ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: მეუდაბნოვე
ჟანრი: პროზა
17 თებერვალი, 2012


ქალი ფოტოდან

ჩარიქარის ცენტრალური ქუჩა, რომელიც სწორხაზად გასდევს ქალაქს, სავსეა ერთმანეთს უშნოდ მიწყობილი, ალიზის დუქნებით. აქ დილიდან საღამომდე ირევა ხალხი. პირდაუბანელი და ფეხშიშველი ბავშვები სთავაზობენ გამვლელთ სიგარეტს, კევს, თრიაქს და ათასგვარ წვრილმანს. მედუქნე ხმამაღლა აქებს საქონელს. ქუჩაში ძირითადად მამაკაცები და ბავშვებია, კანტიკუნტად თუ გაივლის ქალი, ისიც კოჭებამდე ჩადრში გახვეული, ქმრის უკან მონასავით მიმავალი.
***
ჯიხვაძეს მთელს ბატალიონში არავინ გვარითა და სახელით არ იხსენიებს_ ჯარისკაციდან დაწყებული სამხედრო ნაწილის მეთაურით დამთავრებული, ყველა ჯიხვას ეძახის და მასაც არ აქვს პრეტენზია, რომ მისი გვარი ვინმემ ბოლომდე გამოთქვას. თვითონაც ყველას ასე ეცნობა.
***
ჩარიქარი – პარვანის პროვინციის ცენტრი, იწყება იქ, სადაც მთების კალთები უერთდება ზეგანს, აღმოსავლეთით კი მოსჩანს მაღალი ჰინდიყუშის ქედი –უტყეო, მაგრამ მაინც მიმზიდველი. შებინდებისას, როდესაც დგება კომენდანტის საათი, ჩარიქარი  ხმაურიანი სიცოცხლისაგან იცლება და იძინებს. არა, იძინებს კი არა,  უბრალოდ ინაბება, თვალს ატყუებს, რომ შუაღამისას ავტომატების და ტყვიამფრქვევების კაკანს ფხიზლად შეხვდეს. ქუჩა სავსეა ავღანელი ჯარისკაცებით – ცარანდოებით. კანტიკუნტად შეხვდებით საბჭოთა ჯარისკაცთა საგუშაგოებსაც.
ქალაქის ცენტრში დგას მეჩეთი და მაღლა ატყორცნილი ორი მინარეთით ებღაუჭება ცას.
***
სამხედრო ნაწილის მეთაურმა ახალმოსულებიდან ჯიხვა მაშინვე გამოარჩია,  მოეწონა მისი მკვრივი აღნაგობა და ტყვიამფრქვევი ჩააბარა. სამი თვის განმავლობაში ათრია ბიჭმა მთებში ეს მძიმე და მრისხანე იარაღი. პირველი საბრძოლო ოპერაცია მოიარა თუ არა, მაშინვე განიზრახა, რადაც უნდა დასჯდომოდა, საავტომობილო ასეულში გადასულიყო და საწადელს  ბოთლ არაყად მიაღწია კიდეც.
ჯიხვას პოლკი ჩირიკარის ზევით პატარა ბორცვზეა დაბანაკებული და მრისხანე ლულებით გადასცქერის ქალაქს.
***
ვიტია ზელინსკი გარეგნულად უფრო თოთხმეტი-თხუთმეტი წლის ბავშვს ჰგავს –დაბალი, სუსტი აღნაგობითა და გულუბრყვილო ნაწყენი დიდი ცისფერი თვალებით. თითქმის ყოველდღე, როგორც კი დროს გამონახავს, მიჯდება კუთხეში ისე, რომ არავინ შეამჩნიოს და წერილს წერს. წერს უმეტესად დედას და თანაკლასელ ანას.
დედა მისთვის ყველაფერია _ მშობელიც და მეგობარიც. ანა კი მუდამ ბავშვად სთვლიდა, დასცინოდა მის უწვერულობას, უნიათობას, გულუბრყვილობას. ვიტია ამაზე ბრაზდებოდა, წუხდა, უნდოდა ანას მოსაწონი გამხდარიყო. სკოლის დამთავრების შემდეგ შეეცადა თავისი ცხოვრებისათვის დამოუკიდებლობის იერი მიეცა, მუშაობა დაიწყო ქარხანაში. სუსტ ორგანიზმმს გაუჭირდა შრომა. საღამოობით გასაცოდავებული ბრუნდებოდა შინ.
ჯარში გამგზავრების წინა დღეს ვახშამზე დაპატიჟა მეგობრები. იმ საღამოს ცხოვრებაში პირველად დათვრა. არაყმა თავდაჯერებულობა შემატა. გათამამდა, სარკეში ჩაიხედა –  ბავშვს აღარ ჰგავდა, ანას სიყვარულში გამოუტყდა. გოგომ გადაიკისკისა. ვიტია ამაზე გაბრაზდა, სიცილმა გამოაფხიზლა. შუბლშეკრულმა შეხედა გოგოს.
_ წერილებს ხომ მომწერ, ანა?
ანას უნდოდა ძველებურად, როგორც ბავშვისთვის თავზე ხელი გადაესვა , მაგრამ მოერიდა, ვერ შეძლო _ვიტიას თვალებში მამაკაცური ჟინი და სიმტკიცე დაინახა. უნდოდა რაღაც ეთქვა, წინადადება ვერ დაალაგა, გაწითლდა. _ მოგწერ, ვიტია... – ესღა მოახერხა.
***
პირველად რომ დადგა ფეხი ავღანეთის მიწაზე, ვიტია უცნაურმა გრძნობამ შეიპყრო. შეგრძნება ჰქონდა თითქოს სხვა პლანეტაზე დაეშვა.
იქ ყველაფერი რუხი იყო: დამტვერილი ალიზის სახლები, მზეზე გახუნებული სამხედრო კარვები და  ჯარისკაცების ფერდაკარგული, ოდესღაც ხაკისფერი ფორმა.
ვერტმფრენით გადაიყვანეს რამდენიმე ახალწვეულთან ერთად ჩარიქარში.
ზამთარი იდგა. ციოდა.
ზემდეგმა ისინი კარავში შეიყვანა და ადგილები მიუჩინა.
ეს იყო დილის თერთმეტ საათზე, დეკემბრის ცხრამეტში.
საშინლად დაღლილი და მთელი ღამის უძინარი საწოლზე დაწვა და მიიძინა. კოშმარები ესიზმრა –უცნაური არსებები დასდევდნენ.
თვალი მილულა თუ არა, უეცრად მხარზე დარტყმა იგრძნო და წამოვარდა.
_ რაო,  ,,ჩიჟიკო~. აქ საბაირამოდ მოგიყვანეს, გგონია?!
მის წინ თავგადაპარსული, წითელულვაშიანი, საშუალო ტანის ჯარისკაცი იდგა და დამცინავად უყურებდა.
ვიტიამ სხვათა მონაყოლიდან იცოდა, რომ პირველი ნახევარი წელი დამცირება და ყოველგვარი შავი საქმეების შესრულება მოუწევდა _  წინასწარ შეგუებული იყო ბიჭი ამას.
_ რიგში დადექი, ,,ჩიჟიკო~, რიგში! _ დაიღრიალა თავგადაპარსულმა და კისერში წაუთაქა.
ახალწვეწულები  საწოლებს შორის იდგნენ. მანაც ვიტიამ მათ გვერდით დაიკავა ადგილი.
დაიწყო გამოკითხვა, თუ ვინ საიდან იყო. ძველებს სურდათ ახალწვეულებში თავისი თანამემამულე, თანაქალაქელი, თანასოფლელი აღმოეჩინათ.
ძველები საწოლებზე მიწოლილიყვნენ და ხელოვნურად დაყენებული მკაცრი სახით იძლეოდნენ შეკითხვებს . ახლები, მოულოდნელობისაგან დაბნეულნი, ენის ბორძიკით პასუხობდნენ. ძველები ბედნიერნი იყვნენ მათი მოსვლით...
***
დელავერი ჩარიქაში ცხოვრობს, ქალაქის განაპირა უბანში, მოტომსროლელთა პოლკის ახლოს. მამამისი ოფიცერი იყო, ბამიანში ოპერაციის დროს მოკლეს, დედა ბიძამისმა შეირთო ცოლად. ახლაც ბიძამისის სახლში ცხოვრობს. არიან ექვსი და-ძმა და მათ მიმატებული სამი ბიძაშვილი. დელავარი თავს ვაჭრობით ირჩენს _ ყიდულობს ჯარისკაცებისაგან პროდუქტს, საწვავს, მანქანის ნაწილებს, ათასგვარ ხარახურას და შემდეგ ქალაქში ყიდის. ჯარისკაცებს ნივთებს უმეტესად თრიაქში უცვლის. საღამოობით სახალხო სკოლაში დადის და კარგ მოსწავლედ ითვლება. ამგვარ ურთიერთობაში რუსული შეისწავლა. საუბრობს ჯარისკაცებთან, ათხრობინებს მათ საბჭოეთზე, იქაური ხალხის ცხოვრებაზე, ოცნებობს სსრ კავშირში წავიდეს და რაიმე სპეციალობა შეისწავლოს.
***
ჯიხვა ავღანეთში ჩამოსვლის დღიდანვე მიეჩვია თრიაქს. უკვირს კიდეც, როცა სხვები უარს ამბობენ ამ სიამოვნებაზე. მისთვის თრიაქი არის საშუალება, რომელსაც რეალობის ჭაობიდან ამოჰყავხარ. უფრო სწორად, სინამდვილეს სულ სხვა, ისეთი თვალით დაგანახებს, რომ გაუსაძლისი აღარ არის ყოფა. მისი მეგობრებიც ყველა მწეველი და თავზეხელაღებულია. ჯიხვა, როდესაც მათ ახასიათებს, ასე ამბობს:
_ მე მათთან ერთად, არა თუ  მტრის ზურგში, ჯოჯოხეთშიც წავალ დაზვერვაზე.
ყველა მათგანი მწუხარე ცინიზმით უყურებს ცხოვრებას, სამსახურს, საკუთარ არსებობას და პატარა წვრილმანს ეძებს, რათა იმხიარულოს. უმეტესად, როდესაც დროს გამონახავენ, ჯიხვას მანქანის კაბინაში იკრიბებიან. მერე ერთ-ერთი ჯიბიდან იღებს თრიაქს, ფრჩხილებით ჩამოფხვნის ხელისგულზე ყავისფერ მასას, თამბაქოს მოაყრის ზევიდან და პაპიროსს გატენის. სხვანი ჩუმად უცქერიან და ფიქრობენ. ყველა ფიქრობს თავისებურად, ფიქრობს ყველა სხვადასხვა რამეზე. შემდეგ მოუკიდებენ და წრეში დაბრუნდება პაპიროსი. კაბინა გაივსება რუხი ბოლით. სერგეი იტყვის: `ისეთი კვამლი დგას, ჩაქუჩს ჩამოკიდებ ზედო~. მას უყვარს ეს გამოთქმა და დიდ რამედ მიაჩნია. ჯიხვა საკუთარ თავში ჩაიძირება და აკვირდება გულისცემას, თუ როგორ გადააქვს ძარღვებში სისხლს ნარკოტიკი, მერე მიაშტერდება საქარე მინის მაღლა ჩამაგრებულ ფოტოს და დიდხანს, დიდხანს ასე გახევებული უყურებს. ბიჭები დაინახავენ ამ მდგომარეობაში, ერთმანეთს მუჯლუგუნს წაჰკრავენ, თავს გააქნევენ, გაეღიმებათ და ნელ-ნელა გაიკრიფებიან კაბინიდან.
ჯიხვა რჩება მარტო, თვალმოუწყვეტლივ უცქერის სურათს, ოცნებობს, ფიქრობს. ფოტოდან იცქირება შავგვრემანი ქალი თაფლისფერი თვალებით, მხრებზე ჩამოშლილი წაბლისფერი თმით, ნაზი გამოხედვით, ვარდისფერი ტუჩებით, სუსტი მხრებითა და სავსე მკერდით.
ჯიხვამ ეს ფოტო ამ რამდენიმე თვის წინ ჯაბალისარაჯში იყიდა და სხვა ლამაზმანთა ფოტოებთან ერთად  კაბინაში, საქარე მინის მაღლა ჩაამაგრა. ბოლო ხანს განსაკუთრებული სიახლოვე იგრძნო ამ ქალთან. დანარჩენი სურათები ჩამოხსნა, ზოგი გააჩუქა, ზოგიც გადაყარა და ეს ერთი დატოვა. თინა უწოდა. განსაკუთრებულად უყვარს ჯიხვას ეს სახელი. ბავშვობაში იცნობდა ერთ თინას, ფარატინა გოგონას, მუდამ ვარდისფერი წინდები რომ ეცვა და სასაცილო კიკინები ეკეთა. შემდეგ სხვა ქალაქში გადავიდა მათი ოჯახი საცხოვრებლად.
ჯიხვა უცქერის ფოტოს.
ის, ალბათ, მსახიობია, უთუოდ რომელიმე აზიური ქვეყნის _ ინდოეთის ან პაკისტანის, არაბეთის, იქნებ ირანისაც... ცხოვრებაშიც, ალბათ, ასეთივე ლამაზია. არა, უფრო ლამაზი და უფრო მომხიბვლელი...
ჯიხვას უნდა, რომ ხმა მიაწვდინოს ამ ქალს, გაანდოს თავისი სურვილი, გრძნობა. მას ეს შეუძლია. ნათრიაქალ ტვინს ძაბავს, დარწმუნებულია, რომ ადამიანებს შორის, გარდა ენისა, არსებობს სხვა ურთიერთდამაკავშირებელი რაღაც, არსებობს სურვილის ძალა, რომლის საშუალებითაც შენი გრძნობა, შენი სურვილი შეიძლება გადასცე განუსაზღვრელ მანძილზე. ჯიხვას სწამს, რომ ეს ლამაზი ქალი, თაყვანისმცემლების სიმრავლისაგან თავბრუდახვეული, გრძნობს მას. მისი სურვილი გადალახავს კილომეტრებს, შეცურდება ლამაზ ფართოფანჯრებიან სანახევროდ ევროპულად მოწყობილ ოთახში, იქ, სადაც ქალია, ეალერსება და უყვება საკუთარ სიყვარულზე... ქალი მას გრძნობს, უთუოდ გრძნობს...
***
ვიტიას, ისე როგორც ყველა სხვა ახალს, მოსვენება არ აქვს.
_ ვიტია, წყალი მოიტანე! –უყვირის ერთი.
_ ჩექმები გამიწმინდე, _ ეძახის მეორე.
_ ჩემს მანქანაში დილამდე ზეთი გამოცვლილი უნდა იყოს!.. _ ავალებს მესამე.
_ სიგარეტი, ~ხახოლო~, სიგარეტი იშოვე! _ ბრძანებს მეოთხე.
ვიტია დარბის, ემსახურება ხან ერთს, ხან მეორეს, ამდენ საქმეს ვერ აუდის. ამიტომ ხშირად შეუბრალებლად სცემენ. დღეღამეში ოთხი საათი თუ სძინავს, მაშინაც კოშმარები აწუხებს. მოუცლელობის გამო მუდამ ჭუჭყიანი და დაუვარცხნელია.
***
დელავარი დილით ადრე გამოვიდა სახლიდან. ჩაუარა დუქნებს, უნდოდა ვინმესგან საქმე აეღო, რამდენიმე მედუქნეს შესთავაზა დახმარება. ყველამ უარით გამოისტუმრა. ორას ავღანად იყიდა თრიაქი. დაუსვენებლივ აიარა ფერდობი და სამხედრო ნაწილის შორიახლოს, სარწყავი არხის პირას ჩამოჯდა.
თითქმის ყველა ჯარისკაცმა იცის ეს ადგილი და ვისაც თრიაქის ყიდვა უნდა, აქ მოდის.
დიდხანს არ დასჭირვებია ლოდინი. შორიდან დაინახა, მავთულხლართის ღობეში როგორ გამოძვრა ჯარისკაცი და მისკენ წამოვიდა. იცნო ჯიხვა და ხელით მიესალმა. ჯიხვამ სწრაფად ჩამოირბინა ფერდობი, დელავარს ლოყაზე ხელი მოუთათუნა. ბიჭმა ყურებამდე გაიღიმა.
_ როგორა ხარ, დელავარ? რას შვრები? როგორ მიდის საქმე?
ჯიხვა ერთადერთია ჯარისკაცებიდან, ვინც  ინტერესდება მისი ცხოვრებით. დელავარს უკვირს ეს.
_ კარგად, არა მიჭირს რა. შენ რას შვრები?
_ მივათრევ ცხოვრებას, _ ამოიოხრა ჯიხვამ და გააგრძელა. _ დელავარ, ფული არა მაქვს, ისეთი ვერც ვერაფერი მოვიპარე... ორი შეკეთება თუ შეგიძლია  ნისიად...
დელავარს ძალიან სჭირდებოდა ფული, მაგრამ ჯიხვას წყენინება არ უნდოდა და თრიაქის მესამედი ჩამოუტეხა.
ჯიხვამ აკანკალებული ხელით გამოართვა, სასწრაფოდ დაფშვნა, პაპიროსი გატენა, მოწია, გამხიარულდა, იქვე ბიჭის გვერდით ჩამოჯდა, ფეხზე გაიხადა, წყალში ჩაყო, ესიამოვნა სიგრილე.
_ ნამდვილი მეგობარი ხარ, დელავარ, ნამდვილი მეგობარი. ჩემი მისამართი არ დაკარგო, როცა ჩვენს ქვეყანაში ჩამოხვალ, იცოდე, უნდა მესტუმრო. იქ თრიაქს არ ეწევიან, იქ ღვინოს სვამენ და არავინ ისვრის.
დელავერს საბჭოთა ჯარისკაცებიდან ყველაზე მეტად ჯიხვასთან ყოფნა სიამოვნებს. მისი მიხვრა-მოხვრა რატომღაც მამას აგონებს. მამამისიც სიარულის დროს ირწეოდა. თანაც, ჯიხვა კარგი მოსაუბრეა. უყვება მას ათასგვარ ტყუილსა და მართალს და ისიც მთელი გულისყურით ისმენს უცხო ტომის ჯარისკაცისგან  უცხო ქვეყნის ამბებს.
_ ჯიხვა, რაღაც უნდა გკითხო: შენ ხომ ქართველი ხარ, ბაჰრედინი ტაჯიკია და რუსის ჯარში რატომ მსახურობთ?
ჯიხვას თვითონაც დაუსვამს საკუთარი თავისთვის ეს კითხვა, მაგრამ პასუხი ვერ უპოვია და გონების სიღრმეში სხვა უსიამოვნო აზრებისა და შეგრძნებების გვერდით დაუმარხავს, მოუშორებია, განუგდია. ახლა კი დელავარის შეკითხვამ მის სულში ძლივს დალაგებულ-დაწყობილი არია და აამბოხა. თითქოს ჭრილობაზე მარილი დააყარესო, გამწარდა, თვალებში რისხვა ჩაუდგა, მოუნდა სამაგიერო გადაეხადა ამ მეტიჩარასათვის, ნაძალადევად გაიღიმა:
_ გეტყვი, ბაჩა, გეტყვი, _ წამიერი შეყოვნების შემდეგ გააგრძელა, _ რუსეთმა დაგვიმორჩილა, ყველანი თავის არმიაში შეგვყარა  და თქვენზე სალაშქროდ წამოგვასხა. ახლა ავღანეთსაც რომ დაიპყრობენ, შენც ჩვენთან ერთად გიკრავენ თავს და მერე მე და შენ გვერდიგვერდ მოგვიწევს ომი პაკისტანში.
ბიჭს სახე დაეძაბა, ყელზე და კისერზე ძარღვები დაეჭიმა და ამოებერა, გამხდარი მკლავები აუკანკალდა და ენის ბორძიკით თქვა:
_ სკოლაში სხვაგვარად გვასწავლეს.
ჯიხვა მიხვდა, რომ ავღანელს სამაგიერო გადაუხადა, მაგრამ არ მოეშვა:
_ ვიცი, სკოლაში რასაც გასწავლიან. არ მინდა მოყოლა: ინტერნაციონალიზმიო, ძმობა, დახმარებაო... სისულელეა და შეთხზულია ეს ყოველივე. ავღანეთში ჩვენ იმიტომ შემოვედით, რომ გვჭირდებოდა თქვენი ქვეყანა. ყველაფერს საჭიროება განსაზღვრავს და თუ გგონია, რომ მე და შენ მიგობრები ვართ, ძალიან სცდები: მე თრიაქის მყიდველი ვარ, შენ – გამყიდველი. ჩვენ ერთმანეთს ვჭირდებით. ეგ არის და ეგ.
ბიჭს თვალები დაენისლა.  _ ჯიხვამ დაახლოებით ის თქვა. რაც მუჯაჰედინების მიერ გავრცელებულ ფურცლებში წერია, _ გაივლო გულში, მრისხანე თვალებით შეხედა ჯარისკაცს, შემობრუნდა და თავქვე დაეშვა.
ჯიხვა დამცინავი ღიმილით მიაცილებდა მას.
ამის შემდეგ დელავერი იქ აღარ გამოჩენილა.
***
გაუსაძლისი გახდა ვიტიასათვის ავღანეთი, მაინც არ ნანობს. არ ნანობს იმიტომ, რომ ეამაყება თავისი მეგობრების წინაშე. მათ ხშირ-ხშირად სწერს წერილებს, უყვება აქაურ ამბებს, რა თქმა უნდა, გაზვიადებულად, სულ სხვა ფერებით. არც იმას უმალავს, რომ ცოტა უჭირს. მეგობრებიც აღტაცებულნი ეხმაურებიან, სთხოვენ უფრო დაწვრილებით მოუთხროს სამსახურისა და საერთოდ, ავღანეთის შესახებ. მასაც არ ეზარება, წერს ტყუილსა და მართალს.
რამდენიმე დღის წინ ანასგან მიიღო ბარათი. სთხოვდა, სურათი გამომიგზავნეო. ვიტიას სურათი ჯერ არ გადაუღია. არც გადაიღებს. მანამ სანამ წვერი კარგად არ ამოუვა. მერე კი პირს რომ გაიპარსავს და ულვაშს ,,დაიმშვენებს~, აი, მერე გაუგზავნის. ახლა ზის და წერს. სანამ დაიწყებდა ბევრი რამე ჰქონდა სათქმელი და უცებ თავიდან ყველაფერი ამოუვარდა. სიტყვებს ვერ ალაგებს, წვალობს, ჯახირობს. როგორც იქნა რამდენიმე წინადადებას მოუყარა თავი.
***
მოტორები ღმუიან. ავტოკოლონა ჯაბალისარაჯს გასცდა. დაიწყო ვიწრო ხეობა  ... სწრაფი მდინარე, დაყუდებული მკაცრი კლდეები და მთის მწვერვალთა მიუკარებლობა. გზისპირებზე ერთმანეთისგან მოშორებით დგანან ჯავშანმანქანები მაღლა აწეული ლულებით. მრისხანე და შეუვალი სახე აქვს ამ კლდეებს, უშრეტი ღონე დუღს მდინარის ტალღებში, გაუტეხლობის იერი ადევს ფანჯშირის ხეობას. დგანან ტანკები მძიმედ შეჭურვილი რაინდებივით, რომელთაც ეს ესაა შელეწეს მტრის ციხე და ახლა გამარჯვებას ზეიმობენ.
მიდის კოლონა დატვირთული ჭურვებით, ნაღმებით, ტყვიაწამლით და საწვავით. სამოცდაათი კილომეტრია გასავლელი ალმასის მთებამდე.
ჯიხვა დაძაბული ზის საჭესთან. ვიტია აზრებს ვერ ალაგებს, ჩაშტერებია ქაღალდს_რაღაცას დაწერს, არ მოეწონება და გადაშლის.
,_გამარჯობა ანა! რომ იცოდე როგორ მახარებს ყოველი შენგან მიღებული წერილი. მე შენ მიყვარხარ და მენატრები!~ _ წერია ქაღალდზე და ამ უკანასკნელ წინადადებას ხაზი აქვს გადასმული.
_ პატარა ხახოლო, წუხელ ცუდი სიზმარი ვნახე, შეიძლება მომარტყან. შენ დღეს დიდი შანსი გაქვს სათადარიგო სკამიდან საჭესთან გადაინაცვლო. გინდა,რომ მანქანა შენი გახდეს? გინდა, რომ უფრო მალე მიუჯდე ამ საჭეს, ვიდრე მე ,,დემბილში~ წავალ... ხომ გინდა? გინდა თუ არა? გეკითხები!
ჯიხვა ნათრიაქალი ამღვრეული თვალებით უყურებს. ვიტია კანკალებს.
_ გამოტყდი, რომ გინდა. აბა, ფეხზე. ჩქარა, ,,ჩიჟიკო~!
ვიტია დგება. კაბინის ჭერი გასწორების საშუალებას არ აძლევს. ცდილობს გაიმართოს. თავს ჭერს აბჯენს და შეშინებული უყურებს  ჯიხვას. მის თვალებში შლეგიანის რისხვას კითხულობს. ამ დროს მანქანა ინჯღრევა და  სკამზე ეცემა.
_ მე სულაც არ მინდა, რომ მოგკლან, _ წაილუღლუღა და მოწყლიანებული თვალებით შეხედა ჯიხვას.
_ ცრემლი, ცრემლი არ დამანახო.
კაცის თვალზე ცრემლი ისე აძრწუნებდა, როგორც გველის დანახვა.
_ ვინც შენ ავღანეთში გამოგიშვა, მე იმისი... – უწმაწურად შეიგინა.
ხეობა გაფართოვდა. გამოჩნდა მდინარის პირას მინგრეულ-მონგრეული მიტოვებული სახლები, ჯავშანტრანსპორტიორით გადათელილი ბოსტნები და ბაღები. საგუშაგოებზე მდგარ ჯარისკაცებს არ ეტყობათ გამარჯვების სიხარული – ისინი უფრო დაღლილ, გასაცოდავებულ მონებს ჰგვანან, რომლებმაც მბრძანებლის სასახლის მშენებლობა დაასრულეს.
_ ვიტია, მომიყევი რამე, თუ გინდ შენს შესახებ, გინდა სხვაზე.
ვიტიამ შიშნარევი გაკვირვებით შეხედა.
_ მოყევი რამე შენს მეგობრებზე, თუ გინდა ანაზე. ანაზე მოყევი. შენ ის გიყვარდა? მე ვიცი, რომ გიყვარდა. არ მითხრა, რომ შენ ის ახლაც გიყვარს. სისულელეა... ჯარისკაცს არა აქვს სიყვარულის უფლება. ეგ აზრი თავიდან ამოიგდე. ან შენ მოგარტყამენ შუბლში ტყვიას, ან ის გათხოვდება.
ვიტიამ შუბლი მოიფხანა. ჯიხვამ შეხედა და გულიანად გადაიხარხარა.
_ არ გეშინია, რომ გათხოვდეს? მითხარი, გეშინია თუ არა?
ვიტიამ ხმა არ გასცა.
_  ფეხზე, ~ჩიჟიკო~!
ვიტია წამოდგა.
_ სმენა!
სცადა გასწორება.
_ გეშინია, თუ არა? შენ გეკითხები!
_ არა, _ თქვა ვიტიამ და დაჯდა.
_ სურათი მანახე, ალბათ ლამაზია.
უბის ჯიბიდან ამოიღო სურათი და მიაწოდა. ჯიხვამ მოჩვენებითი ყურადღებით შეათვალიერა.
_ ასეთი სიფათის პატრონს ნაკლები შანსი აქვს, სხვას გაჰყვეს. უთუოდ დაგიცდის, _ უთხრა და დაკვირვებით შეხედა, უნდოდა გაერკვია ვიტიას ეწყინა თუ არა, მაგრამ მის სახეზე ვერაფერი ამოიკითხა.
კოლონა გაჩერდა. სადღაც წინ, მოსახვევს იქით, ისმოდა გაცხარებული სროლის ხმა.
ჯიხვა კაბინიდან გადმოვიდა. ჯარისკაცებს მიეტოვებინათ მანქანები და გზაზე გამოშლილიყვნენ.
– რა მოხდა? – იკითხა.
_ სროლაა. არ გესმის? – გასცეს პასუხი.
წინ ისევ ტყვიამფრქვევები კაკანებდნენ. ისმოდა აფეთქების ხმები.
***
სერგეიმ რამდენიმე ნაფაზი დაარტყა და პაპიროსი ჯიხვას გადააწოდა.
ნათრიაქალზე საშინლად მოშივდათ. ვიტია ხორცის კონსერვებს აცხელებდა.
_ ჩქარა... _ ვეღარ ითმენდა ჯიხვა.
ვიტია საწვავს უსხამს ქვეშიდან. ცეცხლი მატულობს. თუნუქის ქილები შავი ჭვარტლით იმურება.
_ ეყოფა, ძაღლიშვილო, გახსენი! _ ვეღარ აუტანია სერგეის შიმშილი და იღრინება. ვიტია კონსერვებს ხსნის. ბიჭები ხარბად ნთქავენ ხორცს.
_ ჭამე, ვიტია, ჭამე, _ აძალებს ჯიხვა.
ვიტია მორიდებულად შეექცევა.
ნახევარი საათის შემდეგ სროლის ხმა შეწყდა. კოლონა დაიძრა. ასეთი რამ ჯიხვას არასოდეს უნახავს: ხეობა დასაწყისში ვიწროა და შემდეგ სიღრმეში თანდათანობით ფართოვდება. იქ მის სამშობლოში პირიქითაა, ხოლმე. გზის პირას გდია დამწვარი ტანკი. ლითონი ჯერ კიდევ ცხელია, კვამლი ასდის. ვიტიამ პირველად ნახა მთის მდინარე. მოსწონს აქაფებული ტალღების ლოდებზე მიხეთქება. წყალმა მკლავის სიგრძე თევზი ნაპირზე გამორიყა. ვიტია ხედავს მის ვარდისფერ მუცელს. მდინარის მაღლა მოსჩანს გზისკენ წამოხრილი კლდეები.
ისმის აფეთქების ხმა. ჯავშანტრანსპორტიორს ალი ავარდა. კოლონა გაჩერდა. ვიტიას გველის სისინივით ჩაესმა ტყვიის ზუზუნი.
_ ჩამოდი მანქანიდან, _ ეძახის ჯიხვა.
ვიტია უაზროდ ემორჩილება მის ბრძანებას და ბრმად მიჰყვება. გზის მარცხენა მხარეს ლოდებთან ჩასხდნენ. ჯიხვა გამწარებული ისვრის ზევით. ვიტიას ავტომატი კაბინაში დარჩა და მანქანისაკენ  გაიქცა.
_ სად მიდიხარ, სულელო, _ უყვირის ჯიხვა. ვიტიას არ ესმის. ყურებთან წივიან ტყვიები. კაბინამდე მიაღწია, კარი გამოხსნა, აიღო ავტომატი, უკან გამობრუნდა და ამ დროს კვამლი და მტვერი... ვიტიამ თვალები დახუჭა, ჭურვი ლოდებთან აფეთქდა. ჯიხვა მოშორებით პირქვე გდია. ვიტიამ ძლივს გადმოაბრუნა. ,,სისხლი არ სდის – ალბათ ცოცხალია,~ _ გაივლო გულში.
ჯიხვას პირი და თვალები მტვრით ჰქონდა ამოვსებული და გაუნძრევლად იწვა. ვიტია ალალბედზე ისროდა.
საიდანღაც მოფრინდნენ ვერტმფრენები და დაიწყეს მწვერვალების დაბომბვა. ერთი საათის შემდეგ სროლა შეწყდა. გამოძვრნენ საფრებიდან მიმალული ჯარისკაცები.სანიტარული ვერტმფრენი დაეშვა და დაიწყეს დაჭრილებისა და დახოცილების ბორტზე აიყვანა.
ჯიხვა გონზე მოვიდა.  საშინლად სტკიოდა თავი. უნდოდა ამდგარიყო. სხეული არ დაემორჩილა. მთელს ტანში ტკივილი იგრძნო. თვალები მტვრით ჰქონდა სავსე და ვერაფერს ხედავდა. ხელი წაავლეს და აიყვანეს.
_ ვიტია, სადა ხარ! – გაჭირვებით დაიძახა მან.
ვიტია გამოეხმაურა.
_  თინას სურათი მომიტანე! მომიტანე!
ვიტია მანქანისაკენ გაიქცა.
მინები ჩამოლეწილიყო, კაბინის ჭერი დაცხრილულიყო.
სურათი ჩამოხსნა და უკან გამობრუნდა. ჯიხვა უკვე ვერტმფრენში აეყვანათ.
***
პარვანის პროვინციაში, ჩირიკარიდან რამდენიმე კილომეტრის მოშორებით არის სოფელი ბაგრამი –_ჩვეულებრივი ყიშლაღური ტიპის დასახლება, შორიდან შუა საუკუნეების ციხეს რომ წააგავს, გარშემო ვენახებითა და სახნავ-სათესებით შემოზღუდული.
სოფელს არც დღისით და არც ღამით არ ასვენებს რეაქტიული ძრავების გუგუნი. ვენახებს იქით გაშლილი აეროპორტი დღედაღამ ბორგავს. წყვილ-წყვილად მიფრინავენ ფრთებქვეშ რაკეტებშებმული საბრძოლო თვითმფრინავები და წყვილ-წყვილადვე ბრუნდებიან, რათა ისევ შეიჭურვონ და გაფრინდნენ.
აეროპორტიდან სამხრეთით ჰოსპიტალია. სამი ფინური ტიპის ხის შენობა ვერ იტევს დაჭრილებს და იქვე ეზოში რამდენიმე კარავი სახელდახელოდ ჩაუდგამთ. დერეფანი სავსეა ჯარისკაცებით. პალატაში ხანდახან გამოჩნდება ქირურგი და კეკლუცი მედდა, რომელსაც ერთდროულად რამდენიმე უსიცოცხლო თვალი უძლური სიხარბით კარამდის გაჰყვება. ქალი ზედმეტად ვულგარულია.
ეს მედდა ჯიხვაში ზიზღნარევ ნდომას აღძრავს. როდესაც დაიხრება მის საწოლზე, ძუძუებს გამოაჩენს და დამცინავი ალერსით ეტყვის, როგორა ხარ კანტუზიანოო, მას ერთი სურვილი აქვს _ სწვდეს და უბე ჩამოახიოს.
ფანჯშირის ოპერაციამ თითქმის სამჯერ გაზარდა პაციენტთა რაოდენობა. ყოველდღე რამდენჯერმე მოფრინავს ვერტმფრენი და ემატება ჰოსპიტლის ეზოს ახალი კარვები. მორგი ვეღარ იტევს დახოცილებს. მუშაობენ რიგითები და ჯარისკაცული მიფუჩეჩებით კრავენ თუნუქის კუბოებს.შავი უშველებელი საბარგო თვითმფრინავი მიფრინავს საბჭოეთში და კუბოების  სახურავზე დაწერილი მისამართების მიხედვით არიგებს ცხედრებს.
***
ქაბულიდან საბჭოთა კავშირისაკენ მიმავალი გზა პარვანის პროვინციას გაივლის. გზისპირები სავსეა დაბომბილი, მიტოვებული ყიშლაღებით, საბჭოთა ჯარისკაცთა საგუშაგოებით, ვენახებითა და ხიფათით. პარვანის შემდეგ იწყება მაღალი ჰიდიყუშის ქედი. გზა ჩრდილოეთისაკენ სალანგის უღელტეხილით მიემართება. თიხით ნაშენ ბარის ყიშლაღებს ცვლის სიპით ნაგები აულები. მწვერვალებზე აგვისტოშიც კი თოვლი დევს და გვირაბს, რომელიც მთის წვერს ხვრეტს ზამთარ-ზაფხულ დარაჯობენ თბილ ქურქში გახვეული ჯარისკაცები. სალანგის შემდეგ გზა მიჰყვება მთის მდინარეს ქალაქ ფულიხუმრიმდე, სადაც იწყება დაბალი მთები. ამის შემდეგ იშვიათად თუ შეხვდებით პუშტუნებითა და ტაჯიკებით დასახლებულ სოფლებს. აქ უმეტესად თურანული მოდგმის ხალხი ცხოვრობს, მონღოლოიდურიდან ევროპეიდულში გარდამავალი თვალებით, საოცრად მრგვალი, პატარა, გუმბათოვანი სახლებითა და ბროწეულის ბაღებით. შემდეგ გზა უდაბნოში შედის და მიიკლაკნება ბარხანებს შორის ამუდარიამდე _  ~ამუ”, ~ჯეიჰუნი~ – რა სახელი აღარ შეარქვა მეუდაბნოვემ ამ სიცოცხლის მდინარეს!
ამუდარიის იქით,  რკინის ბოძებზე გაბმული მავთულხლართების შემდეგ არის პატარა უზბეკური ქალაქი თერმეზი, ხოლო გამოღმა სოფელი ხაირატონი. ამ გზაზე შეგხვდებათ ჩრდილოეთისა თუ სამხრეთისაკენ მიმავალი უამრავი ავტოკოლონა, დატვირთული სურსათით, ტანსაცმლით, საწვავით და ტყვიაწამლით. ამ გზით სუნთქავს ქაბულის მთავრობა.
***
_ როდის გაიხსნება ეს დაწყევლილი გზა?
_ ხედავ ზევით მანქანებს? ისინიც არ იძვრიან. ეტყობა დიდი თოვლი დევს.
_ ალბათ, ღამის გათენება აქ მოგვიწევს. ფული მაინც გვქონდეს.
_ იცის შობელძაღლმა ჩაიხანის პატრონმა, რომ მეტი გზა არა გვაქვს და ამიტომ დააფასა ერთი პაკეტი ასე ძვირი. სათადარიგო ბორბალს მივცემ და როგორ ინამუსებს ოცი გრამი არ დაგვითმოს.
_ ნახე, იმ დუშმანმა მესამე რიგში შემოჩხირა თავისი ~ბურბუხაიკა~.
_ როცა ჩვენ არა გვაქვს, მაშინ გაუწყდება ხოლმე ყველას.
ცივა. თოვაც დაიწყო. ქარი აბრუნებს წვრილ ფიფქებს და უმისამართოდ მიმოფანტავს. სამი მეტრის იქით აღარაფერი ჩანს. უამრავი სამხედრო და სამოქალაქო მანქანა უწესრიგოდ ჩალაგებულა და ერთმანეთში არეულა.
მძღოლები მოუთმენლად ელიან უღელტეხილის გახსნას. ბინდი შეუმჩნევლად მოიპარა.
_ ვალოდია, გვიმღერე მაინც რამე, – სთხოვს ჯიხვა.
_ რა გიმღერო? არის სიმღერის ხალისი? ერთი პაკეტი ჰეროინი_სამასი ავღანი. ექვსჯერ ძვირს აფასებს შობელძაღლი! ყუმბარებს შევყრი მაგ დუშმანის სოროში.
_ ნერვებს გაუფრთხილდი, ვალოდია, იმედი იქონიე, ფული იქნება, _ ამშვიდებს სერგეი.
_ იმღერე რამე, _ არ ეშვება ჯიხვა.
კაბინაში ცივა. სერგეი მანქანას ქოქავს. ვალოდია უხალისოდ იღებს გიტარას, მღერის ჯარისკაცის სიყვარულზე.
,,და ჩვენს გოგოებს ღამღამობით გააცილებენ
ჩვენზე ორი წლით უფროსი ბიჭები~, _ ასე მთავრდება სიმღერა.
_ წავალ, ~დუხებს~ იქნებ ავცანცქლო, _ ამბობს სერგეი და კაბინას ტოვებს.
შუაღამეს დიდი ხანია, რაც გადასცდა. კაბინებში სინათლეები ჩაქრა. ჩაიხანა სავსეა მხრებზე შალწამოსხმული მძღოლებით. რამდენიმე ჯარისკაცსაც გაუბედია შიგნით შესვლა. კუთხეში ტახტზე სხედან და ხარბად შეექცევიან ფლავს. სამი პატარა ბიჭი ხალისიანად ემსახურება კლიენტებს. სვეტებიანი, დაბალჭერიანი დარბაზი გაჟღენთილია ჩაისა და თრიაქის სუნით.
სერგეიმ ბრინჯის ტომრებით დატვირთულ ,,ბედფორდს~ შეავლო თვალი. ჩუმად მიუახლოვდა. საფეხურზე ფრთხილად შედგა ფეხი და კაბინაში შეიხედა. მძღოლს შალის საბნის ქვეშიდან თავიც კი არ უჩანდა.
– ეტყობა, მაგრად სძინავს, _ გაიფიქრა და ძარაზე აძვრა. ტომარა გაჭირვებით მიაჩოჩა ნაპირამდე, შეეცადა ფრთხილად ჩაეშვა, მაგრამ ვეღარ შეიკავა. მძიმედ დაეცა თოვლზე და ბრინჯი გაიფანტა. `მძღოლს ალბათ გაეღვიძაო~, გაიფიქრა და იქვე სხვა მანქანების უკან მიიმალა. გული ძლიერად უცემდა, მაგრამ ეს არ იყო შიში, ეს უფრო აზარტს ჰგავდა. რამდენიმე წუთის შემდეგ უკან დაბრუნდა. ტომარა ისევ დაბლა ეგდო. დაიხარა და ფრთხილად ასწია. უცებ მისი ავტომატი ვიღაცამ ისე გამოქაჩა, რომ კინაღამ მხარი ამოუვარდა. სერგეიმ გაიბრძოლა, მაჯაში საშინელი ტკივილი იგრძნო, ინსტინქტურად დანა ამოიღო და ტარამდე გაუყარა მომხდურს მკერდში, ავღანელს თავისი ავტომატი ხელიდან ააცალა და  მანქანებს შორის მიიმალა.
***
_ სად იყავი ამდენ ხანს? – შეეკითხა ვალოდია.
ის დაბნეული და აღელვებული იყო. დუმდა. ვალოდიამ გააგრძელა:
_ ჩვენ უკვე ფულიც ვიშოვეთ და ხუთი პაკეტიც ვიყიდეთ, შენ გიცდით.
_ კაცი მოვკალი.
_ რა?
_ ბრინჯს ვპარავდი და დამიჭირა: ავტომატს მართმევდა. დანა გავუყარე.
სერგეის თვალწინ დაუდგა გასისხლიანებული ავღანელის გადმოკარკლული თვალები.
_ მერე რა, რომ მოკალი... რას კანკალებ? _ დაცინვით შეხედა ჯიხვამ. _ მილიციაში გიჩივლებენ?
_ ტყუილუბრალოდ მოვკალი კაცი!
_ შენ რა შუაში ხარ. ყველაფერი თავს დააბრალოს. აქ რას აკეთებს, წასულიყო მთებში და ეომა, მაგრამ ტყავს უფრთხილდებოდა. ახია მასზე! ძუნწი! იმას შეურიგდა, რომ სხვა მის მიწაზე პარპაშებს და ერთი ტომარა ბრინჯი ვერ დათმო.
სერგეიმ მათხოვრის მადლიერი თვალებით შეხედა ჯიხვას.
_ მართლა არა ვარ დამნაშავე?
ჯიხვამ გულიანად გადაიხარხარა და მხარზე ხელი დაარტყა.
_ ვალოდია, ჩემი ბრალი არ არის, ხომ? _ ახლა ვალოდიას შეხედა სერგეიმ.
_ არა, _მხრების აჩეჩვით მოკლედ მოუჭრა ვალოდიამ, ცეცხლგამძლე ქაღალდზე პატარა ერთგრამიანი პაკეტიდან ფრთხილად გადმოფხიკა ჰეროინის ფხვნილი და ქვეშიდან ასანთი შეუნთო.
სერგეი ხარბად იჭერდა ტუჩებში მომარჯვებული სპილენძის მილით ნისლისფერ კვამლს.
ჰეროინის შემდეგ ჯიხვამ თავი ცუდად იგრძნო, `წავედიო~, _ თქვა, კაბინიდან ჩამოვიდა, იქვე ბორბლებთან აღებინა და თავისი მანქანისაკენ წალასლასდა. საშინლად ციოდა. ძრავი ჩართო. რამდენიმე წუთში დათბა. სითბომ ძარღვებში გზა გაუხსნა ნარკოტიკს. წამოწვა. სასიამოვნო ბურანმა მოიცვა. მკერდზე ხელი დაიდო. გულისფეთქვა ვერ შეიგრძნო. შეეშინდა. წამოჯდა, თვალი გაუშტერა ფოტოს. ქალი თითქოს სარკმლიდან იცქირებოდა. მისი ლამაზი ღიმილი ეძახდა ბიჭს. მერე სარკმელი გაიხსნა და ქალი გადმოვიდა.
_ ჩემი თინიკო, _ წაიბუტბუტა და საკუთარმა ხმამ გამოაფხიზლა. ქალი ისევ ფოტოს დაუბრუნდა, შემდეგ კვლავ გადმოცურდა, მის წინ ჩამოჯდა, ხელი ხელზე წაავლო და აფრინდა. წინ გამოჩნდა ქალაქი... ფართო ქუჩა... ნაცნობი ადამიანები...
_ აქ ჩემი სახლია, _ უთხრა ბიჭმა, _ თუმცა აქ რა გვინდა, აქ აღარასოდეს აღარ მოგიყვან. რა უკვირს ამ ხალხს, რატომ იშვერენ ჩვენსკენ ხელს? გავფრინდეთ, სხვაგან წავიდეთ.
გაქრა, ქალაქი, ქუჩა, ეზო.
_ ხედავ მდინარის პირას ჭალას? აქ დავეშვათ, _ ამბობს ბიჭი.
იგრძნო მწვანე ბალახის სიგრილე და ქალის თმების შეხება. ქალი უღიმის, შემდეგ ხელებს ხვევს და ისე ეკვრება მკერდზე, რომ ბიჭს სუნთქვა ეკვრის. აღარ შეუძლია. უნდა, რომ მოიშოროს, ძალას კარგავს, ვერ იცილებს მკერდზე მიწებებულს. ბიჭი იხრჩობა, ხელებს იქნევს. ქალი ფოტოს უბრუნდება...
გათენებულიყო. სარკეში ჩაიხედა, თვალები შეშუპებოდა, სახეზე მტვრის ფერი ედო.
ჯიხვას ამ ბოლო დროს ეჩვენება, რომ ქალი მას ფოტოდან ხედავს, მის გვერდით ცხოვრობს. ამიტომ მუდამ სუფთად ჩაცმული და დავარცხნილია.
***
დაახლოებით ასი მეტრის ქვემოთ, ერთმანეთში არეული ,,ბედფორდების~, ,,მაქების~, ,,ურალების~, ,,მერსედესების~ და ,,მანების~ იქით ხალხი შეჯგუფებულიყო. საშუალო ტანის გამხდარი ხანშიშესული კაცი ხმამაღლა რაღაცას გაჰყვიროდა. სხვები მდუმარენი უძილო, დაღლილი სახით მისჩერებოდნენ დაბლა დაგდებულ მკვდარს. თოვლის სითეთრე და ტომრიდან გადმოყრილი ბრინჯი სისხლით იყო შეღებილი. ოფიცერი და ორი ჯარისკაცი მოშორებით იდგა. ერთ-ერთ ჯარისკაცს ქუდი მოეხადა და მთის ფერდობიდან აყრილი ნისლისთვის გაეშტერებინა თვალი.
***
ზევით, რამდენიმე მოსახვევს იქით_ იქ, სადაც იწყება პირველი გალერეა, აგრუხუნდნენ ძრავები და ორ-სამ რიგად ჩამწკრივებული მანქანები ერთ მწკრივად გაიწელნენ. უღელტეხილი გაიხსნა. სამოქალაქო ტრანსპორტში შერეული სამხედრო კოლონა გამოეყო სხვადასხვა ფერებით აჭრელებულ მანქანებს და მწვანე გველივით შეცურდა გვირაბში.
ნელა ეშვებიან მძიმედ დატვირთული მანქანები. თანდათან თოვლი ქრება. ღრმა ხეობაში მზის მცხუნვარება სჭრის და ციდან წამოსული ფიფქი მიწაზე დაცემამდე დნება. კოლონა, რომელიც აღმართმა შეკრა, დაშვებისას ისევ გაიშალა და გაიჭიმა, აქა-იქ ფერდობებზე გამოჩნდნენ აულები. გზა სწორად მიჰყვება ფართო ხეობას.
ჯიხვას ძილი ერევა, თავს ძლივს იკავებს. ჩასთვლიმა, მანქანა გზიდან გადავიდა და მარჯვენა ბორბალი ორმოში ჩახტა. შეჯანჯღარებამ გამოაფხიზლა. ტანში ჟრუანტელმა დაუარა. მანქანა გააჩერა, გადმოვიდა. მათარაში წყალი აღარ იყო. მღვრიე გუბეში დაიბანა პირი, ცოტა გამოფხიზლდა. მის წინ `კამაზი~ გაჩერდა.. ჯიხვამ იცნო თავისი ყოფილი მანქანა. გოსპიტალში რომ  იწვა, მაშინ ის ვიტიას მისცეს. კაბინიდან ვიტია გადმოვიდა.
_ ხომ არაფერი გიჭირს?
_ რა უნდა მიჭირდეს? არაფერი მეძინება?
ვიტიამ წასვლა დააპირა. ჯიხვამ გააჩერა.
_ მშია. ხომ არ იცი პროდუქტების მანქანა წინ არის თუ უკან?
_ არა, თვალი არ მომიკრავს. მე მაქვს ორი თევზის კონსერვი.
_ კონსერვის ქილის დანახვაზე გული მერევა... სხვა თუ არაფერია, ჯანდაბას, გახსენი.
ჯიხვა სახეზე შემხმარი ზიზღით შეექცევა ზეთში გალუმპული თევზის ლორწოვან ნაჭრებს.
მათ უკან `ურალი~ გაჩერდა. კაბინიდან არც კი გადმოსულა, რას დგახართო, იკითხა ზემდეგმა, შემდეგ თვალი მოჰკრა გახსნილ კონსერვს და იყვირა:
_ რა დროს ჭამაა! მერეც მოასწრებთ, წადით!
წინ ჯიხვა მიდის, უკან ვიტია. გაიარეს ფოთოლგაცვენილი ხეების ხეივანი. ხეობა გაფართოვდა და ზეგანს შეერწყა.
გაისმა ტყვიამფრქვევის კაკანი. ჯიხვას ინსტინქტურად მუხრუჭისაკენ წაუვიდა ფეხი, ჟრუანტელმა დაუარა და მუხლებში გასცრა. მარჯვენა მინა ჩამოილეწა. გაახსენდა ინსტრუქცია, რომ ამ დროს გაჩერება სიკვდილს ნიშნავს და ფეხი მუხრუჭიდან აქსელერატორზე გადაიტანა. გონება მოიკრიბა, სარკეში ჩაიხედა – ვიტიას მანქანა აღარ ჩანდა. ასიოდე მეტრში მანქანა შეაყენა და რამდენიმე წუთის შემდეგ მის გვერდით `ურალი~ გაჩერდა.
_ ვიტია სად არის? – ნერვულად ჰკითხა ზემდეგს.
_ გზიდან გადავარდა, – მიიღო მოკლე პასუხი.
სროლა შეწყვეტილიყო. ჭალიდან ჩამიჩუმიც კი აღარ ისმოდა. გზიდან გადასული `კამაზი~ თუთის ხეს შენარცხებოდა. ვიტიას საჭეე მკერდზე მიბჯენოდა. სიმწრისგან სახე დაღრეცოდა. კაბინიდან წვეთავდა სისხლი. სცადეს მისი გადმოყვანა, მაგრამ ვერ შეძლეს. ერთმა ჯარისკაცმა მოიფიქრა – ბაგირი ჩაუბეს და კაბინა გაჭიმეს. ვიტიას დარტყმისაგან მკერდი ჩანგრეოდა და გასიებოდა. მარჯვენა მკლავში გასულ ტყვიას მარცხენა მხარეზეც ამოეგლიჯა კუნთი. გონებადაკარგული დააწვინეს მიწაზე. ჯიხვა აკანკალებული ხელით უკეთებდა პრომიდოლს.
_ შენ რა, კვდები ვიტია? არ მოკვდე!
დაჭრილმა თვალები გაახილა.
_ მაპატიე, ჯიხვა, ვკვდები, _ გაჭირვებით წაილუღლუღა და თვალები გახელილი დარჩა.
***
_ ვიტია მოკლეს, თინა. ვიტია ხომ გახსოვს? როგორ არ გახსოვს, აქ შენს თვალწინ რომ ვაწვალებდი, დავცინოდი. მერე, მე რომ ჰოსპიტალში ვიყავი შენ მასთან დარჩი, გაგახსენდა ხომ? არ მეგონა, რომ მოკვდებოდა, თორემ სულ სხვაგვარად მოვეპყრობოდი. არა, თინა, ბევრი მოუკლავთ, მაგრამ ასე ძალიან არავინ არ დამნანებია. ბავშვი იყო. სიკვდილის წინ, ,,მაპატიეო~ _ მითხრა. რატომ მთხოვდა პატიებას? რაში იყო ჩემთან დამნაშავე? იქნებ შეეშინდა არ მეთქვა მისთვის, მომაკვდავისათვის – `ადექი! სწორდი! სმენა!!!~ მე, ხომ, ამ სიტყვებით მყავდა გატანჯული.
შენ ამბობ, რომ ჩემი ბრალი არ არის? არა, შენ გულს მიკეთებ. საწყალი დედამისი, ჯერ არ იცის, რა დღეში ჩავარდა. შეყვარებული იყო...  მე კი როგორ დავცინოდი მის სიყვარულს. შენ ხომ გახსოვს, როგორ დავცინოდი. მინდა ვიტირო, ცრემლი არ მომდის, თინა. აქ ცრემლიც გამიშრეს.
მაპატიე, რომ ყველაფერ ამას გიყვები, მაგრამ არ შემიძლია, თუ ვინმეს არ გავენდე. შენ გეუბნები, სხვას ვერ მოვუყვები. აქ მიუღებელია საკუთარ გრძნობებზე ლაპარაკი. აქ სხვა წესებია და ვინც არ დაემორჩილება, გაირიყება, მოიწყვეტენ. ვიტიას იმიტომ კი არ ვაწამებდი, რომ მსიამოვნებდა, არა, თინა, უბრალოდ, აქ წესია ასეთი – სუსტი უნდა დაჩაგროს ძლიერმა და თუ ის ამას არ იზამს, მოიკვეთენ. მე კი მიყვარს, როცა პატივს მცემენ, წინ მაყენებენ, ამიტომ ვიყავი ასეთი. იქნებ შენც ასეთი რომ ვარ, ამიტომ გიყვარვარ. მითხარი: მართლა ამის გამო გიყვარვარ? ვიცი, რომ ამიტომ გიყვარვარ. მე კი მეზიზღები. გამომყევი, წამოდი!
ჯიხვა ხმამაღლა ყვიროდა. სურათი ჩამოხსნა და კაბინიდან გადმოვიდა.
_ წამოდი, წამოდი, _ იძახდა და ხელს ისე მიიქნევდა, თითქოს ვიღაცას ეჭიდებაო. გადაიარა რამდენიმე ბარხანი. სახე შეშლილი ჰქონდა, ნიკაპი და ტუჩები უკანკალებდა, სურათი სილაში ჩაამაგრა, საქსაულის ჩარჩო გაუკეთა, ნერვულად იქნევდა ხელს. ავტომატი შეაყენა, მთელი ჯერი დააცალა ფოტოს. ჰაერში აფრინდა ქაღალდის ნაგლეჯები.  ისტერიულად ახარხარდა.
_ შენ გგონია მართლა ქალი ხარ? შენ სურათი ხარ, უბრალო  ქაღალდი ხარ! ხედავ, სისხლიც კი არა გდის!
უცებ სიცილი შეწყვიტა, სახე გაეყინა _ ქაღალდის ერთი ნაფლეთიდან, რომელიც მის ფეხებთან ეგდო, იცქირებოდა ქალის თვალი. თვალი დაჟინებით შეჰყურებდა ჯიხვას და ჭაბუკსსს მოეჩვენა, რომ თვალს ცრემლი სდიოდა...
***
ტაშკენტში, ფსიქიატრიული საავადმყოფოს მეცხრე პალატაში ექიმი ამაოდ არწმუნებს პაციენტს, რომ მას ქალი არ მოუკლავს...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები