიც აუცილებლად უნდა მომხდარიყო, ჩემი სურვილებისგან დამოუკიდებლად”... - მისდაუნებურად გულში გაიმეორა თეონამ ეს ფრაზა, როცა მის კუთვნილ ადგილზე ჯდებოდა და დაფიქრდა: ”მე რაღატომ ვითრევდი ფეხს? ვერ გავედი დროზე?  სად აღარ შევედი, მოსაცდელში მაღაზია თუ ჯიხური არ დამიტოვებია, რომ არ შემეხედა... და არც არაფერი მიყიდია მნიშვნელოვანი, მხოლოდ ეს ვერცხლის ბეჭედი. უბრალოდ, მეც რაღაცას ველოდი ალბათ.  ანდა... არა, არავითარი ”ანდა”! რა მნიშვნელობა ჰქონდა, როდის შევხვდებოდი კაკოს? მან ხომ თურმე გუშინ აიღო ბილეთი? კარგი, ბატონო... თბილისამდე გავერთობი მაინც. იქ მამა დამხვდება და... ”მთავარია, ისევ გიპოვე და აღარასოდეს დაგკარგავ”...- ისევ კაკოს ნათქვამი ფრაზა  ამოტივტივდა გონებაში.

- ...და ლურჯწვერა, ვარდისფერმა კურდღელმა მთვარეს დიდი ლუკმა მოაკბიჩა... თეონა, მისმენ? - კაკომ მკლავზე მოკიდა ხელი.
- არ ვიცი... ვერ გეტყვი... ალბათ!
- თეონა, რაზე ფიქრობ? - ოდნავ შეანჯღრია კაკომ.
- რა მითხარი?
- რაზე ფიქრობ-მეთქი? იმდენი სისულელე ვთქვი, რომ დავრწმუნებულიყავი, მისმენდი თუ არა, რომ მე თავად მეგონა ჩემი თავი არანორმალური... კიდევ კარგი, არავის აინტერესებდა, რას გეუბნებოდი.
- მაპატიე, ფიქრებში გავერთე...
- ამ ერთხელ გაპატიებ, - გაეცინა კაკოს, - გახსოვს  ჩვენი პირველი შეხვედრა?  რა მაგარი იყო, არა?  ან როგორ არ შეგეშინდა მოტოციკლეტით ისე მგზავრობისა? საოცარი გოგო ხარ!
- საოცარი გოგო  ვ ი ყ ა ვ ი,  კაკო...  ახლა ჩვეულებრივი ვარ...
- არ ხარ ჩვეულებრივი... ახლა უფრო ლამაზი ხარ და უფრო... ვერ ვამბობ, რაღაც სხვანაირი ხარ!
- ოთხი წელი გავიდა მას შემდეგ და... შევიცვალე ალბათ!
- ჰო, ოთხი წელი გავიდა... მე კი ისევე ვგრძნობ შენს სხეულს, ჩემს სხეულზე აკრულს, მაშინ იქ, მხატვრის სახლზე რომ კინაღამ ერთად მიგვასრისეს... ისევე ვგრძნობ შენი თმის სურნელს, როგორც მაშინ, ფანჯრიდან  ერთად რომ ვყვიროდით ”ვაშას”...
მაშინ გაკოცე და... დღემდე ვგრძნობ იმ კოცნას, იმ ტუჩების გემოს...
- კაკო, გაჩუმდი!...
- გაჩუმებით კი გავჩუმდები, მაგრამ... ვეღარ გავჩერდები! მე ვეღარავინ წამართმევს შენს თავს! მე შენ ვეღარასოდეს დაგკარგავ!
- კაკო...
- რა, ”კაკო”? უკვე ოცდარვა წელია, ვიცი, რომ კაკო ვარ... და არც ის მაინტერესებს, სადაა ახლა ის შენი გიჟი შეყვარებული! ან მაშინ როგორ დაგთმე?! საკუთარი თავისთვის ვერ მიპატიებია!  ჩვენ აღარ დავცილდებით, აღარასოდეს! გესმის, თეონა?!

”და არც ის მაინტერესებს, სადაა ახლა გოგა! ან მაშინ როგორ დაგთმე?! საკუთარი თავისთვის ვერ მიპატიებია!  ჩვენ აღარ დავცილდებით, აღარასოდეს! გესმის, თაია?!” - გონებაში ამოტივტივდა ანდროს სიტყვები და გული შეეკუმშა. ღმერთო ჩემო! ზუსტად იგივე უთხრა ახლა  კაკომ... ”რა ხდება? კარუსელი დატრიალდა? გააკეთებ ერთ წრეს და... სადაც დატოვე, იმავე სკამზე დაგხვდება დედა... ან მამა... ან... ნუ, რა მნიშვნელობა აქვს ვინ დაგხვდება იმავე სკამზე? მთავარია, რომ კარუსელივით ბრუნავს ეს ცხოვრება... და არაფრის შეცვლა შემძლებია...  ა-რა-ფრის!”

- თეონა, ისევ სადღაც წახვედი... ვიზე ფიქრობ ამდენს?! არ მაეჭვიანო, იცოდე! - კაკომ ფრთხილად აიღო თეონას ხელი და ტუჩებთან მიიტანა.
- თუ არ გეზარება უაზროდ ეჭვიანობა, იეჭვიანე... მე ვერ დაგიშლი, - გაეცინა თეონას და უცებ მიხვდა, რომ დაძაბულობა მოეხსნა. ”მართლაც და, ან რატომ შეხვდა კაკოს ასე დაძაბული? რა დაუშავა კაკომ? კარგის მეტი რა გაუკეთებია მისთვის?”
- კარგად ზიხარ?
- კი, ძალიან... სულ ამ რეისით დავფრინავ და სულ ამ ადგილას ვზივარ-ხოლმე. სტიუარდესები მიცნობენ  უკვე, - გაეღიმა და უფრო გემრიელად მოეწყო სავარძელში.

თითქოს ამ სიტყვების დასტურად, თვითმფრინავის რიგებს შორის სტიუარდესამ ჩამოიარა და, თეონა რომ დაინახა, გაუცინა.
- გამარჯობა... მიხარია, რომ ისევ ჩვენთან ერთად მოფრინავთ. უკან როდის დაბრუნდებით?
- ჯერ არ ვიცი, ელზა.
- ირმა... მე ირმა მქვია. ელზა ჩემი მეწყვილეა.
- მაპატიე, ირმა! - გაუცინა თეონამ.
- რამე ხომ არ გჭირდებათ?
- თუ არ შეწუხდები, მწყურია და...
- ახლავე... - ირმა თვითმფრინავის ცხვირისკენ წავიდა და მალე დაბრუნდა წყლით სავსე ჭიქით ხელში. - აი, ინებეთ. აფრენის მერე კიდევ ჩამოვატარებ. - თქვა ირმამ და  სკამებს შორის განაგრძო გზა.
- მე ვერ მითხარი? - გაუღიმა კაკომ და თავისი ჩანთიდან მინერალური წყლით სავსე ბოთლი ამოიღო. - თუმცა, კარგია, ჭიქა არ მქონდა და...ახლა ჭიქაც გვაქვს.

თეონამ წყალი დალია და ჭიქა მის წინ გადმოსაშლელ მაგიდაზე დადო, მერე კი საკუთარი ახალი ბეჭდის თვალიერება დაიწყო. ყოველთვის მოსწონდა ტიხრული მინანქრით შესრულებული ბეჭდები და საყურეები, მაგრამ ვერასოდეს მოიმეტა ფული მათ საყიდლად. ახლაც ვერ მიხვდა, რატომ იყიდა, მაგრამ... იმდენად ლამაზი და ნატიფი ბეჭედი იყო, რომ...
- ლამაზი ბეჭედია... - უთხრა კაკომ, მისი ხელი აიღო და სახესთან ახლოს მიიტანა. მერე ხელი ამოუბრუნა და ხელისგულზე აკოცა.
- ჰო, ლამაზია... აქ ვიყიდე, სუვენირების მაღაზიაში, - თეონამ სცადა ხელის გათავისუფლება, მაგრამ ვერ შესძლო.
- ისე, ამ ხელს ბრილიანტის ბეჭედი უფრო მოუხდება. - კაკომ ისევ აკოცა ხელზე. მერე თეონას ვერცხლის ახალი ბეჭედი თითიდან წააძრო და თავად წამოიცვა თითზე. მხოლოდ ნეკა თითზე ჩაეტია და ისიც ბოლომდე ვერა. - რა არის, თითები გაქვს თუ ვერმიშელია?
- იტალიური მაკარონია, ბატონო აკაკი! და დამიბრუნეთ ჩემი კუთვნილი ბეჭედი!
- მეკეთოს ცოტა ხანს, რა მოხდა?
- არა... დამიბრუნე ახლავე!

კაკომ ბეჭედი მოიხსნა და თეონას მარჯვენა ხელის არათითზე წამოაცვა. მერე კი ისევ მხურვალედ აკოცა ხელზე. თეონა სულ ტყუილად ცდილობდა მისთვის ხელის წართმევას, კაკოს მაგრად ეჭირა მისი ხელი და სულაც არ აპირებდა გაშვებას.
- კაკო, ხელი გამიშვი, სირცხვილია...
- რა არის სირცხვილი, საცოლეს რომ ხელზე ვეამბორო? - გაეცინა კაკოს.
- მე შენი საცოლე არ ვარ!
- ხარ, ჩემო ძვირფასო, ხარ!... ახლა არ წამოგაცვი ბეჭედი თითზე? განაჩენი გამოტანილია და გასაჩივრებას აღარ ექვემდებარება, ყოველ შემთხვევაში, თბილისამდე მაინც.
- ააა, ანუ თბილისამდე ვარ შენი საცოლე? - გაეცინა თეონას, - მე კიდევ, კინაღამ შემეშინდა!...
- აბა შენ რა გინდა, აქვე, თვითმფრინავში მოგიყვანო ცოლად? მოითმინე, სიხარულო... ჩავალთ თბილისში და მერე!... - კაკო ძალით ცდილობდა სერიოზული სახის მიღებას მაგრამ... თავი ვერ შეიკავა და ხმამაღლა გაეცინა.
- კაკო, რა საძაგელი ხარ?! - გულიანად გაეცინა თეონასაც. - ისე, გახსოვს, მაშინაც გითხარი, ”მაგარი ხარ, ვინცა ხარ-მეთქი”?... მხიარულ ხასიათზე დავდექი.
- მერე? მაგას რა სჯობს, თეე?
- როგორ დამიძახე? - შეცბა თეონა.
- თეეე...
- ასე მხოლოდ ძალიან ახლობლები მეძახიან, კაკო... - თვალები აუწყლიანდა თეონას.
- მეც ახლობელი ვარ, თეეე, ძალიან ახლობელი... ჯერ აზრზე არ ხარ, ისეთი ახლობელი ვიქნები შენთვის! და შენ აღარასოდეს აგიცრემლიანდება თვალები... მითხარი, გჯერა?
- არ ვიცი... ჯერ არ ვიცი... - თეონა საზურგეს მიეყუდა და თვალები დახუჭა.
- კარგი... ყველაფერს მომავალი გვიჩვენებს.

”მოქალაქე მგზავრებო, ჩვენი თვითმფრინავი, რეისით 927, ”მოსკოვი - თბილისი” ასაფრენად ემზადება. გთხოვთ, სავარძლის საზურგეები მოიყვანოთ მაქსიმალურად ვერტიკალურ მდგომარეობაში და შეიკრათ უსაფრთხოების  ქამრები.  სასიამოვნო ფრენას გისურვებთ.”

აფრენიდან თხუთმეტ წუთში მგზავრებს უსაფრთხოების ქამრების შეხსნის უფლება მისცეს. მერე გამაგრილებელი სასმელები ჩამოატარეს... სავარძლის საზურგეების გადაწევაც შესაძლებელი გახდა. ფეხზე ადგომაც შეიძლებოდა და სალონში გავლაც.
მთელი საათის განმავლობაში საუბრობდნენ თეონა და კაკო. საუბრობდნენ ყველაფერზე, გარდა მათი წარსული თუ მომავალი ურთიერთობისა. მიხვდა კაკო, რომ რაღაცის გამო გაურბოდა ამ თემას თეონა და აღარ დააფრთხო, პირიქით, ყველანაირად ცდილობდა სრული ნდობის მოპოვებას.
უეცრად თვითმფრინავი საჰაერო ორმოში ჩავარდა. ეს ვარდნა საკმაოდ დიდხანს გაგრძელდა. თვითმფრინავში ვიღაცამ იყვირა, ვიღაც ქალის შეკივლებაც გაისმა. მერე თვითმფრინავმა ისევ აკრიფა სიმაღლე, მაგრამ სულ ცოტა ხნით, - ისევ ”ჩავარდა”. თვითმფრინავი უცნაურად აძიგძიგდა, კუდის მხარე საოცრად ააქანავა.
- რა ხდება? კაკო, ხვდები რამეს?
- ვერა, თეონა... ვერაფერი გავიგე, რა შეიძლება ხდებოდეს...
- არ ვიცი, მაგრამ კარგი რომ არაფერი ხდება, ფაქტია! ნეტა ირმა მაინც სადაა?
- დამშვიდდი, თეე, მთავარია, მე აქ ვარ, შენთან, შენს გვერდით! ნურაფრისა შეგეშინდება! - კაკომ ხელი გადახვია თეონას და მკერდზე მიიხუტა.
- კაკო, მე... - სცადა თავის გათავისუფლება თეონამ.
- ჩუუუ, ასე იყავი! შენც მშვიდად იქნები და მეც... გინდა ანეკდოტს მოგიყვები?
- მიდი...
- მოკლედ, კაცს უწინასწარმეტყველეს წყალში დახრჩობა. შეშინდა ეს კაცი და წყალს ახლოს აღარ ეკარებოდა. გავიდა ოცი წელი და... ააააააუუუუუუუ... უფ, რა იყო ეს, აა?
- ისევ საჰაერო ორმო იყო... არაფერია, განაგრძე...
- ხო, გავიდა ოცი წელი და ლატარიაში მოიგო ამ კაცმა გემით კრუიზი, რომელიც ძალიან ძვირი ღირდა. გადაწყვიტა გამგზავრება. ჩაჯდა გემში და... შუა ზღვაში რომ არიან, ამოვარდა ქარიშხალი. გემი იღუპება. გაახსენდა ამ კაცს ის წინასწარმეტყველება და გავარდა გემბანზე. მუხლებზე დაეცა და ღმერთს შესთხოვა: ვიცი, რომ ჩემი ბედი წყალში დახრჩობაა, მაგრამ, ამდენ ხალხს რას ერჩი? გევედრები, ახლა გვიშველე, გადაგვარჩინე და ნაპირზე რომ გავალთ, მხოლოდ მე დამახრჩვეო. უცებ ამ კაცს ციდან გაკვირვებული ხმა შემოესმა: რას ამბობ? რომელ გადარჩენას მთხოვ? ოცი წელია ერთად გაგროვებთ ყველასო....
- ჰო, ძალიან იმედისმომცემი ანეკდოტია, განსაკუთრებით ახლა, როცა ყოველ წუთს საჰაერო ორმოში ვვარდებით! ააა, მივხვდი, ამიტომ ვერ იშოვე, ხომ, სხვა რეისზე ბილეთი? - გაეცინა თეონას.
- ჰო, მეც მაგაზე წავედი... - გაეცინა კაკოს, - რას ვიზამთ? ერთი ნუგეში-ღა მაქვს, შენთან ერთად ჩახვეულს რომ მიპოვნიან და ერთად, ერთ საფლავში დაგვასაფლავებენ...
- კაკო, კარგი ენის იყავი! იცოდე, ახლავე დავწერ ანდერძს, ”საფლავში ეს კაცი არ გამაკაროთ-მეთქი”... - წარბები შეყარა თეონამ და მერე ისევ გაეცინა.

”მოქალაქე მგზავრებო, გთხოვთ, სავარძლის საზურგეები მოიყვანოთ მაქსიმალურად ვერტიკალურ მდგომარეობაში და შეიკრათ უსაფრთხოების  ქამრები.  ამასთანავე გთხოვთ, ჩანთები ჩამოიღოთ სავარძლის თავზე მდებარე თაროდან და დაიწყოთ ფეხებთან.”

- კაკო,  ზურგჩანთა ჩამოიღე... და ჩემი ხელჩანთაც, ბარემ.
- ახლავე... აი, დადე მანდვე, სავარძლის ფეხთან. აუ, ძლივს ვდგავარ, რა ხდება, ხალხო?
- ფეხზე ნურავინ  გაჩერდებით, სასწრაფოდ დასხედით და ქამრები შეიკარით... - გაისმა სტიუარდესას ხმა.
- კაკო...
- თეონა, რა ფერი დაგედო? ნუ გეშინია, აქ ვარ, შენთან! - კაკომ ისევ მოხვია ხელი თეონას და მიხვდა, რომ თეონა აღარ იწევდა ხელის გასაშვებად, პირიქით, პატარა უმწეო ბავშვივით მიეხუტა კაკოს მკერდზე. კაკომ თეონას თმაში ჩაყო სახე და გაირინდა. - ასე სიკვდილისაც არ მეშინია, დამიჯერებ?

უეცრად თვითმფრინავის გარეთ ცა ისე განათდა, გეგონებოდა შედუღებას უყურებდი დამცავი მინის გარეშე. მერე ჩამობნელდა. სულ რამდენიმე წამით სალონებში სინათლეც გამოირთო. თვითმფრინავმა ზრიალს უმატა და გვერდზე გადაიხარა. სალონში მგზავრების ნაწილი პანიკამ მოიცვა. ზოგი ცუდად გახდა და სტიუარდესები შეძლებისდაგვარად ცდილობდნენ მათ დახმარებას. ბედად სალონში ორი ექიმიც აღმოჩნდა, რომლებიც მაქსიმალურ ღონეს ხმარობდნენ მგზავრთა დასახმარებლად.

მიკროფონში ირმას ხმა გაისმა:
”მოქალაქე მგზავრებო, დაბეჯითებით გთხოვთ, შეინარჩუნოთ სრული სიმშვიდე, სავარძლის საზურგეები მოიყვანოთ მაქსიმალურად ვერტიკალურ მდგომარეობაში და არ შეიხსნათ უსაფრთხოების  ქამრები.  ამასთანავე გთხოვთ,  ჩამოაფაროთ ფარდები ილუმინატორებზე, შეძლებისდაგვარად, თავი მუხლებთან ახლოს მიიტანოთ და ხელებით დაიფაროთ იგი.”

ფეხმძიმე ქალი, რომელიც თეონასგან ერთი რიგით უკან იჯდა, ისტერიკაში ჩავარდა. სულისშემძვრელი ხმით კიოდა და მშველელს უხმობდა. როგორ არ ცდილობდნენ მის გამოყვანას ამ მდგომარეობიდან, - სულ უშედეგოდ. „სასწრაფო დახმარების ბრიგადა დაგვახვედრეთო“, - ამასაც კი ვერ გადასცემდნენ თვითმფრინავის ბორტიდან, რადგან თავადაც არ იცოდნენ, საით გაფრინდებოდა თვითმფრინავი, რომელი სათადარიგო აეროპორტი მიიღებდა მათ რეისს, - ყველგან ერთი და იგივე გაურკვეველი სიტუაცია იყო, მეტეოპირობებიდან გამომდინარე.

კაკომ არაფერი უთხრა თეონას, ფეხზე ადგა, იმ ფეხმძიმე ქალთან მივიდა და, ყველასთვის  მოულოდნელად, სახეში ხელი შემოჰკრა. ამ მოულოდნელობისაგან ქალმა კივილი შეწყვიტა და შეშინებული მიაჩერდა მისთვის უცნობ მამამკაცს.
- დამშვიდდით... სანერვიულო არაფერია. უბრალოდ, თქვენთვის არ შეიძლება ამდენი ნერვიულობა და... მაპატიეთ, სხვა გზა არ მქონდა, - კაკომ იმ ქალს გაუღიმა და თავის ადგილზე დაბრუნდა.

სალონში ირმა გამოვიდა და პირდაპირ თეონას მიაშურა.
- რა ხდება, ირმა?
- დამშვიდდით... ძალიან საშიში არაფერია! - შემდეგ კაკოს მიუბრუნდა, - დიდი მადლობა ასეთი დროული დახმარებისთვის.
- რამდენი ხანია დავფრინავ და მსგავსი არასოდეს არაფერი მომხდარა. - შიშს ვერ მალავდა თეონა.
- მაპატიეთ, უნდა გამოვაცხადო, - უთხრა ირმამ და სალონის თავთან გაჩერდა, - მოსკოვი-თბილისის ტრასაზე ჭექა-ქუხილია. ვცდილობთ, ამ ზონიდან გავაღწიოთ. გაუარესებული მეტეოპირობების გამო თვითმფრინავი მიფრინავს ოდესის მიმართულებით. კავკასიონისკენ სხვა გზა მოჭრილია. იქნებ ზღვიდან შევიდეთ საქართველოში.  დამშვიდდით, პანიკაში არ ჩავარდეთ... მდგომარეობა კონტროლს ექვემდებარება, საწვავი გვაქვს. ასე რომ, ყველას გთხოვთ, შეინარჩუნოთ სიმშვიდე.
- ვაიმე, ცუდად ვარ... - თქვა თეონამ და ცრემლები გადმოსცვივდა.
- რა გჭირს, თეონა? გამაგრდი, არ გრცხვენია? - კაკომ თავი ააწევინა და თვალებში ჩახედა.

თეონას ზღვისფერი თვალები მოლივლივე ზღვას დაამსგავსა მათში ჩაგუბებულმა ცრემლებმა. ისეთი უმწეო და საყვარელი იყო თეონა, რომ კაკომ ვერ მოითმინა, მისი სახე ხელებში მოიქცია და კოცნით ამოუშრო ცრემლიანი თვალები.
- გაჩერდი, კაკო... ნუ სარგებლობ ჩემი უმწეობით... - ჯერ გაიბრძოლა თეონამ, შემდეგ კი მოეშვა და გულამოსკვნით ატირდა.
- ჩუუუ... მე შენ რა მაგარი გოგო მგონიხარ და... ჭექა-ქუხილის შეგეშინდა? უუუ, სირცხვილი შენი. - გულზე მიიხუტა კაკომ თეონა.
- მე... მე სხვა რამის გამო ვტირი...
- მაინც?
- ფული... ფული სულ დავხარჯე და... ოდესაში როგორ უნდა ვიყო უფუ... უფულოდ... - სლუკუნებდა თეონა.
- ნუ გადამრიე, გოგო... მაგის გამო რა გატირებს? -  მართლა გაუკვირდა კაკოს და ცოტა გაბრაზდა კიდეც, - ფულის მეტი რა მაქვს? და ისე, როგორ გგონია, უპატრონოდ  დაგტოვებ ოდესაში? აუუ, რა ცუდად მიცნობ?!
- ცუდად კი არა, სულ არ გიცნობ ჯერ...  - ისევ ამოისლუკუნა თეონამ.
- ჰო, მართალი ხარ... სულ არ მიცნობ ჯერ! ჰოდა, კეთილი იყოს ჩვენი გაცნობა, დედოფალო!
- დედოფალო?... რა დედოფალი მე ვარ? არც ვარ და არც მინდა დედოფლობა!
- მაგას შენ აღარავინ გეკითხება!
- ძალიანაც კარგად მეკითხება, ნუ მელაპარაკები მასე... მე მაგის უფლება არ მომიცია.
- აჰა, დაუბრუნდა თავის სტიქიას... ახლა თავის ამპლუაშია.
- ხო, ხო... ოდესღაც ”კონსტიტუცია” ვერ თქვი და საერთოდ აზრზე არ იყავი, რა ხდებოდა თბილისში... და  ახლა უყურე, რა ტერმინებით მელაპარაკება? - გაბუსხული ტუჩებით შეხედა თეონამ.
- მერე? ჰო, ოდესღაც არ ვიცოდი და... არც მაინტერესებდა. შენ ამიხილე თვალები და სულ სხვა კუთხით დამანახე საკუთარი თავი... მოვინდომე, რომ შენი ღირსი ვყოფილიყავი... და ამას ნაკლად ნუ ჩამითვლი, თეონა. მაშინდელი კაკოდან მხოლოდ სახელი და გვარი დარჩა უცვლელი. ჰო, მართალი იყავი, ვერ მოგძებნე მაშინ... და ვერც მოგძებნიდი,  არ ვიყავი თბილისში... არც საქართველოში... და შენ არც ის იცი, რატომ მინდოდა, რაც შეიძლება სწრაფად დავბრუნებულიყავი თბილისში. მე შენთან მოვდიოდი, თეონა, შენი ღირსი და შენი შესაფერი...
- სისულელეს მეუბნები ახლა...
- რატომ, ინდური ფილმის სიუჟეტს ჰგავს, ხომ?
- ნამდვილად...
- მაგრამ ეს რომ სიმართლეა? რა მოვუხერხო ამ სიმართლეს?
- არ ვიცი... დავიბენი.
- შეხედე, თვითმფრინავი გასწორდა. აღარ ჯანჭყარებს.
- ჰო, ალბათ გავედით იმ წყეული ზონიდან. სამსაათნახევარია, მივფრინავთ.
- ჰო, მართლაც... რა დრო გასულა? პირველის ნახევარია უკვე და ჩვენ კი ისევ ჰაერში ვართ. არაფერია, ახლა ჩავფრინდებით ოდესაში... წავალთ სასტუმროში და...
- ოოფ, კიდევ რა გინდა? - გაბრაზებული თვალებით შეხედა კაკოს.
- კარგი, მე წავალ სასტუმროში, შენ დილამდე დარჩები  მოსაცდელ დარბაზში...
- დილამდე რატომ?
- კარგი, ბატონო... მე წავალ სასტუმროში და ცოტას დავისვენებ, შენ დარჩები მოსაცდელ დარბაზში თვითმფრინავის გაფრენამდე... ერთ-ორ მანეთსაც დაგიტოვებ, აეროპორტის ბუფეტში ყავა რომ დალიო და ფუნთუშა ან ნამცხვარი მიაყოლო... ასე გაწყობს?

დაბნა თეონა, ვეღარ გაიგო, ეხუმრებოდა კაკო თუ სერიოზულად ელაპარაკებოდა. თავი დაღუნა.
- არაააა, ქალი მაინც ქალია და მოკლე ჭკუა აქვს, - გაეცინა კაკოს.- გოგო, აეროპორტის მოსაცდელში დაგტოვებ ახლა მე შენ? დედა, რა ვქნა?! რა მეშველება ამის ხელში, აა?

”მოქალაქე მგზავრებო, ჩვენი თვითმფრინავი, რეისით 927, ”მოსკოვი - თბილისი” ნახევარ საათში დაეშვება ქალაქ თბილისის აეროპორტში. გთხოვთ, სავარძლის საზურგეები მოიყვანოთ მაქსიმალურად ვერტიკალურ მდგომარეობაში და შეიკრათ უსაფრთხოების  ქამრები.  გმადლობთ  თანადგომისა და დახმარებისთვის.”

- კაკო, მომეჩვენა, თუ თბილისის აეროპორტი ახსენეს?
- ხო, ნამდვილად თბილისი თქვეს... ხომ არ შეეშალათ? მოიცადე, ირმა მოდის...
- ირმა, სად მივფრინავთო? ვერ გავიგე... - ჰკითხა თეონამ.
- თბილისში ჩავფრინდებით, თბილისში... ტრასაზე ”გასაძვრომი” მონახა ჩვენმა შტურმანმა და... ყველაფერი კარგად არის! - ღიმილით თქვა ირმამ და მეორე სალონში გადავიდა.
- ღმერთოოოო, რა ბედნიერებაა! - სიხარული ვერ დამალა თეონამ, ხელები გაშალა და კაკოს მოეხვია.

დაიბნა კაკო. ყველაფერს ელოდა ახლა ამის მეტს... ჯერ ფრთხილად შემოხვია ხელები და მერე მაგრად ჩაიკრა გულში თავისი აცხადებული სიზმარი, ხორცშესხმული ოცნება... ღმერთო, რამდენჯერ უნახავს ასე, გულში ჩაკრული თეონა და... ხან გაღვიძებია, ხან ვიღაცას გამოუფხიზლებია ოცნებით შორსწასული კაკო...  და მაშინ, როცა წუთის წინ მათი თვითმფრინავი ხან სწორად  და ხან ამოყირავებული მიაპობდა ქარიშხლიან ზეცას, როცა მათი ყოფნა -არ ყოფნა მართლაც უწვრილეს ძაფზე ეკიდა და არავინ იცოდა, გააღწევდნენ თუ არა ჭექა-ქუხილის ზონიდან,  როცა ჯერ კიდევ არ დასრულებულა მათი ექსტრემალური რეისი, კაკო ყველა უჯრედით გრძნობს თეონას: ხედავს მის შიშჩამდგარ თვალებს... ესმის მისი ხმა,  რომელშიც შიში და სიხარული ერთად ჩაბუდებულა... თავის მკერდზე გრძნობს თეონას აფართხალებული გულის ძგერას, მისი თითების სინაზესა და განცდილი შიშით გამოწვეულ თრთოლვასა და სიცივეს... ერთადერთ გრძნობას მოუცავს თეონა, რომელსაც ჰქვია  შიში...  ში-ში!...  ”შიში” და არა ”სიყვარული”!!!.
..
- ნუ გეშინია, თეე... მე შენთან ვარ და სულ შენს გვერდით ვიქნები... შენ აღარასოდეს შეგეშინდება...
- აღარ მეშინია, კაკო... ჩვენ თბილისში მივფრინავთ... - თეონამ ხელები გაუშვა კაკოს და მისი მკლავებიდან გაითავისუფლა თავი.
- ეეეჰ, რა გეგმები ჩამეფუშა? - დანანებით ჩაილაპარაკა კაკომ, - არა, რაა, წინასწარ არაფერი უნდა დაგეგმო ადამიანმა! თეონააა, დახუჭე, რა თვალები?
- რატომ, რა ხდება?
- ძნელია თვალების დახუჭვა? დახუჭე... და არ გამოიხედო....
- აჰა...  არ ვიხედები... მართლა არ ვიხედები...

კაკომ თეონას მისი ვერცხლის ბეჭედი წააძრო თითიდან.
- რას გადაეკიდე ამ ბეჭედს? შეეშვი, რა...
- თვალები დახუჭე-მეთქი, ვის ვუთხარი? გადავირიე, ხუთი წუთით ვერ დავიმორჩილე და...  ეს მერე რას მიზამს?!
- არ ვიყურები, ბატონო... და არც ილაპარაკოო, არ გითქვამს ჩემთვის, უუფ...
- აჰა, თავად ბატონო, გქონდეს ეს შენი ბეჭედი... მართლა რა უშნოდ გადავეკიდე ამ ბეჭედს? - კაკომ ისევ წამოაცვა ბეჭედი ხელზე, მერე თეონასკენ გადაიხარა და მისი ტუჩები ტუჩებში მოიქცია.
- მმმმმმ, - ხელი ჰკრა თეონამ კაკოს და უკან გასწია. - ამისთვის დამახუჭინე თვალები?
- ხო, აბა რისთვის? - გაეცინა კაკოს, - ისე, მე ჩემს საცოლეს როცა მინდა და სადაც მინდა იქ ვაკოცებ: თვითმფრინავში, გემში, მანქანაში... ნუ, სახლზე და საწოლზე აღარაფერს ვამბობ!
- დამანებე თავი!  ხმა აღარ გამცე!  უსინდისო ბიჭი ხარ! - სიცილით უთხრა თეონამ და თავადვე დააფიქსირა, რომ სულაც არ გაბრაზდა კაკოზე.
- უუფ, ისევ დაბლა წავედით. სრული ოთხი საათი დაგვჭირდა ორის ნაცვლად. აჰა, ესეც ბედია! ხომ ვთქვი, რაღაც ძალიან კარგი უნდა მოხდეს დღეს-მეთქი?
- ჰო, განსაკუთრებით იმ ჭექა-ქუხილს თუ გავითვალისწინებთ! - თეონამ ილუმინატორიდან გაიხედა, - რა ლამაზია თბილისი, არა?
- ჰო, თუ გავითვალისწინებთ, რომ ახლა რუსთავის თავზე ვართ და თანაც ღამეა... - კაკომ ისევ გადახვია ხელი თეონას და თავი ილუმინატორისკენ წაიღო.
- სად მოდიხარ, სად? 
- რა ვქნა? ფანჯარა მხოლოდ შენი სავარძლის გვერდითაა და... გოგონა, მეც გადამახედეთ, თუ შეიძლება?!
- აჰა, ფანჯარაში გადახედვა გინდა, ხომ? გინდა, ადგილსაც გაგიცვლი, რომ ხელი არ შეგეშალოს?
- აჰ, არა, მაგდენს ვერ შეგაწუხებთ, დედოფალო!... - გაეცინა კაკოს, - კარგი, გადამახედე, რა იქნება?
- ჯანდაბას, მოდი! - თეონამ თავი გვერდზე გაწია და კაკოს დაუთმო ადგილი.

კაკომ თეონასთვის შემოხვეულ ხელს თავისივე მეორე ხელი ჩაჰკიდა და თეონა მისი ხელების ტყვეობაში აღმოჩნდა.

”ჯანდაბა!... ჯანდაბა, ჯანდაბა! რატომ მსიამოვნებს ასე ჯდომა?! არა... არ მაქვს ამის უფლება! სულ არ ვიცნობ კაკოს... და არც მან იცის ჩემი ამბები... ვერც მოვატყუებ და ვერც მოვუყვები.”

- ყმაწვილო, ცოტა ზედმეტი ხომ არ მოგივიდათ ილუმინატორიდან ყურება? იქნებ საკუთარ სავარძელს დაუბრუნდეთ? - დასერიოზულებული სახით უთხრა თეონამ.
- ნწ... - გაისმა უმოკლესი პასუხი.
- კაკოოოო... მოგკლავ! გამიშვი ხელი!
- რატომ გაგიშვა? რომ მომკლა? კი, აბა? - კაკომ ტუჩები მიიტანა თეონას კისერთან და ხერხემალზე აკოცა.
- უუუ, ახლა დავსხდებით! გასწორდი, კაკო! და მეც სწორად უნდა დავჯდე! გამიშვი...
- ა, ბატონო... გაგიშვი. უი, მართლა ვსხდებით.

ამის თქმა იყო და თვითმფრინავის ბორბალი სარბენ ბილიკს შეეხო, ოდნავ შეხტა და ბეტონზე გასრიალდა. სალონში ირმა გამოვიდა და საოცრად დაღლილი და ამავდროულად ბედნიერი სახით წარმოთქვა:
- ყველას გილოცავთ მშვიდობიან დაშვებას თბილისის აეროპორტში. თბილისში ახლა პლუს ოცდაორი გრადუსია. გთხოვთ კარგად დაათვალიეროთ იატაკი თქვენი სავარძლის ირგვლივ, ჩანთა ან რამე სხვა ნივთი რომ არ დაგრჩეთ. გმადლობთ, რომ იფრინეთ ჩვენთან ერთად.

თეონა წელში გაიზნიქა, ხელები წინ გაჭიმა და გაიზმორა. მერე სახეზე მოისვა ხელები და... უცებ ისევ წინ გასწია მარჯვენა ხელი:
- ეს რა არის, კაკო? - იყვირა მოულოდნელობისგან თეონამ, რადგან მის არათითზე უზრმაზარი ბრილიანტი ანათებდა.
- არ მოგწონს? შენთვის მომქონდა... გაგიცვალე შენს ბეჭედში...

თეონამ მაშინვე მოიხსნა ბეჭედი ხელიდან და კაკოს ძალით ჩაუდო ხელში.
- ახლავე დამიბრუნე ჩემი ბეჭედი... შენ არ მიცნობ, არც მე გიცნობ ჯერ, კაკო... და არც ოთხი წლის წინანდელი ის დღე და არც ეს, დღევანდელი მგზავრობა არ მაძლევს უფლებას, ასეთი საჩუქარი მივიღო შენგან. მაპატიე... მოვლენებს ნუ გაუსწრებ წინ! აი, ჩემი ტელეფონის ნომერი... - თეონამ ფურცელზე დაწერა ნომერი და კაკოს გაუწოდა, - ხომ არ გეუბნები, გაქრი ჩემი ცხოვრებიდან-მეთქი? ჯერ კარგად გავიცნოთ ერთმანეთი... და მერე...  ”მერე”-ზე მერე ვილაპარაკოთ.
- მე ვერ დაგკარგავ, თეონა... ვეღარ დაგკარგავ! გეფიცები... მართლა მიყვარხარ, იმ თოთხმეტი აპრილის მერე მიყვარხარ! დღეებსა და საათებს ვითვლიდი, როდის გნახავდი კიდევ! ნუ მკრავ ხელს!
- ჯერ ვერაფერს გიპასუხებ.
- მითხარი, ხომ გჯერა რასაც გეუბნები?
- არ ვიცი, კაკო...
- დაგირეკავ-ხოლმე...
- დარეკე. მე არ გეუბნები, არ დამირეკო-მეთქი, მე თავად მოგეცი ტელეფონის ნომერი.
- და შეგხვდები-ხოლმე...
- არც ეგაა გამორიცხული... უბრალოდ, ჩვენ ჯერ არ ვიცნობთ ერთმანეთს... მე არ გიცნობ, არაფერი ვიცი შენს შესახებ... ისევე როგორც შენ! შენ მე არ მიცნობ, კაკო!
- კარგი, ბატონო! აჰა, შენი ბეჭედი... მე მას ჩემი სიყვარული შთავბერე... გავდივართ.

თვითმფრინავიდან  ჩამოვიდნენ და გასასვლელისკენ დაიძრნენ.
- ხვალ რას აკეთებ, თეე?
- ძალიან დავიღალე, უნდა გამოვიძინო. ოთხი საათია ცაში ვკიდივართ!...
- სიზმარში მნახავ?  მითხარი, თეონა, მნახავ?
- სიზმარში?  ვეცდები...
- და ცხადში?
- ცხადში? ცხადში ნახვას შენ ეცადე, კაკო... ასე უფრო უკეთესი იქნება.
- მომწონს... შევთანხმდით. თეე, რამდენი წლის ხარ?
- ქალს არ ეკითხებიან ასაკს.
- სხვა ქალს არა და... საცოლეს - კი...
- ისევ ”საცოლესო”?!... არ ვარ მე შენი საცოლე!
- მაგას არ აქვს მნიშვნელობა... ასაკი გკითხე, სხვა ხომ არაფერი?
- მოკლედ, ოცდასამი წლისა ვარ. დაკმაყოფილებულია თქვენი ინტერესი?
- სრულიად! ბედნიერი ვარ!
- ღმერთო, რა ცოტა ყოფნის ადამიანს ბედნიერებისთვის?! - გაეცინა თეონას.

კაკომ შორიდანვე დაინახა მამა. მამას გვერდით ვიღაც კაციც იდგა.
- მამა!...
- ზურა?!...- ერთდროულად დაიძახეს თეონამ და კაკომ და ფეხს აუჩქარეს.
- უი, ისინიც ერთად დგანან?! ხედავ, თეონა?
- ვერა, ვერ ვხედავ... 

თეონა თვალებით ეძებდა ვიღაცას, ჯერ იმედიანად, მერე ეს იმედის სხივი ჩაუქრა და ბოლოს რაღაც უცნაურ ხმაზე ამოიგმინ-ამოიკვნესა:
- ზურა, მამა სად არის?! ვაიმე, მამა...
- თეონა, რა მოხდა? - ამ უცნაური ხმის გაგონებაზე ერთი კი მოხედა კაკომ და სხვა ვეღარაფერი მოასწრო, რადგან მიტკალივით გაფითრებული თეონა მოცელილი ბალახივით დაეცა მიწაზე. კაკომ ზურგჩანთა იქვე დააგდო და თეონა აიტაცა ხელში, - მიშველეთ, გოგო ცუდად არის, ჩქარა, აქეთ...

ჭიშკართან მდგარი დაცვის სამსახურის წარმომადგენელი მაშინვე რაციით დაუკავშირდა აეროპორტის სამედიცინო მომსახურების ცენტრს და ვიდრე კაკომ ხელში ატატებული თეონა გასასვლელთან  მიიყვანა, ექიმების ბრიგადაც მოვიდა. თეონა მალევე მოიყვანეს გონზე და ეს გულისწასვლაც ცოტა  ხნის წინ გადატანილი ნერვული სტრესის შედეგად „მონათლეს“.
- როგორ შემაშინე, თეონა, - ზურა თეონას მიუახლოვდა და ხელზე ხელი მოჰკიდა, - რა გაყინული გაქვს თითები? არ გრცხვენია ამხელა გოგოს?
- რომელი?!... - ისევ ამოიკვნესა თეონამ.
- როგორ თუ რომელი? რას მეკითხები?
- ზურა, სახლში რომ ყველაფერი წესრიგში იყოს, ჩემს დასახვედრად მამა შენ არ გამოგიშვებდა...
- გაგიჟდი, გოგო? ყველა კარგადაა... მამაშენმა იცოდა, მე რომ აეროპორტში ვიყავი წამოსასვლელი და მთხოვა...
- ნუ მატყუებ, ზურა! ეს სრულიად გამორიცხულია! აღარაფერი მომივა, ოღონდ სიმართლე მითხარი...
- მოკლედ, მამაშენი სადღაც დაპატიჟეს და ნასვამი მოვიდა სახლში... ამიტომაც მთხოვა მე. ახლა დამშვიდდი?
- ტყუილია, ზურაააა! ნუ მატყუებ-მეთქი...
- თეონააა! - მოულოდნელად გაისმა გიზოს ხმა და დაინახეს კიდეც, როგორ გამოარღვია ხალხის ნაკადი შიშისგან ფერდაკარგულმა გიზომ.
- მამაააა!
- აქ ვარ, თეეე... ჩამოხვედი, მამიკო? - გიზო თეონას გადაეხვია და გულში ჩაიკრა. - როგორ შემაშინეთ! თავსაც მოვიკლავდი, შენ რომ რამე დაგმართოდა! აეროპორტში დავრეკეთ და ეს ამბავი რომ გვითხრეს, სახლში რაღა გამაჩერებდა? მაშინვე ტაქსით წამოვედი აქეთ.
- ნუ გეშინია, მამა, არაფერი დამემართება! მე ხომ მაგარი გოგო ვარ?! და თანაც, შენ როგორ მიგატოვებდი? - თეონამ სიყვარულით შეხედა მამას და მაგრად შემოხვია ხელები... - მიყვარხარ, მაა!..

კაკო და მამამისი ბარგის მოლოდინში სკამზე ჩამოსხდნენ.
- კაკო, ვინაა ეს გოგო?
- რომელი, მამა?
- აი, ის, ცუდად რომ გახდა და ხელში აყვანილს რომ მოარბენინებდი...
- თეონა...
- მოიცა, რომელი თეონა?! - მამა გამომცდელი თვალებით მიაჩერდა შვილს. - ის თეონა, მაშინ რუსთაველზე თუ სადღაც რომ გაიცანი?
- ჰო, მამა, ის თეონა! - ამოიოხრა კაკომ.
- ვამაყობ შენით, კაკო! გემოვნება ძალიან კარგი გქონია!
- გემოვნება... მე ის მიყვარს, მამა!..
- მესმის შენი. ძნელია, არ შეგიყვარდეს ასეთი გოგო.  და იმას?
- რა, ”იმას”?
- თუ უყვარხარ-მეთქი?
- ჯერ არა, მამა... სამწუხაროდ, ჯერ არა!
- ცუდია, თუ არ უყვარხარ!.. დედაშენსაც ძალიან გაუხარდებოდა ასეთი რძალი...
- ვიცი... მამა, დედის საფლავს გეფიცები, ყველანაირად ვეცდები, თეონას თავი შევაყვარო.
- თუ მოინდომებ, ყველაფერს მიაღწევ. მთავარია, იმ შენს ძველ მეგობრებს დაანებო თავი! იცის თეონამ?
- არა... ვერ გავბედე თქმა. ჯერ ისედაც ვერ დავაჯერე საკუთარ გრძნობებში და... სულ დაფრთხებოდა!
- კარგი. ამას მომავალი გვიჩვენებს... შევიდეთ, მოიტანდნენ ბარგს.
- მამა, სირცხვილი იქნება, რომ მივუახლოვდე და დავემშვიდობო? მამამისი რას იტყვის?
- ჩემი აზრით, ის უფრო ცუდი იქნება, თუ დაუმშვიდობებლად წახვალ. მიდი, შვილო, მეც მოვალ თუ გინდა. და მამამისმა რა უნდა თქვას? უნდა დაემშვიდობო, სხვა ხომ არაფერი?!

თეონამ შეპარვით გახედა კაკოს.
- ვინაა ეს ბიჭი, თეონა?
- კაკოა, მამა... ამ ოთხი წლის წინ შემთხვევით გავიცანი და დღეს მეორედ შევხვდი. გვერდიგვერდ გვქონდა ადგილები.
- რაც აქ ვარ, თვალი არ მოუცილებია შენთვის...
- რა იყო, ფორმაში არ ვარ თუ რატომ არ შეიძლება ვინმემ შემომხედოს? - გაეცინა თეონას.
- პირიქით, ძალიან კარგ ფორმაში ხარ! - გიზომ ხელი გადახვია შვილს და საბარგო განყოფილებისკენ წაიყვანა.
- მამა, დასამშვიდობებლად რომ მოვიდეს, რას ეტყვი?
- რა უნდა ვუთხრა? არაფერსაც არ ვეტყვი... ან რატომ არ უნდა დაგემშვიდობოს ადამიანურად? მტრები ხომ არ ხართ ერთმანეთის?
- მტრები? საიდან მოიტანე?
- ხოდა, მობრძანდეს, ბატონო... დამშვიდობებას რა უდგას წინ?

ამასობაში ბარგიც შემოიტანეს. თეონა და კაკო ერთდროულად დაიძრნენ წრეზე დატრიალებული ბარგის მიმართულებით.
- ისე ისვრიან ამ ბარგს, გასატეხი რომ იდოს რამე, ნაღდად გატყდებოდა.
- მართალი ბრძანდებით, ჩემო ბატონო... - დაეთანხმა გიზო. - რაო, თეე, არ ჩამოუგდიათ ჯერ შენი ჩემოდანი?
- ახლა გამოძვრება აქეთ... აი, ხომ ვთქვი?
- ასე შორიდან როგორ იცანი? - იკითხა ზურამ და თეონას მოახლოებული ჩემოდანი დაბლა ჩამოდგა.
- საკუთარი ხელით შევფუთე და შევკარი, ამიტომაც ვიცანი. - გაეცინა თეონას. - კაკო, შენი ჩანთა?
- მოვა ისიც, აბა სად წავა?  აი, ისიც! - კაკო ჩანთას მიუახლოვდა და მბრუნავი ლენტიდან გადმოიღო. - ესეც ბარგიიი... მამა, ტაქსი აქეთ მოგვეყვანა, არ სჯობდა?
- ჩვენ მანქანით ვართ... მოკიდე ხელი შენს ჩანთას და წავედით, - უთხრა  გიზომ კაკოს და თეონას ჩემოდანს დაავლო ხელი.
- ზურა, შენც აქეთ რომ მოგეყვანა მანქანა?
- არაა შორს, ოც ნაბიჯშია სულ... წავედით, წავედით. დაიხოცნენ დედაშენი და ბებიაშენი ნერვიულობით. თქვენ საით ცხოვრობთ?
- სოლოლაკში.
- ჰოდა, ძალიან კარგი... გზაც იქით გვაქვს.  მე გიზო მქვია... ეს ჩემი ბიძაშვილია, ზურა...
- მე ვაჟა მქვია, ჩემო ბატონო...

მანქანა დაიძრა. უხერხული სიჩუმე ჩამოვარდა.
- ალბათ თქვენი მეუღლეც როგორ ღელავს თვითმფრინავმა რომ დაიგვიანა... - თქვა გიზომ და სარკეში გახედა თეონას.
- დედა გარდაიცვალა, ბატონო გიზო, უკვე შვიდი წელია...
- კაკო, შენ არაფერი გითქვამს... - სევდიანად თქვა თეონამ და კაკოს შეხედა.
- ვერ მოვასწარი, თეეე... - კაკომ ჩუმად წაიღო ხელი და თეონას თითები დაიჭირა.
- ჰო, ჯერ არ ვიცნობთ კარგად ერთმანეთს...  მეორედ გნახე სულ.
- ეს გამოსწორებადია... თუ სურვილი იქნა! კარგი, ხვალეზე ხვალ ვისაუბროთ... - კაკომ  ოდნავ მოუჭირა ხელი თეონას ხელს.
- რომელ ქუჩაზე ცხოვრობთ? - იკითხა გიზომ.
- კიროვზე...
- და დიდი ხანია, რაც კიროვზე ცხოვრობთ?
- ეს მეუღლის ბინა იყო. რაც დავქორწინდით, მას მერე სულ მანდ ვართ...
- მეც მაგ უბანში ვცხოვრობდი... იქნებ მე და თქვენი მეუღლე ბავშვობაში ვიცნობდით კიდეც ერთმანეთს?! რა ერქვა?
- ნანული... ცარციძე...
- ნანული გარდაიცვალა? – ხმა გაებზარა გიზოს.
- დიახ... იცნობდით? - დაღონებული სახით თქვა ვაჟამ.
- მე და ნანული თანაკლასელები ვიყავით... პირველი კლასიდან მეთერთმეტეს ჩათვლით... რა პატარაა თბილისი, ამის დედა ვატირე!...
- რა კარგია, ასე პატარა რომაა თბილისი, - სიხარულს ვერ მალავდა კაკო. - ბატონო გიზო, ახლა უფრო თამამად დავრეკავ-ხოლმე და... ხომ მანდობთ თეონას, ხანდახან მაინც, რომ გავისეირნოთ-ხოლმე?
- ეს თავად თეონას გადასაწყვეტია, კაკო.... ნანულის შვილს მე არ შევუშლი ხელს!

ამასობაში სახლთანაც მივიდნენ. გიზომ თავად შეაჩერებინა მანქანა ზურას მათ სადარბაზოსთან.
- ჰო... აქ ვცხოვრობთ... გცოდნიათ ჩვენი სახლი... - ჩაილაპარაკა ვაჟამ.
- მცოდნიაო? ვერიკო დეიდას ხაჭაპურის გემო ახლაც კი მახსოვს... საწყალი ვერიკო დეიდა... კარგი ქალი იყო, ცხონებული!
- ჩვენ კიდევ შევხვდებით ერთმანეთს. დიდი მადლობა, ბატონებო!
- რა თქმა უნდა, შევხვდებით. აბა, ღამე მშვიდობისა...
- კარგად იყავი, თეონა... კარგად იყავი, შვილო! - გაუღიმა ვაჟამ.
- ხვალამდე, თეეე... დილითვე დაგირეკავ, - ოდნავ გაიწია მისკენ კაკო, მაგრამ ფეხის გადადგმა ვერ გაბედა.
- არ გადამრიო, კაკო! ხვალ უნდა გამოვიძინო-მეთქი... ხვალ არ დამირეკო! - თეონამ ხელი დაუქნია კაკოს და მამამისს.
- ძილისგუდა! - მიაძახა სიცილით კაკომ.
- წავედით, ზურა - თქვა გიზომ და მანქანა ადგილიდან დაიძრა, - მართლა რა პატარაა თბილისი...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები