ნაწარმოებები


ურაკპარაკის დასახმარებლად!!!     * * *     გთხოვთ შეიხედოთ ფორუმზე: #ურაკპარაკის ფორუმი >> ლიტერატურული საიტის შესახებ >> ურაკპარაკის დასახმარებლად -> http://urakparaki.com/?m=13&Forum=1&Theme=1502#Last

ავტორი: ჭა
ჟანრი: პროზა
6 მარტი, 2012


მებაღე

მებაღე

გადასახვევი და... მანქანა ხალხით სავსე ეზოსთან გაჩერდა.
სოფელ ჯორჯიაშვილში ვართ.
ჩვენს თანაკლასელს დედა გარდაეცვალა.
პირველი, ან მეათე კლასელები არ გეგონოთ, ჩვენ უკვე ორმოცდაათი წლისანი ვართ და
ერთად ყოფნა ისევ ზეიმია ჩვენთვის.

თებერვლის სუსხი იდგა,  სოფელი კი  მაინც მჩუქნიდა რაღაც თბილს.
მართალია,  ტრადიციული ქელეხის გრძელ-გრძელი სუფრები  და  აურზაური მელოდა
მაგრამ  კარგად მახსოვდა,  ასეთ სუფრებზეც კი  ერთად თავშეყრილი სოფლელები,  ძალიან ბუნებრივები იყვნენ  არც მათი სადღეგრძელოებიც არ  იყო  გამაღიზიანებელი.
კარგად ამბობდნენ. ყველა სიტყვა ისე ახლოს იყო  მიწასთან... ცასთან...

მოხუცი რიმა დეიდა სასახლეში იწვა. ეძინა თითქოს.
ოთხმოც წელს გადაცილებული თანამეცხედრე,  იქვე კუბოსთან... თავზე ხელს უსვამდა და ტკბილად, მელოდიურად ჩაჰღიღინებდა ყურში:
- ...ჩემი სატრფო, შორს წასულა... აღარ მოვა...
-  შენ ნუ გეშინია, ჩემო რიმა... შენ არ მოკვდები!.. ისეთ ბაღს გაგიშენებ,  ისეთ ბაღს... უფრო ლამაზს,  ვიდრე აქ გქონდა!..

ასე სიმღერ-სიმღერით პირდებოდა უკვდავებას,  ძია თედო,  თავის  სატრფოს.

-ღმერთო, რა ლამაზი ყოფილა სიბერე?!.. სიკვდილიც?!..
ქალი - ბაღი აყვავებული,
კაცი - მებაღე...
...და ბაღიც ისე ყვავის მთელი ცხოვრება, როგორც უვლიან.

რა ადვილია აქ ყველაფერი, როგორ უბრალო და გასაგებ ენაზე ლაპარაკობენ, რად უნდა ამას განათლება, მწერლობა, ან  პოეტობა?..
ხომ ვთქვი, სოფელი ყოველთვის მჩუქნის-მეთქი რაღაცას.
მეტი რაღა?.. - სიბერე მელამაზება და სიკვდილის აღარ მეშინია!


დაანებეთ თავი ქალებო, თქვენს ნაოჭებს, ნუ ითვლით სათითაოდ და  ასე მტკივნეულად.
სხვა რამეში ყოფილა სილამაზე... - მებაღე უნდა გყავდეს კარგი, მებაღე თურმე.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები