ნაწარმოებები


ერთად უნდა შევძლოთ, რომ 2 წლის ანიტას გული არ გაჩერდეს!     * * *     გთხოვთ შეიხედოთ ფორუმზე: #ურაკპარაკის ფორუმი >> ... და სხვა >> განცხადებები >> ანიტას სიცოცხლის გადასარჩენად! ->     * * *     http://urakparaki.com/?m=13&Forum=1&Theme=1505#Last

ავტორი: რენუარი
ჟანრი: თარგმანი
26 თებერვალი, 2012


წიგნი მოწმობათა (აბბა კოვნერი)

მესამე ცრემლი

ჩერნა – ზუსტად თვრამეტი წლისა და სამი დღის იყო, როდესაც საბარგო მანქანა გორაკზე შეფენილი პატარა ტყის პირას შეჩერდა. სანამ მანქანას ბრეზენტის სახურავს გადახდიდნენ, ჩერნამ მოასწრო თავისი მშვენიერი, შავი თმა ჩამოეწნა და კეფაზე მოეხვია...ისე, როგორც ყოველთვის უყვარდა  ტარება. 
–გაშიშვლდით!  გაისმა ბრძანება.
ჩერნა დაუფიქრებლად დაემორჩილა, თითქოს სხვისი ხელებით მოქმედებდა.  ლიფი და ქვედა საცვალი  მაინც იქამდე ეჭირა მუჭში, სანამ  არ დაუცვივდა...
119 დედიშობილა ქალი  იდგა  და ელოდა საკუთარ რიგს... შემოდგომის მზე  უკვე ტირიფების მიღმა  გადახრილიყო.
სულ ახლოდან გაისმა ავტომატის მოკლე  ჯერი, ხოლო ბრძანება :„ადექით!“ თითქოს სადღაც შორს გახმიანდა. ჩერნას გააკანკალა... 
–ეი, შენ,  შავთმიანო!  წინ გამოდი! 
ეს ბრძანება ჩერნას მისამართით გაისმა.
ქალიშვილი  გაშეშებული იდგა, თითქოს  ვერაფერი გაიგო...
–შენ რა, სიცოცხლე არ გინდა,  ებრაელო?! დაუყვირა  ფაშისტმა ოფიცერმა.
გვერდით მდგომმა ქალმა მუჯლუგუნი გაჰკრა. ჩერნა გამოფხიზლდა.
–მინდა... ძლივს ამოილუღლუღა, თან მკერდს იფარავდა გადაჯვარედინებული ხელებით.
ჩერნა ხედავდა  ოფიცრის სახეს, სამფეხზე შეყენებულ ტყვიამფრქვებს, რომელთა უკან ოთხი ლიტველი იდგა...
–რამდენი წლის ხარ? ეი, შენ გეკითხებიან!
ოღონდ არ აგეტიროს, საკუთარ თავს უბრძანა ჩერნამ.
–თვრამეტის, ბატონო.
–ლამაზი ხარ! თქვენ, ებრაელებმა, იცით საკუთარი თავის ფასი. მალე მთვარე ამოვა, დღეს შესანიშნავი საღამო გელოდებათ.  გამოდი! დატოვე ეგ მწკრივი! გამოდი! შენ გელაპარაკებიან! წადი და უკან არ მოიხედო!
ჩერნა გაუნძრევლად იდგა, თითქოს ფეხები გაუქვავდა.
კეთილმა მეზობელმა ისევ გაკრა მუჯლუგუნი, ჩერნა გამოფხიზლდა და ადგილს მოწყდა... ასთვრამეტი წყვილი, დამფრთხალი და  შენატრული თვალი მიაცილებდა...
ჩერნამ თითქმის  მწკრივის ნახევარს ჩაუარა გვერდით,  ფრიალოს ნაპირას მდგომ ბოლო ხემდე მივიდა...სწორედ იქ დაეწია ტყვია! ზურგში მოხვდა!
ქალებმა  ოდნავ უფრო ადრე დაინახეს, როგორ დაეცა ჩერნა, ვიდრე მათ სმენას გასროლის ხმა და  ფაშისტის გადახარხარება მოჰყვა...ჯერ კიდევ მბოლავი მაუზერის აქნევით, ოფიცერმა ტყვიამფრქვევთან მდგარ ხელქვეითებსაც ანიშნა...

სწორედ მაშინ, როდესაც ჩერნა მოკლეს,  დაბაში, პანარიოვსკის ქუჩაზე გამართულ ჩვეულ ბაზრობაზე ჯერ კიდევ  ზიმზიმებდა ბრბო.
საგალანტერიო დახლებთან მხიარულად მუსაიფობდნენ ახალგაზრდები.  ჩაფართხუნებულ პალტოში გამოწყობილი გლეხის ქალი  ყალბ მარჯნის მძივებს იზომებდა...ხან წითელს, ხანაც თეთრს. 
–მომბეზრდა , ქალო!  მხარზე ტომარა მოიგდო და ბრაზით შეუძახა გვერდით მდგომმა ქმარმა.
–მე წავედი!
ტომარაში გოჭი აჭყვიტინდა.

იმ დღეს,  როცა ბაბი იარში 34 ათასი ებრაელი დახვრიტეს,  ბრატისლავაში და ვილნოში 
ჩვეული ბაზრობა გაიმართა. ადგილობრივი და ჩამოსული გლეხები ფორნებს ვეღარსად ტევდნენ. ცხენებს და  გასაყიდად შემოტანილ ტვირთს აბინავებდნენ...
სლავური წარმოშობის, ზორბა მამაკაცები  ერთმანეთს გულისწყრომას უზიარებდნენ:
–სად მიჰყავთ ჩვენი ფორნები? რისთვის? 
–„მათი“ განკითხვის დღეა!
–ამ გერმანელებმაც სულ დაკარგეს სინდისი! ერთ ცხენზე 20 მკვდარ ებრაელს ტვირთავენ, სულ არ ებრალებათ პირუტყვი!
„სამი ჯვრის“ ხუტორის მცხოვრები, გვარად ბონდარჩუკი, დიდრონი ულვაშების ქვემოდან იფურთხება და ყვება, ახალთახალი ფორანი რა დღეში ჩაუგდეს ფაშისტებმა.
–სულ სისხლში და განავალში მოსვრილი დამიბრუნეს...

ოდესაში 19 ათასი დახვრიტეს, საერთო ჯამში ყირიმში – 25 ათასი. ბევრი დვინსკში და ბელგოროდში ამოწყვიტეს...და კიდევ ვინ იცის? ვინ დაითვალა? ვინ ნახა საკუთარი თვალით? ვინ შეაჯამა?!
პანარიოვსკზე  ნივრის და ოხრახუშის სურნელი იფრქვევა, ქალები პიკულებს ამზადებენ, წელს კიტრის დიდი მოსავალია!
ზის უდარდელად გოგო, კიტრს ახრამუნებს, თორმეტი–ცამეტი  წლისა გეგონება. სინამდვილეში სულ შვიდისაა...მამამისი იქვეა, რაღაც ბინძურ სიმღერას ღიღინებს...მოვაჭრე ქალები  ქვეშ–ქვეშ იღიმებიან და დახლზე, ბოსტნეულთან ერთად, დიდ ძუძუებს ამზეურებენ.
–ზელინგის  ახალთახალი ღუმელები სად წავიდა?
კითხულობს მოხუცი ვასილი,  რომელიც გაღმა ნაპირზე ცხოვრობს.
–ეტყობა ებრაელის ღუმელებს ღმერთმა ღარიბი  ადამიანების გათბობა  დააბედა.
იკრიჭება  ახმახი მამაკაცი.

ვილნოს ტყეებში  –  50 ათასი  დახვრიტეს.
კოვნოს მისადგომებთან, დანგრეული ციხესიმაგრის მახლობლად– 40 ათასი.

როდესაც ჩერნა მოკლეს,  ვაგზლის მიმდებარედ ფარნები აინთო.

ადრე,  როდესაც ბაზრობა მთავრდებოდა  ემშვიდობებოდნენ ერთმანეთს მხარზე ხელის შემოკვრით და შეძახილით „ღმერთი შენსკენ“...და ეს სიტყვები ჟღერდა  ლიტვური, პოლონური, ებრაული აქცენტით!
ბაზრობის შემდეგ, აბანოში მისულ მოხუც ვასილის იქ ებრაელები აღარ დახვედრიან...
„როგორი გოდება მოისმოდა მაგათი სინაგოგებიდან...ეტყობა წინდაწინ გრძნობდნენ“ –ფიქრობდა  მოხუცი.

როდესაც ჩერნა მოკლეს... რიგის გეტოს  მანქანების კოლონა მიადგა, იქიდან ჩამოვიდნენ კარგად ჩაცმული, მოკრძალებული ადამიანები.  ბევრ მათგანს ხელში ჩემოდანი ეჭირა.
მართალია პალტოს ბოლოები ტალახით ჰქონდათ მოსვრილი, მაგრამ ჯერ კიდევ მხნედ გამოიყურებოდნენ.
ადგილობრივები გარს შემოეხვივნენ.
–საიდან ჩამოხვედით?
–ბერლინიდან!
–შტუტგარდიდან!
–ბრესლაუდან!
–კი მაგრამ, რისთვის ჩამოგიყვანეს გერმანიიდან ლატვიაში?
ჩამოსულთა უმრავლესობამ ისიც კი არ იცოდა, რომ ამ ქვეყანას ასე ერქვა –“ლატვია“
–ჩვენ ჩამოგვასახლეს...გვითხრეს, რომ აღმოსავლეთში გვიპირებდნენ...
დამხვდურთაგან რომელიღაცამ თავი ვეღარ შეიკავა და მწარედ ჩაიცინა:
მეგობრებო!  მიმართა მან ჩამოსულებს, უკვე 27 ათასი ჩვენიანი ჩამოასახლეს...გასაგებია?
ისინი ვერ მიხვდნენ...მაგრამ განა იერუსალიმში, ლონდონში ან სხვაგან ხვდებოდნენ რამეს?
იმ დღეებში, ნიუ–იორკში მადლიერების დღისადმი მიძღვნილი მარშირებისათვის ემზადებოდნენ. 
მეისის ფირმის მაისურებიანი, ნატურალური ზომის – გამოჩენილ ფეხბურთელთა მულაჟები  მაღაზიების ვიტრინებში გამოფინეს.  ჰარვარდის ნაკრებმა  იელის ნაკრებს სძლია. მატჩს 55 ათასი მაყურებელი ესწრებოდა.
ტელევიზორში ტანსაცმლის ახალი კოლექციების ჩვენებებს გადმოსცემდნენ. ნიუ–იორკი მსოფლიო მოდის ცენტრობას ჩემულობდა.
ფრედ ასტერის და რიტა ჰეივორთის შოუზე დასასწრებ ბილეთებზე, რადიო–სიდის სალაროებთან უზარმაზარი რიგები გაიჭიმა.  გაზეთმა „პოსტმა“ სამხრეთ ამერიკას დიდი მომავალი უწინასწარმეტყველა ტურიზმის სფეროში.
ინტელექტუალები ისევ კამათობდნენ თემაზე „არსებობს თუ არა ამერიკული ხელოვნება?“. ომის შემდეგ მთავარი პრობლემა განათლება იქნება, ასე თვლიდა „ნიუ–იორკ ტაიმსი“...
როდესაც ჩერნა მოკლეს,  ქრისტიანული წელთაღრიცხვით ათას ცხრაას ორმოცდამეერთე წელი დასრულდა...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები