ნაწარმოებები


გთხოვთ დავეხმაროთ საიტის წევრს კონკურსში გამარჯვებაში. დეტალები იხილეთ ნაწარმოების ბოლოს https://urakparaki.com/?m=4&ID=113471     * * *         * * *         * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: mrs.smith
ჟანრი: პროზა
23 იანვარი, 2012


მოპირდაპირე ფანჯრებიდან

                                                            ,,კერპების ხელის ხლება როდი შეიძლება-
                                                                                      ხელზე ვარაყი შეგვრჩება"

                                                                                                  გუსტავ ფლობერი



                                                        ,,თუ სიამოვნებაში გონიერებას და სიფრთხილეს
                                                                            შევიტან, ეს აღარ იქნება სიამოვნება”

                                                                                                            ლოპე დე ვეგა


      ზუსტად ის დრო იყო, როცა ხალხი მორიდებით, ხმადაბლა საუბრობდა და ხანდახან დანანებითაც გაიქნევდა თავს. მისტერ ენგელსი ხმადაბლა ლანძღავდა ცოლს რიგიანად ვერმომდგარი პერანგის გამო. ვიღაც ლაქია დაჭმუჭნული ცხვირსახოცით სწრაფ-სწრაფად წმენდდა სათვალეს, რათა უკეთ ეყურებინა სეირისთვის. სხვებს დავიწყებოდათ, სად იყვნენ და დროდადრო თავშეკავებული სიცილიც გაისმოდა მაღალჭერიან შენობაში.
    და, ვინ იცის, კიდევ რამდენხანს იქნებოდნენ ასე უსაქმურად, მოულოდნელად გარდაცვლილის, მისტერ სვიფტის საყვარელი შვილიშვილი, წლების წინ ქალაქიდან გადაკარგული ჯეინი რომ არ  შესულიყო.
  ბრბო უცებ ჩაწყნარდა. ცოტა კი მეუხერხულება, დიდად პატივსაცემ საზოგადოების წევრებს ასე რომ მოვიხსენიებ, მაგრამ რა ვუყოთ. ჰოდა, იმას მოგახსენებდით, ჯეინის მისვლამ ყველა გააჩუმა-მეთქი. მათ მაშინვე აწონ-დაწონეს ქალის მაისური და თვალში ყელზე დაკიდული, დიდი ჯვარი მოხვდათ, ზუსტად მკერდის დასაწყისთან რომ იყო გაჩერებული. ჯეინი შენობაში მშვიდად შევიდა  და ბაბუის ცხედართან ურეაქციოდ დადგა. არც ისე ბევრი ხალხი იყო: რამდენიმე ნათესავი, მეგობრები, მეზობლები. ყველა უჩვეულოდ მიწყნარდა.
-ჯეინ, ნუთუ, დაბრუნდი, ჩემო გოგონა?-ხალხს გამოეყო ხანშიშესული, ტანდაბალი ქალი, უხეშქსოვილიან კაბაში მკაცრად გამოწყობილი.
  ჯეინი, ვითომ ვერც გაიგო კითხვაო, რამდენიმე წამი უძრავად იდგა, მერე ნელა მოუბრუნდა:
-როგორც ხედავ, რუთ.-და ნაძალადევად გაუღიმა.
  რუთი ჯეინის და მისი ორი წლით უმცროსი დის, შერლის, აღმზრდელი იყო პატარაობიდანვე. მუდამ რეზინისძირიანი ფეხსაცმელი ეცვა და მოჩვენებასავით დაიარებოდა ხოლმე. მთელი ცხოვრება სვიფტების ოჯახში მუშაობდა. მკაცრი არა, მაგრამ, როგორ გითხრათ, მშრალი ქალი იყო და მოფერებითი მიმართვა: ,,ჩემო გოგონა", ყოველთვის ზედმეტად ხელოვნურად გამოსდიოდა.
  გაინტერესებთ, სად არის ახლა ჯეინის უმცროსი და? ის მარცხენა კუთხეში მიწყობილ ყვავილებთან დგას, შავი, ყელიანი კაბით გამოკვეთს თავისი მაღალი ყელის მშვენიერებას და თვალებში მოულოდნელობა უხატია.
  არა, მოგატყუეთ. ეს ჯეინმა იფიქრა, რომ შერლი თავის ყელს გამოკვეთს ლამაზყელიანი კაბით, თორემ ჩვენ კი ვიცით-შავი გლოვის ფერია.
-მოგესალმებით, ბატონებო.-როგორღაც, ამაყად ეჭირა თავი ჯეინს და თან თვალს არ აშორებდა შერლის.
-სხვანაირად ნუ გაიგებ, მაგრამ შენს აქ გამოჩენას არავინ ელოდა.-ისევ რუთმა დაარღვია უხერხული სიჩუმე.
  ჯეინს თითქოს რაღაცის თქმა უნდოდა, მაგრამ ამ დროს პასტორი შემოვიდა. ყველამ მდაბლად დაუკრა თავი. მხოლოდ ჯეინი იდგა უძრავად.
-გამარჯობა, მამაო. მიცანით?-ჯიუტი მზერა დაახვედრა ახალგაზრდა ქალმა.
-როგორ გაბედე აქ მოსვლა?-ხმადაბლა, კბილებში გამოსცრა პადრემ და თან მისი ჩაცმულობა შეათვალიერა ამრეზით.
-მე კი მეგონა, პატიება თქვენი უპირველესი მოვალეობა იყო. თან ბაბუის დაკრძალვაზე ყოფნას თქვენ კი არა, აი, ის, თეთრებში გამოწყობილი, წვერიანი კაციც ვერ დამიშლის.-მაღლა აიშვირა თითი და ცივად გაიცინა.
-ღვთის გულისათვის, ახლა არ გინდა, ჩემო გოგონა.-მკლავში მოკიდა რუთმა ხელი.
    ჯეინმა ხელი გაითავისუფლა, თავისი ნებით გადგა უკან და კედელთან დადგა.
    მერე როგორც ხდება ხოლმე: პასტორი უგულოდ კითხულობდა ლოცვებს, სხვები თავიანთი ფეხსაცმლის წვერებს ან, თუნდაც, ერთმანეთს უყურებდნენ, მკვდარი დასცინოდა ხალხს, ღმერთი კი-ყველას.
    უჩვეულოდ დახუთული იყო გარემო. რუთი ცდილობდა, მღელვარება დაეფარა და თან ჟაკეტის ღილს ათამაშებდა ნერვულად. შერლი გაუნძრევლად იდგა, გაშტერებული მზერა პასტორისკენ მიემართა და გადაჭიმული თმა საოცრად შვენოდა. ჯეინიც უყურებდა მობუტბუტე მოხუცს და ცხადად ახსენდებოდა ის დღე, როგორ წაასწრო მან ჯეინსა და მის ბიძაშვილ ტომს სარდაფში და როგორ უბრძანა უღირსი შვილის ქალაქიდან გაყვანა დედამისს. ჯანდაბა, მხოლოდ ათი წლის იყო მაშინ. ჰო, მართლა, ნეტავ, ტომი სად არის?
    სულ მალე ყველამ დატოვა დამკრძალავი ბიურო და სასაფლაოსკენ წავიდა პროცესია. ჰაერში ველური იასამნის სუნი იდგა. ქალაქს არ შეცვლია ფერი თორმეტი წლის გამავლობაში. ყველაფერი, ყველაფერი უცვლელი იყო. ჯეინს წუთით ისიც კი მოეჩვენა, რომ მინდვრიდან ორი გოგონას მხიარული სიცილი ისმოდა.
-ჯეინ,-გზაში წამოეწია შერლი და გვერდით მოუდგა.-გამიხარდა შენი ნახვა.
-ჰო, წარმომიდგენია.-არც შეუხედავს.
-ცოტა ადრე რომ გაგეფრთხილებინე, უკეთესი იქნებოდა. ასე სულელურად მაინც არ გამოვჩნდებოდით ხალხში.
-მაშინაც ასეთი იყავი.
-როგორი?-გრძელი წამწამები სულელურად ააფახუნა.
-სხვებზე დამოკიდებული, შერლი.-შეხედა ჯეინმა და მისი ცარიელი თვალები ეტკინა.-გათხოვდი?
-არა. შენ?
-როგორ გარდაიცვალა ბაბუა?
-მშვიდად. ყოველთვის მჯეროდა, რომ ბაბუის გარდაცვალება შენი დაბრუნების მიზეზი გახდებოდა.
    ჯეინი უცებ შეჩერდა და მიუბრუნდა:
-ჩემის წასვლის მერე შენ ყოველთვის გრცხვენოდა ჩემი.
-ჰო, მაგრამ მიყვარდი.
    მერე აუჩქარებლად ჩაასვენეს კუბო წინასწარ ამოთხრილ მიწაში, აუჩქარებლად მოიმარჯვეს ნიჩბები და კიდევ უფრო აუჩქარებლად მიაყარეს მიწა. შერლის ოდნავ უკანკალებდა მხრები. რუთი ჟაკეტის ღილს აწვალებდა ისევ. ჯეინი იხსენებდა, როგორ ჩარბოდა ბაბუის სახლისკენ მიმავალ დიდ, რკინის კიბეებზე, როგორ ურტყამდა პატარა ხელებს მძიმე კარს და როგორ ელოდა, რომ სულ მალე ბაბუა გამოვიდოდა, ხელში აიყვანდა, მაღლა ააგდებდა და მერე სამივე ერთად, ის, ბაბუა და შერლი წავიდოდნენ სათევზაოდ. დასხდებოდნენ მზისგან გამომშრალ, გახურებულ კენჭებზე, ბაბუა იმ დღეს შეკეთებულ ბადეს ისროდა მდინარეში, პატარებს ანკესს დააჭერინებდა, მერე წყალში გატოპავდნენ. შერლი კარგად ცურავდა უკვე. ჯეინმა კი უაზრო სიჯიუტით გამოუცხადა ერთხელ ბაბუას, ცურვას არასდროს ვისწავლი, მაგრამ ყოველთვის შევალ წყალშიო. (უცნაურ ახირებას დღემდე ასრულებს).
  აუჩქარებლად გაკეთებული საქმე მალევე მოათავეს. შერლიმ თავისთვის გაიფიქრა, საშინლად დავიქანცე დღესო და ფიქრი იქითაც გაექცა, ნეტავ, ბაბუამ ჯეინიც თუ მოიხსენია ანდერძშიო.
  მკვდრისფერი დაედო ქალაქს.













-რომ გავიგე, ქალაქში დაბრუნდი, არ დავიჯერე.-მძიმედ დაეშვა ტომი მარჯნისფერ სავარძელში.
-ვიცოდი, რომ მნახავდით, მისტერ ფარელ.
-სამუდამოდ აპირებ დარჩენას?
-ინტერესს გააჩნია.
-მერე, არ დაგაინტერესა აქაურობამ?
-აქ ყველაფერი უცვლელია. სწორედ ეს მიმძაფრებს შეგრძნებებს, მისტერ.
-რა საჭიროა ასე ლაპარაკი, ჩვეულებრივ მომმართე.
-არა, რატომ? ზუსტად თქვენი უაზრო, ინგლისური თავდაჭერის ხასიათზე ვარ ახლა. სიგარეტი არ გექნებათ? მთელი ორი დღეა, არ მომიწევია.
-ინებეთ.-გაუწოდა ტომმა.-აბა, მითხარით, მის, რას აკეთებდით მთელი თორმეტი წელი?
-ვცოდავდი.-ბოლი ტუჩებზე დაადნა.
    ტომს ჩაეღიმა:
-ზუსტად ასეთი მზერა გქონდა, ბოლოჯერ რომ გნახე.
-არა, ტომ, ცდებით. მაშინ ჯერ კიდევ იყო ჩემში რაღაც წმინდა.
-სად უნდა იცხოვრო? თუ გინდა, ჩემს ბინას დაგითმობ დროებით. ზუსტად მოპირდაპირე სახლში ვცხოვრობ. მამაჩემი მაინც არაა ქალაქში და შემიძლია, აქ დავრჩე ცოტახნით.
-მადლობა, უარს არ გეტყვი. შენზე რას იტყვი?
-რა უნდა გითხრა, საათივით მაქვს აწყობილი ცხოვრება.-ხელები გაშალა და ფართოდ გაიღიმა.
-რა საშინელებაა.
  ცხენივით უხეში, მაგრამ ნატიფი ნაკვთები ჰქონდა ტომს.
-არაჩვეულებრივი ჯვარია.-მიუთითა კაცმა ჯეინის ყელზე მოხერხებულად მორგებულ ჯვარზე, რომელიც ღრმა დეკოლტესთან ერთად უფრო თვალშისაცემი ხდებოდა.
-აღმოსავლური მარგალიტია.-ანიშნა ქალმა შუაში ჩასმულ თვალზე.
-მითხარი, კიდევ გრცხვენია?-მოულოდნელად ჰკითხა და თვითონვე შეეტყო უხერხულობა.
-რის?-ყალბი გაკვირვებით ჰკითხა.
-იმის, რაც თორმეტი წლის წინ ჩვენ შორის მოხდა.
  ქალს გაეღიმა:
-და რა მოხდა ჩვენ შორის თორმეტი წლის წინ? ეს ბავშვური სისულელე იყო მხოლოდ.
    გრძნობის გაფერმკრთალებასთან ერთად უფრო იოლი ხდება მასზე საუბარი.
-საოცარია, როგორ განსხვავდებით დები.
-საოცარი ის უფროა, დღესაც ისევე რომ გაწუხებს წარსული.
-ნუ მიყურებ ასე.
-როგორ?-მსუბუქად გაუღიმა.
-დემონურად.
-არა, ტომ. შენ უბრალოდ შენს ცოდვას ხედავ ჩემს თვალებში და ამიტომ გაშინებს მზერა.
-არ ვიცი, არ ვიცი.-ფეხზე წამოდგა და სწრაფად გაიარ-გამოიარა ჯიბეში ხელებჩაწყობილმა.-მე მხოლოდ სიმშვიდე მჭირდება, გაიგე? ღმერთი მჭირდება.
-ტომ, ძვირფასო ტომ.-ღიმილით გააქნია ქალმა თავი,-ვინ გამოგიტენა ტვინი ამდენი სისულელით?-ჩამწვარი სიგარეტი საფერფლეში ჩააგდო,-ჩვენ კი არ გვჭირდება ღმერთი, ღმერთს ვჭირდებით ჩვენ.
-რისთვის?-მიამიტად იკითხა.
-როგორ თუ რისთვის? იმისთვის, რომ საკუთარ არსებობაში დარწმუნდეს.
    ჯეინი წამოდგა და კარისკენ წავიდა.
-ტყუი!-იყვირა კაცმა.-ათასი სისულელით ზუსტად შენ მიჭედავ ტვინს.
-მე არ ვამბობ ტყუილებს. უბრალოდ, საკუთარ გამოგონილ ილუზიებს ვაჯერებ ადამიანებს.-ჰო, ტომ, მართალი ხარ. მე არ ვარსებობ. უფრო სწორად, ვარსებობ მხოლოდ შენს წარმოსახვაში. და საერთოდ, იცით, რას გეტყვით, მისტერ? მომბეზრდით.-კარი გაიხურა ჯეინმა.
  ოხ, მამაკაცებო! რით ვეღარ ისწავლეთ, რომ როცა ქალი მიდის, მას თითქმის ყოველთვის უნდა, რომ დააბრუნონ. თუმცა მართალი ბრძანდებით, თითქმის არ ითვლება.















-რუთ, ჩაი მოგვიტანე, თუ არ შეწუხდები.-სთხოვა შერლიმ და ოდნავ დაჭმუჭნული, შავი კაბა შეისწორა.
-მძიმე დღე გქონდათ, მის.-გულგრილად აღნიშნა ოჯახის მეგობარმა, მისტერ ენგელსმა და მოპირდაპირედ დაჯდა.
-გეთანხმებით. ბაბუა ძალიან მიყვარდა. თუმცა ყოველთვის ვგრძნობდი, რომ ჯეინი განსაკუთრებული იყო მისთვის, წასვლის შემდეგაც კი.
-თქვენს დაზე გამახსენდა, ძალიან გაგვაკვირვა დღეს.
-მერწმუნეთ, თქვენზე არანაკლებ გაოცებული ვარ. ჩემთვის მაინც ეთქვა რამე. სულელურად ვიგრძენი თავი.
-დაეტყო სხაგან აღზრდა.
  ოთახში რუთი შემოვიდა უხმაუროდ და ლანგარი დაბალ მაგიდაზე დადგა.
-გამოგიტყდებით, მეც მაგას ვფიქრობდი დღეს. თან, ხომ ნახეთ, როგორ გამომწვევად ეცვა. მითუმეტეს, დაკრძალვაზე. საშინელებაა.-გააქნია თავი და ლამბაქი ფრთხილად აიღო მაგიდიდან.
-დაბრძანდით, რუთ, გთხოვთ. ჩემი ნუ მოგერიდებათ.-თავაზიანად მიმართა ფეხზე მდგომს მისტერ ენგელსმა.
    რუთი მორიდებულად ჩამოჯდა შერლის გვერდით.
-მისტერ ენგელს, მომეჩვენა თუ თავი აარიდეთ ჯეინის ჩაცმულობაზე საუბარს?-აღარ დაიცადა ახალგარზრდა ქალმა.
-როგორ გეკადრებათ. უბრალოდ, უკვე აღვნიშნე, რომ სხვაგან აღზრდამ თავისი დაღი დაასვა პატარა გოგონას. თანაც, ვერ უარვყოფთ, საკმაოდ მომხიბვლელი იყო.
-ჰო, დედაჩვენი ლამაზი ქალი იყო, მას ვგავართ.
-მომიტევეთ, რომ გეჭრებით, მაგრამ შენ და ჯეინი ძალიან განსხვავდებით ერთმანეთისგან, ჩემო გოგონა.-როგორც ყოველთვის, საოცრად გამართულად იჯდა რუთი.
-გეთანხმებით, რუთ. როგორ აგიხსნათ, მის,..-მიუბრუნდა შერლის,-თქვენ დიდებული ხართ, ეს უდავოა, მაგრამ მის ჯეინს სხვანაირი, ცივი სილამაზე აქვს. გესმით, რას ვამბობ?
-შევწყვიტოთ ეს ლაპარაკი, გთხოვთ. მთელი ამ წლების განმავლობაში ისედაც საკმაოდ ბევრი ვისაუბრეთ ჯეინზე. როგორ ფიქრობთ, დღეს მოახერხებს პასტორი სტუმრობას?
-დიახ, დამპირდა, საღამოს შემოგივლითო.-უპასუხა კაცმა.
-მე დაგტოვებთ.-წამოდგა რუთი, თავი დაუკრა მისტერ ენგელსს და ოთახიდან გავიდა.
-თქვენი მეუღლე როგორაა? დღეს ვერ მოვახერხე მასთან საუბარი.-ოდნავ დამშვიდდა შერლი.
-ნორმალურად.-ჩვეული თავშეკავებულობით უპასუხა.
-უკაცრავად, მაგრამ სულაც არ ვთვლი ასე. შევამჩნიე, დილით როგორ უყვირეთ მეუღლეს.
-ჰო, მაგისთვის ბოდიშის მოხდა მინდოდა თქვენთვის.
-მე არ მჭირდება თქვენი ბოდიში, მისთვის შეინახეთ.-თავი და ცალი წარბი ერთდროულად აწია.
-ნუ იქნებით ასეთი მკაცრი, შერლი.-წამოდგა და მხარზე შეეხო მსუბუქად.
-სახელით ნუ მომმართავთ, მისტერ ენგელს.
-ოთახში ხომ არავინაა.-ტუჩები შეახო კისერთან.
    შერლიმ შეწინააღმდეგება სცადა, მაგრამ მალევე გადაიფიქრა და გაჩუმდა. მარცხნივ გაიხედა და უმიზნო მზერა შოკოლადისფერ ფარდებზე გადაიტანა, ასე სქლად რომ ეფარებოდნენ მინებს. სადღაც, ყურთან მძიმე სუნთქვა იგრძნო და ამ დროს მარჯვნიდან:
-საღამო მშვიდობის.-ოთახში თამამად შეიდა ჯეინი.
    მისტერ ენგელსი არ დაბნეულა, მალევე გასწორდა წელში და თავი დაუკრა მისალმების ნიშნად. სამაგიეროდ, შერლი წამოენთო, ფერმკრთალი ღაწვები შესამჩნევად შეეფაკლა.
-ნუ ღელავ, შერლი. სხვების გაკიცხვა ჩემი საქმე არ არის.-დაუკითხავად ჩამოჯდა და მზერაში გამარჯვება ეკითხებოდა, რატომღაც.
-დღეს უკვე მეორედ გამაოცე შენი მოსვლით.-შეეცადა, რაც შეიძლებოდა, უდარდელი ტონი ჰქონოდა.
-ჰოდა, ამის შემდეგ ყოველთვის მელოდე. შენთან მინდა ცალკე ლაპარაკი, თუ შეიძლება, რა თქმა უნდა.-და მისტერ ენგელსს გადახედა ეჭვიანი მზერით.
-მგონი, არ ვიქნები ზედმეტი, თუკი დავრჩები. ასე არ არის, მის?-საშინელი გულგრილობით გადახედა შერლის და ჯეინმა იმ წუთას ნამდვილად არ იცოდა რომელი უფრო საბრალო იყო.
-ცდებით, მისტერ. დაგვტოვეთ, თუ შეიძლება.-მკაცრი ნიღაბი ყალბად ჰქონდა აკრული ახალგაზრდა ლედის.
  ზრდილობა ოთახის დატოვებას მოითხოვდა, მაგრამ ბრაზი მაინც აშკარად მეტი იყო მისტერის გასვლაში.
-მარტო ვართ, ჯეინ.-მოვლენების დაჩქარება უნდოდა შერლის.
-გარეთ თუ გაიხედე ამ საღამოს?-ზურგი სავარძელს მიაყრდნო და ფეხი-ფეხზე გადაიდო.
-წმინდა ინგლისური დაწყებაა.
-გეთანხმები.-და პასუხის მოლოდინში ღიმილი აიკრა ტუჩებზე.
-სიმართლე გითხრა, რაც დაკრძალვიდან დავბრუნდით, ერთხელაც არ გამიხედავს ფანჯარაში. ეგ კი არა, მოსვლისთანავე ვთხოვე რუთს, სქელი ფარდები ჩამოეფარებინა.
-სქელი თუ მუქი?-ღიმილი არ მოუშორებია.
-ვერ მიგიხვდი.-ეჭვი ჩაუჯდა ლამაზ და ცარიელ თვალებში.
-თუ არ შეწუხდები, ჩაი ჩემთვისაც მოატანინე რუთს.
  და სანამ ჩაის მოიტანდეს რუთი, როგორ ფიქრობთ, არის რამე საერთო ამ ორ ქალბატონს შორის? ერთი შეხედეთ, როგორ სხედან: შერლი ჭეშმარიტი ლედივით, გამართულად ზის, ზურგზე გრძელ ზოლად ეხება ჩალისფერი თმა. ჯეინი კი თავისუფლად მიყუდებია ინგლისურ სავარძელეს, მუქი ფერის თმაც დაშლილად ეფინება მხრებს. ერთნი იტყვით, შეუძლებელია, რამე არ ჰქონდეთ საერთოო, მეორენი შეეკამათებით, ცასა და დედამიწისათვის განსხვავდებიანო. (მაგრამ იმას კი ვეღარ დაადგენთ, რომელი რომელს ეკუთვნის). მე კი ძალიან მარტივად, თან ღიმილმორგებული გეტყვი, რომ არ არსებობს ერთი რეალობა.
-იქნებ გაგვეგრძელებინა.-შეახსენა შერლიმ.
-დღეს ბაბუა დავკრძალეთ. ხომ არ გაგვეხსენებინა?
-ბაბუაზე სალაპარაკოდ მოხვედი?-საბოლოოდ დაიბნა.
-გახსოვს, რა ქვიშისფერი ფრჩხილები ჰქონდა და როგორ უყვარდა ხურდების მუხლებზე გაშლა და ისე დათვლა?-შერლის გასაოცრად, სრულიად უწყინარი სახე ჰქონდა ამ დროს ჯეინს.
-ჰო.-ოდნავ გაიღიმა და თვალები დახარა.-კიდევ არ უყვარდა ცხელი ჩაი, ვერ იმახსოვრებდა სახელებს ზუსტად და ძველი, ძველი ქლიავისფერი სერთუკი ჰქონდა.
-ტყის მსხალი რომ შევწვით, გახსოვს? იმ დღეს გვასწავლა სტვენაც.
-როგორ არა!-რაღაცნაირად აენთო უცებ თვალები.-ბერძნულ მელოდიებს უსმენდა სულ და შაქარს ჭამდა ხოლმე ასე,-შაქრის ნატეხი აიღო, თავი ოდნავ გადაწია და გემრიელად ჩაახრამუნა.
    თავს დავდებ! თავს დავდებ, რომ ზუტად ამ მშვიდი, ბავშვური ღიმილით ჰგვანან ერთმანეთს!
-იცი, ჯეინ, მე მთელი ცხოვრება ვცდილობდი, ზედმეტად კარგი ვყოფილიყავი, რათა ოჯახისთვის სირცხვილი ჩამომერეცხა.-გაგიკვირდებათ და არც ერთი წვეთი ნიშნისმოგება არ ყოფილა მის ტონში.
-არაფერი უნდა აკეთო ზედმეტად დიდხანს, რადგან მონდომება არასდროს გეყოფა ბოლომდე.
-შენ არასდროს გიცდია, უკეთესი ყოფილიყავი.
-შენ კი მთელ უბრალოებას კარგავ მაგ ცდებში.
-მე მიყვარდი.
-ვიცი.
-პასტორი ამბობდა, რომ დედა შენ გამო გარდაიცვალა.
-მოშორდი ინგლისს.
-ხასიათს ვერ წამართმევს სხვა მიწა.
-მაგაში კი მართალი ხარ და ხვალვე მოაშორებინე ეს ფარდები. გარეთ სიკვდილის სუნია და ასეც უნდა იყოს.
  გასქელდა ბინდი.
  ეს ისეთივე ნორმალური ამბავია ინგლისში, როგორც სხვაგან-ვარსკვლავიანი ცა. თუმცა მე მაინც ვფიქრობ, რომ ეს რაღაცას უნდა ნიშნავდეს. შეგიძლიათ, არც დამიჯეროთ.
  ვუყურებ ამ ორს და რა მოვიფიქრე, იცით? მგონი, მივხვდი, როგორ დაგიხასიათოთ ისინი ყველაზე უკეთ:
  შერლი არის ქალი, როგორც ნაზი არსება და მას მუდამ გვერდით უნდა ედგე, თორემ ისეთი მსუბუქი ნაბიჯები აქვს, ჩამორჩენის შემთხვევაში ვერასდროს იპოვი ნაკვალევს.
  ჯეინი კი ქალია, რომელსაც ნაბიჯ-ნაბიჯ უნდა სდიო, რადგან ასე სურს.
  მოდით, ნიღბების გარეშე: ჩვენ, ყველას გვაინტერესებს, მაინც რომელს აქვს მეორის გაკიცხვის მეტი უფლება. თქვენ როგორ ფიქრობთ? მე, რა თქმა უნდა, ჩემი პასუხი მაქვს, მაგრამ ადამიანებს უნდა აცადო ფიქრი.
  ჯერ ფეხის ხმა გაიგონეს და მერე ნათლად დაინახეს ოთახში შემოსული პასტორი, რომელსაც უკან უმნიშვნელოღიმილიანი მისტერ ენგელსი და აღელვებულთვალებიანი რუთი მოჰყვათ.
-თავხედო გოგონავ, როგორ გაბედე აქ მოსვლა?-თხელი ცხვირი ჰქონდა პასტორს და როცა კოპებს შეყრიდა, არაბუნებრივი იერი ეძლეოდა ხოლმე სახეს.
-მიყვარს ადამიანების გაკვირვება.-მშვიდად უპასუხა ჯეინმა და ფეხზე წამოდგა.
-ამ ოჯახის მიმართ ღრმა პატივისცემა ვალდებულს მხდის, აქედან წასვლა გთხოვო.-როგორ გითხრათ, რაღაცნაირი, სასულიერო წოდებისთვის შეუფერებელი გამომეტყველება და ტონი ჰქონდა.
-მიზეზს გკითხავდით, თქვენი აზრი ოდნავ მაინც რომ მაინტერესებდეს. ჩემი ოჯახიდან უკვე გამაგდეთ ერთხელ. მეორედ ვეღარ შეძლებთ.
-ჯეინ, პატივი ეცი პასტორს!-ცუდის მოლოდინმა ერთიანად ააღელვა შერლი.
-არ ვთვლი საჭიროდ.-სრულიად მშვიდი სახე ჰქონდა.-ან, უფრო სწორად, არ ვთვლი ღირსად.
-ჩემო გოგონა, გთხოვ, ჩვენს მწუხარებას მაინც გაუწიე ანგარიში.-მორიდებულად ჩაურთო რუთმა.
-რომელ თქვენს მწუხარებას, ძვირფასო რუთ? მძულს აქაურობა. ყველაფერი სიყალბით ყარს.
-არ უნდა მომეცა შენთვის დაკრძალვაზე დასწრების ნება!-როგორ ვერ იხდენდა მოკრძალებული, შავი სამოსი ამხელა მრისხანებას.
-და განა, გთხოვეთ, მამაო? თქვენ არ იცით, რა არის რწმენა. დიახ, არ მოგესმათ. ქადაგება, ლოცვა-ეს ყველაფერი მხოლოდ საშუალებაა თქვენთვის პატივმოყვარეობის დასაკმაყოფილებლად. რატომ მიყურებთ ასეთი თვალებით? კი, ბატონო, ვილაპარაკოთ თქვენს ენაზე. თვლით, რომ სულში ეშმაკი ჩამისახლდა. ასე არ არის? დიახ, მე ცოდვილი ვარ და მიყვარს ჩემი ყოველი ცოდვა. გგონიათ, ზიზღი მალაპარაკებს? სისულელეა. სიძულვილი არა, გულგრილობა მირევს გულს. თქვენ კი ჩემ მიმართ გულგრილი ნამდვილად არ ხართ. და, განა, რა დავაშავე ისეთი, რომ უღირსის იარლიყი ამაკარით? ჩვენ ორს შორის თუ ვინმეს ჭეშმარიტად სწამს ღმერთი, ეს მე ვარ. ან საერთოდ, რატომ გელაპარაკებით ამდენს.-ამ ხნის განმავლობაში ღიმილი არ მოუშორებია ბაგიდან.
-უგუნური გოგონავ, მე რომ თავიდანვე არ მომეთხოვა შენი აქედან წაყვანა, ახლა მეძავი იქნებოდი!
-მეძავი ახსენეთ, პადრე?-ცინიზმი ხმაში.-და ოდესმე თუ გიფიქრიათ, როგორ ზუსტადაა შერწყმული მათში ცოდვა და სინანული?
-მეტის მოთმენას არ ვაპირებ! ან ამ უღირსმა ქალმა დატოვოს სახლი, ან მე წავალ.-მტკიცედ თქვა პადრემ.
    რა თქმა უნდა, ყველამ იცოდა, რომ გადაწყვეტილება შერლის უნდა მიეღო. ოჰ, როგორ აწვალებდნენ ამ ახალგაზრდა გოგონას! სად აქვს ამდენის ატანის თავი.
-ჯეინ,-რამდენიმე წამიანი პაუზის შემდეგ შერლიმ სანთლისფერი ხელები ტუჩებთან მიიტანა და ძლივს თქვა,-მგონი, სჯობს, წახვიდე, დაისვენო, დაფიქრდე. იქნებ,..
-ახ, რასაკვირველია, ძვირფასო.-შეაწყვეტინა ჯეინმა.-პატარა ქალაქები ძნელად ივიწყებენ ხმაურიან ამბებს.
    მაგიდასთან დაიხარა, თავისი ჩაი აიღო, მოსვა და წასასვლელად მოემზადა. სანამ ოთახს დატოვებდა, პასტორს გაუსწორდა და თამამი მზერით უთხრა:
-დიახ, მამაო. მე მეძავი ვარ.
    პასტორმა თავი ვეღარ შეიკავა, ყელზე დაკიდული, თვალშისაცემი ჯვარი ააწყვიტა, ხელში მყარად დაიჭირა და ხმაში მოხრჩობილი ბრაზით უთხრა:
-შენ ამის ღირსი არ ხარ.
-მიჩუქებია, მამაო. მე უმაგისოდაც მწამს.-უსიტყვო ირონია ეჯდა თვალებში.
    ჯეინმა თანაბარი, მოზომილი ნაბიჯებით დატოვა იქაურობა.
-ისეთი ქალია, მისთვის ბრძოლა რომ ღირს, მაგრამ არასდროს რიმ მოგცემს უფლებას, ბრძოლის ობიექტად გაიხადო.-გაიფიქრა მისტერ ენგელსმა, რომელიც უთქმელად ადევნებდა თვალს ყველაფერს და ერთობ კმაყოფილიც დარჩა ნანახით.
  ოთახში მყოფთ კიდევ რამდენიმე წამი ესმოდათ ჯეინის ფეხის ხმა და მერე სიკვდილივით გაინაბა ჰაერი.










    ღამის ქუჩებში დახოხავდა ბნელი. როგორღაც, თავისუფლად მოაქანავებდა მხრებს ქალი.
    შეიძლება, ემოცია ცუდი მრჩეველია, მაგრამ სამაგიეროდ, არასდროსაა ყალბი.
-რა მარტივია დალეწვა და როგორი მტკივნეულია ნატეხების აკრეფა.-გაიფიქრა ჯეინმა. სადღაც გამქრალიყო ის ირონია, რამდენიმე წუთის წინ მყარად რომ ჰქონდა ჩასმული მზერაში და ზამთრისფერი ჰქონდა თვალები.
    ქალაქი ვერასდროს იშორებს თავის პირვანდელ სუნს. ჭვარტლისფერი სიბნელე ეკვროდა ქალს და უკან-უკან იხედებოდა მთვარე.







    უცხო სახლში შევიდა ჯეინი. სინათლე აანთო და იქაურობას გულგრილად გადახედა. მერე ფირფიტებთან მივიდა, ერთ-ერთი ამოირჩია და როგორც კი ბერძნული მელოდიები დაიფანტა ოთახში, მრავალმნიშვნელოვნად ჩაიღიმა.
    შემდეგ სინათლე ჩააქრო ისევ და საძინებელში შევიდა. ჩამოფარებული ფარდები ბოლომდე გადაწია და ღამეს ჩახედა თვალებში.
-მიხსენი საკუთარი თავისგან.-ვედრებასავით ჩაიჩურჩულა, ფანჯარას ოდნავ მოშორდა და მსუბუქად გადაიძრო მაისური.
-Infernales.-ხმადაბლა თქვა მოპირდაპირე სახლის ფანჯარასთან მდგომმა მისტერ ტომ ფარელმა, ჩაიღიმა და ბინოკლი ჩამოუშვა.
    თქვენ იფიქრეთ.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები