ნაწარმოებები



ავტორი: თიკუნა
ჟანრი: პროზა
21 იანვარი, 2012


ტირიფები

მზე ტირიფებს მწველ სხივებს ანათებს, ფანჯარასთან ვზივარ, ვუყურებ ტირიფებს და მეცოდებიან. სიცხეს თავს ვერ არიდებენ და მოსაღამოებას ელოდებიან.
მთელი დღე ასე ვზივარ, წიგნს ვკითხულობ და ზოგჯერ ტირიფებს გავხედავ, მარტოსულია ტირიფი, იმის მიუხედავად, რომ ერთად ბევრნი ჩამწკრივებულან. მერამდენე ჭიქა ჩაის ვსვამ აღარ მახსოვს, საჭმელი სხეულს ძალიან მიმძიმებს და ვერიდები.
საღამო დგება, ალბათ როგორ მოეშვათ ტირიფებს-მეთქი ვფიქრობ და გაუნძრევლად გავყურებ სივრცეს, რომელიც თითქოს მელოდება.
მოსაღამოვდა და სახლის კარიც გაიღო.
შემოდიხარ და რუტინა შემოგაქვს, რუტინა რომელიც ყოველთვის თან გვახლავს. ვიხედები და მახსენდება ჩვენი გაცნობისას რაც მითხარი, რომ მე ძალიან სევდიანი თვალები მქონდა. ახლა როგორი თვალები მაქვს? იშვიათად ვლაპარაკობთ, თითქმის დამავიწყდა შენი ხმა.
შემოდიხარ და ჩემს გვერდით სკამს დგამ, რამდენჯერ ვმსხდარვართ და გვიყურებია სივრცისთვის დაუსრულებლად.
მინდა რომ გაგიშვა, მაგრამ არ მიდიხარ, უკვე წლებია უსიტყვოდ რჩები ჩემს გვერდით და ეს უფრო მტანჯავს.
ჩემს დაძაბუნებულ სხეულს ამ სამყაროს ატანა აღარ შეუძლია, ჩემი სხეულის თითოეული უჯრედი ითხოვს სიკვდილს და შემდეგ კრემაციას, მაგრამ არც მე და არც ჩემს სხეულს ამ სამყაროდან არ გვიშვებენ. შენ ჩემს სიცოცხლეს ჩაბღაუჭებიხარ და იმედით ცოცხლობ, ან ეს იმედიც აღარ არსებობს.
შენს თვალებში დაღლილ გრძნობებს ვხედავ, ყველაფერს გავცემდი რომ არ გიყვარდე, თუმცა რა მაქვს გასაცემი? სიცოცხლეს ხომ მაშინ არ ვკარგავთ, როცა ეს ასე ძალიან გვინდა.
სავარძელს მიჯაჭვულს მეზიზღება ყოველი შენი სახლში დაბრუნების მომენტი,
ავარიიდან გავიდოდა ალბათ 3 წელი, წლების სათვალავიც ჩაის ჭიქებივით ამერია. სიჩუმის დარღვევა ნატვრად მექცა, მაგრამ ვერ ვბედავთ. შენ ყოველთვის ელოდები რომ რამეს ვიტყვი, მე კიდე შენგან წარმოთქმულ სიტყვებს ვებღაუჭები. ჩვენზე იტყოდნენ დუმილით გააქვთ წლებიო.

ისე ბნელდება ტირიფებსაც ვეღარ ვხედავ.
როგორ მინდა მათსავიდ ვიდგე, თუნდაც მზე მაცხუნებდეს, ოღონდ ვიდგე და აღარ ვიჯდე.
მინდა უზომოდ მიყვარდე, მაგრამ საკუთარი თავი როცა გზიზღდება, სხვებისთვისაც ვეღარ იმეტებ სიყვარულს.
ვუფიქრდები და თურმე რამდენი რამე მდომებია, დაუსრულებლად ვილაპარაკებდი ჩვენს სიყვარულზე, მაგრამ ვეღარაფერს ვგრძნობ გაქცევის სურვილის გარდა.

თენდება,
სავარძელში მაჯენ და სამსახურში მიდიხარ, მიტოვებ სურვილს, რომ ადგომა ვცადო.
მე კი ისევ ფაანჯარასთან მივგორდები და ვცდილობ ტირიფებს მივაწვდინო გრძნობა, რომ ცხოვრება მეც მათსავით მტკივა.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები