ნაწარმოებები



ავტორი: ჭა
ჟანრი: პოეზია
25 დეკემბერი, 2011


საახალწლო სევდა

საახალწლო სევდა

დეკემბრის ქარმა სულ აუშვა ხმელი აფრები,                                                           
დღეს რაღაც მშვიდად,...ნუთუ ასე მშვიდი დავრჩები?
გამოვწევ სკამს და ჩემს ბუხართან ახლოს დავჯდები.
ისე, უბრალოდ, მინდა გითხრა ჩემი ამბები.

ოთახი-თითქოს გამოცლილი, დაკეტილ კარით,
გარეთ სიცივით აბურძგნია დეკემბერს კანი,
ვარ ცარიელი,უემოციო, თითქმის მკვდარი,
ქუჩას წივილით შემოიმწყვდევს კუთხეში ქარი.

შენ რატომ გიწერ ამ ყველაფერს?-კარგად ვარ შენთან...
კი, უფრო ბევრი ახლობელი მყავდა და გაქრა,
დაისაკუთრე შენ ადგილი ყველასი ერთად,
არც კი მყოლია, დამიტოვე ისეთი განცდა.

ვზივარ ახლა და უხერხულად დავცქერი თითებს
გულიდან ნელა გამოვუშვებ, რასაც შიგ ვიტევ,
აქ, ამ ფურცელზე გამოვამწყვდევ, მოვარგებ რითმებს,
სხვა ვერაფერი მოვიფიქრე, შენ მითხრა იქნებ?!

როგორც სხვა ყველა, ეს წერილიც შენთან არ მოვა...
მე ჩემს ბუხართან დავრჩები და...-ასე გამოვა,
მანძილი უფრო გაიზრდება...-ფეხით რა მოვა?
ქარი წივილს რომ დაამთავრებს,  თოვლი  წამოვა...

სევდას ვერავის ვუზიარებ, ჩემია მხოლოდ!
სამყაროსავით არც მას ააქვს თავი და ბოლო!...


კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები