ნაწარმოებები



ავტორი: რენუარი
ჟანრი: თარგმანი
14 მარტი, 2012


წიგნი მოწმობათა (აბბა კოვნერი) გაგრძელება

ლეო დელ იუნგეს დღიური
და ერთი წერილი ჩერნა მორგენშტეინისადმი

წარწერა სატიტულო ფურცელზე:
მე – ლეო დელ იუნგე ვარ,  ვმუშაობდი  ფირმა „კლაინ უნდ კერბერის“ კურიერად. აქვე, საწყობში ვტოვებ ამ რვეულს. მპოვნელს ვთხოვ, გადააგზავნოს იგი მისამართზე: პოლონეთი. ქ. ვილნო. შოპენის ქ. 3. ჩერნა მორგენშტეინს.  ანდა: ერიკ ბედერს, სადღაც პალესტინაში.
წინდაწინ გიხდით მადლობას.
ვენა, 3 მარტი 1938

პირველი გვერდი:
მე, ლეო დელ იუნგე, ვიზრდებოდი გერმანიაში, დინსლაკენის ობოლთა სახლში,  დღიურის წერა არასოდეს მომსვლია თავში აზრად, მაგრამ როდესაც ეს სქელტანიანი და სპილენძის აბზინდებიანი რვეული ჩამივარდა ხელში, მომაგონდა ჩემი ბიძაშვილი ჩერნა,  თავისი განუყრელი  ლურჯი ხავერდის ყდიანი რვეულით, რომელსაც ჩვენთან სტუმრობისასაც კი არ იშორებდა ხელიდან, იჯდა ფანჯარასთან და ყოველდღიურ ამბებს დიდი  რუდუნებით იწერდა. მე არ მესმოდა თუ რა შეიძლებოდა ცხრა წლის გოგონას ცხოვრებაში მომხდარიყო ისეთი საინტერესო, რომელიც ამდენ წერა–კითხვად ღირდა და ერთხელაც ვკითხე ჩერნას, ხომ არ აპირებდა მწერალი გამოსულიყო.
ჩერნამ გამიღიმა და მიპასუხა: „მე  უკვე მწერალი ვარ, ლეო“ . მაშინ ხუთიოდ წლისა ვიქნებოდი...ეს იყო ბერლინში გატარებული  ჩვენი  უკანასკნელი ზაფხული...მამამ მითხრა, რომ პატარა, სიმპათიურ ქალაქში გადავდიოდით საცხოვრებლად. მახსოვს  ვიტირე.
მინდა ყველაფერი დავწერო, რაც ახლა ჩემს ირგვლივ ხდება, ოღონდ არ ვიცი რითი დავიწყო.

მეორე გვერდი.
სინამდვილეში ჩემი სახელია ლეო–არიელ მორგენშტერნი,  „დელ იუნგე“ დისლაკენში შემარქვეს.  იქ, ჩემს გარდა, კიდევ ორი ლეო ცხოვრობდა.  ლეო შტიკი – ბოროტი ხუმრობების ოსტატი, ჩემი თანატოლი. რომელიც თავს უფლებას აძლევდა დავეჩაგრე, როდესაც დინსლაკენში ახალი ვიყავი.
მეორე – ლეო დერ გროსე. მას ყველანი პატივს სცემდნენ, ასაკით უფროსი გახლდათ,  ერთი თავით ყველაზე მაღალი, უკვე ზედა ტუჩიც  შეღინღლოდა მოწითალო ბალნით. ერთხელ, მათემატიკის გამოცდაზე, ამოცანის ამოხსნაში მივეხმარე. ამის მერე „აინშტაინა“ შემარქვა და თავისი მფარველობის ქვეშ ამიყვანა. მე ძალიანაც მიხაროდა ეს ამბავი, მაგრამ  დოქტორმა  მარტენმა აგვიხსნა, რომ ებრაელი მოზარდისათვის შეუფერებელია ისე გაყოყოჩდეს,  თავი უდიდეს მეცნიერს გაუტოლოს, თუნდაც ხუმრობით. 
ძალიან მინდა როცა გავიზრდები სპორტსმენი გავხდე, ისე ვირბინო, როგორც ლეო დერ გროსე დარბის.

მესამე გვერდი.
ჩვენს ოლქს „ფოლადის ჩაფხუტიანები“ აკონტროლებენ, მაგრამ  პედაგოგები ახერხებენ შეინარჩუნონ პანსიონში სიმშვიდე და კეთილდღეობა. განსაკუთრებით ჩვენი დირექტორი, დოქტორი მარტენი ცდილობს. ის ახლა ჩვენთან ერთად დადის სასეირნოდ. ქუჩაში  დოქტორს ხშირად ქუდის მოხდით ესალმებიან. მას ძველმოდური მონოკლი უკეთია, ამაყად და მხნედ უჭირავს თავი.
ბატონი მარტენი ჩემს მიმართ ძალიან კეთილგანწყობილია.  იგი, პროფესორ ჰერმანს  ჩემს გადაყვანას ურჩევდა თავისთან –  გიმნაზიაში, ხოლო როდესაც ჩვენთან  საოლქო ინსპექტორი ჩამოვიდა, ყური მოვკარი როგორ ეუბნებოდა: „ეს ბიჭი, მაღალი შუბლით, უთუოდ სახელოვანი მეცნიერი დადგება“
დოქტორმა მირჩია, სანამ საშიშროება გაივლის, იქნებ ვენაში წასულიყავიო. ჩვენს პანსიონში ხომ უკვე ორჯერ მოვიდნენ „კრიპოდან“. 

მეოთხე გვერდი.
ექვსისა ვიქნებოდი, როცა ნაცისტები ხელისუფლებაში მოვიდნენ.  მომწონდა ფანჯრიდან მათი აღლუმებს ცქერა. მწყობრად  მოაბიჯებდნენ  ჩირაღდნებითა და გაშლილი დროშებით.
ჯერ კიდევ ვერ ვხვდებოდი, რატომ არ შეიძლებოდა ჩემთვის  ტყავის ფართოქამრიანი სასკოლო ფორმის ტარება.  ვიცოდი, რომ ებრაელი ვარ და მეც, ისევე როგორც ჩვენი კლასის ოთხ სხვა მოსწავლეს, სწორედ მაგიტომ დაგვრთეს  ნება  შაბათობით არ გვემეცადინა.  ჩვენ ხშირად ვსტუმრობდით  ქრისტიან ახლობლებთან  და არასოდეს გამიგონია მათგან ჩვენზე რაიმე ცუდი...ასე იყო იქამდე, ვიდრე ერთ ღამით, ქალაქის მეორე ბოლოდან, სადაც  ებრაელი მღებავები ცხოვრობდნენ,  საშინელი ხმები არ გაისმა.
მეორე დღეს, ოტო რაუხერი სკოლაში ერთიანად გაფითრებული და გასისხლიანებული ბინტით თაგადახვეული მოვიდა.  მასწავლებელმა აგვიხსნა, რომ დარბევა მოაწყვეს არაადგილობრივმა ხულიგნებმა და  რომ პოლიციამ ისინი უკვე მკაცრად დასაჯა.  ამავე დროს, მასწავლებელმა გვითხრა, რომ სკოლიდან მიდიოდა რადგან ახალ თანამდებობას სთავაზობდნენ. მე ვკითხე,  თუ რა თანამდებობას დაიჭერდა მომავალში ჩვენი საყვარელი პედაგოგი.  „ქალაქის ნაცისტური პარტიის ხელმძღვანელი“ – მიპასუხა მან.
მოგვიანებით ოტომ მომწერა, რომ სწორედ ჩვენი ყოფილი მასწავლებელი ხელმძღვანელობდა ობოლთა თავშესაფრის დანგრევას...


მეხუთე გვერდი.
ღმერთო, მომიტევე  თუ დაუნახავი ვარ...არ მიყვარს ძია არტური! თუმცა ეს მან მომაწყო მამაჩემის სიკვდილის შემდეგ, დინსლაკენის ობოლთა პანსიონში.
ძია არტური მამიდაჩემის, რიტას ქმარია. ისინი ვენაში ცხოვრობდნენ.
მამიდამ მიამბო, რომ მამაჩემი რუსეთში დაიბადა და სანამ გერმანიაში ჩამოვიდოდა , ცოტა ხნით პოლონეთში გაჩერდა, სადაც მოქალაქეობა მიიღო. მამა პროვიზორი გახლდათ და აფთიაქში მუშაობდა, მაგრამ მას უფრო იცნობდნენ როგორც მოხალისე მეხანძრეს. დაიღუპა ბლუმენპლაცში, როდესაც ცეცხლმოდებული სახლიდან  მოხუცი ქალის და მისი კატის გამოყვანას ცდილობდა... ქალაქის მერმა  თავის გამოსათხოვარ სიტყვაში აღნიშნა, რომ მამა იყო სანიმუშო მოქალაქის ბრწყინვალე მაგალითი. დედის წარმომავლობაზე არაფერი ვიცი, მხოლოდ ერთხელ წამიყვანა მამამ  ვაისენზის სასაფლაოზე – ბერლინში, სადაც დედაა დაკრძალული. მამამ მის საფლავთან კადიში წაიკითხა და მითხრა, რომ მალე ბერლინიდან უნდა გავმგზავრებულიყავით და აქ ბოლოჯერ მოვედით, რათა გამოვემშვიდობოთ დედას.
მაშინ პირველად გავბედე და ვუთხარი: „მამა, მე ის საერთოდ არ მახსოვს...“
„ბუნებრივია“, – მიპასუხა მამამ, „დედა  მაშინ გარდაიცვალა, როდესაც შენ დაიბადე“.
მე ვერ მივხვდი. მამამ ამიხსნა...
ამის შემდეგ გამუდმებით მაწუხებდა კოშმარები, მესიზმრებოდა თითქოს რვაფეხა ვიყავი და დედას ყელზე ვეხვეოდი, რათა მომეხრჩო...ეს საშინელება იყო...
როდესაც მამა დავკრძალეთ, მამიდა რიტამ გულში ჩამიკრა: „საწყალი ბიჭი, ის ახლა ამქვეყნად სრულიად მარტო დარჩა“.
მე ვერ გავიგე, რატომ დავრჩი ამქვეყნად სულ მარტო, როდესაც მამიდა და ბიძა ჯერ კიდევ  მყავდა...

მეექვსე გვერდი.
ახლა გიამბობთ თუ რა დაემართათ მერიის ებრაელ დეპუტატს და ვენის მთავარ რაბინს.
საკუთარი თვალით ვნახე, როგორ მოსეირნობდნენ დეპუტატი და მისი ცოლი ტემპელგასეზე, კოხტად ჩაცმულ–დახურულნი.  შენობის წინ შეიარაღებული დაცვა იდგა.  მათ დეპუტატი შიგნით შეათრიეს, ცოლს კი კარები ცხვირწინ მოუჯახუნეს. რამოდენიმე წუთის შემდეგ დეპუტატი გამოვიდა. ხელში ჩვარი და წყლის ჭურჭელი ეჭირა, მას უბრძანეს ეზოში ასფალტი გაერეცხა...დეპუტატი შეყოყმანდა, მაგრამ როდესაც  პანღური უთავაზეს,  სასწრაფოდ ჩაიმუხლა და ბრძანების შესრულებას შეუდგა.  გალავანთან სეირის მაყურებლები შეიკრიბნენ, ზოგი შეშფოთებას გამოსთქვამდა, უმრავლესობა  მხარს უჭერდა  ამ უმსგავსობას.  ცოტა ხანში შენობიდან სამოცდაათი წლის მოხუცი რაბინი გამოიყვანეს. რაბინს სისიტი ჰქონდა მოხურული, ისე როგორც სინაგოგაში, ლოცვის დროს.  მოხუცსაც მიაჩეჩეს ხელში ჩვარი, რაბინი საკუთარი ნებით დადგა მუხლებზე  დეპუტატის გვერდით.
„დილა მშვიდობისა, ბატონო დეპუტატო“ – მიესალმა მშვიდად.
„დილა მშვიდობისა, ბატონო რაბინო“ – მშვიდადვე უპასუხა დეპუტატმა.
ნაცისტს აშკარად არ მოეწონა მისალმების ეს რიტუალი. რაბინის შესამოსელს ფეხი დააბიჯა და ასე წააძრო მუხუცს, რომელსაც ჭაღარა თმა, მაღალი შუბლი და შუბლზე სალოცავი ფილაქტერია გამოუჩნდა.  ბრბოდან მოწონების შეძახილები გაისმა.
თითქოს ყელში რაღაცამ მომიჭირა.
ნაცისტი რაბინს მიუბრუნდა:
–ჰა, ხომ კმაყოფილი ხართ?
რაბინმა მხოლოდ თავი ასწია,  ის ჯერაც ასფალტის წმენდას განაგრძობდა.
–მთავარია ჩვენი ზეციური მამა იყოს კმაყოფილი, მე კი მხოლოდ უბრალო მსახური ვარ მისი...

ქუჩის კუთხეში დეპუტატის ცოლი შევნიშნე. ხეს მიყრდნობოდა და ერთიანად ცახცახებდა.
–ფრაუ, თქვენი ქმარი ცოცხალია, თავად დავინახე, არსად ეცხო სისხლი.
–მართლა? ნუთუ...
აქვითინდა და მომეხვია.


მეშვიდე გვერდი.
გავიგე რომ კაფე „რაპოპორტში“ საიდუმლოდ უნაწილებენ დახმარებას ლტოლვილებს. მივედი, მაგრამ ვერ გავბედე ფული მეთხოვა.
მინდა ერთი კუთხე დავიქირავო და ცალკე გადავიდე. ძია არტურმა არ დამიჯერა, როდესაც ვუამბე რა შეემთხვათ რაბინს და დეპუტატს. 
–შენც ამ ლტოლვილების მონაჩმახს აყოლილხარ! საიდან იცი, რომ რაბინი იყო, ან დეპუტატს საიდან იცნობ?
მე ვუამბე, როგორ გავიგონე საკუთარი ყურით მათი ურთიერთ მისალმება,  სულ ერთია არ დამიჯერა...
ბიძაჩემი „კლაინ უნდ კერბერის“ ბუღალტერია. ეს – სწორედ ის  ფირმაა, სადაც მე კურიერად ვმუშაობ.
სამსახურში ახალი მეგობარი მყავს – ერიკ ბედერი. შესვენებაზე  სათადარიგო კიბესთან ვხვდებით და ვსაუბრობთ. ერიკი ამსტერდამში აპირებს წასვლას, იქ  ერეც–ისრაელში  დასაბრუნებლად ხალხს ამზადებენ.  გუშინ მეც წამიყვანა კაიზერშტრასეზე, 42 ნომერში,  სადაც  ამ ორგანიზაციის აქტივისტები იკრიბებიან, მინდოდა სიაში მოვხვედრილიყავი, მაგრამ არასრულწლოვანების გამო უარით გამომისტუმრეს.
ერიკს საკუთარ ოჯახში „სიმშვიდის დამრღვეველი“ შეარქვეს. ის გამუდმებით ურჩევს მშობლებს  სანამ დროა  ამსტერდამში გადასახლდნენ, მითუმეტეს მამამისი ჰოლანდიის მოქალაქეა, მათ კი ამის გაგონებაც არ სურთ.
ძია მორგენშტერნმა ვილნოდან ღია ბარათი გამოაგზავნა.  მოკითხვას მითვლის, ჩერნაზე არაფერს იწერება...მენატრება ჩერნა.
პოლონეთში ჰიტლერი არ არის, მაგრამ ანტისემიტები იქ ბლომად არიან.  ბიძია  მათთან ჩასვლას მთავაზობს -ვილნოში,
ფირმა, სადაც ვმუშაობ, უკვე მისი გერმანელი თანამფლობელის გვარზეა რეგისტრირებული, მაგრამ ყველამ იცის, რომ მისი ნამდვილი მფლობელი კლაინია. 
ჩვენ, ებრაელები, სამსახურში სათადარიგო კარიდან შევდივართ. აქაოდა „ჩვენს უსაფრთხოებას იცავენ“...ერიკი ამბობს, რომ უფროსებს სიმართლისა ეშინიათ და ხანდახან ბავშვებივით იბნევიან.

მერვე გვერდი.
ბატონი კლაინი დააპატიმრეს! პირდაპირ დახაუში გადააგზავნეს!
ძია არტური სამსახურიდან მიტკალივით გადაფითრებული დაბრუნდა.
გავიგონე როგორ მოუყვა ცოლს ეს ამბავი. შემდეგ კი, მთელი საღამო, როცა გვეგონა რომ სხვა რამეზე ფიქრობდა, თავს ასწევდა და დაბნეული ერთთავად იმეორებდა :„ რისთვის შეიძლება დააპატიმრონ ისეთი წესიერი პიროვნება, როგორიც კლაინია?“
დახაუს გზას კიდევ ბევრი  გაუყენეს...
შევნიშნე, რომ მამიდა რიტა, ბოლო პერიოდში რაღაც უცნაური გახდა. სახლიდან  უზარმაზარ შალში  შეფუთული გადის და შეშინებული  სულ აუკან–უკან იყურება. ერთხელ, გაცილება შევთავაზე, რაზეც კატეგორიული უარი მივიღე.
გუშინ ,გასვლისას, ტანსაცმელში დამალული ვერცხლის შანდალი დაუვარდა... როდესაც მივაწოდე, გაფითრდა და მთხოვა, ეს ამბავი საიდუმლოდ შემენახა.
მე შეუმჩნევლად ავედევნე უკან და დავინახე, როგორ გადაკვეთა მოედანი და იმ სახლში შევიდა, სადაც მხოლოდ ქრისტიანები ცხოვრობდნენ...მამიდა ქმრის დაუკითხავად  არასოდეს  მოქცეულა ასე, ამიტომაც ძალიან გამიკვირდა.
არ მეგონა ამ ოჯახშიც თუ შემოაღწევდა შიში.

მეცხრე გვერდი.
ბიძაჩემი 20 წელია ვენაში ცხოვრობს და სიამაყით იხსენებს საკუთარ წინაპრებს, რომლებიც კრონპრინცის სამსახურში იდგნენ.
ის დიდი გერმანული კულტურის თაყვანისმცემელია. ჰყავს განათლებული და გერმანიისათვის თავდადებული  ნათესავები ბერლინსა  და ალტონში...და არ სჯერა ბიძაჩემს, რომ დღევანდელი სახელმწიფო მათ თავის მოქალაქეებად აღარ სთვლის!
ერთხელ დავინახე, როგორ ჩაუარა გვერდი ყოველდღიური განცხადებების დაფას და
თვალი აარიდა...
ლტოლვილების ხსენებაც არ უნდა.  საკუთარ ცოლსაც უკრძალავს მათზე საუბარს.  ყველაფერს „ბოროტ ხმებს“ მიაწერს.
ლტოლვილებს ანუ  „ოსტ–იუდენს“  გალიცინოდან ჩამოსახლებულ ებრაელებს ეძახიან. მათ შორის ჩვენი ნათესავებიც არიან. ისინი გრენადირშტრასეზე ცხოვრობენ, ღარიბულ კვარტალში. ბიძაჩემის სახლში არასოდეს მინახავს ისინი.
ბიძაჩემს სჯერა, რომ ყველა სამთავრობო განკარგულება ებრაელებზე, მხოლოდ „ოსტ–იუდენს“ ეხება.
ერთხელ, შემთხვევით ძველ გაზეთს წავაწყდი, სადაც რედაქტორის სვეტში, შავით თეთრზე ეწერა : „გავწმინდოთ გერმანული ცივილიზაცია ებრაელი პარაზიტებისაგან“
ნუთუ აქ მხოლოდ „ოსტ–იუდენს“ გულისხმობენ? – ვიკითხე მოჩვენებითი მიამიტობით.
„მოეშვი ნაგავში ქექვას!“ – მისაყვედურა ბიძაჩემმა.
სირცხვილი და სიამაყე არ აძლევს  ნებას სხვების თანდასწრებით შეჩერდეს განცხადებების სვეტთან...ძია არტური გვიან ღამით მიდის იქ, სრულიად მარტო, რათა შეიტყოს ახალ–ახალი საშიშროებების შესახებ...

მეათე გვერდი.
ფირმის სხვა თანამშრომლებთან ერთად, ბატონი კლაინის დახაუდან მოსალოდნელი განთავისუფლებისადმი მიძღვნილ შეკრებაზე მიმიწვიეს.
პოლიციის ინსპექტორი თავად მობრძანდა, რათა ქალბატონი კლაინისათვის ეხარებინა, რომ მისმა დაუღალავმა მეცადინეობამ შედეგი გამოიღო  და ბატონ კლაინს დღე–დღეზე გამოუშვებდნენ.
ქალბატონი კლაინის თვალებში ბედნიერების ცრემლი ბრწყინავდა.  მოწვეულები რიგში იდგნენ, რათა მისთვის მხურვალედ ჩამოერთვათ ხელი და ეს ამბავი მიელოცათ.
მე და ერიკს დავალებული გვქონდა ინსპექტორის ცოლისათვის „მოკრძალებული“ საჩუქარი გადაგვეცა. ეს გახლდათ  ბრწინვალე წავის ქურქი, რომელიც ასევე ბრწყინვალედ შეფუთეს.
ქურქი შინ მივართვით, ხოლო უკანა გზაზე, მარიახილფერშტრასეზე დავინახეთ, როგორ ჩამოაგდეს თავგატეხილი და გასისხლიანებული ებრაელი ტრამვაიდან. 
ამ ამბავზე სახლში სიტყვაც არ დამცდენია.
როგორც იქნა ბინა ვიქირავე და გადავდივარ!

მეთერთმეტე გვერდი.
კვარტალი, სადაც გადავედი, დაარბიეს.  გამიმართლა, სახლში არ ვიყავი.
ქალბატონმა კლაინმა ფოსტით შეტყობინება მიიღო:
„ გამოცხადით პოლიციაში და ჩაიბარეთ ურნა – თქვენი მეუღლის ნეშტით.  კლაინი გარდაიცვალა დახაუში გულის შეტევისაგან. თან იქონიეთ 10 მარკა, გადმოსვენების ხარჯების დასაფარად“.
ქალბატონ კლაინს გული შეუწუხდა. ფირმამ მუშაობა შეწყვიტა.
ერთი დღით ადრე, ზუსტად იგივე შინაარსის განცხადება ტკბილეულის მაღაზიის მეპატრონის ცოლმაც მიიღო.
ამაზე უარესი რაღა უნდა მოხდეს?  მხრებს იჩეჩავდნენ თანამშრომლები...

27 მაისი – იგივე გვერდი.
ერიკი ამსტერდამში გაემგზავრა. მამამისს არ გაუცილებია. რა საჭიროა ზედმეტი ყურადღება მივიქციოთ ?– სთქვა მან. სხვა  ნათესავებმა ისე გამოიტირეს ერიკი, თითქოს ფრონტის წინა ხაზზე მიემგზავრებოდა, თუმცა არც ისინი გამოუშვა ოჯახის უფროსმა სადგურზე.
მე  ვიდექი ბაქანზე და ცრემლად ვიღვრებოდი...ერიკმა დახმარება აღმითქვა.

მეთორმეტე გვერდი.
1938.ივნისი.
ადვოკატმა  გ – მ მოახერხა დახაუდან გამოღწევა, ამბობენ ერთ–ერთ ჩინოვნიკს გვარიანი თანხა ჩაუთვალაო.  ადვოკატმა საკუთარი თვალით ნახა, როგორ დახვრიტეს დახაუში კლაინი.
ბიძაჩემი საკუთარი სახლიდან გამოაგდეს.  მას ჯერ კიდევ ჰგონია, რომ გაუგებრობის მსხვერპლია.

ივლისი.1938.
საავადმყოფოში ვიყავი.
ბიძაჩემს ოპერაციას უკეთებენ. მრავლობითი მოტეხილობები აქვს. ქუჩაში სცემეს.
დოქტორი ოსკარ გრინბოიმიც იქ წევს და არაერთი ცნობილი და პატივცემული ებრაელი. ყველას თავ–ყბა აქვს დამტვრეული.

მეცამეტე გვერდი, 10 ნოემბერი 1938 წელი.
ერიკის სახლში მივედი წერილების მოსაკითხად. გაუკვირდათ, რომ ასეთ დღეს ქუჩაში გამოსვლა გავბედე ...
( 1938 წლის 9 - 10 ნოემბრის ღამით, გერმანიასა და ავსტრიაში მასშტაბურად დაარბიეს ებრაელები. დამსხვრეული ფანჯრებისა და ვიტრაჟების გამო, იგი ისტორიაში შევიდა „ბროლის ღამის“ სახელით.
მთარგმნელის შენიშვნა)

ბატონმა ბედერმა სახლში აღარ გამომიშვა. მთელ დღეს რეკავდა ტელეფონი. გვეკითხებოდნენ ვართ თუ არა ცოცხლები. 
ერიკის მამა ცდილობდა  სათვისტომოს ან პალესტინის ცენტრს დაკავშირებოდა, მაგრამ უშედეგოდ. ბოლოს, როგორც იქნა კომუტატორს დაუკავშირდა, მაგრამ ვერც მოასწრო რაიმე ეკითხა, ისე დაუხეთქეს ყურმილი.
ერიკის და - ანნა მოვიდა.  მთელ ქალაქში სინაგოგები იწვის – გვითხრა აკანკალებულმა.


ზბონშინი, 18 დეკემბერი. 1938.
ძვირფასო ჩერნა!
ალბათ უკვე წაიკითხეთ გაზეთებში რა მოხდა 9 ნოემბრის ღამეს.  მოგწერ მხოლოდ იმას, რაც თავად შემემთხვა.
ვაპირებდი დინსლაკენში დაბრუნებას, მაგრამ ვერ მოვასწარი.  მეგობრის სახლში დამაპატიმრეს.
სანამ იოხგასეზე,  პოლიციის განყოფილებაში მოგვიყვანდნენ,  მთელი გზა, უკან ახალგაზრდები მოგვდევდნენ შეძახილებით: „ხეპ! ხეპ! იუდე–ფერრეკე“! ეს ნიშნავს: „ებრაელებო, ჩაძაღლდით!“. ქვებს და ათასგვარ სიბინძურეს გვესროდნენ. ვერ წარმოიდგენ რა ცოდვა დატრიალდა პოლიციის ეზოში. ცემა–ტყეპა, ქალებისა და ბავშვების წივილ–კივილი. შემდეგ სატვირთო მანქანებში შეგვრეკეს. გზად წყევლა–კრულვა და შეურაცხმყოფელი შეძახილები მიგვაცილებდა. ვენის მცხოვრებლები თითქოს ერთ ღამეში ველურ მხეცებად გადაიქცნენ. მთელი ღამე ვიდექით წვიმაში და სიბნელეში ღია ცის ქვეშ. გამთენიისას გაქცევა მოვახერხე.  იმ ფირმის საწყობში დავიმალე სადაც ადრე ვმუშაობდი. იქვე დავტოვე  ჩემი დღიური, რომლის წერაც სულ ახალი დაწყებული მქონდა...
ძია არტური დააპატიმრეს. მამიდა რიტა დუნაიში გადახტა. როგორც გავიგე  ეს, უამრავი ადამიანის  თანდასწრებით გააკეთა, მაგრამ მშველელი არ გამოსჩენია...
ასეთი ამბები აქ ახლა ყოველდღიურად ხდება.
27 ნოემბერს ისევ ამიყვანეს.
ესესელები სახლში შემომიცვივდნენ. არასდროს დამავიწყდება.  თითქოს გავქვავდი, ჩაცმა ძლივს მოვახერხე. წამიყვანეს ვაგზალზე, სადაც უამრავი ებრაელი უკვე მიერეკათ. სატვირთო ვაგონებში შეგვყარეს. ყველანი ტიროდნენ, დიდებიც და პატარებიც. დაკარგული ბავშვები მშობლებს უხმობდნენ. ყველა ვიღაცას დაეძებდა.  მე არავინ მყავდა...არც მიტირია,მხოლოდ გული მეწურებოდა სხვათა საცოდაობით.
მეორე დღეს, შაბათს, საზღვარს მივადექით.  ორი დღე ვიდექით რომელიღაც სადგურში. გვიერთდებოდნენ მატარებლები მთელი გერმანიიდან, მესმოდა ნაცნობ ქალაქთა სახელები: ლეიპციგი, კიოლნი, ბერლინი, დინსლაკენიც კი...
შევხვდი პროფესორ ჰერმანს. შენ  წარმოიდგინე,  მამამისი გერმანიის რკინიგზის ერთ–ერთი პირველი მშენებელი გახლდათ, სწორედ ამ რკინიგზის, რომლითაც მისი შვილი ქვეყნიდან გამოაძევეს...
ამ დაწყევლილ ზბაშინში თუ ზბონშინში  რომ ჩამოვედით, ჩვენი ვაგონის იატაკზე უამრავი გარდაცვლილი ადამიანი ეყარა. ზოგიერთები უგონოდ იყვნენ. ეტყობა  გონება მეც დავკარგე, როცა თვალი გავახილე ბარაკში აღმოვჩნდი. თავზე ებრაელი მოწყალების და მადგა.
პოლონეთის მთავრობამ ქვეყანაში შესვლის ნება არ დაგვრთო.  დაგვაბინავს იქვე, ბარაკებში, საშინელ პირობებში.
საოცარია და სწავლას აქაც ვაგრძელებთ. 
იდიშის შემსწავლელ ჯგუფში ჩავეწერე.  მასწავლებელი პოლონელი ებრაელია – რინგერბლუმი გვარად. მამაშენს იცნობს. სწორედ მას ვატან ამ წერილს.
კლასში წვნიანს გვაჭმევენ და ოდნავ უფრო თბილა ვიდრე ქუჩაში. ყოველდღე ჩამოდიან ახალ–ახალი შემადგენლობები ავსტრიიდან და გერმანიიდან.
შემეკითხნენ მყავს თუ არა ნათესავები პოლონეთში. მე თქვენი მისამართი მივეცი. შესაძლოა მალე გნახოთ კიდეც.  გუშინ ჩემი დაბადების დღე იყო. 12 წლის გავხდი.  არ ვიცი როგორ გაიგეს აქ. ბატონმა რინგერბლუმმა შალომ ალეიხემის წიგნი მაჩუქა. ჯერ გამართულად ვერ ვკითხულობ იდიშზე, მაგრამ იმედია ვისწავლი.
ჩერნა, ვშიშობ ვერ მიცნობ  როდესაც მნახავ.
ვამთავრებ ამ წერილს.  ჩვენთან პარალიზებული ქალი შემოიყვანეს. სიფრიფანა პიჟამო აცვია. სცივა და  საცოდავად წკმუტუნებს...
                                            ლეო მორგენშტერნი

მინაწერი:
ძვირფასო ჩერნა,  ნეიტრალურ ზონაში უკვე თოვლი დადო.  ცივი ქარი უბერავს და ძვლები მეყინება. მაინც უნდა ავდგე, რადგან ვიცი, შენ ლექსებს წერ...ჩემს მეზობელს, ბერლინელ სტუდენტს, აქვს ლექსების რვეული, იქ ერთი პოეტი ქალის ლექსია, მისი სახელი არ ვიცი, სამაგიეროდ ლექსი დამამახსოვრდა და სულ თან დამდევს:

„ო, ღმერთო, მთელ ღამეს
დაძრწიან მკვლელები...
შენ მომეშველები, შენ მომეშველები...“

მეორე ლექსში კი ასე წერს: „ო, ხალხო ჩემო, მე ასე ნაგვემი, მიყვარხარ მეტად“
სიმართლე გითხრა, აქამდე არ ვიცოდი რას ნიშნავდა „ჩემო ხალხო“...და აი, მე მასთან ვარ! ხოლო ის – ისეთი დაშინებულია, დამცირებული და დაბნეული, რომ ძალიან მინდა მეც ამ პოეტივით ვთქვა: „ო, ხალხო ჩემო, მიყვარხარ! მეტად მიყვარხარ!“
ლექსის სათაური მომაგონდა: „ამოძახილი მარადისობის სიღრმიდან“
                                                  სიყვარულით ლეო.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები