ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ნათია როსტიაშვილი
ჟანრი: პროზა
21 მარტი, 2012


ჩეჩენი (იოანე გვარლიანს)


_ გაიცანით, ეს ახმედია. ჩემი ჩეჩენი ძმაკაცი. _ წვერიან კაცს მხარზე ხელს უტყაპუნებს  რეზო.
რეზო ჩემი მეუღლის საუკეთესო მეგობარია. შვილი ჰყავს, ზღვისფერთვალა და ლოყაწითელი იოანე. საოცარი ვინმეა. დღეს ჩემმა ქმარმა მონათლა (იოანეს მეორე ნათლიაც ჰყავს, რუსუდანი) და აი, ხის ფართო მაგიდასთან, ვიწრო წრეში აღვნიშნავთ ამ ამბავს. სულ რამდენიმე კაცი ვართ: მე და ჩემი მეუღლე, იოანეს მშობლები, რუსუდანი მეუღლით და ცალად _  ჯმუხი, წვერიანი კაცი, როგორც გაირკვა _ ჩეჩენი ახმედი.
ჩეჩნები ჩემს წარმოდგენაში ცხრა მთას იქით მცხოვრები საშიში ხალხი იყო. ეს კაცი კი ისე ახლოსაა, სკამიდან წამოწევაც არ სჭირდება, რომ ხელი ჩამომართვას. თან მშვიდი ტიპი ჩანს, მაგრამ რა ვქნა, ჩემთვის “ჩეჩენი მეომარი” ბევრად უფრო გასაგებია, ვიდრე “ჩეჩენი მეგობარი”. თვალს მისი წელისკენ ვაპარებ. არა, არ აქვს იარაღი... ვა, აკი ჩეჩენიაო?!
თონეში გამომშრალი ხორცით სავსე თეფშს მაწვდის. თურმე, მისი მოტანილია. ,,სპასიბა, სპასიბა“ რატომღაც ორჯერ ვუხდი მადლობას და ერთი ნაჭერი ხორცი თეფშზე გადმომაქვს. ,,სპასიბებს“ ღიმილსაც ვაყოლებ, ხორცს _ თონის პურს, თან ვფიქრობ:  ჩეჩენმა ჩეჩნეთიდან  ჩაჩამიჩებული ჩიჩია  ჩვენთვის ჩამოიტანა _ ჩინებულია!
_ Вкусна? _ მეკითხება. მერე, რაღაცის თქმა გინდოდათო? – აყოლებს. ამწუთას ვფიქრობდი, ვკითხავ ჩეჩნური ძროხისაა ეს ხორცი თუ სადმე აქაა დაკლულ-გამომშრალი-მეთქი, მაგრამ გადავიფიქრე. ჯერ ერთი ,,ჩეჩენსკაია კაროვა” ვერ ჟღერს საინტერესოდ, მეორეც, კაი და გაბრაზდეს, მერე (მისი წელის მარცხენა მხარე ჯერ არ შემითვალიერებია)? აუუ, მძაბავს ამ კაცის ჩეჩნობა და რა ვქნა.
ჩვენ ღვინოს ვსვამთ, ის - არაყს, ოღონდ ღვინის ჭიქით. ნამდვილი ჩეჩენია. უიარაღო (იმედია), მაგრამ მაინც.
ნათლიების სადღეგრძელოა. მიხარია, რომ ახმედი რელიგიაზე არ საუბრობს - არც თავისას გვახვევს თავს და არც ჩვენით ინტერესდება. სადღეგრძელოს ზოგი ქართულად ამბობს, ზოგიც სტუმრის პატივსაცემად - რუსულად. ერთი ჭიქა ჭაჭაც და ჩეჩენი საუბრის ხასიათზე დგება:
- ესე იგი, მართლმადიდებლები ნათლულზე საკუთარ შვილზე მეტად ხართ პასუხისმგებელი?
დაიწყო...
- ვთქვათ, შვილი ავად გაგიხდა. შენ კი სიცხიანი ნათლულის მოსანახულებლად მიდიხარ. ამ დროს ცოლმა რომ გითხრას, სახლში დარჩი და ჩვენს შვილს მიხედეო, როგორ მოიქცევი? - კითხვის ნიშნით კი არა, ნიშნის მოგებით ევსება ნახშირისფერი თვალები. მგონია, სადაცაა ბოროტად გადაიხარხარებს და წვერ-ულვაშში შებურული პირიდან ოქროს კბილი გამოანათებს. ნეტავ აქვს ოქროს კბილი?
პასუხებს უგულისყუროდ ისმენს. ახალ, ინტრიგულ შეკითხვებზე ფიქრობს. მარადგარუჯულ ლოყებს ჭაჭა უწითლებს. თვალებშიც წითელ, წვრილ ხაზებად აწვება ჩეჩნური სისხლი. არ იცინის (იქნებ კომპლექსია, ვთქვათ იმისა, რომ ოქროს კბილები აქვს, ან პირიქით – რომ არ აქვს…), ხან რას გვეკითხება, ხან რას. თან თავის მართლებასავით ამატებს: Мне просто интересно, просто хочу знать.
ისემც შენ რა გითხარი, ჩეჩენო...
- შენი მეუღლეც პასუხისმგებელია იოანეზე? - სახე ჩემი ქმრისკენ აქვს მიშვერილი და კოტიტა თითი - ჩემკენ.
- იოანეს ნათლია მე ვარ, შესაბამისად, პასუხისმგებლობაც მე მაკისრია. - პასუხობს ჩემი ქმარი.
- კი მაგრამ, - ჩეჩენი იერიშისთვის ემზადება - შენ ბავშვის რელიგიურ მამად ითვლები, შენი ცოლი კი ამ ამბავში არაფერ შუაშია?!
შარზეა, რა.
- თქვენ იგივე დედა ხართ ამ ბავშვისთვის, ხომ?
- სულიერი დედა - ოდნავ დაძაბულად უღიმის რუსუდანი.
- გასაგებია. - ახლა თავს ჩემკენ ატრიალებს და საჩვენებელ თითს ჩემი ქმრისკენ იშვერს. მგონი ცუდადაა საქმე... - თუ სწორად გავიგე, თქვენი ქმარი მამაა, რუსუდანი - დედა, თქვენ კი აქ არაფერ შუაში ხართ (?!) - ინტრიგანი! ჩემი აგდება უნდა, მაგრამ ვერ მივართვი. ჩანგალს ჩეჩნურ ხორცს ვაძრობ (სახეზე წრწერით ,,ეს რა უგემური რამეა”) და ქართულ სულგუნს ვარჭობ. ჩემებურად გამოვხატავ პროტესტს. დიდი ვერაფერი გმირობაა, მაგრამ ამ ,,გაბედული საქციელის“ გამო თვითკმაყოფილების გრძნობით ვივსები. ჩეჩენი პასუხს ელოდება და ისე მიყურებს, საყლაპავი მილი მეკეტება. სიამოვნებით გიპასუხებდი რაიმე მწარეს, ახმედ-ჩეჩენო, მაგრამ ვაი, რომ არა თუ თავდასასხმელ, თავდასაცავ სიტყვებსაც ვერ ვპოულობ. მეორე ნაჭერ სულგუნს ვიღებ და ,,სულერთია გამომეტყველებით” ვილუკმები. სხვა თუ არა(ვერა)ფერი, დუმილით მაინც მოვუშლი ნერვებს. ახმედმა შემატყო, რომ ჩემთან დიალოგს აზრი არ აქვს (მიხვედრილი კაცი ჩანს ახმედი) და ისევ ჩემს ქმარს მიუბრუნდა:
- არ ჯობდა, შენ და შენს ცოლს მოგენათლათ, ან - რუსუდანს და მის ქმარს? ცოლი დედა იქნებოდა, ქმარი – მამა. ასე უფრო გამართლებული არაა?
ღმერთო, საიდან მოსდის აზრად ასეთი კითხვები?!
ჩემს ხმაამოუღებლობაზე იმას კი არა, მევე მეშლება ნერვები. ახლა სულგუნის ამ ნაჭერსაც შევჭამ და მერე ხმას გავაკმენდინებ ამ ცხრა მთის იქიდან გადმოკარგულ უიარაღო და უოქროსკბილო მეომარს, მაგრამ... როგორ?..
არყის ოხშივარს ამოყოლებულ სიტყვებს შუბლში გვიმიზნებს და ვითომ გულუბრყვილოდ სვამს კითხვას:
- Кто-нибудь может мне обьяснить, почему... - და მერე მიდიიი, რაღაც ისეთს დააბერტყებს, ყველაზე ურწმუნო ადამიანსაც რომ არ მოუვა აზრად. დროდადრო აივანზე გადის, სიგარეტს (ალბათ უფილტროს) აბოლებს და ახალ შეკითხვას გვიმზადებს. მერე შემოდის და ჩვენ “გვაბოლებს” რომ ему просто интересно.…
ნამდვილად შამანია ახმედი. მხოლოდ მე კი არა, სხვებიც მოჯადოებულებივით დუმან. მხოლოდ ჩემი ქმარი პასუხობს მოთმინებით და რაღაცებს უხსნის (მეამაყება, რომ ჩემი ქმარი ჩემი ქმარია). ყველა მას შევყუირებთ იმედით. ეს დიალოგი დუელს უფრო ჰგავს, ვიდრე საუბარს. ჩემი ქმრისკენ ვართ ყველა. არა, ყველა არა, რეზო ნეიტრალიტეტშია.
- А вы помовлены? - თემას ცვლის ჩეჩენი. მიხარია. ე.ი. ფარ-ხმალი დაყარა.
- Да. - პასუხობს ჩემი ქმარი და მეც, მის მხარდასაჭერად, მუხლზე ბაჯაღლოს ,,კალიცოს” საგულდაგულო გაპრიალებას ვიწყებ.
- ეკლესიაში დაიფიცე, რომ ცოლის ერთგული იქნები?
როგორც ჩანს, მეორე რაუნდი იწყება.
- ჩვენ ხომ კათოლიკეები არ ვართ. - ვამბობ. სუფრის წევრებს აშკარად უკვირთ ჩემგან ხმის ამოღება. მიყვარს ადამიანების სასიამოვნოდ გაკვირვება... დიდი ვერაფერი, მაგრამ რაღაც ხომ მაინც ვთქვი.
- შეჰპირდი ცოლს, რომ მისი ერთგული იქნები? - იმეორებს. როგორც ჩანს, ჩემი პასუხი აინუნში არ ჩააგდო. თავმოყვარებაშელახულს ერთი სურვილი მიჩნდება, მისი მოტანილი გაფშიკინებული ხორცის ნაჭრები თეფშიანად მოვისროლო აივნიდან (ვაღიარებ, სულმდაბლობაა). ნეტავ, ჩეჩნებს გაუგიათ ანდაზა: ,,ცხენს ვერაფერი დააკლო, უნაგირს დაუშიანაო”?
- არა... - ჩემი ქმრის ხმაა.
- ჩეჩენს თვალები უფართოვდება, წარბები ყალყზე უდგება (ნეტავ როგორ აკეთებს?). პასუხს ბოლომდე აღარ ისმენს და თანაგრძნობით მეკითხება:
- как, он не обещал быть верным? - აჯაგრული წარბები გაოცებისგან ოფლიან შუბლზე ასდის. შავი, წითელკაპილარებიანი თვალები კი - აჯაგრულ წარბებთან. გაკვირვება, თანადგომა და შეცოდება იკითხება მის მზერაში. თითქოს კეთილ ჩეჩენად იქცა.
- ეკლესიაში არა, მაგრამ მერე სახლში შემპირდა. - ვბუტბუტებ და სახეზე ალმური ამდის. უსინდისოდ ვიტყუები. არა, რა მჭირს თავის გასამართლებელი? ისე ვნანობ ჩემს ნათქვამს, რომ ლამისაა ,,ჩვენება შევცვალო” და ვუთხრა: ,,არაფერსაც არ შემპირებია და საერთოდ, ეს თქვენ არ გეხებათ!” მაგრამ ისეთი გულწრფელი სიბრალულით მიყურებს, ხმას ვეღარ ვიღებ. ჩეჩენი შოკშია. როგორ, კაცო, ცოლს ეკლესიაშივე როგორ არ შეჰპირდი, რომ სიკვდილამდე მისი ერთგული იქნებიო?! თითქოს ქმრისგან დაჩაგრულ ქალიშვილს უდგას ქომაგადო, ისე ლაპარაკობს. არა, მართლა შამანი და მისანია ეს კაცი, თორემ აბა, სხვა რითი უნდა ავხსნა, რომ უცებ ამ ინტრიგან ჩეჩენზე კი არა, ჩემს ქმარზე ვბრაზდები. ვითომ რატომაც არ უნდა შემპირდეს, რომ ბოლომდე მიერთგულებს? რა არის ამაში წარმოუდგენელი?! აქედან გავალთ თუ არა, მაშინვე ვეტყ...
- А вы ему обещали? - დაცვარულ შუბლს დაჭმუჭნული ცხვირსახოცით იმშრალებს, ერთი სული აქვს როდის ვუპასუხებ. კაცმა რომ თქვას იმ პირველი შეკითხვის შემდეგ ეს მეორე არცთუ ისე ულოგიკოა.
- არაფერსაც არ обещала. - ვატყობ, რომ ჩეჩენის ნიშნისმოგებიანი ტონი გადმომედო. შევცდი, არ უნდა მეჭამა ის ერთი ნაჭერი ხორცი. იქნებ შელოცვილი იყო, ან უარყოფითაურიანი, ან... ეჰ, ვერაა ჩემი საქმე კარგად - უარყოფითაურიანი ხორცი რა უბედურებაა?
შენ კი რა გითხარი, რეზო, რა უნდა ნათლობის სუფრაზე ჩეჩენს?!
-იცით ესენი რა მაგარი ნაროდია? - გვეკითხება რეზო.  ცდილობს სიმპატიით განგვაწყოს ჩეჩენისადმი. კითხვა როგორც ჩანს რიტორიკულია, რადგან პასუხს არ ელოდება, ისე განაგრძობს:
- ქალებთან ბოდიში და... ყოველი საპირფარეშოში შესვლის მერე... (სიტყვებს არჩევს) შხაპის პონტი აქვთ, რა... ძალიან სუფთა ხალხია.
ამასობაში სუფთა ჩეჩენმა უსუფთაო ცხვირსახოცით შუბლზე ოფლი შეიშრო და ჭიქა არყით შეივსო. არყის მორიგმა ყლუპმა ჩეჩენის თავში ახალი აზრი დაბადა. დაწითლებულ შავ თვალებში ცეცხლი ჩაუდგა. ახლა შეგვათვალიერებს და ვისაც ყველაზე დაბნეული გამომეტყველება ექნება, იმას დაუსამს კითხვას. ოღონდ მე არ შემარჩიოს, ოღონდ მე არა რა, ღმერთო...
ქონიან ხელებს იმავე ცხვირ (შუბლ,ხელ)სახოცით იწმენდს, წეღან შუბლზე ოფლი რომ შეიშრო. თითქოს შენელებულ კადრად ვხედავ მის ყოველ მოქმედებას. აი, ხელი მაღლა ასწია და თვალი ყველას სათითაოდ შეგვავლო. ხელი მომუშტა, საჩვენებელი თითი წინ გამოსწია და ლულასავით დამიმიზნა. ბედი არ გინდა? მე ამომარჩია. ვიძაბები. თან სულგუნიც გათავდა... ჩეჩენი ახველებს და პაუზით ვსარგებლობ.
- რეზო, გააჩუმე ეს კაცი, თორემ დამენგრა ოჯახი.
- არა, ტო, ნუ გეშინია. - იცინის რეზო. - მაგარი ჯიგარია ახმედა.
ვითომ?..
რეზოს ცალ ხელში იოანე უჭირავს, მეორეს ახმედს ხვევს. სიჩუმეა. ახმედი ხველებას მორჩა და ცრემლებს იმშრალებს (რა გარეცხავს ამ ცხვირსახოცს).
იოანე სათითაოდ ყველას გვანათებს ლურჯ თვალებს. ცალი ხელით ყელზე ჩამოკიდებული ჯვარი უჭირავს. უცებ გვერდზე ტრიალდება. თავისუფალი ხელით ჩეჩენის შავ ქოჩორს ბღუჯავს და გამეტებით ქაჩავს. ჩეჩენს თმა ეწიწკნება, მაგრამ არ იმჩნევს. მე და რუსუდანი კმაკოფილები ვუღიმით ერთმანეთს. იოანე ჯვარჩაბღუჯულ ხელსაც იშველიებს და  ჩეჩენს სიმწრისგან სახე ემანჭება. იოანე ხან ერთს გვიყურებს, ხან მეორეს და გულიანად იცინის, თან ჩეჩენის ჯაგარა ქოჩორს ხან მარჯვნივ ქაჩავს, ხან - მარცხნივ. მისმა კრიალა კისკისმა დაძაბულობა მოგვიხსნა. თითქოს ბორკილები შეგვხსნესო, ყველამ ერთდროულად ამოვისუნთქეთ. ქალებს მეუღლეებმა ჭიქები შეგვივსეს (იქნებ ახლა მაინც გაახსენდეთ მანდილოსნების სადღეგრძელოს თქმა). ჩეჩენი თავდახრილი და დამანჭულია, მისი შამანობა - კუდით ქვა ნასროლი. ახლა მისი მოტანილი ხორცის ჭამაც აღარაა საშიში. ვაღიარებ, ასეთი გემრიელი ხორცი არასდროს გამისინჯავს...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები

საიტის წევრებს ნიკით:  გიორგი7464, ხურსი ვულოცავთ დაბადების დღეს