ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: jonatan livingstoni
ჟანრი: პროზა
16 თებერვალი, 2012


მიუწვდომელს მივწვდი?!

  იმდროინდელი ვარ, მუშურ_გლეხური  ოჯახების შვილები, პიონერთა ბანაკებში ( პიონერთა ბანაკი= პატრიოტთა ბანაკი) რომ ატარებდნენ ზაფხულს.
იმ წელს ჩემი პირველი ბანაკობა იყო. ის ჯადოსნური სიტყვაც იქ გავიგონე პირველად.
-რაზმიიი! - დასჭექა პიონერთხელმძღვანელმა.
- "ედელვაისი"! - არანაკლებ ომახიანად უპასუხა რაზმმა.
-დევიზიიი!
-"მიუწვდომელს მივწვდებით"!
მეხუთეკლასელის კვალობაზე, გვარიანად განათლებულად ვითვლებოდი მაშინ, მაგრამ ედელვაისის შესახებ მართლაც რომ არაფერი მსმენოდა. პირველი, რაც გავიფიქრე ის იყო-გამიმართლა, "მეგობრობისა" და "წინსვლის" ნაცვლად, ამ სიმღერასავითსახელიან რაზმში რომ მოვხვდი -თქო.
როცა რაიმე არ ვიცი, ეგრევე ვკითხულობ ხოლმე. დღემდე გამომყვა ხასიათის ეს თვისება. (მავნე ჩვევა ხომ არაა ნეტავ?). როგორც კი რაზმეულის შეკრება დამთავრდა, მაშინვე ვკითხე ჩვენი რაზმის ხელმძღვანელს:
- რამაზი მასწ, ედელვაისი რაა?
- ოოო...ედელვაისი ყვავილია ანა, მყინვარწვერებზე ხარობს მხოლოდ, რაც არ უნდა დიდი თოვლი და ყინვა იყოს, მაინც გამოარღვევს, ჯერ მწვანე, მაღალი  ღერო ამოიმართება და მერე, ამ ღერზე ერთადერთი, კაშკაშა, წითელი, მთლად ჩვენი დროშისფერი, ულამაზესი ყვავილი გაიშლება. ძალიან ძნელია ედელვაისამდე მისვლა და მისი მოწყვეტა! - "ამომწურავი" ინფორმაცია მომაწოდა რამაზი მასწმა.
იმწამსვე თვალწინ დამიდგა საოცარი ყვავილი, მეწამულ ჩრდილებად რომ იღვრებოდა მარადიულ თოვლზე, ქარბორბალასაც რომ არ ეპუებოდა და მომაჯადოვა, თითქოს მისი ზანზალაკებივით წკრიალიც კი მესმოდა ზოგჯერ.
იმ დღიდან შეპყრობილი ვყავდი  ედელვაისს. წლების მანძილზე, ჩემგან გამეტებული უმაღლესი ეპითეტი იყო ეს სიტყვა. ყველაფერი, რაც გულით მომწონდა და აღმაფრთოვანებდა , მეედელვაისებოდა- მოღუღუნე ჩვილიც, პატარძალიც, კაბაც, ესპადრელიც,სიმღერაც, ნამცხვარიც...ედელვაისივით ლამაზი დღეებიც ბევრი მქონდა.
წლები ნელ-ნელა აკლებდა სიკაშკაშეს ჩემს ჯადოსნურ ყვავილს. უკვე ისიც ვიცოდი, რომ ამ სახელწოდების სიმღერაც იყო, ფაშისტების ერთ-ერთ დამპყრობლურ გეგმასაც "ედელვაისი" ერქვა...
წლები კი არა, უკვე საუკუნეც სხვა იყო...
გამოცდილი მთამსვლელისგან ინტერვიუს ვიღებდი. ის მერაღაცამდენედ აპირებდა უშბისა თუ შხარას, შხელდისა თუ თეთნულდის დაპყრობას, ახალბედებთან ერთად.
- ედელვაისი...ედელვაისი თუ გინახავთ როდესმე, ბატონო მერაბ?
- უამრავჯერ - ძალიან უბრალოდ მიპასუხა.  წამით მომეჩვენა, რომ ალპინისტი გაცისკროვნდა, ის კი ჩვეულებრივად აგრძელებდა თხრობას წრიაპებზე, წერაქვებზე, ერთ თოკზე ჩაბმულ ადამიანებზე...
ორიოდე კვირის შემდეგ, სამსახურში ოდნავ მოგვიანებით მისულს, უფროსის მსუბუქ საყვედურთან ერთად, კოლეგებმა ჩვეულებრივი თეთრი კონვერტი გადმომცეს- შენმა ალპინისტმა დაგიტოვაო. " ედელვაისები ანასთვის" -ეწერა მისამართის ადგილზე. მოუთმენლად გავხსენი კონვერტი... რამდენიმე სუსტი, უფერული ღერებით, ნეკოდენა, ,მოთეთრო, ბუსუსებიანი თუ ხაოიანი, ხუთ თუ ექვსფურცლიანი ყვავილი უხმაუროდ დაეცა მაგიდაზე...
ნეტავ, არ ჩამოეტანა!
ოხ, რამაზი მასწ!...
 


კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები