ნაწარმოებები



ავტორი: ლიკა_ოხანაშვილი
ჟანრი: პროზა
3 ოქტომბერი, 2008


წვიმდა

 
  მთელი დღე წვიმდა, გაუჩერებლად წვიმდა.
  სახლში ვბრუნდებოდი, როცა პროცესია შევამჩნიე. ცხადია შევჩერდი, ცნობისმოყვარეობამ არ მომცა საშუალება იქაურობა ისე დამეტოვებინა, იმ საცოდავის ვინაობა არ გამეგო, ამიტომაც გავჩედი და მომავალ ხალხს დავაკვირდი. როდესაც კუბო დავინახე, გავშეშდი და გამაკანკალა... ეს იყო  ბავშვის პატარა კუბო, სულ პატარა, თავისი პატრონივით...
    ყურადღება ახალგაზრდა ქალმა მიიქცია, რომელიც უკანასკნელ გზაზე დიდი გლოვით მიაცილებდა ბავშვს. არ არის ძნელი მისახვედრი, რომ ეს ქალი დედა იყო. ტირილის ხმამ ცუდად გამხადა, მაგრამ უკან მაინც არ დავბრუნდი და გავყევი ხალხს. არ ვიცი რატომ, მაგრამ არ შემეძლო ამ ქალის ასე დატოვება, მინდოდა დამემშვიდებინა, ამიტომ ჩუმად ავედევნე მგლოვიარეებს.
    სასაფლაოზე მივედით. მოშორებით ვიდექი და მესმოდა, თუ როგორ აყრიდნენ  მიწას კუბოს, იმ კუბოს, რომელშიც პატარა ანგელოზი იწვა. ზუსტად რომ ანგელოზი... მის სურათს რომ დავხედე, ცრემლები გადმომცვივდა. პატარა გოგონა, მხოლოდ სამი წლის,  ანგელოზივით ლამაზი იყო და ალბათ ამიტომაც წაიყვანა ღმერთმა თავისთან, იქ, დანარჩენ ანგელოზებთან ერთად...
    ხანდახან ქალს გავხედავდი ხოლმე. ძალაც კი აღარ ჰქონდა საცოდავს. ტიროდა, კიოდა, მერე დაიჩოქებდა, ხელებს ზეცისაკენ აღაპყრობდა და უფალს დახმარებას სთხოვდა.
  ყველაფერი დამთავრდა. ყველა თავის გზაზე წავიდა, ქალი მარტო დარჩა, სულ მარტო... საფლავთან იყო ჩაჩოქილი და მიცვალებულს ესაუბრებოდა, რადგან ცოცხალთან ვერ მოასწრო ლაპარაკი, საფლავს ეფერებოდა, რადგან შვილის მოფერება არ დასცალდა. გული მტკიოდა, მინდოდა დავხმარებოდი, მაგრამ რა შემეძლო?!
  გავიფიქრე, რომ ცხოვრება ზოგს ძალიან მკაცრად სჯის. ცოტა არ იყოს, უსამართლოდ ექცევა. ან დაბადება რა იყო ამ ბავშვის ან სიკვდილი. განა იმისთვის გაჩნდა, რომ ასე უცებ დაეტოვებინა ყველაფერი? მაგრამ იქნებ ასე სჯობდა, იქნებ მისთვის უმჯობესიც იყო არ ენახა ეს უსამართლო ცხოვრება, მაგრამ რატომ? არ მასვენებდა ეს კითხვა.  ამ ანგელოზმა ისეთი და დააშავა, რომ ჯერ კიდევ სულ პატარა დედას მოსცილდა. ვერ იგრძნო დედის სითბო და სიყვარული. ის სიხარული, რასაც სხვა ბავშვები გრძნობენ. მერე გაიზრდებოდა, ვინ იცის რა ელოდა. იქნებ როგორი ბედნიერი ყოფილიყო, ან იქნებ უბედურიც...
  მაგრამ ყველაზე საცოდავი მაინც დედაა. ქალი, რომელსაც არ დასცალდა ბოლომდე გაეგო ის ბედნიერება, რასაც დედობა ჰქვია. ღმერთო, დედას არ უნდა ანახო შვილის სიკვდილი. რა შეიძლება იყოს იმასზე უარესი, ვიდრე ის, რომ ნახო, შვილი, რომელიც შენ გააჩინე და რომელსაც სიცოცხლე აჩუქე, უკვე აღარ არსებობს. ახლა ვეღარასდროს მოგეფერება, ვეღარ დაგიძახებს "დედას"...  ამაზე უარესი არაფერია.
  მინდოდა ქალთან მივსულიყავი, მაგრამ ვერ შევბედე. იმ დღეს მივხვდი რა ბედნიერი ვარ. საერთოდ, რა ბედნიერები ვართ ის ადამიანები, რომლებსაც მსგავსი ტკივილი არ გადაგვიტანია. დავაფასოთ ეს ცხოვრება, სანამ ისიც გვაფასებს. დავაფასოთ სანამ დროა, საყვედურების თქმას მაშინაც მოვასწრებთ, როცა ეს ტკივილი ჩვენამდეც მოვა.
  ცივი ზამთარი იყო. იმ დღესაც გაუჩერებლად წვიმდა, თოთქოს ბუნებაც გლოვობდა ბავშვის სიკვდილს, თითქოს ისიც ეხმაურებოდა დედის ტკივილს...
  გაუჩერებლად წვიმდა...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები