ნაწარმოებები



ავტორი: რენუარი
ჟანრი: თარგმანი
4 მარტი, 2012


წიგნი მოწმობათა (აბბა კოვნერი) თავი მეორე

იმედები სულ ბოლოს კვდებიან.
18 აგვისტო.1935.
დინსლაკენი

შვილო!
როგორ გაგიმართლა, რომ ახლა გერმანიაში არ ხარ!
მაგრამ აუცილებლად უნდა იცოდე რა ხდება სამშობლოში. ჩვენი მეზობელი, დოქტორი ოსკარ ჰერმანი სამსახურიდან დაითხოვეს!  ის ხომ 30 წლის მანძილზე მუშაობდა  ვილჰელმის სახელობის გიმნაზიის დირექტორად.  მთელს გერმანიაში ცნობილია ეს გიმნაზია.  რამდენი თაობა გამოზარდა. ებრაელებიც და არაებრაელებიც. გარდა ამისა, ის ხომ მეცნიერია!  მართალია რუსეთში დაიბადა, მაგრამ სრულყოფილად ფლობს გერმანულს. მისი ნაშრომები ბოტანიკაში სრულიად განსაკუთრებულია. ჰერმანი ჩვენი ენციკლოპედიის საბუნებისმეტყველო ნაწილს რედაქტორიც იყო... რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, დოქტორი  სოციალისტურ შეხედულებებს იზიარებდა, მაგრამ დარწმუნებით შემიძლია იმის თქმა, რომ არც ერთი პარტიის წევრი არ ყოფილა.
თუ არ ვცდები, მან  ტინენბერგის ბრძოლაში ფეხი დაკარგა,  ამას წინათ კი, ტრამვაიში, ვიღაც ხულიგანმა  მოსთხოვა ადგილი გაენთავისუფლებინა მისთვის და „ბინძური ებრაელი“ უწოდა. შენ წარმოიდგინე, წიხლიც კი უთავაზა და ტრამვაიდან ჩამოაგდო. კიდევ კარგი  ტრამვაი ნელა მიდიოდა და არაფერი დაშავებია.
დოქტორს მოერიდა ცოლისთვის ამ ამბის გამხელა და ტალახში მოსვრილი პალტო შემთხვევით წაქცევას გადააბრალა.
ღმერთო!  დღესდღეობით, ჩვენი საზოგადოება უარესადაა გასვრილი!
                                              გწერს მამაშენი.  სიყვარულით.

8 ნოემბერი. 1938.
დინსლაკენი.

ძვირფასო,  შვილო!
ჩემს კაბინეტში უცნობი პირი შემოიჭრა. მე მყისვე მივხვდი, რომ ის ებრაელი იყო.
მითხრა: დიუსელდორფის ებრაული თემის თავკაცი ვარო. ღამე ვაგზალზე გაუთევია. მთხოვდა დროებითი თავშესაფარი მიმეცა ჩვენს ობოლთა პანსიონში.
ებრაელებს ყველგან დასდევენ და იჭერენ. სინაგოგებს წვავენ.  თანდათან უფრო და უფრო მიპყრობს შიში...
კარებზე რეკავენ...წერას ხვალ გავაგრძელებ.
მამაშენი.

ძვირფასო, შვილო!
ძლივს შევძელი თავის დაჭერა!  სამაგიეროდ ავიცილე პანიკა ბავშვებისა და აღმზრდელების მხრიდან.
გადავწყვიტე ბავშვები შემემზადებინა  კარზე მომდგარი განსაცდელისათვის. საღამოს რვის ნახევარზე მე ისინი სასადილოში შევკრიბე. სულ 46 ადამიანი, აქედან 32 ბავშვი. ჩემი სიტყვა მათ წინაშე იყო მოკლე და მშრალი:
"გუშინ, როგორც თქვენთვის ცნობილია, მოკლეს გერმანიის საელჩოს თანამშრომელი ფონ რატტი. მკვლელობაში დადანაშაულებულნი არიან ებრაელები. ვფიქრობ, ჩვენს მიმართ გამკაცრდება  ბოლო დროს ისედაც არასახარბიელო დამოკიდებულება. ვშიშობ,  გერმანელი ებრაელებისათვის შუასაუკუნეებზე მძიმე დღეები დადგება.  ევედრეთ უფალს, მოგანიჭოთ სულიერი სიმხნევე და გამძლეობა"
შემდეგ ყველას ვთხოვე ზემოთ ასულიყვნენ, არ გაეღოთ შემოსასვლელი კარი არავისთვის და დამორჩილებოდნენ მხოლოდ ჩემს განკარგულებებს.
9.30.  თავშესაფრის კარზე  დააბრახუნეს.  კარი გავაღე.  შენობაში ორმოცდაათამდე  კაცი შემოიჭრა,  დაიწყეო დარბევა.
ზემო სართულიდან შეშინებული ბავშვების ხმები გაისმა.
–ყველანი ქუჩაში! დავიყვირე ხმამაღლა,  მეგონა  იქ, ხალხის თვალწინ ვერაფერს გაუბედავდნენ ბავშვებს,  ისინიც სათადარიგო კიბეებით დაეშვნენ, ზოგმა ჩაცმაც ვერ მოასწრო  ბოლომდე, უპალტოოდ და უქუდოდ გამორბოდნენ  სიცივეში.  ვეცადე ისინი მერიის შენობის მიმართულებით წამეყვანა.  ჩვენს პირდაპირ ასობით პოლიციელი იდგა.
უცებ, ჩემი კარგად ნაცნობი პოლიციის ოფიცერი ფრეიმანი დავინახე. მანაც შემნიშნა და შორიდან დამიყვირა: დახმარების იმედი არ გქონდეთ!  ებრაელებს არავინ დაეხმარება! სასწრაფოდ წაეთრიეთ აქედან თქვენი ნაბიჭვრებიანად.
– მეც მომკალით ბავშვებთან ერთად! დამთავრდეს ეს კოშმარი!  დავუძახე ფრაიმანს
–ნუ ჩქარობ!  მაგის დროც მოვა! მიპასუხა ცინიკურად.
ბავშვები იქვე, სკოლის ეზოში შერეკეს. აქედან  კარგად მოსჩანდა  როგორ ანგრევდნენ ჩვენს შენობას. ფანჯრებიდან გადმოყარეს საწოლები, კარადები, მაგიდები, პიანინოს ნამსხვრევები, დავინახე როგორ „მოფრინავდა“ ჩემი პატეფონი...
10.15.
ქალაქი სირენების გამაყრუებელმა ხმამ შესძრა. დიდი სინაგოგა იწვოდა, მაგრამ მეხანძრეები მხოლოდ მაშინ მივიდნენ, როდესაც შენობა ჩამოინგრა.  ისინი მხოლოდ იმას ცდილობდნენ  არაებრაულ შენობა–ნაგებობებზე არ გადასულიყო ცეცხლი.
ჩვენ სხვა ებრაელი ლტოლვილებიც შემოგვიერთდნენ. ახლა 90 კაცამდე ვიქნებოდით.    სკოლის ერთ –ერთ დარბაზში შეგვრეკეს და გამოგვიცხადეს, რომ  60 წლამდე ასაკის ხალხს დახაუში გადაგვიყვანდნენ, ხოლო მოხუცებს და ბავშვებს რა ბედი ეწიათ არ ვიცი...

ძვირფასო, შვილო!
იქნებ გახსოვს კიდეც, ჩვენთან ერთი ბიჭი ცხოვრობდა  – მოგრძო სახით და დიდი შუბლით – ლეო.  მე მას „ლეო დელ იუნგე“  შევარქვი.  ყოველთვის მჯეროდა, რომ  დიდი მომავალი ექნებოდა.  ხომ ხვდები, მე ლეონ უფროსში, ლეონ ბლუმს ვგულისხმობდი და არა ტროცკის.  ის პირველი წაიყვანეს...
ბატონი ჰიუგო ქოენი კი ნამდვილად გემახსოვრება. ყველა საზეიმო სხდომაზე იგი პრეზიდენტის მაგიდასთან იჯდა.  მხოლოდ მას ჰქონდა  ჩვენს ქალაქში  პირველი ხარისხის რკინის ჯვარი – საბრძოლო მამაცობისთვის. 
ქოენი დახაუსკენ მიმავალთა წინა რიგში მიაბიჯებდა და ამაყად მიჰქონდა პატარა ბალიშზე დასვენებული თავისი საპატიო ჯილდო.
„ებრაელო ღორო! ვის აწაპნე ორდენი?!“  დაუყვირა ესესელმა მოხუცს და ხელიდან გამოგლიჯა ჯვარი.
ქოენს  სახეზე სისხლი მოაწვა , მაგრამ მაინც ისე განაგრძო სვლა, როგორც სამხედრო აღლუმზე.
რუხი და უსიცოცხლო დღე იდგა. იმ საღამოს პირველად მომინდა სიკვდილი.
შვილო ჩემო, ეს ყველაფერი ღამის კოშმარები არ გეგონოს! ეს – ჩვენს ბრძენ და კეთილ გერმანიის მიწაზე ხდება...
                              გწერს სიყვარულით – მამაშენი.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები