ნაწარმოებები


გთხოვთ დავეხმაროთ საიტის წევრს კონკურსში გამარჯვებაში. დეტალები იხილეთ ნაწარმოების ბოლოს https://urakparaki.com/?m=4&ID=113471     * * *         * * *         * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: მეუდაბნოვე
ჟანრი: პროზა
13 თებერვალი, 2012


მიცვალებულის გამცილებელი

ეს თვითმფრინავი რატომღაც ბალდახინივით შავი წარმომედგინა. არადა, როცა ვნახე, აღმოჩნდა, რომ  ჩვეულებრივი ხაკისფერი ,,ან- 12” იყო. რატომ უწოდებდნენ მას ,,ჩორნი ტულპანს”, ჩემთვის დღესაც უცნობია.
ალბათ საგნებსაც, როგორც ადამიანებს, თავისი ბედისწერა აქვთ. თუ ეს ასეა, მაშინ, ამ თვითმფრინავს განგებამ უარესი ბედი დაუწერა, ვიდრე ბალდახინს. როგორი ბალდახინიც არ უნდა დაგიდგეთ თვალწინ - ყორანაცხენებიანი კუპრისფერი ეტლი, თუ შავად მბზინავი ლიმუზინი,  სულ ერთია: მათ ხომ ერთი და იგივე დანიშნულება აქვთ - ცხედრების სახლიდან სასაფლაომდე მიტანა.
მიდის ბალდახინი ნელი სვლით, სალონი გაჟღენთილია გვამისა და ბალზამის სუნით, უკან მიჰყვებიან ჭირისუფალნი მგლოვიარე სახეებით, ცრემლითა და ყვავილებით. ეს, ალბათ, ყველაზე უფრო მწუხარე რიტუალია, რომელიც კი ოდესმე შეუთხზავს ადამიანს.
,,ჩორნი ტულპანი” კი ყოველგვარი ცერემონიის გარეშე არიგებს ფრონტიდან აკრეფილ ცხედრებს სახლებში. კუბოც არ არის სამგლოვიარო ფერის, ფორმაც გაუბრალოებულია_ უფრო ჭურვების ყუთს წააგავს.
,,ხომ შეიძლება მეც ასე წამიღონ”,_ ეს ფიქრი ამეკვიატა, როცა ჯარისკაცებმა ჰაერში აიტაცეს მზეზე მბზინავი თუნუქის კუბოები და თვითმფრინავში შეიტანეს.
ვერც კი შევნიშნე, ისე დაიკეტა სალონი და დავრჩით ამ მფრინავ მორგში ოცდაერთი ცხედარი და ამდენივე გამცილებელი.
აგრუხუნდნენ მოტორები, აცახცახდა  მფრინავი მანქანა და რამდენიმე წუთის შემდეგ ილუმინატორიდან კრაზანებივითღა ჩანდნენ აეროდრომზე ჩამწკრივებული გამანადგურებლები.
რა საშინელი მისიაა, მშობლებს შვილის ცხედარი ჩაუტანო.
ვიცოდი, რომ იქ დამხვდებოდა გლოვა და ცრემლი და ათასი უსიამოვნო შეკითხვა, რაც მზარავდა. მაგრამ ამ მედალსაც ჰქონდა მეორე მხარე: იქ ვნახავდი ახლობლებს, ჩემს ქალაქს, ქუჩას, ეზოს. ეს სასიამოვნო მოლოდინი იმ პირველს აბათილებდა და აწონასწორებდა.
- რამხელა ცინიზმია, მეგობრებო! - ძრავების ხმაური გადაფარა ამ წამოძახილმა და ფიქრებიდან გამომარკვია.
ის დახრილი იდგა, მედესანტის ფორმა ეცვა, სახელოები იდაყვამდე აეკეცა, მარცხენა ხელით კუბოს სახურავს დაყრდნობოდა.
ყველანი მისკენ შევბრუნდით. სურდა, თითოეული ჩვენთაგანისთვის თვალებში ჩაეხედა. მზერა გავუსწორე. იმ მონად გაყიდულ ტყვეს გავდა, რომელიც ჯერ ვერ მოეთვინიერებინათ. მარჯვენა ხელი აწია და საჩვენებელი თითი სათითაოდ დაგვიმიზნა.
- ალბათ, ბედნიერად თვლით თავს. ყველას კმაყოფილი სახე გაქვთ. რატომ არ იქნებით ბედნიერნი?! გაგიმართლათ: დედიკოებს ნახავთ, გოგონებს მიელაციცებით. მაგრამ გიფიქრიათ, რომ სამშობლოსკენ  ვიზას თქვენივე მეგობრის ცხედარი წარმოადგენს?!
მან მძლავრად დაარტყა ხელი კუბოს სახურავს და დოლის ხმა გამოსცა თუნუქის ზედაპირმა. მის თვალებში სასოწარკვეთილება და მრისხანება ერთმანეთს შერეოდა. ერთხანს გაქვავებული იდგა, შემდეგ ბავშვისლოყება ოდესელს მიუბრუნდა და მკაცრად ჰკითხა:
- რამდენი ხანია მსახურობ?
- წელიწადი.
- კუბოში ვინ წევს?
- რომელ კუბოში? - შუბლი შეიკრა ოდესელმა
- ვის აცილებ? შენი რა იყო?
- ერთ ოცეულში ვიყავით, ვმეგობრობდით.
- ხომ არ გგონია, ცხედარი შენ მიგაქვს. პირიქითაა-ცხედარს მიყავხარ სახლში... რამხელა ცინიზმია! მისმა სიკვდილმა მოგცა საშუალება დედიკო ნახო.
- მე დედა არ მყავს.
მედესანტეს მაღლა აწეული მარჯვენა ძირს ჩამოუვარდა, თავი გააქნია და იატაკზე ჩაჯდა.
მისმა სიტყვებმა ჩემს მეგობარზე ჩამაფიქრა, იმაზე, რომელიც ჩემს გვერდით კუბოში იწვა.
რომ არა ძრავების ყრუ ზმუილი, თვითმფრინავში ალბათ ნემსის დავარდნის ხმასაც კი გაიგებდით, მაგრამ ეს დროებითი სიჩუმე ვიღაცის ყიჟინამ დაარღვია:
- საზღვარი გამოჩნდა, ბიჭებო, საზღვარი!
ყველა ილუმინატორს ეცა და მეც მათსავით, ჩემდა უნებურად, შუბლი მივადე გრილ მინას. მიუხედავად დიდი სიმაღლისა, მაინც მკაფიოდ მოჩანდა შავი სასაზღვრო ზოლი.
,,სსრკ!”, ,,სამშობლო!”, ,,უკვე შინ ვართ!” - სცვლიდნენ ერთმანეთს შეძახილები, რომელიც წამის შემდეგ მედესანტის ხმამ დაფარა:
- რამხელა ცინიზმია! ყველას დაავიწყდა ცხედრები!
კვლავ სიჩუმე ჩამოწვა და მეც გავირინდე. კვლავ დიდებაშვილის ოჯახს უტრიალებდა ჩემი ფიქრი.
მხარზე ხელის შეხება ვიგრძენი და თავი მოვატრიალე.  გვერდით შეუმჩნევლად მოჩოჩებულიყო ცისფერთვალება, საშუალო სიმაღლის, არტილერისტის ემბლემებიანი, სიმპათიური უმცროსი სერჟანტი.
- რას ყვირის ეგ ტიპი? - დაიწყო მან, - რა მაგისი საქმეა, მე ვიცინებ, ვიღრიალებ, თუ ვიტირებ. როგორ ვერ ვიტან მეტიჩარებს და მაინც ყველგან ისინი მხვდებიან.
საუბარი შეწყვიტა, ეტყობა გაგრძელებას ჩემგან ელოდა, მაგრამ როცა დაინახა, რომ მე ჯიუტად არ ვიღებდი ხმას, თავი გააქნია და, თითქოს თავისთვის, თქვა:
- მეგონა თვითმფრინავში ჩაჯდომის წინ გაგვჩხრეკდნენ და ვერ გავბედე, ჩარსი წამომეღო. ერთი-ორი ნაფასი მაგრად გაასწორებდა.
- არ ვეწევი! - ვთქვი მე.
- ძალიან კარგი! არც მოწიო. მწეველს და არამწეველს თუ არჩევ მაინც? მე ვგრძნობ, რომ ვიღაცას ჩარსი აქვს. მაგრამ ვის? საქმე ეგ არის. დავიწყოთ მარჯვნიდან. გვერდით რომ ზის, არა გავს ქეშს. შეხედე ჩვენიდან მეხუთეს, კარგად დააკვირდი. პირდაპირ სახეზე აწერია. მგონი ცოტა კაიფშიც უნდა იყოს. ჰა, რას იტყვი?
მე მხრები ავიჩეჩე.
- კარგია შენთან ლაპარაკი, მაგრამ წავალ გავიგებ, რა ტიპია.
არტილერისტმა წინადადება დაასრულა თუ არა, კაბინის კარი გაიხსნა და სალონში ოფიცერი შემოვიდა. მან თვალი მოავლო ყველას. მოკლედ გაგვაცნო ფრენის განრიგი, დაგვტუქსა, სიგარეტს ნუ ეწევითო და კაბინაში გაუჩინარდა.
მალე თვითმფრინავის კუდის მხარეს ჩემი ნაცნობი არტილერისტი და კიდევ ის, ჩვენიდან მეხუთე რომ იყო, განცალკევდნენ.
,,როგორ უცებ პოულობენ, ერთმანეთს”, - გავივლე გულში.
ნელ-ნელა ბიჭებმა კუდის მხარეს გადაინაცვლეს და დავრჩით აქეთ მე, მედესანტე და კუბოები - იქით ისინი და თრიაქი.
მეგონა მედესანტე კვლავ აფეთქდებოდა, მაგრამ ჩუმად იჯდა, მეგობრის კუბოზე მარცხენა იდაყვი დაედო და ხანდახან წარბებქვეშიდან მრისხანედ გახედავდა ხოლმე მწეველებს.
ტაშკენტის აეროპორტზე დავეშვით. სამმა ცხედარმა და ამდენივე გამცილებელმა დატოვა თვითმფრინავი. ორი საათის შემდეგ ჩვენ უკვე ჰაერში გახლდით და დროის ამ მონაკვეთში ბიჭებს უკვე მოესწროთ არაყისა და ძეხვის შეძენა.
მაღალმა უკრაინელმა აიჩემა, გინდა თუ არა, ჩემი მეგობარის კუბოზე გავშალოთო სუფრა, ძალიან უყვარდაო დალევა და მისი სულის ცხონება იქნებაო. სხვებისთვის სულ ერთი იყო, არავინ შეწინააღმდეგებია. ამ საქმის მოთავეებმა ყველანი მიგვიპატიჟეს. მე მსგავსი ღონისძიების წინააღმდეგი არასოდეს ვყოფილვარ, მაგრამ ამჯერად თავი შევიკავე. ბუნებით ძალიან ფიცხი ვარ. ვგრძნობდი,  მედესანტეს არ მოეწონებოდა ჩვენი მხიარულება და შარს მოვერიდე.
მთელი ჩემი ყურადღება მედესანტისკენ იყო მიმართული. მას სახეზე თანდათან ზიზღი ეკვრებოდა, ყელზე და საფეთქელთან ძარღვები დაბერვოდა. სასროლად გამზადებულ ზარბაზანს გავდა.
- რამხელა ცინიზმია! - თქვა მან და სახე უფრო დამანჭა.
მისთვის ყურადღება არავის მიუქცევია. ჭიქა არ ჰქონდათ და ბოთლი ტრიალებდა წრეში. მალე საკმაოდ შეთვრნენ.
მაღალმა უკრაინელმა აიჩემა, არაყი უნდა ჩავასხაო კუბოში, ესიამოვნებაო მეგობარს. ალესილი ბალთით შეეცადა თუნუქი გაეჭრა და ამ დროს იღრიალა მედესანტემ:
- რატომ აყენებთ შეურაცხყოფას მიცვალებულებს?!
უკრაინელმა თავი მისკენ მიაბრუნა: - შენ, რა, მკვდრების გუშაგი ხარ? - შეეკითხა წყნარად და ზედ ხმამაღალი გინება მიაყოლა.
მედესანტე მისკენ წამოვიდა. ეტყობა, მისმა ახოვნებამ შეაკრთო უკრაინელის ამფსონები. წინ არავინ გადასდგომია.
მედესანტემ ორ ბოთლს წამოავლო ხელი და ერთმანეთს შეატაკა. უკრაინელი საბრძოლველად წამოიმართა. ერთხანს ისინი მოძიძგილე მამლებივით ერთმანეთს ზვერავდნენ. ბოლოს, მედესანტემ ზურგი აქცია და თავის ადგილს დაუბრუნდა.
ამ სცენის შემდეგ ყველას დაეკარგა მხიარულების ხალისი. ბოთლების ნამსხვრევები და საჭმელ-სასუსნავი მოკრიფეს და რამდენიმე წუთში სიჩუმე გამეფდა, რომელსაც ხანდახან უკრაინელის ბურდღუნი თუ დაარღვევდა.
მიფრინავდა ,,ჩორნი ტულპანი”. იცვლებოდნენ ქალაქები და თანდათან ცარიელდებოდა სალონი. ეტყობა, კუბოები არც ისე ჰერმეტულად იყო შეკრული, რადგან ოდესაში, როცა თვითმფრინავში მე და მედესანტეღა დავრჩით, გვამის სუნი საგრძნობი გახდა.
- რამხელა ცინიზმია, ნორმალურად სახურავიც კი ვერ დაუდუღებიათ, - თქვა მან და  ცხვირსახოცი აიფარა.
- მალე შეიძლება მატლებიც ამოვიდნენ, - ნათქვამს დავამატე მე.
ამ დროს სალონში ოფიცერი შემოვიდა და გამოგვიცხადა, რომ ფრენა ექვსი საათის შემდეგ იქნებოდა და შეგვეძლო ამ ხნის განმავლობაში თვითმფრინავი დაგვეტოვებინა.
რადგან ორივესთვის უცხო იყო ოდესა, იძულებულნი გავხდით ერთად გაგვეტარებინა ეს დრო. კითხვა-კითხვით პორტისკენ დავადექით გზას. ჩემი თანამგზავრი გამომიტყდა, რომ  ზღვა არ ენახა და ძალიან აინტერესებდა. ორი ტრანსპორტი გამოვიცვალეთ და სანაპიროზე აღმოვჩნდით. მე სულმა კაფესკენ წამძლია. წელიწადნახევრის განმავლობაში ღვინო გემოდაც კი არ გამესინჯა და ამ შესაძლებლობას ნამდვილად ვერ გავუშვებდი ხელიდან.
მედესანტეს შევთავაზე და ეტყობა იმდენად დამაჯერებელი და ზრდილობიანი იყო ჩემი თხოვნა, რომ ეს მოქუფრულსახიანი, ერთი შეხედვით უკარება ბიჭი, დავითანხმე.
ერთი რომ გამოვცალეთ, მეორე ბოთლი მოვატანინე. მედესანტეს (რომლის სახელიც იმ დროს, რა თქმა უნდა, უკვე ვიცოდი, ახლაც მახსოვს, მაგრამ მიზეზთა გამო გამჟღავნება არ მსურს) შუბლი გაეხსნა და გამხიარულდა. რამდენჯერმე, შევამჩნიე, გვერდით მაგიდასთან მჯდომი ქალებისკენაც კი გააპარა თვალი. ხოლო როდესაც ახლოს მართლაც მშვენიერმა, მზეზე გარუჯულმა გოგონამ ჩაგვიარა, თავი ვეღარ შეიკავა და, რა კარგი ქალიაო, ამოიხვნეშა. თუმცა შემდეგ, თითქოს ენაზე იკბინაო, სახე დაღრიცა და ხმამაღლა წარმოთქვა აკვიატებული ფრაზა - „რამხელა ცინიზმია...”
საკმაოდ ვიყავი შემთვრალი და მისი სიტყვები, რომლითაც ჯერ კიდევ თვითმფრინავში მომაბეზრა თავი, გამაღიზიანებლად ჩამესმა ყურში. თავი ვეღარ შევიკავე და საკმაოდ მკვახედ ვკითხე:
- აქ რას ხედავ ცინიკურს?
- არა, აქ არაფერს... - დაბნეულმა თქვა და ჰაერის რამდენიმე ღრმა ჩასუნთქვის შემდეგ გააგრძელა, - საკუთარი ბედი მაქვს მხედველობაში: ეს ერთი კვირაა მიმართლებს და თან დამცინის.
- თუ გიმართლებს, როგორღა დაგცინის? - ვთქვი მე და ჭიქები შევავსე.
მედესანტემ ცოტა მოსვა, ტუჩები გააწკლაპუნა და განაგრძო:
- ცინიზმი... სხვა რა შეიძლება უწოდო? პარასკევს მომივიდა მაშას წერილი. იწერება, იმდენი ხანი გავიდა, რომ შენი სახე აღარც კი მახსოვს და თუ ერთ თვეში არ ჩამოხვალ, ვეღარ დაგიცდი, გავთხოვდებიო. მე ის ძალიან მიყვარს, ყოველთვის თვალწინ მიდგას. მას რატომ უნდა დავვიწყებოდი, ან როგორ შემეძლო ერთ თვეში ჩასვლა, როცა იცის, რომ ექვსი თვე კიდევ დამრჩა? მაგრამ არ ვემდური... ქალი, ხომ იცი, სულ სხვაა - ყურადღება უნდა.
ეს წერილი წავიკითხე თუ არა, ნერვიულობისაგან კანკალი ამივარდა და სიცხე მომცა. ბიჭები მაწყნარებდნენ. ღამის თორმეტზე მე უნდა შემეცვალა ყარაული. ჩემს მაგივრად ჩემი მეგობარი წავიდა - ის, კუბოში რომ წევს. ჯარამდეც ვიცნობდი, სამბოში ერთად ვვარჯიშობდით. სნაიპერის ტყვია მოხვდა მკერდში. შეცვლა რომ მივიდა, უკვე აღარ სუნთქავდა. მე ბედმა გამიღიმა, თუ დამცინა, ვერ გეტყვი. ის ჩემი საუკეთესო მეგობარი იყო. მეორე დღეს მე დამევალა მისი კუბოს გაცილება. ის ჩემს მაგივრად მოკვდა. თავისი სიკვდილით მან საშუალება მომცა მაშა ვნახო და დავიბრუნო. ჩემში გლოვა და სიხარული ერთმანეთში არეულა. ბედნიერი ვარ... ავღანეთში დაბრუნებამდე აუცილებლად ვიქორწინებ, მაგრამ ძვირად, მეგობრის სიცოცხლის ფასად, მიჯდება ეს ყოველივე. სინდისის ქენჯნა მაწუხებს. ჩემს მაგივრად რომ არ მოეკლათ, ალბათ ამხელა განცდა არ მექნებოდა.
- რას იზამ... შენ არაფერ შუაში ხარ, ყველაფერს უნდა გაუძლოს კაცმა, - გავამხნევე მე, - ჩვენ ყველანი ერთ ბედ ქვეშა ვართ... რას იზამ...
საკმაოდ შემთვრალები ვიყავით, აეროდრომზე რომ დავბრუნდით. ნახევარი საათის შემდეგ ,,ჩორნი ტულპანიც” გაფრინდა.
მინვოდში დამშვიდობებისას მედესანტემ მთხოვა, ათი დღის შემდეგ მასთან ჩავსულიყავი. მის ჯვრისწერას დავსწრებოდი და შემდეგ ერთად დავბრუნდებოდით ავღანეთში.  დავთანხმდი, მაგრამ იმ პირობით, თუ ის დეპეშას გამომიგზავნიდა. თან დავამატე, დღეს გსურს, რომ შენს ქორწილში ვიყო. ხვალ კი, მაშას რომ ნახავ, აღარც გაგახსენდები-თქო.
დეპეშას აუცილებლად გამოგიგზავნიო, მითხრა.
- იცოდე საავტომობილო ბატალიონში ვმსახურობ, ხშირად მიწევს თქვენ ნაწილში მისვლა და თუ დაგავიწყდი, გნახავ და გაგინებ, - ვუთხარი ხუმრობით.
- რითი დაგარწმუნო? - თქვა შეძლებისდაგვარად მშვიდად, მაგიდიდან დანა აიღო და მაჯაზე დაისვა. ჭრილობიდან უხვად იფეთქა სისხლმა. ამან  შემაძრწუნა.
- კაი, კაი, მჯერა შენი, -  მხარზე მოვუთათუნე ხელი.
მინვოდში დავტოვე მედესანტე და დავრჩით თვითმფრინავში ორნი-მე და ჩემი მეგობრის ცხედარი.
ჩემი გონებიდან არ ამოიშლება ის განცდა, რომელიც მე დიდებაშვილის მშობლების ხილვისას დამეუფლა. ეს იყო ძალიან მძიმე დღეები. უსაშველოდ გაჭიმული პანაშვიდები. ყველა ეჭვის თვალით მიცქერდა. ალბათ ასჯერ მაინც მომაყოლინეს ილიას დაღუპვის ამბავი. კითხვებს ყველა მხრიდან მიბრუნებდნენ, რაღაცა ეჭვი ჰქონდათ, რაღაცას იძიებდნენ. ისეთი გრძნობა დამეუფლა, თითქოს მე ვიყავი მის სიკვდილში დამნაშავე.
დაკრძალვის შემდეგღა მივედი სახლში. არ დამავიწყდება დედაჩემის სიხარულის ცრემლები. უცებ შეიყარნენ მეზობლები და ნათესავები. აქაც ვერ გავექეცი შეკითხვა-დაკითხვებს. დედაჩემის გარდა არავინ არ დამხვდა ისეთი, როგორიც წარმომედგინა.  თანამდებობის მქონე ერთი ჩემი ნათესავი შემპირდა კომისარიატიდან კიდევ ერთი კვირით გაგიგრძელებო მივლინებას, მაგრამ  უარი ვუთხარი. აქ უკვე ყველაფერი უცხო იყო და ერთი სული მქონდა, როდის დავბრუნდებოდი უკან.
წასვლის წინა დღეს მედესანტის დეპეშა მივიღე: ,,მაპატიე, ქორწილში ვერ გპატიჟებ. მაშა სამი თვის წინ გათხოვილა” - მწერდა ის.
თავში მაშინვე მედესანტის აკვიატებულმა სიტყვებმა გამიელვა:
- რამხელა ცინიზმია! - ვთქვი და დეპეშა მოვისროლე.
* * *
ამის შემდეგ სამი თვე გავიდა და რაღაც ვითარების გამო მედესანტის ნაწილში მოვხვდი.
ეფრეიტორი მომხვდა თვალში, ჯავშანტრანსპორტიორის ცხვირზე იჯდა და ნახშირით ლითონზე რაღაცას ხატავდა. მედესანტეებს არმიის ელიტად მიაჩნიათ თავი და ყველა სხვას ზემოდან უყურებენ. ეფრეიტორმა სალამზე სალმით არ მიპასუხა, ქედმაღლურად გადმომხედა და რა გინდაო, უხეშად მკითხა.
- ერთი ჩემი ნაცნობი მსახურობს თქვენთან და იქნებ იცნობდეთ, - ვკითხე რაც შემეძლო მოწიწებით.
ეფრეიტორმა გაიგო თუ არა ვისაც ვეძებდი, ჯავშნოსნიდან ჩამოხტა, მოკლე მელოდია წაუსტვინა და მას საიდან იცნობო, დაინტერესდა.
- ცხედრებს ვაცილებდით... ერთი კვირა ერთად ,,ჩორნი ტულპანით” ვიმგზავრეთ.
- მერე, ვის აცილებდა, თუ იცი?
- მეგობარს, - მხრების აჩეჩვით გამოვხატე გაკვირვება.
- მეგობარს?! ასე გითხრა ჩემი მეგობარიაო? ის მეგობარი იმის გამო მოკლა, რომ ვიღაც ბოზი ენახა... თვითონ მოკლა.
- როგორ? - პირი გავაღე გაოცებისაგან.
- როგორ და, ჩვეულებრივ... მასზე ეჭვი არც არავის ქონია. სახლიდან ცოტა დასტვენილი დაბრუნდა. თვითონ დაფქვა ყველაფერი, თავის მოკვლას აპირებდა. ახლა ან საგიჟეთშია, ან ციხეში, ან თავს მოიკლავდა... შენ გადაწყვიტე, სად ეძებო.
პირში ნერწყვი გამიშრა და კვლავ მედესანტის აკვიატებული სიტყვები მომადგა ენაზე.
- რამხელა ცინიზმია!.. - წავილუღლუღე და მოსაუბრეს ზურგი ვაქციე.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები