ნაწარმოებები



ავტორი: თამარ ბუკია
ჟანრი: პროზა
30 სექტემბერი, 2008


ფიქრები... ფიქრები... ფიქრები...

რამდენჯერ უთქვამთ ჩემთვის: “უცნაური ხარო...”
ნეტა რაში გამოიხატება, მაინც, ეს ჩემი “უცნაურობა”?!...
ნუთუ მე ჩემს თავს არ ვიცნობ იმდენად მაინც, რომ ეს “უცნაურობა” დავინახო?!...
ვინ იცის, როგორი ვარ მე სინამდვილეში?!.. ვინ მეტყვის ამას?!... თქვენ? ან იქნებ - თქვენ?...
ვერავინ!!! ვერავინ, ჩემს მეტი!..

ყველა ადამიანს თავისი სადარდებელი აქვს, თავისი საფიქრალი, საოცნებო...
ასე ვარ მეც. მაგრამ, რატომღაც, ჩემს ფიქრებში სევდა მეტი ურევია, ვიდრე სიხარული. ზოგჯერ, როცა მარტო ვარ, ცრემლებიც კი მერევა... რამდენჯერ დაუსველებია ბალიში ჩემს უხმო ცრემლებს, როდესაც სახლში ყველას სძინავს...
მიზეზი? მიზეზი ათასია!... ან რას გაუგებ სევდიან სულს?! ხომ ვერ კითხავ, “რა სევდა შემოგწოლიაო?!.....” და როდესაც შენ სევდიანი ხარ, ძალაუნებურად, შენს გარშემო მყიფთაც სევდა ეძალებათ...…

ყველა ადამიანს თავისი სადარდებელი აქვს, თავისი საფიქრალი, საოცნებო... ჰოდა, მოდი და საკუთარი სევდა სხვასაც თავზე მოახვიე!!! ეს ხომ ბოროტებაა?! ბოროტებაა და მეტი არაფერი!...
მე კი ბოროტი ნამდვილად არა ვარ!

ამიტომ ავიფარე სახეზე უდარდელობის ნიღაბი, კარგად მოვირგე, საკუთარი სახესავით და...
იქნებ ცოტა გადავამეტე კიდეც...
ზოგჯერ მინდა, რომ სახიდან ავიდღლიზო ეს “არა მე”-ნიღაბი, რომელიც, არც თუ იშვიათად, მღლის კიდეც, მაგრამ... ჩემი მეგობრები სერიოზულს ვეღარ მეგუებიან... მე სულ მოცინარი უნდა მქონდეს სახე...

ზოგჯერ მინატრია, “ნეტა საკუთარი თავი შორიდან დამანახა, სხვისი თვალით-მეთქი”... არა, მართლა საინტერესოა, როგორი ხარ სხვის თვალში... რა მოსწონთ შენი, რა არ მოსწონთ...

ერთხელ საკუთარ გულში ჩახედვა დავაპირე...
ჩავიხედე  და... შემეშინდა!  შემეშინდა, ისეთი სიბნელე და ქაოსი დამხვდა იქ,  სრული ქაოსი, რომელსაც ვერც თავი გავუგე და ვერც ბოლო... ნეტა ის მაინც გამაგებინა, რა მინდა, რას მოვითხოვ ან საკუთარი თავისგან, ან სხვებისგან?!!! რა მინდა, რა?!!!!
რატომ მინდა, რომ ყველამ სითბო და სიკეთე აფრქვიოს მარჯვნივ თუ მარცხნივ!.. და რატომ ვტირი მშრალი თვალებით, როცა რეალობაში სულ სხვა რამეს ვაწყდები?!!! გონს მოდი, თამ, შენ ვერ გამოასწორებ სამყაროს!!!
ნუთუ ამის გამო შეიძლება “უცნაური” დამარქვან?...

იცით, კიდევ რატომ მეძახიან “უცნაურს”? - იმიტომ, რომ ნებისმიერ საზოგადოებაში ყურადღების ცენტრში ვექცევი... და არ იფიქროთ, გარეგნობის, ექსტრავაგანტული ჩაცმულობის თუ ვულგარული ქცევის გამო ხდებოდეს ეს!.. არა, არა, და არა!!!
ვერავინ მეუბნება მიზეზს, მაგრამ მე ესეც ჩემი “ნიღაბის” ბრალი მგონია!!!
როგორც პეპლები მიფრინავენ ტკბილგულიანი ყვავილებისკენ, ისე მოიწევენ ჩემსკენ ამ ცხოვრებით დასევდიანებული ადამიანები. ფიქრობენ, “იქნებ მასთან საუბრით მაინც გავიმხიარულო გულიო...”
რატომ? - იმიტომ რომ ვყვები ათასნაირ საინტერესო და სასაცილო, დიახ, სასაცილო ამბებს... ზოგი ჩემი მოგონილია, ზოგი - სხვისი... ამას რა მნიშვნელობა აქვს? მთავარია, რომ გულს უხარია, სული მშვიდდება, წყნარდება... სხვისი სული... თორემ ჩემს სულში ჩახედვას არავინ ცდილობს, არასოდეს...

კიდევ რატომ ვარ “უცნაური”?
იმიტომ რომ, როგორც მეუბნებიან, “ჩემი დავიწყება არ შეიძლება!...”
რატომ? - ნუთუ შეიძლება იმ წუთების დავიწყება, როცა საკუთარ დარდს მოსწყდები, სულ ცოტა ხნით მაინც დაივიწყებ საკუთარ დარდსა და ნაღველს?...
ხალხი, ეს სევდით დაღლილი ხალხი მე კი არა, იმ მხიარულ წუთებს ვერ ივიწყებს და, თავისთავად, ტვინის ბრმა ხვეულებში ჩამარხული მეხსიერება იმ წუთების მომნიჭებლის სახეს ამოატივტივებს-ხოლმე საჭირო თუ არასაჭირო ინფორმაციების სიღრმეებიდან...

ერთმა გოგონამ, ნათიამ ასეთი ბარათიც კი მომწერა: “ვინმემ რომ თავის მოკვლა გადაწყვიტოს და იმ დღეს შენ გნახოს, თავის მოკვლას გადაიფიქრებს. შენ ყველგან სიცოცხლის ხალისი შეგაქვსო!...”

აი, მეორე ბარათიც, ლალის გამოგზავნილი: “ლეონარდო და ვინჩის ნაცნობი რომ ყოფილიყავი, ის აუცილებლად დაგხატავდა და ამ ტილოს დაარქმევდა “სიცოცხლეს”...

ჩემმა ერთ-ერთმა მეგობარმა, მაიკომ თავისი ჩანახატები გამოაქვეყნა ჟურნალ ცისკარში. გაოგნებული ვუყურებდი ერთ-ერთ ჩანახატს:
               
თამრიკო ბუკიას

“როცა შენ ლექსის წაკითხვა გინდა, ზოგს კი გაგონებაც არ უნდა ასეთი რამის, სახეზე გულუბრყვილო გაოცება გეხატება...
თუ ვინმეს ვინმე არ უყვარს, ან უარესი, სძულს კიდეც, კვლავ გაოცებას ვკითხულობ შენში...
თუ ვინმემ გაწყენინა, თუმცა ეს ძალზე იშვიათად ხდება, გული გწყდება და თავადვე ის გენანება...
მაგრამ თუ ვინმეს შეუყვარდი, - არ გიკვირს...
შენც ყველა გიყვარს, უკლებლივ!...”


აი, თურმე რას ფიქრობენ ჩემზე... გმადლობთ, მაიკო, ნათია, ლალი...
მართლა ასეთი გგონივართ? ან  მართლა ასეთი ვარ ნეტა?...

მე ჩვეულებრივი, არანორმალურობამდე ჩვეულებრივი პიროვნება ვარ, იქნებ ცოტა “არანორმალურიც” რომელიც ყველგან და ყველაფერში სილამაზეს და სიკეთეს ეძებს, იქაც კი, სადაც კვალიც კი არ არის სილამაზის და სიკეთისა...
და სწორედ ამის გამო მტკივა სული!... 
მე თქვენი “უცხოპლანეტელი” ვარ, რომელიც ცოტა თქვენგან განსხვავებულად ფიქრობს და ოცნებობს...
ამისთვის ნუ განმირისხდებით და შემინდეთ, შემინდეთ ეს ცოდვა!!!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები