ისინი ერთად ისხდნენ, ორნი_ერთი კაცისთვის გათვალისწინებულ საკანში, ერთი_ნარის ერთ კუთხეში, მეორე_მეორეში. წელსზემოთ გაეხადათ და ბეჭებით მიყრდნობოდნენ ჰაუპტვახტის კედელს. საპატიმრო რატომღაც ნესტიანი სიბნელის ასოციაციას იწვევს. მათი საკანი არ იყო ნესტიანი, პირიქით: იატაკიდან ჭერამდე, კედლიდან კედლამდე მეფობდა სიცხე... სარკმელი მდებარეობდა სამხრეთით... დილიდან საღამომდე მზე, უსაშველო სიცხე და ოფლის სიმყრალე... თითოეული ადამიანის ოფლს განსხვავებული სუნი აქვს. ისინი უკვე მისჩვეოდნენ ერთმანეთის სუნს. საკანს ეტყობოდა, რომ ოდესღაც კირით შეეთეთრებინათ. ახლა კი ოთხივე კედელი და ჭერი დაჩხაპნილი და მიხატულ-მოხატული გახლდათ. ვირთხას სორო გამოეთხარა. ვირთხა საზიზღრობაა, მაგრამ შედარებით მორიდებულია. იმ დროს გამოძვრება საკნის ეს მასპინძელი, როცა სტუმრებს სძინავთ. მას შეიძლება ჩაუსაფრდე, ჩექმა დაარტყა, ან საბანი გადააფარო და დაიჭირო. საკანს ჰყავს მეორე მარადიული მასპინძელი, მას ჩექმით ვერ მოიშორებ, ვერც საბანს გადააფარებ. ის არის საკნის მეფე, იღლიებისა და უბეების მეგობარი. მეფობს ნესტიანი სიბნელისა თუ მშრალი სიცხის პირობებში. ამბობენ, ტილი ბოღმიან ადამიანს არ კბენსო. ეტყობა, არ მოსწონს ამღვრეული სისხლი. ისინი ისხდნენ ორნი ერთ საკანში: ერთი ნარის თავში, მეორე_ბოლოში. ორივეს საქმე სამხედრო პროკურატურას ჰქონდა გადაცემული, ორივე თავის ფიქრებს მისცემოდა, ორივე მართალი იყო. ტყუილად ჩასვეს! ყოველ შემთხვევაში, მათ ასე სწამდათ. ერთ საკანში ორი მართალი რა ძნელი ასატანია მასპინძლებისათვის. მასპინძლებისათვის, რომლებიც შეყუჟულან ოთხ იღლიაში და ელიან, როდის დაიწმინდება სტუმრების ამღვრეული სისხლი. ნარის თავში _ ფსუტური. მან ყველაფერი აღიარა, მაგრამ როგორ დააჯერებ, რომ ტყუის? მისი ოცეულის მეთაურის დორენკოს საყვარელი გამოთქმაა: ,,ომი ყველაფერს ჩამოწერს~. ძალიან მოსწონდა ეს სიტყვები ფსუტურს. მას წელიწადნახევრის განმავლობაში ერთხელ მიეცა საშუალება დაელია. ერთი ბოთლი დაცალა ოთხმა საწვავ-საცხები მასალების საწყობში. რაღაც ასოცი გრამი არაყი შეხვდა, დიდი-დიდი_ასოცდაათი. გაახსენდა დორენკოს აჩემებული გამოთქმა_~ომი ყველაფერს ჩამოწერს~ და გახსნა ონკანი. აღმოჩნდა, რომ ოცდაათი ტონა ბენზინი დაღვარა. ჩასვეს. ომმა მისი ბენზინი არ ჩამოწერა, მაშინ როცა იხოცებიან ათასები, ინგრევა სოფლები და ქალაქები, წყდებიან ტომები და ერები ისე, რომ პასუხს არავინ აგებს. ტყუილად ჩასვეს! ნამდვილად ტყუილად! უსამართლობაა! რაღა მისი დაღვრილი ბენზინი იქცა პრობლემად, მაშინ როცა... ის იჯდა ნარის თავში ჯავრით ავსებული და იცდიდნენ იღლიებში ტილები, როდის დაიწმინდებოდა მისი ამღვრეული სისხლი. ნარის ბოლოში_შახაბოვი, სრულიად მართალი, მოკლა ვიღაც ავღანელი, ნაჯიბულას ხელისუფლების მაღალჩინოსანი. ავტომატი ეკიდა მხარზე, ზედ ხომ არ ეწერა დუშმანი იყო, თუ მთავრობის მოხელე. მან ესროლა, ის მოკვდა. რა გაუგებარი ომია! რა განსხვავებაა, დუშმანსა და ნაჯიბულას მომხრეებს შორის? ყველას ჩალმა ახურავს თავზე და ყველა ბოროტად იყურება. თუ ომია დავხოცოთ ყველა, თუ ასე არ სურთ, მაშინ ნაჯიბულას მომხრეები გადაღებონ წითლად, სხვები კი შავად, თეთრად, ლურჯად ან მწვანედ! როგორაც უნდათ: ნაჯიბულას მომხრეები კი აუცილებლად წითლად! თუმცა, რა აჩემება წითელი ფერი... სრულიად მართალს უყენებენ საშინელ მუხლს _ უცხო ქვეყნის მოქალაქის მკვლელობას... ან თხუთმეტი წელი, ან დახვრეტა... უსამართლობაა. როდესაც ბომბდამშენიდან ბომბავენ სოფლებს, ბომბებს ამანათებივით ხომ არ აწერიათ დუშმანების მისამართები, სახელები და გვარები? ეტყობა, ესეც პოლიტიკაა... საჩვენებლად მოუნდათ მისი დასჯა. მაგრამ ვერ მიართვით, ის გაიქცევა, მას ვერ დაიჭერს ჰაუპტვახტის კედლები. ამგვარი ფიქრები უმღვრევდა სისხლს ნარის ბოლოში მჯდომარეს და ტილები იღლიებსა და უბეში ელოდნენ მისი სისხლის დაწმენდას. მას უმეტყველო თვალები მიეშტერებინა აღმოსავლეთის კედლისათვის. კედელი აეჭრელებინათ ათასგვარი სიტყვებითა და სიმბოლოებით, რომელნიც გადმოსცემენ ათასგვარ განცდას, ემოციას, ფიქრს, ოცნებას, ჟინსა და ამბავს. ჯარისკაცის ვნებებით არის გაჟღენთილი ბათქაშის ზედაპირი. იხილეთ ეს კედელი, ჩაუკვირდით ფანქრით შესრულებულ ყოველ სიმბოლოს, მოხაზულობას, პწკარედს, სიტყვას და თუ შესძლებთ, აღიქვათ და გაითავისოთ ამ ყველაფრის ნახევარი მაინც, მაშინ თქვენ გახდებით ავღანეთის ბრიყვული ომის მთელი ტრაგედიის თანამონაწილე. თქვენ იქცევით იმ ბიჭებს ემოციებისა და განცდების მოზიარედ, რომლებსაც ორი წელი უცხო მიწაზე ოფლი და სისხლი აღვრევინეს. ნარის ბოლოში მჯდომარეს მიეშტერებინა არაფრისმთქმელი თვალები კედლისათვის. სადღაც მარჯვნივ, ჭერთან უხეშ ხელს ხელის მტევანი დაეხატა _ ორი მაღლა აწეული თითი, სამი მოხრილი, გაშლილ თითებს შორის სამიზნე. ცოტა მარცხნივ უკვე სხვას ბეჯითად დიდი ასოებით წაეწერა: ,,არ დაგივიწყებ დედა”. ქვევით მომწვანო ფანქრით ყიშლაღი დაეხატათ. ყიშლაღს უშველებელი მუზარადიანი არწივი უბნელებდა მზეს. შორიახლოს, ეტყობა შემსრულებელს მხატვრობისა რაღაც გააეგებოდა, ეხატა საფლავზე დაჩოქილი ახალგაზრდა ქალი, რომელსაც თვალები ზეცისათვის მიეპყრო. კიდევ უფრო მარცხნივ _ უდაბნო, სილაში მიმოფანტული ძვლები, მუზარადი და ავტომატი. თავის ქალიდან, იქ სადაც თვალბუდეა, თავი ამოეყო გველს. იქვე – კბილებში დანაგაყრილი დუშმანი შემზარავი თვალებითა და გძელი წვერით... ცოტა ზემოთ წარწერა _ ,,დემობილიზაციამდე დარჩა ოცდაშვიდი დღე~. მარცხნივ _ ,,წყეულიმც იყავ, ავღანეთო” შორიახლოს ვიღაცას შიშველი ქალები დაეხატა. ნარის ბოლოში მჯდომარემ კედლის ზემოდან ქვემოთ ჩამოიტანა მზერა, უცებ უმეტყველო თვალებში აზრი ჩაუდგა, გუგები გაუფართოვდა და მისდა უნებურად ხმამაღლა წაიკითხა წარწერა: `მე გავალ კედელში.~ _ რაო, რა თქვი? _ შეეკითხა მეგობარი. _ მე გავალ კედელში! _ მტკიცე ხმით გაიმეორა პირველმა. მეორემ _ ნარის თავში მჯდომარე ფსუტურმა, ხელი ჩაიქნია, რითაც მიახვედრა, შენი სისულეების მოსმენა არ მსურსო. _ არა, მე აუცილებლად უნდა გავიქცე! –კვლავ მტკიცე ხმით თქვა პირველმა. _ ნუ დაიჟინე, წეღანაც გითხარი, დღეს ისეთი ყარაულია, არ შეიძლება, სარისკოა. _ არა აუცილებლად დღეს, მეტს ვეღარ მოვითმენ. _ კარგი, ჯანდაბას შენი თავი; მაგრამ მერე არ ინანო. ყველაფერი თუ დაიხსომე, მაინც? _ კი, ყველაფერი მახსოვს. _ ჯობია, კიდევ ერთი გაკვეთილი ჩაგიტარო, _ უკმაყოფილოდ თქვა ფსუტურმა, ნარიდან ლეიბი გადაწია და ფიცარზე ფანქრით დახაზული გეგმა გამოაჩინა. _ ამ ადგილებს შენ არ იცნობ, კიდევ ერთხელ კარგად დამიგდე ყური: გზას რომ გადაკვეთ, არამც და არამც არ დაადგე ამ შარას, ჩიხია. მესამე შარაზე შედი. ის ვიწროა, მიხვეულ-მოხვეული და სოფლის ბოლომდე გადის. შემდეგ იწყება მინდორი. შენობებიდან ას მეტრში აეროპორტის დაცვის ზოლია. ყოველ სამას მეტრში ტანკი დგას. მათი ნუ შეგეშინდება, ისინი არ გესვრიან. მინდორი რაც შეიძლება მოკლე დროში უნდა გადაირბინო. ყიშლაღს არც ისე მაღალი გალავანი აქვს, თავისუფლად გადახვალ. არა მგონია, ავღანელებმა დაგიჭირონ და უკან დაგაბრუნონ. ყიშლაღიდან მეორე მხარეს გადი, იარე პირდაპირ. ხუთ-ექვს კილომეტრში ჭალა შეგხვდება კუნელის ბუჩქებითა და მაყვლით დაფარული. სამი დღე მოიცადე. ამ ხნის განმავლობაში იქნებ მეც მოვახერხო გამოქცევა. იქ შევხვდებით. სიგნალი სამი მოკლე დასტვენაა. დაიხსომე: გალავნიდან რომ გადახტები თუ ყარაულმა შეგნიშნა, დამორჩილდი, აზრი აღარ ექნება გაქცევას. _ ყველაფერი კარგად მახსოვს. _ გირჩევ დღეს არ გაბედო დღეს ძალიან ყურადღებიანი დარაჯია, ხვალ აჯობებს. _ ხვალამდე მე ვერ გავძლებ, დღეს უნდა გავიქცე. _ გული მიგრძნობს ცუდს. _ მე კი გული მეუბნება, გაიქეციო. _ ჯანდაბას შენი თავი, მოემზადე! მალე გაგვიყვანენ ეზოში. _ რა მომზადება მინდა? _ მორალური. _ ერთი თვეა აქ ვზივარ და პირველი დღიდანვე მორალურად მზად ვარ თავი დავაღწიო ამ კედლებს, _ თქვა შახაბოვმა, ზიზღით მიმოავლო თვალი გარემოს და გააგრძელა _ მე მაინც არ მჯერა, რომ ჩემს შემდეგ შენ შეეცდები გაქცევას. ტყუილად უნდა მალოდინო მაყვლოვანში. _ ამას რატომ იძახი? მე ხომ კაცური სიტყვა გითხარი! _ გული მიგრძნობს, რომ მატყუებ. _ შენ გული ყოველთვის უკუღმა გიგრძნობს. მაშინაც გულმა გიგრძნო, როცა ის ავტომატიანი ავღანელი დუშმანი გეგონა. ახლა კი, თხუთმეტი წელი ან დახვრეტა... _ იცოდე, სამი დღე დაგიცდი, თუ არ მოხვედი, მე მოვალ, კედელში შემოვალ, რათა გითხრა, რომ პედერასტი მატყუარა ხარ! ფსუტური წამოენთო. ოდნავ წამოიწია ნარიდან. _ რას ბოდავ?! იცი, რომ ამ გეგმით ორი კაცი ერთდროულად ვერ გაიქცევა, შენ კი არ იცდი, რომ სხვა მოვიფიქრო. _ მე არ ვიცდი, რადგან შენ უარი თქვი ჩემს გეგმაზე. _ სულელური გეგმა იყო და იმიტომ. როგორ შეიძლება დაცვაზე თავდასხმა? _ კარგი, მოვრჩეთ! _ მე კი კვლავ გაფრთხილებ, დღეს ცუდი დღეა, გულიც კარგს არ მიგრძნობს... _ გავანებოთ გულს თავი! ისევ ისე, ერთი ნარის თავში იჯდა, მეორე_ბოლოში. აღარ საუბრობდნენ, ორივეს თავი ჩაექინდრა და იცდიდნენ იღლიებში ტილები, როდის დაიწმინდებოდა მათი ამღვრეული სისხლი. მოახლოვდა ფეხის ხმა. გაიჩხაკუნა საკეტმა, ღრჭიალით გაიხსნა რკინის კარი. _ ეზოში ნახევარსაათიანი გასეირნება! –ჯერ თქვა და მერე თავი შემოყო გულუბრყვილო გამომეტყველების რიგითმა. შაბახოვი უცებ წამოხტა. ფსუტურმა ზლაზვნით აითრია წელი. დერეფანში ქაოსი იყო. საერთო საკნებიც გაეხსნათ და ჯარისკაცები სირბილით მიიწევდნენ ეზოსაკენ. _ ნახევარსაათიანი გასეირნება!_ ყვიროდა დერეფნის ბოლოში მაღალი სერჟანტი. _ ეზო გაივსო ტუსაღებით. ისინი ხუმრობდნენ, იცინოდნენ, ერთმანეთს ეძიძგილავებოდნენ. ,,მათ რა ედარდებათ, ორ-სამ დღეში გავლენ. ვიდარდოთ ჩვენ, ვისი საქმეც გამოძიებასაა გადაცემული,” _გაიფიქრა ფსუტურმა. ტუალეტთან რიგი იდგა. _ ჰა, ჰა, ჩქარა მორჩით! _ უბრახუნებდნენ გარედან შიგნით მყოფთ. ტუალეტი უბრალო ფარდული იყო, გალავნის კუთხისთვის მიედგათ , საკმაოდ მაღალი გახლდათ და სახურავის დაქანება ღობის მხარეს ჰქონდა. _ რიგში ნუ ჩავდგებით, მოვიცადოთ, ყველამ მოისაქმოს,_თქვა ფსუტურმა და ბოლთის ცემას მოჰყვა. თხუთმეტი წუთის შემდეგ ფარდული დაიცალა. _ უკვე დროა, _ თქვა შახაბოვმა. _ წინ ის შევიდა, შეადგა მეგობარს მხარზე და შიფერს მისწვდა. ლურსმნები სამი დღის წინ საგანგებოდ ააძვრეს. ხელისგულებით აწია და გვერდზე ფრთხილად გადადო. ორივე ხელით მოეჭიდა ლატანს, მიიზიდა და სახურავზე აძვრა, შემდეგ თავი დაბლა ჩამოყო. _ იქნებ შენც ამოგწიო როგორმე,- თქვა და ხელი რაც შეეძლო ჩამოსწია. _ შენც კარგად იცი, რომ შეუძლებელია. გაიქეცი! _ სამი დღე დაგელოდები მაყვლოვანში, ხომ მოხვალ?_ხვეწნისმაგვარი ხმით თქვა შახაბოვმა. _ მოვალ! _ გასცა პასუხი ფსუტურმა და მის სახეზე გაკრთა საკუთარ თავში დაეჭვება. ფსუტური ტუალეტიდან გამოვიდა თუ არა, კოშკურიდან ყარაულის მჭახე ხმა შემოესმა; _ გაჩერდი, თორემ გესვრი! _ ამას მოჰყვა რამდენიმე გასროლა. ,,უნდა გაჩერდეს” _ გაივლო გულში ფსუტურმა. ყარაულმა კვლავ გაისროლა. ,,გაჩერდი შე შტერო, შენა!”- უბრძანა თავის გულში ფსუტურმა მეგობარს. შახაბოვმა გადაკვეთა გზა და ყარაულის ტყვიას შარაზე შეასწრო. გარბოდა თავდავიწყებით, წინ ვერავის ვერ ხედავდა, არ ესმოდა არავითარი ხმა, გარდა თავისივე ქოშინისა. მიმოიფანტნენ დუქანთან მდგარი ავღანელები. ვიღაც ჩადროსანს დაეჯახა. ქალი ქუჩაში გამოტანილ დახლს მიაწყდა და დაეცა, ჩადრი გადაეხადა და გამოუჩნდა დამჭკნარი, ნაწამები შავგვრემანი სახე. გარბოდა მთელი ძალით, ისეთი შეგრძნება ჰქონდა, თითქოს ორ ნაბიჯზე მიჰყვებოდა მდევარი. სამიოდე წლის ბავშვმა ვერ მოახერხა მისთვის გზა დაეთმო. მანაც გვიან შენიშნა. გვერდივერ აუქცია, ზედ გადაახტა, მუხლი წამოარტყა. ბავშვი წაიქცა. სატვირთო მანქანა შუა ქუჩაში გარდიგარდმო გაჩხერილიყო, ეტყობა მძღოლი აბრუნებდა. ვერ გადაწყვიტა, რომელი მხრიდან აევლო გვერდი და გაჩერდა, უკან მოიხადა, ცოტა სული მოითქვა, სადღაც ქუჩის ბოლოში გამოჩნდა სამხედრო მანქანა. ,,ნამდვილად კომენდატურისაა~_ გაივლო გულში და სატვირთოსა და კედელს შორის გაძვრა. რამდენიმე ნაბიჯი გაირბინა. შემდეგ გაჩერდა, გარდიგარდმო მდგომი მანქანის კაბინასთან მიიჭრა, კარი გამოაღო და შეხტა. მძღოლმა გაკვირვებით შეხედა. შახაბოვმა ძლიერად ჩააზილა მუშტი სახეში, მანქანას გასაღები გამოაძრო და იმ დროს ჩამოხტა, როცა კომენდატურის ~უაზი~ სატვირთოს მოადგა. სირბილი გააგრძელა. დამთავრდა ქუჩა და წინ გამოჩნდა მინდორი. მაღალი, დაპურებული ყანა... ყანის იქით, დაახლოებით ნახევარ კილომეტრში, რუხი ფერის ყიშლაღი... არ გაჩერებულა, უკან არ მოუხედავს, ისე შეერია ყანას. სირბილი ჭირდა. რამდენჯერმე ფეხები გაებლანდა და წაიქცა. მეტი უკვე აღარ შეეძლო, მუხლები დაღლილობისაგან დაბუჟებოდა, მაინც მოიკრიბა ძალა და ისევ გააგრძელა წინსვლა. ორმოცდაათი ნაბიჯიღა იყო ყიშლაღის გალავნამდე, როცა ყურში ტყვიების ზუზუნი ჩაესმა. ჩაწვა, ცოტა ხანს გაირინდა, შემდეგ წამოხტა, ისევ გაიზუზუნეს ტყვიებმა. გვერდით მოსხეპილი თავთავები აფრინდნენ. ჩაწვა. რამდენიმე მეტრი იხოხა, შემდეგ _ სამიოდე მოკლე ნახტომი და ყიშლაღის გალავანთან გაჩნდა. ცოტა სული მოითქვა, წამოხტა, გალავნის თავს მოსდო თითები და მიიზიდა. კვლავ გაიზუზუნეს ტყვიებმა. მის ხელებთან ალიზის ნამსხვრევები და მტვერი აიჭრა. უკან მოიხედა, წამით თვალი მოჰკრა ყანის თავში მდგომ მანქანას და ღობის იქით ჩახტა, ტკივილი იგრძნო ფეხში, დაიხედა, სისხლი სდიოდა. ,,შესაშინებლად მესვრიან, ტყვია არ იქნება, ეტყობა რაღაც შემერჭო,~ _ გაიფიქრა და გზა განაგრძო. ფსუტურის ინსტრუქციით პირდაპირ უნდა გაევლო ყიშლაღი და თანაც რაც შეიძლება სწრაფად. ვიწრო ქუჩაში მოხვდა, ორი კაცი ძლივს რომ აუქცევდა ერთმანეთს გვერდს. ღია კართან იდგნენ ბავშვები. მის დანახვაზე გოგონამ საშინლად იწივლა. ყურადღება არ მიუქცევია, განაგრძო სირბილი. ქუჩა დამთავრდა. სახლის კუთხესთან მარჯვნივ შეუხვია და ვიღაცას მძლავრად დაეჯახა. წაიქცა. დამხვდურიც დავარდა და მოულოდნელობისაგან დაიღრიალა. შახაბოვი მაშინვე წამოხტა, მაგრამ გზა ვეღარ განაგრძო, ის ვიღაცა ჩაეჭიდა სისხლმდინარ ფეხში. მეორე ფეხი ჩააზილა სახეში, მაინც ვერ გააშვებინა ხელი. ავღანელი ღრიალებდა და ორივე ხელით მძლავრად ჩაეკრა მისი ფეხი მკერდში. რამდენჯერმე ჩაარტყა მუშტი სახეში. ავღანელს სისხლი წასკდა, მაინც არ გაუშვა ხელი. შახაბოვმა ზურგში ტკივილი იგრძნო. მოტრიალდა. დაბალი მოხუცი ფიწლით ხელში ჯიქურ უტევდა. მეორედ მხარში მოხვდა. გიმნასტურაში შევიდა ფიწლის წვერი და კუნთში გაიარა. მარცხენა ხელით გამოგლიჯა ფიწალი და ფეხზე შემოხვეულს გაუყარა ყელში, შემდეგ მეორისაკენ გაქანდა, მაგრამ ვეღარ მოასწრო. ვიღაცამ კეტი მძლავრად ჩაარტყა კისერში, მეორე თავში მოხვდა და შახაბოვი უგრძნობლად დაეცა. ავღანელებმა ის სოფლიდან გაიტანეს და ჯაგნარში დააგდეს. საფლავის გათხრას აპირებდნენ, რომ ამ დროს ყიშლაღში ტყვიამფრქვევების სროლით სამი ჯავშანტრანსპორტიორი შემოგრუხუნდა. სოფლელებმა შახაბოვის უგრძნობელ სხეულს თავი ანებეს და სახლებისაკენ გაიქცნენ. ჯავშანტრანსპორტიორში იდგა საკომენდანტო როტის მეთაური კაპიტანი კოლჩანოვი. ავღანელებს შეეშინდათ ეღიარებინათ ჯარისკაცის მოკვლა. არ გვინახავსო, იცრუეს. კაპიტანმა ჩხრეკის ბრძანება გასცა. მთელი მოსახლეობა აქლემების ბაკში შეყარეს. სახლებს, ეზოებსა და გომურებს ჯარისკაცები შეესივნენ, საღამომდე ჩხრიკეს, მაგრამ არაფერი.... კაპიტანი კიდევ ერთხელ დაემუქრა სოფელს, განრისხებული დაბრუნდა უკან და ყარაულებს თხუთმეტი დღით ჰაუპტვახტში უკრა თავი. მეორე დღეს მომხდარის შესახებ დივიზიის მეთაურს უპატაკა, რომლისგანაც რისხვა დაიმსახურა. მან კი მთელი ჯავრი დარაჯებზე და პატიმრებზე იყარა: შუადღის ნახევარსაათიანი გასეირნება თხუთმეტ წუთამდე დაიყვანა და ბრძანება გასცა, გაქცევის მცდელობისას ტუსაღებისათვის გაუფრთხილებლად ესროლათ, საკომენდანტო ნაწილი კი საგანგებო მდგომარეობისათვის გათვალისწინებულ რეჟიმზე გადაიყვანა. ფსუტური მარტო დარჩა. მაშინ უკვე ბოლომდე ტკივილად შეიგრძნო საკუთარი არსებობა. შუაღამემდე ბოლთას სცემდა. ამღვრეული მდინარის მორევივით ტრიალებდა მის თავში ათასი ფიქრი და ჯავრი. როცა შახაბოვს ჰპირდებოდა, სამ დღეში მეც გამოვიქცევიო, ჯერ მაშინ არ იყო დარწმუნებული, შეასრულებდა თუ არა მეგობრისადმი მიცემულ პირობას, ახლა კი როდესაც დაცვა გააძლიერეს, სამი დღე-ღამე თავს ებრძოდა, როგორმე გაემართლებინა საკუთარი საქციელი. სძულდა ლაჩარი და ცდილობდა თავი დაერწმუნებინა, რომ ამ შემთხვევაში მისი მხრიდან სიტყვის გატეხა სიმხდალის გამო კი არ ხდებოდა, არამედ მხოლოდ ჭკუის კარნახი იყო. * * * შახაბოვის გაქცევიდან მეოთხე ღამე იდგა. მთვარის სხივები კედელზე კვადრატებად ხატავდა სარკმლის გისოსებს. ფსუტური ნარზე იჯდა და გრილ ბეტონს ზურგით მიყრდნობოდა. დილით ვერ გაიხსენა, სიზმარი იყო თუ მოჩვენება: მარჯვენა კედელი გაირღვა და საკანში შახაბოვი შემოვიდა. ზიზღნარევი, დამცინავი ღიმილი გადაჰკვროდა სახეზე. _ როგორც დაგპირდი, კედლიდან შემოვედი, რათა გითხრა, რომ შენ, ფსუტურო, მატყუარა, პედერასტი ხარ! _ თქვა, შემობრუნდა და კედელში გავიდა. ფსუტურს ყელიდან რაღაც ხმა აღმოხდა, ფეხზე წამოხტა და კედელს ეცა. ტანზე ბალანი აბურძგნოდა, თვალები თითქოს ბუდიდან გადმოვარდნას ლამობდნენ. მერე დილამდე სცემდა ბოლთას. მეორე დღეს, ეზოში რომ გამოიყვანეს, გულმა ჭიშკრისაკენ გაუწია. ჰაუპტვახტის უფროსმა კაბინეტიდან გამოაცილა მაღალი ხმელ-ხმელი პოლკოვნიკი. ფსუტურმა იცნო დივიზიის მეთაურის მოადგილე რიბკინი. პოლკოვნიკი მხედრულად დაემშვიდობა ჰაუპტვახტის უფროსს და ავტომობილში ჩაჯდა. ყარაულებმა ჭიშკარი გახსნეს. ის-ის იყო მანქანა ეზოდან გავიდა, რომ ფსუტური ელვის სისწრაფით მოსწყდა ადგილს, რამდენიმე ნახტომით წამოეწია `უაზს~, შეახტა და ხელებით სახურავის საბარგულს მოეჭიდა. გზა დაბომბილი იყო და მძღოლმა და პოლკოვნიკმა მანქანის შექანება ვერ იგრძნეს, “უაზი“ ორმოებზე ხტუნაობით გასცდა ჰაუპტვახტის ღობეს და აეროპორტის მიმართულებით წავიდა. ყარაულები წამით დაიბნენ, შემდეგ გზაზე გამოიშალნენ, მაგრამ ერთმაც ვერ გაბედა, ესროლა მეთაურის მანქანისათვის. `უაზი~ გასცდა თუ არა მოსახვევს, ფსუტური ჩამოხტა, თავი ვერ შეიმაგრა, გზაზე გაგორდა, პირი მტვრით გაევსო და იდაყვები და მუხლები გადაიქლიტა. ტკივილისათვის ყურადღება არ მიუქცევია, წამოხტა, ტალახი გადააფურთხა და მარცხნივ პირველივე შარაზე შევარდა, შემდეგ მარჯვნივ გაუხვია და ხუთი წუთის შემდეგ იმ ქუჩაში აღმოჩნდა, რომელიც მისმა მეგობარმა ოთხი დღის წინ გაირბინა. შახაბოვისაგან განსხვავებით, მსუბუქად გარბოდა, ძალასა და ენერგიას ზოგავდა, როდესაც გაუსწორდა ქუჩაში გამოტანილ დახლს, სადაც მისმა მეგობარმა ქალი წააქცია, გაჩერდა, `კოკა-კოლას~ ბოთლი დაიტაცა და სირბილით განაგრძო გზა. სახლებს რომ გასცდა და ყანამდე მიაღწია, უკან მოიხედა. მდევარი არ ჩანდა. გული დაიმშვიდა და შახაბოვისაგან გათელილ კვალს მიჰყვა. ეს მონაკვეთი მთელი სისწრაფით გაირბინა და ყიშლაღის გალავნამდე რომ მიაღწია, უკვე ძალა გამოსცლოდა. უკან მოიხედა, საეჭვო ვერაფერი შენიშნა და სულის მოსათქმელად გალავნის ძირში ჩაჯდა, ბოთლი კბილებით გახსნა და ატალახებული პირი გამოირეცხა. ცოტა შვება იგრძნო, ჩათვალა რომ ძალა მიეცა და თავი ფრთხილად ამოწია. ყანის თავში კომენდანტურის ტენტგადახდილი `უაზი~ გაჩერებულიყო. მანქანაში ფეხზე იდგნენ ჯარისკაცები და მისი მიმართულებით ათვალიერებდნენ ყანას. ~გალავანზე გადახტომას ვერ მოვასწრებო,~ – გაიფიქრა და კედლის გასწვრივ რაც შეეძლო, სწრაფად იწყო ხოხვა. `უაზი~ ადგილიდან დაიძრა, ის ზიგზაგებით მიდიოდა წინ და ყანას თელავდა. კაბინაში, მძღოლის გვერდით, ფეხზე იდგა ჰაუპტვახტის უფროსი, აქეთ-იქით იყურებოდა და რაც შეეძლო ხმამაღალა ჩასძახოდა რუპორში: _ ვერსად დაიმალები! დაგვნებდი! ვიცით, რომ აქ სადღაც ხარ! მანქანა გალავნამდე მივიდა და მისი მიმართულებით აიღო გეზი. ფსუტური რუმდე მიცოცდა და კვალის დასამალად კალაპოტში გააგრძელა ხოხვა. `უაზმა~ ოციოდე მეტრში ჩაუქროლა და მას შემოესმა ჰაუპტვახტის უფროსის ყვირილი. ის რაციით დამხმარეს იძახებდა. ,,ალბათ მალე აქ მთელი საკომენდანტო როტა გაჩნდება~, _ გაიფიქრა და უფრო ენერგიულად განაგრძო ხოხვა. შეუჩერებლივ მიიწევდა წინ, არ ერიდებოდა გველებს, წყალში ამოჩრილ ტოტებსა და კალაპოტში ჩალაგებულ ქვებს, მთელი სახე ტალახში ამოსვროდა. `უაზი~ უკვე საწინააღმდეგო მხარეს დაეძებდა, როცა მან ლელიანამდე მიაღწია. უკვე შეიძლებოდა ფეხზე ამდგარს ევლო, მაგრამ სიფრთხილის გამო სანამ ღრმად არ შეხოხდა, არ წამომდგარა. ლელიანი ძალიან პატარა აღმოჩნდა. ,,აქ დამალვას აზრი არა აქვს, რაც შეიძლება შორს უნდა წავიდე~, _ გაიფიქრა და სანამ ლელიანიდან გავიდოდა, თითის წვერებზე შემდგარმა მოათვალიერა არემარე. ორასიოდე ნაბიჯზე, იქ, სადაც რუ უხვევდა, საკმაო სიდიდის ბუჩქნარსა და ლელიანს მოჰკრა თვალი. ,,აი, იქ უკვე შეიძლება დამალვა~, _ გაიფიქრა და ისევ რუს გაჰყვა ხოხვით. რამდენჯერმე მწყერი აუფრინდა. ,,ოხერი ფრინველები, თუ შემამჩნევენ, მათი ბრალი იქნება~, _ გაივლო გულში და არც ისე ხმადაბლა ღვარძლიანად შეიგინა. ყანაში ამოზრდილ ბუჩქნარამდე მიაღწია, მუხლები და იდაყვები სისხლით ჰქონდა მოთხვრილი. თუმცა ტკივილს მაინც და მაინც არ გრძნობდა. შეხოხდ ალელიანში და ისეთი ადგილის ძებნა დაიწყო, სადაც უფრო მოსახერხებელი იქნებოდა დამალვა. რამდენიმე წუთი აქეთ-იქით იხეტიალა და როდესაც ბუჩქნარის შუაგულში მდგომ წნორამდე მიაღწია, კატის კნავილის მაგვარი ხმა შემოესმა. ყურები ცქვიტა. კნავილი მისუსტებულ სტვენად იქცა. მდევარი ეგონა, გაქცევას აპირებდა, მაგრამ შემდეგ გული გაიმაგრა, ხმის მიმართულებით ლელქაში მისწი-მოსწია და ვიღაცას მოჰკრა თვალი, რომელსაც დალურჯებული და დასიებული თავ-პირი ჰქონდა, სახე ეტყობა მოებანა, მაგრამ ყელი და ტანსაცმელი გათხუპვნოდა, თმებიც სისხლით შეწებებოდა და ფიჩხივით ეყარა თავზე. ფსუტურმა გაარჩია, რომ ამ ვიღაცას ჯარისკაცის ფორმა ეცვა და გაკვირვებული დააშტერდა. დამხდური, რამდენადაც ამის საშუალებას მისი დასიებული სახე იძლეოდა, იღიმებოდა, ბოლოს კი, როცა ფსუტური უფრო ახლოს მივიდა, ხმა ამოიღო: _ დანიშნულ ადგილზე ვერ დაგხვდი, მაგრამ მაინც მიპოვე. მე კი არ მჯეროდა შენი. მაპატიე. _ რა მოგსვლია?! რა დაგემართა?! ძლივს გიცანი. _ არაფერი... ყიშლაღში ავღანელებმა მცემეს. ერთს კი მე მოვუღე ბოლო. ჩვენებმა ფეხში დამჭრეს, მაგრამ ბეჭები და თავი უფრო მაწუხებს. ახლა არა მიშავს, ცოტა მოვმჯობინდი, ფეხზეც ვდგები, _ თქვა და გაჭირვებით წამოდგა, ბარბაცით რამდენიმე ნაბიჯი გადადგა და გააგრძელა, _ წუხელ სიზმარში გნახე, დანიშნულ ადგილას, მაყვლოვანში მოსულიყავი, მე იქ არ დაგხვდი და შენ მაგინებდი. შერცხვენილს გამომეღვიძა. ალბათ შენ იქ დიდხანს მეძებე. საკვირველია, აქ როგორ მომაგენი. _ ჭრილობები მანახე! ფსუტურმა მეგობრის იარებს დაუწყო სინჯვა. თავზე კანი გოჯის სიგრძეზე გადახსნოდა, ბეჭებზე ჭრილობა დაჩირქებულიყო და მატლი გასჩენოდა, წვრილი, თეთრი არსებები ირეოდნენ წყლულში. სხვა საშუალება არ იყო, მეგობარი რუმდე მიიყვანა, ჭრილობები მობანა, მოუმშრალა და საკუთარი პერანგის ნახევით შეუხვია. მხარი მოშუშებისაკენ იყო, ფეხს კი ვერაფერს შეატყობდი. ტყვია მეორე მხარეს გასულიყო და ჭრილობა გარეგნულად ორ სველ მუწუკს წარმოადგენდა. _ აჯობებს, ჩაბარდე. ამ პირობებში ჭრილობებმა შეიძლება გადაგიყოლონ, _ თქვა ფსუტურმა და მეგობარს შეხედა. _ რას ამბობ, ნუთუ ვერა გრძნობ, რა არის თავისუფლება? აქ სიკვდილი მირჩევნია საკანში სიცოცხლეს. მერე თხუთმეტი წელი! ამდენ ხანს რა მოიცდის. ჰაუპტვახტის უფროსის "უაზს~ ოთხი ჯავშანტრანსპორტიორი კიდევ მიემატა. მთელი საკომენდანტო ნაწილი გაშლილიყო ყანაში და ეძებდა გაქცეულს. _ ბუჩქნარი გაჩხრიკეთ! ის ძაღლიშვილი უეჭველად მანდ დაიმალა! _ გასცა ბრძანება ჰაუპტვახტის უფროსმა და საკომენდანტო ნაწილი ალყად შემოერტყა ბუჩქნარს. უკვე გაქცეულებამდე აღწევდა ჯარისკაცების ერთმანეთთან გადაძახების ხმები და ტოტების ლაწალუწი. _ ვერაფერი გვიშველის, გვიპოვიან, _ თქვა ფსუტურმა. შახაბოვს დასიებულ-დალურჯებული სახე მოეღრიცა, ცრემლი ჩამოუგორდა ქუთუთოზე. _ არა, მე მათ არ დავნებდები, _ თქვა და უღონოდ დამუშტა ხელები. _ იქნებ შენთვის ჯობდეს კიდეც_ ჰოსპიტალში დაგაწვენენ, იქ ექიმი იქნება. _ არა, ცოცხლად არ დავნებდები, ვიღაცას წავიმძღვარებ, _ თქვა და გაჭირვებით გამოათრია ბალახებიდან ფიწალი. _ რახან ასე გსურს, მშვიდობით... ისინი მარტო მე მეძებენ. აბა შენ იცი, კარგად იყავი! უკვე მეორედ გემშვიდობები, ალბათ უკანასკნელადაც. რომ მომჯობინდები, ჩრდილოეთისაკენ იარე. ოც კილომეტრში დაბალი მთები დაგხვდება. აივლი და "სიკვდილის ველად" წოდებულ ვაკობზე გახვალ. ის დუშმანების კონტროლის ზონაა. რა თქმა უნდა, ისინი ტყვედ აგიყვანენ, მაგრამ ალბათ უფრო მალე ნახავ თავისუფლებას, ვიდრე თხუთმეტი წელია. აბა, კარგად იყავი. ჰო, მართლა, ხორბალს ასე პირდაპირ ნუ ჭამ _ წყალში დაასველე, მზეზე დაყარე, დაღივდება, დატკბება, უფრო გემრიელია, დაგაპურებს. თანდათან ახლოვდებოდა ჯარისკაცების ხმები. ფსუტური სამალავიდან გამოვიდა, ხოხვით გაიარა ოცდაათი ნაბიჯი, შემდეგ გასწორდა, ხელები მაღლა აწია და რაც შეეძლო ხმამაღლა დაიძახა: _ მე ხომ არ მეძებთ? აქ ვარ!
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
23.
კიდევ მესამედ წავიკითხე - ძალიან მაგარია... :) ძალიან. ბრავო და ბრავო!
კიდევ მესამედ წავიკითხე - ძალიან მაგარია... :) ძალიან. ბრავო და ბრავო!
22. ვაი მე,ეს-- სად ვიყავი.. ხოხვით და ნერვიულობით ილაჯი წამერთვა...
მადლობა ავტორს ამ დაღლისთვის.... ვაი მე,ეს-- სად ვიყავი.. ხოხვით და ნერვიულობით ილაჯი წამერთვა...
მადლობა ავტორს ამ დაღლისთვის....
21. 2008 წლის აგვისტოს,რუსეთ საქართველოს ომში დაღუპული გმირების, ნათლიას და ნათლულის ამბავი გამახსენდა. კარგი ნაწერია. ვაჟკაცური, ყოჩაღ! 2008 წლის აგვისტოს,რუსეთ საქართველოს ომში დაღუპული გმირების, ნათლიას და ნათლულის ამბავი გამახსენდა. კარგი ნაწერია. ვაჟკაცური, ყოჩაღ!
20. სათაურიც საკამათოა. უკეთესის მოფიქრებაც შეიძლება... ფსუტურის სახე თუ დაიხვეწება (ხასიათი დააკლდა, მითოლოგიის გათანამედროვებულ პერსონაჟებსაც გაუწევს მეტოქეობას... სათაურიც საკამათოა. უკეთესის მოფიქრებაც შეიძლება... ფსუტურის სახე თუ დაიხვეწება (ხასიათი დააკლდა, მითოლოგიის გათანამედროვებულ პერსონაჟებსაც გაუწევს მეტოქეობას...
19. ჭრილობა რომ შეუხვია კარგია, მაგრამ კოკა–კოლა უნდა მიეტანა მეგობრისთვის უკეთესი ფინალი გამოვიდოდა... ჭრილობა რომ შეუხვია კარგია, მაგრამ კოკა–კოლა უნდა მიეტანა მეგობრისთვის უკეთესი ფინალი გამოვიდოდა...
18. არ ვიცი რომელია სწორი ფორმა, ვფიქრობ ორივე. ქართული ენის განმარტებით ლექსიკონში ვირთხა და ვირთაგვა სინონიმებია,
არ ვიცი რომელია სწორი ფორმა, ვფიქრობ ორივე. ქართული ენის განმარტებით ლექსიკონში ვირთხა და ვირთაგვა სინონიმებია,
17. და ისე, "ვირთხაა" სწორი ფორმა თუ "ვირთაგვა"? "ვირ...თხა!" "თხა" რა შუაშია საერთოდ? :)))) და ისე, "ვირთხაა" სწორი ფორმა თუ "ვირთაგვა"? "ვირ...თხა!" "თხა" რა შუაშია საერთოდ? :))))
16. 14. ეს ბაღლინჯობი კი დღეს ზედმეტი დოზით მომივიდა წასაკითხად ,არ დამესიზმრონ :)) ანემონე. 2012-01-31 19:11:20
ბაღლინჯოები არა, ანე... ტილები! ბაღლინჯო გიკბენს და ისევ გაიპარება... აი, ტილია, აჩრდილივით სულ თან რომ დაგდევს... და მეგობრის სითბოსავით უბეში რომ უნდა ეძებო... :)))
ბრავო, მეუდაბნოევ! 5555555555 14. ეს ბაღლინჯობი კი დღეს ზედმეტი დოზით მომივიდა წასაკითხად ,არ დამესიზმრონ :)) ანემონე. 2012-01-31 19:11:20
ბაღლინჯოები არა, ანე... ტილები! ბაღლინჯო გიკბენს და ისევ გაიპარება... აი, ტილია, აჩრდილივით სულ თან რომ დაგდევს... და მეგობრის სითბოსავით უბეში რომ უნდა ეძებო... :)))
ბრავო, მეუდაბნოევ! 5555555555
15. ჩემი აღფრთოვანება ამ ნაწერსაც!
პ.ს. ოღონდ როტა ასეულით შეცვალეთ, რა :) ჩემი აღფრთოვანება ამ ნაწერსაც!
პ.ს. ოღონდ როტა ასეულით შეცვალეთ, რა :)
14. კარგი იყო ესეც ,ნუ ცოტა დავიღალე მე კითხვისას,მაგრამ შთაბეჭდილებით მაინც ვარ :)
''საკანს ჰყავს მეორე მარადიული მასპინძელი, მას ჩექმით ვერ მოიშორებ, ვერც საბანს გადააფარებ. ის არის საკნის მეფე, იღლიებისა და უბეების მეგობარი. მეფობს ნესტიანი სიბნელისა თუ მშრალი სიცხის პირობებში. ამბობენ, ტილი ბოღმიან ადამიანს არ კბენსო. ეტყობა, არ მოსწონს ამღვრეული სისხლი.'' ეს ბაღლინჯობი კი დღეს ზედმეტი დოზით მომივიდა წასაკითხად ,არ დამესიზმრონ :)) კარგი იყო ესეც ,ნუ ცოტა დავიღალე მე კითხვისას,მაგრამ შთაბეჭდილებით მაინც ვარ :)
``საკანს ჰყავს მეორე მარადიული მასპინძელი, მას ჩექმით ვერ მოიშორებ, ვერც საბანს გადააფარებ. ის არის საკნის მეფე, იღლიებისა და უბეების მეგობარი. მეფობს ნესტიანი სიბნელისა თუ მშრალი სიცხის პირობებში. ამბობენ, ტილი ბოღმიან ადამიანს არ კბენსო. ეტყობა, არ მოსწონს ამღვრეული სისხლი.`` ეს ბაღლინჯობი კი დღეს ზედმეტი დოზით მომივიდა წასაკითხად ,არ დამესიზმრონ :))
13. ძააან მომეწონა, ძალიან საინტერესო იყო. გუშინწინ წავიკითხე ეს, თუ არ ვცდები. ძააან მომეწონა, ძალიან საინტერესო იყო. გუშინწინ წავიკითხე ეს, თუ არ ვცდები.
12. კარგი ნაწერია კარგად იკითხება
რამოდენიმე ადგილი ცოტა საეჭვოდ მომეჩვენა, თუმცა მთლიანობაში ნაწერს არაფერი აკლდება ამით
1) როცა შახაბოვი გაიპარა, იმ ადგილას საპირფარეშოსთან ორნი იყვნენ, სხვები ახლომახლო არ იყვნენ, მათგან ერთი გაიქცა და მეორე საპირფარეშოში იყო. ლოგიკურად იქ აუცილებლად მივიდოდნენ და ნახავდნენ ვინ მიეხმარა გაქცევაში და შესაბამისად არ გაუშვებდნენ ასე თავისუფლად ისევ საკანში. თანაც თუ თანამესაკნე გაიქცა, აუცილებლად დაკითხავდნენ მაინც და ეჭქვეშდადგებოდა მეორე პატიმრის მონაწილეობა ამ საქმეში. ეს ადგილი კი გამოტოვილია ამ მოთხრობაში
2) "ისევ გაიზუზუნეს ტყვიებმა. მოსხეპილი თავთავები აფრინდნენ მის წინ. ჩაწვა. რამდენიმე მეტრი იხოხა," თუკი ხედავდნენ რა ადგილას იყო და ტყვიას უშენდნენ, თავთავებში ხოხვა არაფერს მისცემდა, რადგან თავთავების თავები აუცილებლად მიახვედრებდა მსროლელებს მისი ხოხვის მიმართულებას და მეტიც, პირდაპირ მხოხავს დაუშენდნენ ტყვიებს...
3) "რომ ფსუტური ელვის სისწრაფით მოსწყდა ადგილს, რამდენიმე ნახტომით წამოეწია `უაზს~, შეახტა და ხელებით სახურავის საბარგულს მოეჭიდა" გამორიცხულია ასეთი შეხტომის დროს, როცა დიდი სისწრაფით გაქცეული ადამიანი შეახტება თუნდაც უაზს, ვერ იგრძნონ შიგ მსხდომებმა.
თუმცა ვინ იცის, ყველაფერი ხდება ცხოვრებაში და სავარაუდოდ ამ ნაწერშიც დიდი ნაწილი რეალური ცხოვრებიდან იქნება აღებული.
მომეწონა მთლიანობაში კარგი ნაწერია კარგად იკითხება
რამოდენიმე ადგილი ცოტა საეჭვოდ მომეჩვენა, თუმცა მთლიანობაში ნაწერს არაფერი აკლდება ამით
1) როცა შახაბოვი გაიპარა, იმ ადგილას საპირფარეშოსთან ორნი იყვნენ, სხვები ახლომახლო არ იყვნენ, მათგან ერთი გაიქცა და მეორე საპირფარეშოში იყო. ლოგიკურად იქ აუცილებლად მივიდოდნენ და ნახავდნენ ვინ მიეხმარა გაქცევაში და შესაბამისად არ გაუშვებდნენ ასე თავისუფლად ისევ საკანში. თანაც თუ თანამესაკნე გაიქცა, აუცილებლად დაკითხავდნენ მაინც და ეჭქვეშდადგებოდა მეორე პატიმრის მონაწილეობა ამ საქმეში. ეს ადგილი კი გამოტოვილია ამ მოთხრობაში
2) "ისევ გაიზუზუნეს ტყვიებმა. მოსხეპილი თავთავები აფრინდნენ მის წინ. ჩაწვა. რამდენიმე მეტრი იხოხა," თუკი ხედავდნენ რა ადგილას იყო და ტყვიას უშენდნენ, თავთავებში ხოხვა არაფერს მისცემდა, რადგან თავთავების თავები აუცილებლად მიახვედრებდა მსროლელებს მისი ხოხვის მიმართულებას და მეტიც, პირდაპირ მხოხავს დაუშენდნენ ტყვიებს...
3) "რომ ფსუტური ელვის სისწრაფით მოსწყდა ადგილს, რამდენიმე ნახტომით წამოეწია `უაზს~, შეახტა და ხელებით სახურავის საბარგულს მოეჭიდა" გამორიცხულია ასეთი შეხტომის დროს, როცა დიდი სისწრაფით გაქცეული ადამიანი შეახტება თუნდაც უაზს, ვერ იგრძნონ შიგ მსხდომებმა.
თუმცა ვინ იცის, ყველაფერი ხდება ცხოვრებაში და სავარაუდოდ ამ ნაწერშიც დიდი ნაწილი რეალური ცხოვრებიდან იქნება აღებული.
მომეწონა მთლიანობაში
11. ეს გუშინ წავიკითხე და ერთიანად შემძრა. კარგია. წერა გააგრძელე. ეს გუშინ წავიკითხე და ერთიანად შემძრა. კარგია. წერა გააგრძელე.
10. კარგი იყო...5 ძალიან ცოცხალი სურათები დამიდგა თვალწინ და... ფინალიც კარგად გადაწყვეტილი... და ეს ორიგინალური ტილები, ყველაზე მეტად...:)))...." რომლებიც შეყუჟულან ოთხ იღლიაში და ელიან, როდის დაიწმინდება სტუმრების ამღვრეული სისხლი."
კარგი იყო...5 ძალიან ცოცხალი სურათები დამიდგა თვალწინ და... ფინალიც კარგად გადაწყვეტილი... და ეს ორიგინალური ტილები, ყველაზე მეტად...:)))...." რომლებიც შეყუჟულან ოთხ იღლიაში და ელიან, როდის დაიწმინდება სტუმრების ამღვრეული სისხლი."
9. ღიმილ, მიხარია, ასე კარგად რომ დაინახე გმირების სახე. ვიცოდი, რომ მოგეწონებოდა. :) ძალიან კარგი მკითხველი და კარგი ადამიანი ხარ შენ. :))) ღიმილ, მიხარია, ასე კარგად რომ დაინახე გმირების სახე. ვიცოდი, რომ მოგეწონებოდა. :) ძალიან კარგი მკითხველი და კარგი ადამიანი ხარ შენ. :)))
8. ძალიან კარგად წერთ. ძალიან კარგად წერთ.
7. ეეეეეჰ გულსატკენი და სევდიანი ამბავია,
მაგრამ კარგად და ლამაზად აღწერილი....
მომეწონა მართლა რამდენი უბედურება გადაიტანეს ჩვენმა ბიჭებმა და
რისთვის? ეეეეეჰ გულსატკენი და სევდიანი ამბავია,
მაგრამ კარგად და ლამაზად აღწერილი....
მომეწონა მართლა რამდენი უბედურება გადაიტანეს ჩვენმა ბიჭებმა და
რისთვის?
6. ვაიმეეეეეეეე! დიდი მადლობა ქალბატონ ტენდის, რომ მირჩია ამ პროზის წაკითხვა, თანაც პროზას ძალიან იშვიათად პრაქტიკულად არ ვკითხულობ და დიდი მადლობა რომ ასეთი რამ მირჩია! აქვე მადლობა ავტორს, ამ ძალიან მაგარი რამის დაწერისთვის! ვაიმე მთელი ავღანეთი შემოვირბინე მეც მაგ ფსუტურთან და შახაბოვთან ერთად! არა შახბოვი მაინც იმენა მაგარი კაცია ძალიან! ფსუტურის საქციელმა გამომაშტერა ბოლოს! მეგონა მეგობარს ტოვებდა მაგრამ მალადეც რა! მე მაინც შახაბოვი უფრო მომეწონა! რაღაცნაირად უშიშარია უფრო! აუ მართლაც არ ვნანობ რო წავიკითხე, პირიქით! ძალიან მაგარია!
5 ვაიმეეეეეეეე! დიდი მადლობა ქალბატონ ტენდის, რომ მირჩია ამ პროზის წაკითხვა, თანაც პროზას ძალიან იშვიათად პრაქტიკულად არ ვკითხულობ და დიდი მადლობა რომ ასეთი რამ მირჩია! აქვე მადლობა ავტორს, ამ ძალიან მაგარი რამის დაწერისთვის! ვაიმე მთელი ავღანეთი შემოვირბინე მეც მაგ ფსუტურთან და შახაბოვთან ერთად! არა შახბოვი მაინც იმენა მაგარი კაცია ძალიან! ფსუტურის საქციელმა გამომაშტერა ბოლოს! მეგონა მეგობარს ტოვებდა მაგრამ მალადეც რა! მე მაინც შახაბოვი უფრო მომეწონა! რაღაცნაირად უშიშარია უფრო! აუ მართლაც არ ვნანობ რო წავიკითხე, პირიქით! ძალიან მაგარია!
5
5. ერთი კარგი ბიჭი გამახსენა ამ ნაწარმოებმა, ავღანეთიდან ცოცხლად მკვდარი რომ დაბრუნდა და დღემდე ასეა, 25 წლის მერეც კი...:( ძალიან კარგია! ერთი კარგი ბიჭი გამახსენა ამ ნაწარმოებმა, ავღანეთიდან ცოცხლად მკვდარი რომ დაბრუნდა და დღემდე ასეა, 25 წლის მერეც კი...:( ძალიან კარგია!
4. +5 ქალბატონ ტენდის ვეთანხმები +5 ქალბატონ ტენდის ვეთანხმები
3. მეუდაბნოვე, არაჩვეულებრივად წერ. ძალიან ცოცხლად და კადრებად. თითქოს კინოსცენარი იყოს. არ ვიცი, რატომ ვგრძნობ ომს ასე მძაფრად. ერთი წიგნი მაქვს, ავღანეთში მებრძოლი ბიჭების წერილებია. საშნელებაა. კარგია, რომ გადაწყვიტე პროზის განთავსებაც. ყოჩარ ფსუტურს. ეტყობა ომი აიძულებს ადამიანს თავდადებას ( იშვიათი გამონაკლისების გარდა).
პატივისცემით: ტენდი.
პ. ს. ურაკპარაკო, წაიკითხეთ ეს მოთხრობა და ნახეთ რა გადაიტანეს ჩვენმა (და არა მარტო ჩვენმა) ბიჭებმა ავღანეთში. 5
მეუდაბნოვე, არაჩვეულებრივად წერ. ძალიან ცოცხლად და კადრებად. თითქოს კინოსცენარი იყოს. არ ვიცი, რატომ ვგრძნობ ომს ასე მძაფრად. ერთი წიგნი მაქვს, ავღანეთში მებრძოლი ბიჭების წერილებია. საშნელებაა. კარგია, რომ გადაწყვიტე პროზის განთავსებაც. ყოჩარ ფსუტურს. ეტყობა ომი აიძულებს ადამიანს თავდადებას ( იშვიათი გამონაკლისების გარდა).
პატივისცემით: ტენდი.
პ. ს. ურაკპარაკო, წაიკითხეთ ეს მოთხრობა და ნახეთ რა გადაიტანეს ჩვენმა (და არა მარტო ჩვენმა) ბიჭებმა ავღანეთში. 5
2. ძალიან მომეწონა! კარგად წერთ! საშინელებაა საკანში ყოფნა, თუმცა არავინ ითვალისწინებს რაც ბრძენმა თქვა: "სანამ შეხვიდოდე ,გამოსვლაზე იფიქრე"-ო ძალიან მომეწონა! კარგად წერთ! საშინელებაა საკანში ყოფნა, თუმცა არავინ ითვალისწინებს რაც ბრძენმა თქვა: "სანამ შეხვიდოდე ,გამოსვლაზე იფიქრე"-ო
1. აჰ, ნამდვილად მშვენიერი იყო დღის დასასრულს
მათთან ერთად გავრბოდი. თან ეს სიზმარიც. ყველა დეტალში ხატავდით
მშვენიერია, მშვენიერი აჰ, ნამდვილად მშვენიერი იყო დღის დასასრულს
მათთან ერთად გავრბოდი. თან ეს სიზმარიც. ყველა დეტალში ხატავდით
მშვენიერია, მშვენიერი
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|