ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ტენდი
ჟანრი: პროზა
21 იანვარი, 2012


რას დახატავ! - II ნაწილი

...

სახლისკენ მიმავალმა ტროტუარზე დაგდებული მუყაოს ყუთი დაინახა. ახლოს მივიდა, შიგ  ჩაიხედა და რაც ძალი და ღონე ჰქონდა ფეხი ამოარტყა.
„ასეა, ზოგიერთი ხულიგანი სპეციალურად დააგდებს ყუთს და ჩადებს ქვას. დადგება შენობის კუთხეს ამოფარებული და უყურებს ჩემნაირი სოლიდური კაცი როგორ ამოარტყამს ფეხს და მიიმტვრევს ფეხის თითებს. შენ თუ ბრიყვი ხარ და შიგ არ ჩაიხედე,  ქვა დევს თუ არა, ივლი  მერე კოჭლობითა და დაჟეჟილი ფეხის თითებით ერთი კვირა.  დაკვირვებულმა  კაცმა  ჯერ შიგ  უნდა ნახო რა არის  ...“
თავის  „გრადუსიან“  ფილოსოფიაზე თვითონვე გაეცინა.
ფრიად კარგ ხასიათზე გახლდათ.
წაიღიღინა კიდეც.



...

სარეცხი სახამებელში გაავლო  (უყვარდა სახამებლიანი თეთრეული).
ცუდი განწყობა ჰქონდა. დილით ქმართან წაკინკლავდა.
მთელი დღე ხან სახეცხი რეცხა, ხან უაზროდ ალაგა ათასჯერ დალაგებული სახლი.
ხასიათი  მაინც ვერ გამოიკეთა.
ახლა სარეცხის გაფენა ფინალური სამუშაო იყო. მერე რა უნდა ეკეთებინა, არ იცოდა.
„ყოველთვის ვიღაც ჰყავდა, მაგრამ ასე გადარეული  არასოდეს ყოფილა. სახლში შემოსვლა აღარ უნდა...
სამოცი წლის ხდება და მაგის დასერიოზულებას საშველი მაინც არ დაადრა.
... თუმცა, როცა ხატვა უნდა და ვერ ხატავს, მაშინაც ასეა, ყველაფერზე ძაღლივით იღრინება...
რაც უნდა, ის ქნას !...“


... კარი ისე გააღო და ისე შევიდა სახლში, ისე გავიდა საძინებელში და დაწვა, ცოლისთვის ერთი სიტყვაც არ უთქვამს.
ან რა უნდა ეთქვა ?!  დიდი საქმე, გვიან მოვიდა.
ცოტა ხანს იწრიალა ლოგინში და კედლისკენ გადაბრუნდა.
არ ეძინებოდა.
„აუჰ, ნეტავ ახლა არ გამომელაპარაკებოდეს !“
ცოლს არხ უფიქრია გამოლაპარაკება, სარეცხს ფენდა. მხოლოდ ის თქვა, „ „გევახშმა მაინცო.“
„ეშმაკობს !“ გაიფიქრა ქმარმა „ვითომც არაფერი.. ახლა არაფერს ამბობს, თორემ მერე ამოხეთქავს  ყველაფერს ერთად .
... ნეტაი  შენ !... „
დაიმშვიდა თავი.
ეღიმებოდა.

ცდილობდა დაეძინა.
ცოლი დიდხანს საქმიანობდა,
„ალბათ, აუთოვებს... რითი არ მობეზრდა !... სულ რეცხავს, სულ აუთოვებს... სულ ალაგებს !... ალაგებს!... ალაგებს!... რა აქვს ამდენი დასალაგებელი?!... სარდაფიც კი დალაგებულია !... მუდმივად!......აღარ თენდება ეს დალოცვილი! „
მერე, ეტყობა, ცოლსაც მობეზრდა საქმის კეთება, საძინებელში შევიდა და ისიც დაწვა.
ქმარი ლოგინში გაშეშდა.
„ერთი ზედმეტი მოძრაობა და მიხვდება რომ არ მძინავს... მერე ყველაფერს მიხვდება!“
ცოლს მაშინვე ჩაეძინა.
მძინარე ცოლს გადახედა.
„ არ სძინავს... თავს იმძინარებს... „
სუნთქვაც კი შეანელა.
        თანდათან თვითონაც მიიძინა.

დილით რომ გაიღვიძა, ცოლი უკვე  ფეხზე იყო  ამდგარი    .
„ახლა ყველაფერი უფრო ადვილია, მკითხოს, რაც უნდა !...“
მაგრამ ცოლი არც რაიმეს კითხვას აპირებდა და არც გამოლაპარაკებას.
_ მიდიხარ დღეს დედაშენთან? 
_ რა ჩემი წასვლით დაიწყე დილა. ისაუზმე ჯერ _ უპასუხა ცოლმა და მტვერსასრუტი ჩართო.
„აუუჰ, დაიწყო!“ გაიფიქრა ქმარმა და მაგიდაზე გაწყობილ საუზმისაკენ არც გაუხედავს, კორიდორში გავიდა და ფეხსაცმელი ჩაიცვა.
_ სად მიდიხარ ამ დილაადრიან>!
_ ხომ იცი, ვერ ვიტან მტვერსასრუტის ხმას ! _ თქვა გაბრაზებულმა _ მოგინდებახოლმე.. ადამიანს ადამიანურად საუზმობას არ დააცდი !
_ ნუ გეშინია, მივდივარ დედაჩემთან. დამშვიდდი და ისაუზმე _ მტვერსასრუტი გამორთო.
_ სახელოსნოში უნდა წავიდე, სამუშაო მაქვს. არ შემაწუხო.  _ უთხრა და კარი გაიხურა.
_ სულ გაველურდა ! _ ჩაილაპარაკა ცოლმა.


„სად წავიდე ახლა?... ჩაი მაინც დამელია, დრო გავიდოდა...“
ტროტუარს გაუყვა.
ნაცნობი შეხვდა.
დიდხანს ილაპარაკეს.
მერე იმ ნაცნობს გაახსენდა, რომ ბაზარში იყო წასასვლელი. თვითონაც გაჰყვა
„საღამომდე მანც დიდი დროა“
ბაზრიდან ისევ სახლში დაბრუნდა.
ცოლს გაუკვირდა:
_ აკი სახელოსნოში მიდიოდი?!  გეთქვა მაინც, ბაზარში დაგაბარებდი რამეს.
ისაუზმეს.
_ წავედი ახლა და ნუ შემაწუხებ.

სახლიდან რომ გამოვიდა, მოიფიქრა მეგობართან შეევლო. ის მეგობარი არ დახვდა.
ქუჩიდან ცოლს დაურეკა, „რას აკეთებო“ ჰკითხა.
მერე ქალაქში იხეტიალა და მოლოს სახელოსნოში წავიდა.



სახელოსნოდან რამოდენიმეჯერ დარეკა სახლში, ხან რა მოიმიზეზა და ხან რა. სინამდვილეში, აინტერესებდა ცოლი ისევ სახლში იყო, თუ არა.
მერე, რაკი დარწმუნდა, რომ ცოლი უკვე სახლში აღარ იყო, სიდედრთან დარეკა, ისევ რაღაც მოიმიზეზა და  რაკი დარწმუნდა, ცოლი უკვე იქ იყო, დამშვიდდა.
„ესე იგი, სახელოსნოში აღარ შემოივლის“
ხელები მოიფშვნიტა და ტელეფონის ნომერი აკრიბა.
_ გისმენთ !


...

დღეს მხატვართან ვარ მიწვეული სახელოსნოში _ წაეტრაბახა მერის_ შეყვარებულია ჩემზე... „რაკი გშურს,    არ მოგაკლებ  მაგ  სიამოვნებას !  ...“  სილამაზის წინაშე უძლური ვარო. შეიძლება პორტრეტის დახატვაზედაც დავთანხმდე.
_ კარგი მხატვარია?
_ ამბობენ დიდი მხატვარიაო.
_ ეგენი ცოტა უცნაური ხალხია.
_ რა მნიშვნელობა აქვს ?! რაც მთავარია, აღტაცებულია ჩემით.
_ შენ?
_ შენ წარმოიდგინე, მეც მომწონს.
_ რამდენი წლისაა?
_სამოცის.
_ რაა?!
_ ნეტავ განახა, როგორ გამოიყურება, ორმოცზე მეტის არ გეგონება. თან როგორი ხალისიანია. რაც მთავარია, ავანგარდისტია და საგნობრივი ხელოვნების დიდოსტატი, შესანიშნავი პორტრეტისტი. ასე ამბობენ.
_ ეგ რას ნიშნავს, საგნობრივი ხელოვნება?
_ არ ვიცი.


...
რაკი შეთანხმდნენ , ყმაწვილური სიმკვირცხლით დატრიალდა.
მაცივრიდან წითელი ღვინო გამოიღო
ხილი ძველებურ სპილენძის სახილეში ჩააწყო.
ღვინოც და ხილიც დაბალ, მრგვალ მაგიდაზე  დადგა.
„სად ჯობია ჭიქების დადგმა?“
სავარძლები მაგიდასთან მოსწია.
„ ღვინის ბოთლი ცოტა აქეთ, სახილე ასე ! ... ყურძენი სახილედან ცოტა გადმოვკიდოთ...
აი, ასე !
ფერისთვის რქაწითელი სჯობდა, მაგრამ ამასაც არა უშავს ! მთლად ისეთი არ არის, მაგრამ !...
ატამი კიდევ დავამატოთ...
... შავი ლეღვი გავანაწილოთ სახილეზე... კომ-პო-ზი-ცი-ი-სათ-ვის ! „
შორიდან შეხედა.
„ აქ აი ეს დიდი წითელი ვაშლი დავდოთ... კომპოზიციურად სწორეა... ბოთლი არ მომწონს, მინის გრაფინი ჯობია... ამის შეცვლაზე ადვილი რა არის?!“
ღვინო ბოთლიდან გრაფინში გადაასხა.
_ ესეც ასეეე !!!
დიდხანს უყურა შორიდან.
„დასახატად რომ  დამეწყო სპეციალურად, შეიძლება ასეთი არც გამოსულიყო .

გულდაწყვეტილი უყურებდა მაგიდას.
„ რა ხანია, არაფერი  დამიხატია... „
რატომრაც ახლა გაახსენდა, ერთხელ, ზამთარში  სახელოსნოში გაათენა ღამე და დილით რომ გაიღვიძა,  ფანჯარა ისე იყო მოჭირხლული  და  ისე ათასფრად ბრჭყვიალებდა ჭირხლი მზის სხივებზე, უცბად ჩაიცვა და ტილოზე დააპირა გადატანა.
არაფერი  გამოუვიდა. ნახატზე ნაცარწაყრილი თოვლი უფრო იყო, ვიდრე ჭირხლი.
იმის შემდეგ ბევრი წელი იყო გასული. ბევრჯერ ეცადა  იმ ჭირხლის დახატვა.  მაინც ვერ დახატა, არა და ისე ისე ხედავდა გონებით, როგორც მაშინ, პირველად რომ დაინახა. თითქოს ვიღაცამ იმ ფანჯარას ფოტო გადაუღო და ტვინში ჩაუმონტაჟა საშვილიშვილოდ და სულს უმძიმებდა.
ამის გახსენებაზე გულთან ტკივილი იგრძნო.
„რა ხანია, ჩანახატიც კი არ გამიკეთებია, ხატვას ვინ ჩივის!“
... უცბად, კეფასთან თითქოს გატკაცუნდა რაღაც, ჩაირთო.
  როგორც ამომრთელი, როცა გინდათ, რომ შუქი აანთოთ. ხმაც კი ჰქონდა ამ „ჩართვას“,  წკაპ !..
იცოდა ეს „წკაპ“ რასაც ნიშნავდა. ამის შემდეგ გარემო ერთი მთლიანი მასა ხდებოდა, უფერული და უინტერესო და მხოლოდ იმას გრძნობდა და ხედავდა, რასაც ხატავდა.
ისევ მაგიდას უყურებდა თვალმოუშორებლად.
„კომპოზიციურად უნაკლოა.
ფერში ჯდება...
... ვიდრე მოვა... იაქნებ ნახატის აგება მოვასწრო!...“
ქვეჩარჩოზე გადაჭიმული ტილო მოლბერტზე დაამაგრა.
„... რას მოვასწრებ!..
არა და რა ნატურმორტია!...
მოვასწრებ!... მოვასწრებ!... „
კაკუნზე უსიამოვნო გრძნობამ შინაგანად ხელთათმანივით გადმოატრიალა...
„ უჰ ! მოვიდა !..
... გავაღო, თუ არ გავაღო? .. გავაღო. თუ არ გავაღო?... „
თავი დაიმორჩილა.
„უხერხულია, დავპატიჟე!.. ტან პირველად მოდის ! „
ადგა.
ხელების თრთოლვით გააღო კარი.
ყოველთვის უკანკალებდა ხელები, როცა ხატვას აწყვეტინებდნენ.
„რა ლამაზია ეს ღმერთგამწყრალი ! „  გაიფიქრა, როცა ღია კარში მდგარი ქალი დაინახა, მაგრამ ისეთი აღტაცებული აღარ იყო.
ქალს წელზე ხელი შემოხვია და ოთახში შეიყვანა.
_ ოოო, შენ აქ ყველაფერი მოგისწრია _ ღიმილით თქვა ქალმა და მაგიდას გადახდა.
_ ვცდილობ _ თქვა კაცმა ღიმილით, მაგრამ შინაგან დისკომფორტს მაინც ვერაფერს უხერხებდა.
ქალმა ზერელედ მოათვალიერა სახელოსნო.
კედელზე ნახატები ეკიდა.
ერთ კედელზე შინდისფერი დრაპირება ჭერიდან ეშვებოდა, ეფინებოდა ტახტს, რომელზედაც ასევე შინდისფერი ხავერდის ნაქარგი ყურთბალიშები ელაგა და ნაფენებად ეყარა იატაკზე დაფენილ ძველებურ ხალიჩაზე.
ტახტთან შირმა იდგა.
ქალმა ყველაფერი ეს  თვალის ერთი მოვლებით შეამჩნია.


...

იმის შემდეგ, qმარი რომ სახელოსნოში წავიდა, არ გაჩერებულა.
რა არ აკეთა!
აღმოაჩინა, რომ თაროებზე მტვერი იყო წიგნების უკან....
კომოდში ისე არ იყო თეთრეული ჩაწყობილი, როგორც საჭიროა...
მოეჩვენა, რომ აბაზანაში კაფელი სათანადოდ არ იყო გაწმენდილი...
რამდენჯერაც ქმარი დარეკავდა, იმდენჯერ ტკივილი თავიდან ფეხებამდე უვლიდა.
ბოლოს უკვე დედასთანაც რომ დაურეკა,  „მამოწმებს. აინტერესებს სახელოსნოში გავივლი თუ არა...“ , დაასკვნა და ეცადა ტკივილი აღარ ეგრძნო.
„რაც უნდა ის ქნას!.. ვითომ ვერ ვხვდები!...ხატვა მაინც დაიწყოს, მერე დაწყნარდება... რა ხანია, ხატვა უნდა და ვერ ხატავს...“
მაგრამ დედასთან დიდხანს მაინც ვეღარ გაჩერდა.
დედა ეხვეწა კიდევ დარჩიო, მაგრამ აღარ დარჩა. ვერ ისვენებდა და ერთ ადგილზე ყოფნა არ შეეძლო.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები