ნაწარმოებები


გთხოვთ დავეხმაროთ საიტის წევრს კონკურსში გამარჯვებაში. დეტალები იხილეთ ნაწარმოების ბოლოს https://urakparaki.com/?m=4&ID=113471     * * *         * * *         * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: მეუდაბნოვე
ჟანრი: პროზა
10 მარტი, 2012


სამი შეხვედრა

საშუალო სიმაღლისა და მკვრივი აღნაგობის ახალგაზრდა ხალხს ენერგიულად მიაპობდა. თხელი, კეხიანი ცხვირი ჰქონდა და ოდნავ წინგამოწეული ნიკაპი, ~ლევი შტრაუსის~ გახეხილი ჯინსი ეცვა და  დალიანდაგებული შავი ქურთუკი, რომელსაც ეტყობოდა, რომ ადრე სხვა ფერი იყო, სავარაუდოდ_ხაკისფერი.
_ძირს რუსეთის დამპალი იმპერია! _ამ ლოზუნგით დაამთავრა ორატორმა გამოსვლა და იგრიალა ტაშმა. ხალხის შეძახილმა _”ძირს”, სახლების სახურავებს გადაუარა და ქალაქის ქუჩებში გაიბნა.
კეხიანცხვირიანი ოდნავ შეყოვნდა, დაელოდა, როდის ჩაცხრებოდა მომიტინგეთა მღელვარება, ძალა მოიკრიბა და იმავე ენერგიით იწყო წინ სვლა.

ნოემბრის ცივი დილა იყო. საქართველოს საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს შენობის კიბეებზე, ნამგალ-უროიანი ქალ-ვაჟის ქანდაკებათა პიედესტალების გასწვრივ რამდენიმე ათეული ადამინი შიმშილობდა. მოშიმშილეებს საბნებიდან და საძილე ტომრებიდან ძლივს მოუჩანდათ სახე. ~შიმშილობის მეოთხე დღე~ _დიდი ასოებით ეწერა ტრანსპარანტზე, რომელიც პიედესტალზე მიემაგრებინათ.
დიდი ჯაფის შემდეგ კეხიანცხვირიანმა მოშიმშილეებამდე მიაღწია და სათბუნებლებში შემალულ სახეებს დაუწყო თვალიერება. გაფაციცებით გადაჰქონდა მზერა ერთიდან მეორეზე, მეორედან_მესამეზე. ეტყობოდა, რომ ვიღაცას ეძებდა.
_ახალი კონსტიტუციის პროექტით ისინი ჩვენ საბჭოთა კავშირის შემადგენლობიდან გასვლის უფლებას გვართმევენ. ეს ნიშნავს, საქართველო მარადიულად დარჩეს რუსეთის იმპერიის უღელქვეშ, ჩვენ ამას არ დავუშვებთ, ყოველდღე იზრდება მოშიმშილეთა რაოდენობა, მალე ის ათასს გადააჭარბებს, იმედი უნდა ვიქონიოთ, რომ კრემლი დათმობაზე წავა, _აგრძელებდა მეორე გამომსვლელი. კეხიანცხვირიანი კი გზას ზევით კიბეებზე გაჭირვებით მიიკვლევდა, ცდილობდა, ლეიბებსა და საბნებზე არ დაებიჯებინა, მწოლიარე მოშიმშილეთათვის არ დაედგა ფეხი. ამასობაში გოგომაც შენიშნა და ხელი დაუქნია. ფერმკრთალი სახე ჰქონდა და შიმშილისგან ოდნავ ჩაცვენილი თვალები. ჩაწიკწიკებული კბილები მის ღიმილს მომხიბლავს ხდიდა და წითლით დაფოთლილი თავშალი  მის სიფერმკრთალეს ნიღბავდა. კეხიანცხვირიანის მიახლოებისას შეეცადა წამომდგარიყო, მაგრამ ბიჭმა დაასწრო, დაიხარა, აკოცა, თერმოსი და ბორჯომის ბოთლი მისწია და გვერდით ჩამოჯდა.
_როგორ ხარ? _ჰკითხა და ხელი მხარზე მოხვია.
_კარგად, პირველი ორი დღე უფრო აუტანელი იყო, ახლა თითქმის აღარ მშია. მოლას ვირივით გადავეჩვიე ჭამას, _ თქვა და გაიცინა.
_მერე, ეს რომ ჯანმრთელობისთვის ცუდია?
_რა ვუყოთ, გავუძლებ, არაფერი მაწუხებს. თანაც წავიკითხე, ადამიანი ორმოცი დღის შიმშილს უძლებსო.
_მე კი მგონია, სჯობს, წამოხვიდე.
_არა, სიტყვა მივეცი, წასვლა ახლა ღალატია. ჩვენ უკვე ასზე მეტნი ვართ, _თქვა და გაბრწყინებული თვალებით მიმოიხედა.
_ვის მიეცი სიტყვა? ამათ?! _კეხიანმა ტრიბუნისკენ მიანიშნა.
_არა, ჩემს ქვეყანას, _უთხრა და ქვევიდან კეკლუცად შეხედა.
_მოსკოვში ფეხზე არ კიდიათ, აქ რამდენი იშიმშილებს? რაც უნდათ, მაინც იმას იზამენ.
_ჩვენ ხომ ჩვენი უნდა ვცადოთ?
_შენ მე აღარ გიყვარვარ.
_მიყვარხარ, მაგრამ ქვეყანაც მიყვარს.
ისევ კეკლუცად შეხედა, ცხვირზე ორი თითი ჩაავლო და შეანჯღრია.
_რუსიკო, ეგ ვინ არის? _ჩასჩურჩულა გვერდში მჯდომმა გოგომ.
_ჩემი მეგობარია, _ხმამაღლა გასცა პასუხი.
_ჩვენ შეყვარებულები ვართ, _დააზუსტა კეხიანცხვირიანმა, გამომწვევი მზერით შეხედა და გააგრძელა, _ეს არ არის ქალის საქმე, ეს ყველაფერი ნერვებს მიშლის.
_მე კი იცი რა მიშლის ნერვებს? იქ რომ დროშაა, _თქვა რუსიკომ ისე ხმამაღლა, რომ მეგაფონის ხმა გადაფარა, ვაჟს შენობის სახურავზე მიუთითა და გააგრძელა, _მიდი, ჩამოხსენი.
_რას ამბობ? მე არც ამათსავით გიჟი ვარ და არც_ფანატი.

მათ საუბარს ისმენდა იქვე, ერთი საფეხურით ზემოთ მჯდომარე, მაღალი, მზით უჩვეულოდ გარუჯული ბიჭი, ტანკისტისმაგვარი სქელი შავი ქურთუკი რომ ეცვა და ლურჯი სპორტული ქუდი ეხურა. მას სახეზე სიმტკიცისა და ბრძოლის ჟინი გამოეხატა, ადგა, მოშიმშილეთა ლეიბებს შორის გაჭირვებით გაიარა და ხალხს შეერია.
_ესე იგი, მე ან გიჟი ვარ ან ფანატი,_გაუწყრა გოგო ვაჟს და ტუჩები გაბუსხა.
_არა, შენ არა, _გაიცინა კეხიანცხვირიანმა წელზე ხელი გამოსდო და დაამშვიდა, _კაი, რა მოგივიდა? უბრალოდ არ მინდა, რომ აქ ხარ.
_შენ რა მამაჩემივით მელაპარაკები.
_მამაშენი ბრძენი კაცია.
_ეს სიბრძნე არ არის. არა თუ მე, მთელი საქართველო აქ უნდა იდგეს.
_კარგი, კარგი... _შერიგება სცადა ბიჭმა და ამ დროს მომიტინგეთა ათასებმა უმაღლესი საბჭოს შენობის სახურავისკენ მიმართეს მზერა.
სიტყვით გამომსვლელმაც აიხედა, მეგაფონი შენობის სახურავს მიუშვირა და დაიძახა:
_არ გინდათ, არა, ეს პროვოკაციაა! მათ მეტიც არ უნდათ. ~ომონს~ მოგვისევენ! ძალით დაგვშლიან!
_ნუ იზამ მაგას! _აჰყვა ხალხი სიტყვით გამომსვლელს.
_რა ხდება? _იკითხა კეხიანცხვირიანმა.
_არ ვიცი, აქედან არაფერი ჩანს, _თქვა გოგომ და ცოტა ქვევით ჩაიწია.
ხალხის მზერა შენობის სახურავს მოსცილდა და ორატორისკენ გადაინაცვლა.
ინტელიგენტური გარეგნობის იყო, ზომიერებით გამოირჩეოდა და ისეთი მქუხარე ტაშით  არ შეხვედრიან, როგორც წინა გამომსვლელს.
_ რა გარდაქმნა?! რა საბჭოთა კავშირის მოდერნიზაცია?! ჩვენ საქართველოს სრული დამოუკიდებლობისათვის უნდა ვიბრძოლოთ, _იყვირა გვერდით მდგომმა და შეეცადა, ორატორისთვის მეგაფონი გამოეგლიჯა. ხალხი აჩოჩქოლდა, აქა-იქ დაუსტვინეს კიდეც. გამომსვლელმა ბოლოს დაანება მეგაფონი.
_გაუმარჯოს თავისუფალ საქართველოს! _იყვირა გამარჯვებულმა და ხელით კიბეების თავისკენ მიუთითა, _აი, ჩვენი ეროვნული დროშა, ამ დროშით ხელში ვიბრძოლებთ და მოვიპოვებთ თავისუფლებას.
ოვაციით შეხვდა ამ ლოზუნგს ხალხი. კეხინცხვირიანმა ცინიკური მზერა ისროლა.
_თავად ვერ შეთანხმებულან ესენი ერთმანეთში, თვითონ არ იციან, რა უნდათ და შენი შიმშილი უშველის საქმეს?
_კარგი რა. მე ჩემ ვალს ვიხდი და სხვამ თავისი გააკეთოს, _თქვა გოგომ, გაღიმებულმა შეხედა და გააგრძელა,_შენც შემოგვიერთდი.
_მე? მე არ მჯერა, რომ შიმშილითა და მიტინგებით საქმე კეთდებოდეს. ეს საჩემო საქმე არ არის. მომეცი იარაღი, მანახე მტერი და ვიომებ, შიმშილობის კი არ მწამს.
_უიარაღოდ ბრძოლას უფრო მეტი სიმამაცე უნდა, _საუბარში ჩაერია მათ ზემოთ მჯდომი მაღალი ჭაბუკი, რომელიც  ეს-ესაა დაბრუნებულიყო.
_შენ ვინა ხარ, ძმაო? _ცოტა აგდებულად ჰკითხა კეხიანცხვირიანმა.
_ეს გუშინ შემოგვიერთდა, _მის მაგივრად გასცა პასუხი გოგომ.
_აჰა, მოშიმშილე ბრძანდებით? _დაცინვა გაკრთა კეხიანცხვირიანის სიტყვებში.
_კი, რუსიკომ ხომ გითხრა, რომ მოშიმშილე ვარ, _თქვა მაღალმა, გაიღიმა, უბიდან დაჭმუჭნული საბჭოთა დროშა ამოაძვრინა, გოგოს მიაწოდა და უთხრა:
_შენ თქვი, რომ ნერვებს გიშლის მისი ფრიალი, აჰა, ჩამოვხსენი. ახლა შენია და რაც გინდა, ის უყავი.
გოგო სიხარულით გაიბადრა, წამოდგა მაღალს აკოცა, კიბეების თავზე ავიდა.  უნდოდა, ყურადღება მიეპყრო, დროშა ერთი-ორჯერ ჰაერში გააფრიალა და შემდეგ შეეცადა, დაეხია. არ ეყო ძალა, სხვებიც წამოეშველნენ, მაგრამ_ამაოდ.
_ასანთი ვის აქვს? _დაიძახა ვიღაცამ.
მალე ასანთიც გაჩნდა და სადღაც ერთი წუთის შემდეგ რუსიკო ჰაერში ცეცხლმოკიდებულ საბჭოთა დროშას აფრიალებდა და ამ რევოლუციურ კადრს ახმოვანებდა ხალხის აღტაცებული ყიჟინა.
_საქართველოსთვის ბარიკადებზე დავიხოცებით! _რუსიკოსგან აღტაცებულ ორატორს მოსწყდა ეს ლოზუნგი ბაგეთაგან და ხალხის ყიჟინა გრგვინვად იქცა.
მაღალი ისე შესცქეროდა კიბეების თავზე მდგომ გოგოს, როგორც მეომარი ომის ქალღმერთს. ამ დროს კი კეხიანცხვირიანს ყელში ბოღმა გასჩხეროდა, სიბრაზისაგან ხელები უკანკალებდა და სანამ დროშა არ ჩაიწვა, ვერ გადაეწყვიტა, რა ექნა. ბოლოს კი, როცა საბჭოთა სიმბოლო ფერფლად იქცა, მაღალს მკლავზე მოქაჩა, მოახედა, სახე მის თავთან მიიტანა, შეეცადა ყიჟინა გადაეფარა და ყურში ჩაჰყვირა:
_შენთან სალაპარაკო მაქვს, ძმაო, იქით გავიდეთ.
მაღალმა გაკვირვებულმა შეხედა, ვერ მიხვდა, რა უნდოდა.
_რა მოგივიდა, ძმაო, მოსაკლავად კი არ მიმყავხარ, ორ სიტყვას გეტყვი, გაიგებ და მორჩა, რა.
_არ ვიცი, რა გინდა, მაგრამ წავიდეთ, _ტუჩებში გამოცრა მაღალმა, კიბეებზე დაეშვა, გაარღვია მომიტინგეთა მჭიდრო მასა, ქაშვეთის ეკლესიის ეზოს შემოუარა და როცა ბაღში შევიდა, მაშინღა მოიხედა უკან, თანამგზავრს თვალები კითხვით მიაპყრო და შუბლშეკრულმა ჰკითხა:
_აბა, მითხარი, რა გინდა?
კეხიანცხვირიანმა მკაცრი სახით აათვალიერ-ჩაათვალიერა და დაიწყო:
_იცოდე, ის გოგო ჩემი საცოლეა და შეეშვი, არ გინდა თავის გამოჩენა და რაღაცეები...
_იყოს შენი საცოლე, ძმაო. ჩემგან რა გინდა?
კეხიანცხვირიანს სახე უფრო აუჭარხლდა.
_ბიჭო, რა ვერ გაიგე?! ჩემი საცოლეა და არ გინდა დროშა და ვაჟკაცობები და იცი რა? მაგრად არ მსიამოვნებს, მის გვერდით რომ ხარ წამოწოლილი. წოლა და შიმშილი გინდა? მე მაგის წინააღმდეგი არა ვარ, მაგრამ ცოტა იქით წამოწექი, რა.
_შენ უფრო სერიოზული რაღაც გაქვს, ალბათ, სათქმელი, თორემ აქ არ ჩამომიყვანდი.
_არა ძმაო, ჩემი სათქმელი უკვე გითხარი, _შედარებით მშვიდი ტონით თქვა კეხიანცხვირიანმა.
_მერე, მაგის გამო ჩამომიყვანე? იქვე გეთქვა. რა პრობლემაა? გადავალ და შენ წამოწექი შენი საცოლის გვერდით, _თქვა მაღალმა, ხელი მხარზე წამოარტყა, ზურგი აქცია და ხალხის მასას შეერია.
                            ***
           
მეორედ ისინი ოთხი წლის შემდეგ შეხვდნენ:

ფანჯრებში მბჟუტავი სინათლე ქუჩას ოდნავ ანათებდა. მაყუჩგამძვრალი და ფარებჩამსხვრეული ჟიგული ხმაურით მიუყვებოდა ქუჩას. მანქანაში სამი სამხედროფორმიანი ახალგაზრდა იჯდა და გაცხარებით საუბრობდა:
_არა, ძმაო, სხვანაირად არ გამოვა, ცოტა უნდა გავტოკდეთ. არ მოისმინეთ, რა თქვა კაცმა? იარაღი მოგეცით და რა ხელფასს მთხოვთო... გაიგე, ძმაო, ზნაჩიტ იარაღი მოგეცითო და ეხლა თქვენ იშოვეთ ფულიო. ყველა შავ საქმეს ჩვენ გვაკეთებინებენ და ფულიც თქვენ თვითონ იშოვეთო. უნდა გავტოკდეთ, თორემ სხვანაირად არ გამოვა, _ცხარობდა საჭესთან მყოფი.
მის გვერდით მჯდომი, კეხიანცხვირიანი უკანა სავარძლისკენ შებრუნდა:
_ჰო, მაგრად ტეხავს, მაგრამ ვინუჟდენში ვართ, ძმაო. ჭამა გვინდა, მანქანა, ბენზინი, ათასი რამ... აგე, პონჩიკას სასტავი ნახე, ვაგზალთან ბენზინები დაითრიეს, ტონაზე ას ლიტრს აწერენ. სამაგიეროდ, კრიშავენ და გამყიდველებიც დავოლნები არიან, შემწუხებელი არ ყავთ და თვითონაც... ტვინი უნდა ყველაფერს, ჩვენც რაღაც უნდა მოვიფიქროთ.
_აუ, პონჩიკას ბეემვე ნახე? ძაან მაგარია, ტო! _თქვა აღტაცებით უკანა სავარძელზე მჯდომმა და წინ გადმოიწია.
_ბიჭო, ბეემვე და კაი ცხოვრება თუ გინდა, ტრაკი უნდა გაანძრიო და რამე მოიფიქრო. ხვნა ჩვენ არ ვიცით და თესვა, იარაღის ხმარება ვიცით და ამით უნდა ვიშოვოთ ფული, _შეუღრინა კეხიანცხვირიანმა.
_აუ, ვიყაჩაღოთ, ტო? შეწერება ჰო, მაგრამ დაყაჩაღება მაგრად ტეხავს. ბაზარნიკები დავაყაჩაღოთ? ტო! აუ, ოღონდ ეგ არა და, ბანკს დავეცეთ, ჯობია.
_ბანკამდე შენ ვინ მიგიშვებს, ბანკებს გვარდიელები კრიშავენ, _თქვა მძღოლმა და ახარხარდა.
_ეგენი ყველანი გუშინწინ სოხუმში წავიდნენ, მივიდეთ და ბანკის კაცებს პროსტა კრედიტი ვთხოვოთ. ბოზებს აძლევენ და კაი ბიჭებს ვერ გვეტყვიან უარს, ტო.
_აუ, მაგარი აზრია, ბაჭო, _თქვა კეხიანცხვირიანმა, _მძღოლისკენ შებრუნდა და გააგრძელა, _ვინა თქვა ბაჭიაზე, რო სულელიაო? მაგარი აზრი თქვა. ბანკ ~იას~ დირექტორის ბაითი ვიცი. ეზოში დაველოდოთ, შევხვდეთ, გავეცნოთ, ძაან ვეჟლივად ავუხსნათ მდგომარეობა, _აღტაცებით თქვა კეხიანცხვირიანმა.
_კეხო, ბანკი სესხს ატკატის გარეშე არ იძლევა. ტოესტ, თუ მილიონის გამოტანა გინდა ასი ათასს წინასწარ გრევს ითხოვენ, ჩვენ კი კაპიკი არა გვაქვს, ძმაო. მერე ფულის გაცოცხლებას უნდა კიდევ ოცდაათი პროცენტი და რაღა ჩემი ფეხები რჩება.
_რა გრევი, რის გრევი, გრევი ის იქნება, რო წყნარად ივლის ქუჩაში, შემწუხებელი არ ეყოლება, არა, კეხო? _აროხროხდა უკან მჯდომი და კეხიანცხვირიანს მხარზე ხელი შემოარტყა.
_ეგრეა, ძმაო ეგრე, _გაიცინა კეხიანცხვირიანმა და მძღოლს მიუბრუნდა:
_რა პონტი იყო, გვითხრეს ერთთვიანი შეკრებააო და სამ დღეში გამოგვიშვეს?
მგონი ჩვენ უნდა გავეშვით და ბოლო მომენტში გვარდიელები არჩიეს.
_ნეტა ჩვენ გავეგზავნეთ, მანქანებს დავითრევდით, _ემოციურად თქვა უკან მჯდომმა და კეხიანცხვირიანს  ხელი ისევ მხარზე წამოარტყა.
_მე რისი დამთრევი ვარ? სამეგრელოში გაშანშალებული ჟიგული მოვიადე, წამოღებას რაღა  უნდოდა და იტირა პატრონმა: ესო, შვილებიო, ლუკმაპურიო...  შემეცოდა და დავუბრუნე. მერე გავიგე, ფაშისტი ყოფილა, სახლები, მანქანები, ფულები და რა ვიცი...
_რა შეგეცოდა, მაგათი ზვიადისტი დედა ვატირე, უნდა წამოგეღო, ტო. _მძღოლმა თავი სინანულით გააქნია, საჭე მკვეთრად მარჯვნივ აიღო, მანქანა ტროტუარზე შეაგდო და დაიძახა, _მოვედით, კეხო!
_კაი, ძმებო, ხვალე კიტრასთან შევხვდეთ.
კეხიანცხვირიანი მანქანიდან გადმოვიდა და სადარბაზოსკენ ჩქარი ნაბიჯით წავიდა. ცოტა შეისვენა და ბნელ კიბეებს ნელა აუყვა. კარის წინ გაჩერდა. გასაღები ამოიღო და გახსნა.
_ ვინ არის? _ იკითხა შიგნიდან ქალის მოთენთილმა ხმამ.
_ მე ვარ.
_ შენ?
_ჰო, მე... სხვა ვინ უნდა იყოს?
_ მოიცა, არ შემოხვიდე, ჩავიცვამ!
_ შენ რა, შეშინებული ხარ? _ თქვა კეხიანმა და საძინებლის კარი შეხსნა. უეცრად, თითქოს თვალთ დაუბნელდაო, სისხლი მოაწვა თავში, ხელები და ყბები აუკანკალდა.
ქალი საწოლზე იჯდა, მკერდს საბნით იფარავდა, სასოწარკვეთილი სახე ჰქონდა. ლამაზი ტუჩები მოღრეცოდა, თვალები ცრემლით ავსებოდა. ვიღაც ცდილობდა ვიწრო კარადას მოფარებოდა. შარვლის ჩაცმა მოესწრო და მაისურს იცვამდა.
_ მღალატობ, ნაბიჭვარო? _ იღრიალა კეხიანმა, ხელის სწრაფი მოძრაობით ქამრიდან რევოლვერი ამოაძრო და უცნობისკენ წავიდა.
_ არ მოკლა!.. მაგას ნუ იზამ!.. _ წივილით გადაუდგა წინ ქალი.
კაცმა ხელის ერთი გაქნევით  ძირს დააგდო და უცნობს ეკვეთა.
მეტოქეს ფერი დაკარგვოდა, ხელები ძირს ჩამოყროდა. კეხომ იცნო მაღალი და ბრაზი გაუორმაგდა.
_ შენა ხარ, მაგარი ბიჭი რო ხარ? _ შეუღრინა და რევოლვერი მკერდზე მიადო.
  შეეძლო, საქმე უცებ მოეთავებინა, მაგრამ ჯერ კაცი არ მოეკლა, თანაც სურდა მისი შეშინებული სახის ცქერით დამტკბარიყო. რა ბედნიერი იქნებოდა, თუ მაღალი დაიჩოქებდა და შებრალებას სთხოვდა.
_ დაიჩოქე! _ დაიღრიალა.
მაღალი არ განძრეულა, გახევებული იდგა და შესცქეროდა იარაღის ლულას.
კეხომ ნიკაპში რევოლვერი ამოარტყა, მაღალს სისხლი წასკდა. სისხლის დანახვამ კეხო მთლად გააცოფა.
_ დაიჩოქე, ნაბიჭვარო! _ იღრიალა მან.
გაისმა რევოლვერის ხმა. ტყვიამ მაღალს ბარძაყში გაუარა და მუხლებზე ფეხმოკვეთილივით დაეცა.
კეხომ რევოლვერი კეფაზე დაადო და დააწვა. მაღალი ხმას არ იღებდა. ღრმად სუნთქავდა და თავი ჩაექინდრა.
_ შემომხედე, შე პედერასტო! მთხოვე შებრალება! იქნებ გაპატიო!
ამასობაში ქალი გონზე მოვიდა, წამოჯდა. ჯერ უაზრო, არაფრისმთქმელი თვალებით იცქირებოდა. შემდეგ ბოლომდე გამოფხიზლდა და განწირული ხმით იწივლა. კეხომ უკან მოიხედა. მაღალმა დრო იხელთა, ერთი ხელით რევოლვერის ლულას ჩააფრინდა, მეორეთი კი მაჯა დაუჭირა და დაბლა დაქაჩა. კეხიანმა მოულოდნელობისაგან სასხლეტს გამოჰკრა თითი. გავარდა და ტყვიამ კომოდის ფეხს ნაფოტი აატეხა. მაღალმა კიდევ მძლავრად გაქაჩა გვერდზე და კეხიანი მხრით მიაწყდა კომოდს, მარჯვენა ხელს მარცხენაც მიაშველა და რევოლვერი თავისკენ მოქაჩა. მაღალი მუხლზე შემობუნდა და გულაღმა დაეცა. ამ დროს კეხიანი დაბარბაცდა, თავბრუ დაეხვა, თვალებში ცეცხლის ენები ჩაუდგა, ხელები და ფეხები მოუდუნდა და ძირს დაეცა. რამოდენიმე წამის შემდეგ ის გონს მოეგო, თვალები გაახილა და სადღაც შორს  ნისლის ფერად დაინახა ქალი, რომელსაც ხელში ლარნაკი ეჭირა. თავი ოდნავ წამოწია, იდაყვს დაეყრდნო, გაფართოებული თვალებით მისჩერებოდა ქალს. `შენი!..~ _ ამის თქმაღა მოასწრო და სპილენძის საყვავილე კიდევ ერთხელ მოხვდა თავში.
კეხოს არავინ დახმარებია, თვითონ მოვიდა გონს. რა თქმა უნდა, მეზობლებმა გაიგეს გასროლის, გინებისა და მტვრევის ხმა, მაგრამ არავის შეუწუხებია თავი, ბინიდან რომ გამოსულიყო ან უბრალოდ მილიციაში დაერეკა, რადგან იმ დროს ასეთი აურზაური ჩვეულებრივი ამბავი იყო.
                          ***
მესამედ ისინი ერთი წლის შემდეგ შეხვდნენ:

ომი უკვე კაი ხნის დაწყებული იყო. გუდაუთის მილიციის იზოლატორი ტყვეთა ბანაკად ექციათ. სიბნელე, ჭუჭყი და შიმშილი გამეფებულიყო. მაღალი იზოლატორის შორეულ ბნელ საკანში იჯდა. მასთან ერთად_კიდევ სამი სხვა. მძიმე, შეხუთული ჰაერი იდგა. დიდი ხვეწნის შემდეგ თუ გაყავდათ ტყვეები საპირფარეშოში. ხშირად ბევრი ვერ ითმენდა და საკნის ერთი კუთხე დაებინძურებინათ. თუ შეიძლება, რომ ბედი უღიმოდეს ტყვედ ჩავარდნილს, მაღალსაც ბედმა გაუღიმა_ზედამხედველთა ცვლის უფროსი მისი ჯარის ამხანაგი აღმოჩნდა. როდესაც ნანბას რიგი იყო, მაღალი საკანში საერთოდ არ იჯდა, იგი გამოჰყავდათ და ძველ მეგობართან ერთად ადამიანურ საჭმელს მიირთმევდა, დაიბანდა, გასუფთავდებოდა. ,,ნუ გეშინია, შენ გახვალ აქედან~, _ მხარზე ხელის წამორტყმით აიმედებდა ხოლმე ნანბა, _ ,,აი, ტყვეთა გაცვლაზეა ლაპარაკი და ერთი ერთზეც თუ გაცვალეს, ის ერთი ჩვენი მხრიდან შენ იქნები~. მაღალსაც იმედი ჰქონდა და ელოდა ამ ნანატრ წუთს. მხნედ გამოიყურებოდა, სხვებივით არ იყო დაჩიავებული. როდესაც ჯარის მეგობარი საკანში აბრუნებდა, ბიჭები სიხარულით ხვდებოდნენ _ ყოველთვის ჰქონდა მათთვის უბეში პური და სხვა საჭმელ-სასუსნავი.
სხვებზე უკეთესად ცხოვრობდა მეცხრე საკანი.
იმ დღესაც გაიყვანეს. ზედმეტად მხიარული დახვდა ნანბა.
_ ყველაფერი კარგად არის. ხვალ გაგათავისუფლებენ, თორმეტს _ თორმეტზე ცვლიან. ერთ-ერთი მათგანი შენ ხარ. მე უკვე ჩავაწერინე გვარი და საკანი, _ შემოსვლისთანავე ახარა, ბეჭებზე ხელი მძლავრად დაარტყა და გააგრძელა: _ ალბათ ეს ომიც მალე დამთავრდება და კიდევ შევხვდებით.
მაღალს სიხარულისგან გააჟრჟოლა _ ალბათ, ამ სიკეთეს ვერასოდეს დაგივიწყებ, _ დარცხვენილმა და გაწითლებულმა წაიდუდუნა.
ის დღე ნანბამ მეგობარი თავისთან დაიტოვა და საკანში შუაღამისას დააბრუნა. გამომშვიდობებისას მძლავრად ჩამოართვა ხელი და უთხრა:
_ ხვალ მე არ ვიქნები, მაგრამ ნუ გეშინია... მშვიდობით.
როდესაც საკანში შევიდა, მაღალმა მაშინვე შეამჩნია ახალი ტყვე, რომელიც კუთხეში იწვა და მძიმედ ქშინავდა.
_ ვინ არის? _ იკითხა.
_ არ ვიცით, არაფერს ამბობს... წვივშია დაჭრილი, ნეკნები აქვს დამტვრეული, ცოტა სისხლსაც აფურთხებს, _ გასცა პასუხი ჯმუხმა კასპელმა.
მაღალი ახლოს მივიდა, ასანთს გაჰკრა, რომ უფრო კარგად დაენახა.
დაჭრილს ყბა და საფეთქლები შესიებოდა, ტუჩები სისხლიანი ჰქონდა.
_ ვინა ხარ? _ შეეკითხა მაღალი. დაჭრილმა თვალები გაახილა, რამოდენიმე წამი არაფრისმთქმელი გამოხედვა ჰქონდა, შემდეგ თვალებში სიძულვილი ჩაუდგა, იდაყვზე წამოიწია, ტკივილისაგან სახე დაეღრიცა, წამოჯდა, მარჯვენა ხელი მაღლა აწია, ხელის თითები არწივის ჭანგებივით დაკრუნჩხა.
_ შენა ხარ, შე პედერასტო?! _ თქვა და მარცხენა ხელით საყელოზე წაეტანა.
მაღალმა იცნო კეხო, მაჯა დაუჭირა და საყელოდან მოიშორა. კეხომ წამოდგომა სცადა, ვერ შეძლო და გამწარებულმა სისხლი შეაფურთხა. მაღალმა სისხლი მოიწმინდა. კეხოს ბღავილისმაგვარი ხმა აღმოხდა ყელიდან, ხელები უღონოდ ჩამოყარა და ტკივილისაგან დაუძლურებული ბეჭებით მიაწვა კედელს. თავი მოწყვეტილივით ისე ეკიდა მხრებზე, რომ არა მისი ყელიდან ამოსული სუსტი სლუკუნის ხმა, მნახველს მკვდარი ეგონებოდა.
დანარჩენი ოთხი ტყვე გაუნძრევლად იდგა. შეკითხვის თვალით შეცქეროდა მაღალს. ბოლოს ისევ ჯმუხმა გაბედა:
_ ეტყობა, მაგას ვიღაცაში შეეშალე.
_ არა, _ მოკლედ გასცა პასუხი მაღალმა. რამოდენიმე ხანი გარინდებული იჯდა. შემდეგ გაახსენდა, თავი გააქნია და უბიდან პური, ძეხვი და არაყი ამოიღო.
_ ეს თქვენ, ბიჭებო! ხვალ გამიშვებენ, ტყვეებს ცვლიან. დილით გამიყვანენ.
დამშეულებმა უცებ გაინაწილეს, დაჭრილს თავისი წილი ჩაუდეს ხელში. მან კი ზიზღით მოავლო თვალი ყველას და ნაბოძვარი იატაკზე დაყარა.
_ ვერ არის ჭკუაზე, _ წაიდუდღუნა კასპელმა.
საჭმელი შესანსლეს და მერეღა გაახსენდათ არაყი. ბოთლს თავი მოხსნეს. კასპელმა ბოთლი დაატრიალა _ ორ-ორ ყლუპად გავინაწილოთო, _ თქვა. შემდეგ ცოტა დაფიქრდა, ჩაახველა და დაიწყო:
_ მოდი, შენ გაგიმარჯოს პირველ რიგში, ჩვენი ძმა, _ მიმართა დაჭრილს, _ ჩვენს შეხვედრას გაუმარჯოს. სხვა დროს თავისუფლებაში შევხვედროდეთ... ასე ნუ გაგვიბრაზდები, ჩვენი ძმა... ჩვენც შენს მდგომარეობაში ვართ.
დაჭრილმა თავი ასწია. ზიზღით დაღრიცა ტუჩები.
ყველამ დალია. ჯერი მაღალზე მიდგა.
_ შენ გაგიმარჯოს, _ მოკლედ თქვა და ბოთლი პირთან მიიტანა.
ეს კი ვეღარ აიტანა დაჭრილმა, წამოენთო, მუხლებზე წამოიწია.
_ ოჰ, ღმერთო! რამდენი ხანი გევედრებოდი ამ ნაბიჭვართან შეგეხვედრებინე... შევხვდი და სად?... სადაა შენი სამართალი?!
დაჭრილი პირქვე დაეცა და ხველა აუვარდა.
_ გააფრინა, _ თქვა კასპელმა.
დაჭრილმა დიდხანს ახველა. მთელი ტანით კანკალებდა.
_ მაღალი სიცხე აქვს, _ თქვა ბიზონამ, _ დიდხანს ვერ გაატანს.
ბიჭებმა ტანზე გაიხადეს, ქვეშ დაუგეს და ზევიდან დააფარეს. დაჭრილს ბოდვა აუტყდა. უმისამართოდ იგინებოდა და ქალის სახელს ახსენებდა.
ჯმუხს გაახსენდა თავისი მოვალეობა, ბოთლი აიღო, ჩვეულებისამებრ ხელში დაატრიალა, ჩაახველა და დაიწყო:
_ ახლა შენ გაგიმარჯოს, ჩვენი ძმა... ხვალ გადიხარ და მოგილოცავ. ჩვენ კი, ჩვენ რა? შენი წყალი გადმოგვსხმოდეს.
შუაღამემდე არ დასძინებიათ, ლაპარაკობდნენ. მაღალი იმახსოვრებდა ბიჭების მისამართებსა და დანაბარებს.
_ ხომ აუცილებლად მიხვალ?
_ ხომ არ დამაღალატებ?
_ გახსოვს, არა?
ის ყველას ჰპირდებოდა.
გამთენიისას დაეძინათ. ეღვიძა მხოლოდ მაღალს, რაღაცა ვერ გადაეწყვიტა, შფოთავდა, ბოლთას სცემდა.
დაჭრილს გვიან გაეღვიძა. შედარებით უკეთ იყო. სიცხე აღარ ჰქონდა, თუმცა ნეკნები გუშინდელზე მეტად ამტვრევდა. სახეც შედარებით დამშვიდებოდა, თავის მდგომარეობას უკვე შეგუებოდა.
_ დღეს მიდიხარ, არა?! ახვარო! _ იცოდე, თუ ცოცხალი გადავრჩი, ყველგან მოგძებნი, ასო-ასო აგჭრი შენცა და იმ ბოზსაც, მიფრთხილდი! _ შეუღრინა.
მაღალმა ხმა არ გასცა. მას უძილობისაგან თვალები შეშუპებოდა.
დაჭრილს ისევ აუვარდა ხველა, ისევ წამოუვიდა პირიდან სისხლის ბელტები.
დერეფანში ფეხის ხმა მოახლოვდა. გასაღები გაჩხაკუნდა, ჟღრიალით გაიხსნა კარი.
_ ფეხზე ადექით, თქვენი დედა... _ შეიგინა სუსტი აღნაგობის ლეიტენანტმა.
ყველა ფეხზე ადგა, დაჭრილის გარდა.
_ ეგ ვინღა არის? _ გაკვირვებულმა იკითხა.
_ დაჭრილია, _ უპასუხა ჯმუხმა.
_ ფეხზე ააყენეთ.
დაჭრილს ორი ტყვე შეუდგა მხრებში და ფეხზე წამოაყენეს.
_ კოხიაშვილი რომელია? _ იკითხა ლეიტენანტმა.
_ ეგ არის, _ დაჭრილზე მიუთითა მაღალმა.
_ უნდა წაგიყვანოთ.
დაჭრილი ერთხანს დაიბნა, გაკვირვებისაგან თვალები გაუფართოვდა, ტუჩები ააცმაცუნა. შემდეგ გონს მოეგო.
_ მე არა ვარ კოხიაშვილი... ის არის, _ თქვა მან და შეეცადა, ხელით მაღლისაკენ მიეთითებინა.
_ ვინ არის კოხიაშვილი?! _ იღრიალა ლეიტენანტმა.
_ ის არის, _ მშვიდად თქვა მაღალმა.
_ არა, _ წაიდუდუნა დაჭრილმა.
_ ვინ არის?! _ ისევ იღრიალა აფხაზმა და ბიზონას შეხედა.
ბიზონა მაღალს მიაჩერდა, მაღალმა მრისხანედ შეუბღვირა. ბიზონამ თითით დაჭრილისკენ მიუთითა.
ლეიტენანტმა მხიარულად გადაიხარხარა.
_ განა დასახვრეტად მიმყავხარ, რას ჩაისვარე! მაგარი მეგობარი კი ყოლიხარ ნანბას. ეტყობა, ავღანეთშიც ის გინახავდა...
დაჭრილს ხველება აუვარდა.
_ დერეფანში გამოიყვანეთ, _ ბრძანა ლეიტენანტმა. დაჭრილმა ძლივს შეწყვიტა ხველა.
_ რატომ აკეთებ ამას? _ ათრთოლებული ხმით ჰკითხა მაღალს.
მაღალს ღიმილი მოედო სახეზე:
_ მე არა, ღმერთი გაძლევს შანსს, კიდევ რომ მნახო.
დაჭრილი გაიყვანეს.
ტყვეების წინ რკინის კარი ღრჭიალით დაიკეტა.
***
ისინი ერთმანეთს აღარ შეხვედრიან.

კეხიანცხვირიანი დღეს ალბათ ვერ გაიხსენებს, რის საყიდლად შევიდა ბაზარში. შემთხვევით შენიშნა შავებში ჩაცმული ქალი და იცნო. რაღაც წვრილმანები ეწყო წინ, თავისი საქმით იყო გართული, დახლზე სიგარეტსა და სხვა ნივთებს ასწორებდა. რამდენიმე ნაბიჯში გაჩერდა, ვერ გადაეწყვიტა მისულიყო თუ არა. შემდეგ მის მკერდზე შავ ჩარჩოიან მედალიონში ჩასმული სურათი შენიშნა, ახლოს მივიდა, დააკვირდა და  იცნო.
ქალმა თავი ასწია, კაცის დანახვაზე შეცბა და სახე მოეღრიცა.
კეხიანმა ხელით სურათისაკენ მიუთითა:
_ ის_იქ?
_ იქ...
კეხიანმა თავი გააქნია, ზურგი შეაქცია და სწრაფი ნაბიჯით გაეცალა.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები