ნაწარმოებები



ავტორი: ლიტერატურული სალონი
ჟანრი: კრიტიკა-პუბლიცისტიკა
24 მარტი, 2012


სახისმეტყველებაში დამწყვდეული სიბრძნისმეტყველება / ნინო აფციაური

ნინო აფციაური

სახისმეტყველებაში დამწყვდეული სიბრძნისმეტყველება


2011 წლის ნოემბერში გამოვიდა თანამედროვე ქართველი პოეტის, ზინა სოლომნიშვილის, ლექსების კრებული სათაურით - ,,სხივთა წვიმები’’ (რედაქტორი ლექსო დორეული; წიგნის სახელწოდება თავად პოეტის მიერ არაერთ ლექსში გამოყენებული მხატვრული სახიდანაა აღებული). ქალბატონ ზინას წიგნი უკვე 30 წელია არ უნახავს მკითხველთა საზოგადოებას. ეს კი არც ისე მცირე დროა. დღესაც ზინა სოლომნიშვილის წიგნის გამოცემას სტუდენტთა მცირერიცხოვან ჯგუფს უნდა ვუმადლოდეთ, რომლებმაც თავდადებული შრომის წყალობით აჩუქეს ეს წიგნი ქართველ მკითხველს. სამწუხაროა, რომ ისეთი შემოქმედის ნაღვაწის გამოცემას, როგორიც ზინა სოლომნიშვილია, ამდენი დაბრკოლების გადალახვა უხდება და ეს მაშინ, როდესაც ერთმანეთის მიყოლებით იბეჭდება ე.წ. დამწყებ ,,პოეტთა’’ წიგნები, რომელთა ღირებულება საზოგადოებისათვის სულიერი საზრდოს მისაწოდებლად ნოლის ტოლფასია. ზინა სოლომნიშვილი კი ნამდვილად იმსახურებს ჭეშმარიტ ქართველ პოეტთა გვერდით დგომას. სწორედ ამის ჩვენებას შევეცდებით დღეს ჩვენს სტატიაში. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ამომწურავად ქალბატონ ზინას შემოქმედებაზე ერთ საგაზეთო რეცენზიაში შეუძლებელია საუბარი, ვინაიდან მასში განსახილველ თემათა მთელი წყება იჩენს თავს. მიუხედავად ამისა, ჩვენი მიზანია, წარმოვაჩინოთ ძირითადი შრეები და მიმოვიხილოთ თითოეული მათგანი. წერილის დასაწყისშივე მეტი თვალსაჩინოებისათვის ჩვენს მკითხველს ვთავაზობთ ამ სასაუბრო თემათა ჩამონათვალს:
1. სიყვარულის თემა ზინა სოლომნიშვილის შემოქმედებაში;
2. ისტორიულ-საგმირო თემატიკის დატვირთვა და პატრიოტიზმის სიმძაფრე ,,სხივთა წვიმებში’’;
3. ბუნების თავისებური ხედვა;
4. წუთისოფლის ამაოების განცდა, რომელშიც აშკარად იჩენს თავს პოეტის მსოფლმხედველობა;
5. ზინა სოლომნიშვილის შემოქმედების მხატვრული მხარე -ტროპული მეტყველების ესთეტიკა თანამედროვე პოეტის ლირიკაში, რაც, სხვათა შორის, ძალზედ საინტერესო საკითხს წარმოადგენს.
სიყვარულის თემა ერთ-ერთი წამყვანია პოეტის შემოქმედებაში. მას სამყაროს გრძნობითი განცდა და ემოციათა მკვეთრი სიჭარბე ახასიათებს. სიყვარული, თავისთავად, არაა ნოვატორული ხაზი ლიტერატურულ ასპარეზზე და, მით უფრო, პოეზიაში. საქმეც ისაა, როგორ ახერხებს ან, საერთოდ, ახერხებს თუ არა პოეტი, იხსნას თავისი ლექსები ბანალურობისაგან და მოგვცეს ახალი მხატვრული სახეები და ორიგინალური ფერები.ვნახოთ, ამ კუთხით რაა ახალი ზინა სოლომნიშვილის შემოქმედებაში და როგორ იშლება მასთან მარად აქტუალური თემა ლირიკულ სახეებში: სასიყვარულო პოეზია აქ რამდენიმე მიმართულებით იღებს გეზს, რაც, შესაბამისად, თემატური სპექტრის იდეურ მრავალფეროვნებას ქმნის. თუკი დავშლით ამ თემატურ სპექტრს, შემდეგი სახის სურათს მივიღებთ: სატრფიალო პოეზია - ქალ-ვაჟის სიყვარული, სიყვარული სამშობლოსადმი-პატრიოტიზმის მძაფრი განცდა, ბუნებისადმი გასაოცარი სითბო, უსაზღვრო კაცთმოყვარეობა. როგორც ვხედავთ, სიყვარულის გამოვლინებანი ემთხვევა დანარჩენ თემათა უმეტეს ნაწილს, რაც პოეტის შემოქმედების მყარ, სიყვარულით განმსჭვალულ საფუძველზე მიგვითითებს.
ზემოთ უკვე ითქვა, რომ ზინა სოლომნიშვილის შემოქმედება ემოციათა სიჭარბით გამოირჩევა. ეს, ბუნებრივია, ყველაზე მკვეთრად სატრფიალო ლირიკაში იჩენს თავს. ქალვაჟური სიყვარული აქ მთელი მგზნებარებითაა დახატული: იგი არსად ცდილობს, საკუთარი თავი ცივ გონებას დაუმორჩილოს და ამით შეაფაროს თავისი სწრაფვა მიჯნურისადმისწორედ ამიტომ ქალბატონ ზინას თვალით დანახული სიყვარული მართლაც გვაგონებს ,,მოვარდნის მეწყერს, რომ გაგიტანს და ცოცხლად დაგმარხავს’’. აი, ამის დამადასტურებელი სტრიქონებიც:
,,მდუღარე სისხლში
                                              ეროსი ბრდღვინავს
                                              და დასაბმელი არის
                                              ყველა დღე...
                                              ისე მთვრალი ვარ,
                                              საკუთარ სხეულს
                                              ფიალასავით
                                              ზეცას შევამტვრევ...’’
გრძნობათა გასაოცარი სიჭარბე, სიყვარულისადმი ადამიანისა და ბუნების დაუოკებელი სწრაფვა და სწორედ სიყვარულის ნიადაგზე მათი ერთიანობ, უჩვეულო ჰარმონია ჩანს ლექსში-,,მოლოდინი’’:
                                        ,,როცა აპრილი ქალწულის ფიქრებს
                                        მკერდზე დაიყრის ფერად ვარდებად,
                                        ირმის ბღავილი ზეცას აიკლებს,
                                        ქარებს ქოშინი აუვარდებათ.

  შეიბორკება როდესაც ღამე
                                      შეყვარებულთა ცრემლთა მტევნებით,
                                      თავს აიწყვეტავს სურვილი და მე
                                      ვარსკვლავთ პაემანს ავედევნები.
                                      მე გამაგიჟებს დროის სიმოკლე,
                                      გინატრებ ჟინით, თავდავიწყებით...
                                      და თუ სიყვარულს ვერ დავიოკებ,
                                      მზეს ჩავიხუტებ და დავიწვები’’ 
ვფიქრობ, ლექსისკულმინაციადსწორედუკანასკნელიფრაზაუნდაჩაითავლოს. აქ პოეტი სიყვარულის ძალის საუკეთესო გამომხატველად მზეს, სითბოს, სინათლისა და, შესაბამისად, სიცოცხლისწყაროს, აცხადებს და ჭეშმარიტი მიჯნურის შვებასაც მასთან ერთობაში,მასში გაერთებაში ხედავს, რაც, ალბათ, ზინა სოლომნიშვილის სატრფიალო შემოქმედების გასაღებიცაა.
გარდა ზემოთ მოხმობილი მაგალითისა, გრძნობათა ჭეშმარიტი წარღვნა კიდევ არაერთ ლექსში იჩენს თავს. აი, კიდევ ერთი მათგანი:
                                                ,,მოლზე ვცეკვავ და
                                                ცახცახებენ
                                                ფურისულები,
                                      რასაც გული მთხოვს,
                                                რატომ,
                                                რატომ ვუთხრა უარი...
                                                მოდი, მაყარე
                                                გვირილის და
                                                ვარდის ფანტელი,
                                                ჩემო სიცოცხლევ,
                                                ეს შუადღე
                                                თრობის დრო არის’’
სატრფიალო ლირიკის მიმოხილვის დასასრულს მსურს, ჩვენი მკითხველის ყურადღება მივაპყრო კიდევ ერთ ლექსს, რომელიც თავისი გამორჩეული სტილით სხვაობას ქმნის დანარჩენებთან: იგი დიალოგური ფორმითაა დაწერილი და სახუმარო ხასიათს ატარებს. აი, ისიც:
                                                  ,, - მინდვრები რას შვრებიან?
                                                      - წვანან.
                                                      - ქარები ჭიდაობენ.
                                                      - განა?
                                                      - ამ ხესთან როგორ მოხვედ?
                                                      - ცალად.
                                                      - ჩემგან რას გაურბი?
                                                      - ღალატს.
                                                      - თვალებს რას უშვრები?
                                                      - ვმალავ...
                                                      - სხვაცა გკოცნის ხოლმე?
                                                      - არა!
                                                      - ცოტაც მოითმინე...
                                                      - კმარა!
                                                      - რაღაც უნდა გითხრა!
                                                      - ჩქარა!
                                                      - შეხე... რას ჰგავს მთვარე?
                                                      - ფარანს.
                                                      - ვაიმე, ე ვინ მოდის?
                                                      - ჰჰჰ... მამა...’’
ცხადია, ზინა სოლომნიშვილი ამ სტილის ლექსსაც გამორჩეული სითბოთი უდგება და არაჩვეულებრივი გულწრფელობით აღგვიწერს ახალგაზრდების წამიერ შეხვედრას მშობლების უჩუმრად. დიალოგს ვაჟი იწყებს და მინდვრებზე, ქარზე საუბრის შემდეგ ძლივს აღწევს მთავარ სათქმელს, რაც, თავისთავად, უკვე ქმნის კომიკურ ელფერს, რომელსაც ლექსის დასასრულს მამის გამოჩენა ამძაფრებს. ეფექტი მიღწეულია ორიოდ შორისდებულით. პირველი მათგანი - ,,ვაიმე’’ - მოულოდნელობისაგან გამოწვეულ წამოძახილს წარმოადგენს, ხოლო მეორე - ,,ჰჰჰ’’ - დანანებისაგან მოგვრილი ამოოხვრაა. ლაკონიურად წარმართულ დიალოგში სწორედ ამ ორი შორისდებულის მოხდენილად ჩასმით ავტორი აბსოლუტური სიზუსტით ახვედრებს მიზანს და ჩვენც თითქოს ცხადად ჩაგვესმის პირდაპირ კბილებიდან გამოცრილი ამოოხვრა შეყვარებულისა, რომელსაც სანუკვარი წუთი ჩაუშხამეს.
როგორც ზემოთ აღინიშნა, ზინა სოლომნიშვილის შემოქმედებაში ასახულისიყვარული არაა მხოლოდ ქალვაჟური გრძნობის აპოთეოზი. იგი კიდევ უფრო მაღალ იდეალს ისახავს მიზნად და ეს იდეალი ზოგადსაკაცობრიო სიყვარულია, რომელიც ყველას დარდის გაზიარების სურვილში, ყველას სატკივარის შემსუბუქებისაკენ სწრაფვაში გამოიხატება. ლირიკული გმირი აშკარა მზაობას აცხადებს, ენაცვალოს სხვათა გასაჭირს და მწედ გაუხდეს ყველა ეულსა და მიტოვებულს. თავად ,,ადამიანთა სევდის’’ თანამოზიარე პოეტი სხვების წყლულთა წამალს ეძიებს და ღმერთს ევედრება, სხვათა სანაცვლოდ მიიღოს მისი სიცოცხლე, მისი სიყვარული კი ,,მიხაკებად დაურიგოს’’ ადამიანებს. აი, ამის მაგალითიც:
                                                      ,,დე, მოვკვდე,
                                                      ჩემი ბედნიერება
                                                      ოღონდ თანაბრად გაგინაწილოთ’’
აგრეთვე სტრიქონები:
                                                      ,,პირად ტკივილით
აბღავებული
                                                      ვეძებ მსოფლიოს
ტკივილის წამალს’’
და კიდევ:


                                                      ,,თუ არვის ვარგე,
                                                      ბობოქარ გულში
                                                      ჩემივ ფიქრები
                                                      მიყრიან ხანჯლებს’’
აღნიშნული თემატიკის კულმინაციას წარმოადგენს ლექსი ,,ვედრება’’:
                                              ,,ღმერთო, იმოდენა ძალა მომე,
                                              ქვეყნის საზრუნავმა ვერ დამღალოს!
                                              ღმერთო, იმოდენა სისხლი მომე,
                                              ყველას მაგიერ რომ მე დავღვარო...
                                              ღმერთო, გეხვეწები გამაკლდევე,
                                              მტრის წინ არასოდეს არ ვიტირო!..
                                              ღმერთო, იმოდენა ცეცხლი მომე,
                                              ყველა ყინული რომ მე გავალღო...
                                              ღმერთო, ყველას ნაცვლად მე მომკალო,
                                              დე, ყველას მაგიერ მე დამმარხონ...’’
შემდეგი საკითხი, რაზეც მსურს, მივაქციო ჩვენი მკითხველის ყურადღება, პატრიოტული თემატიკაა, თუმცა, როგორც ითქვა, რა თემასაც უნდა შევეხოთ ზინა სოლომნიშვილის შემოქმედებაში, ყველა მათგანი სიყვარულზე იქნება დაფუძნებული და მორიგზე გადასვლა არც ერთ შემთხვევაში არ იქნება პირველის დახურვის ტოლფასი.
პატრიოტული ხასიათის ლექსებში პოეტი, ძირითადად, სამშობლოსათვის მუხლმოყრილ მლოცველად გვევლინება. იგი ღმერთს ავედრენს საქართველოს და ამ სიყვარულს თითოეული კუთხე-კუნჭულისადმი არაჩვეულებრივი სითბოთი და სიყვარულით ავლენს. ლიტერატურულ კრიტიკაში პატრიოტიზმის გამოხატვის ორი გზაა აღიარებული: ერთი ესაა ტერიტორიული პატრიოტიზმი, ხოლო მეორე მათგანი სამშობლოს, როგორც იდეის, სიყვარულს წარმოადგენს. პირველ შემთხვევაში პოეტი კონკრეტულ კუთხეს დასტრიალებს თავს და მის ფონზე გვიშლის თავის გრძნობებს, მეორე კი სამშობლოს არა ამა თუ იმ კუთხის მიხედვით, არამედ მთლიანობაში მოიაზრებს. ქართულ მწერლობაში ამ ორი გზის ოსტატურად შემზავებლად ვაჟა-ფშაველაა მიჩნეული. აღიარებულია, რომ ფშაველი პოეტი თავისი კუთხის სიყვარულიდან უნიკალურად მაღლდება იდეამდე და ამგვარი ხერხით საოცრად გამომსახველ სურათებს გვიშლის წინ. ვფიქრობ, სწორედ მსგავს შემთხვევასთან გვაქვს საქმე ქალბატონ ზინას შემოქმედებაშიც: პოეტი აქ ყოველი სიტყვით ეალერსება, თავს ევლება თითოეულ ბალახს, თითოეულ ჩირგვს, ქმნის მათგან არაჩვეულებრივ მხატვრულ სახეებს და საქართველოსადმი საზოგადო სიყვარულამდე მაღლდება, რის კარგ მაგალითსაც წარმოადგენს მისი ლექსები:
                                                ,,გახედეთ, ზვრები ერთი-მეორეს
                                                ზედ ასკდებიან კუმსი მტევნებით...
                                                ჩემო მოყვრებო, დარჩით, ნუ წახვალთ,
                                                თორემ მეც უკან აგედევნებით...
                                                დახედეთ, ვარდი წითელლოყება
                                                მიმზერს და მიმზერს, მიცქერს რა მორცხვად...
                                                ახლა მამულის შესავედრებლად
მუხლებს მოვუყრი ყველა სალოცავს!’’ 
აქვე მსურს დავიმოწმო ლექსი - ,,დაბალი?  - არა!’’:
                                                ,,როგორც
                                                ქორბუდა ირმების ჯოგი,
                                                გადაგრეხილან
                                                რქებით ქედები...
                                                იმედი გქონდეს,
                                                ჩემო მამულო,
                                                ვიდრე ცოცხალვარ,
                                                შენთვის ვენთები...
                                                - დაბალი?
- არა!
დაჩოქილი ვარ...
და საქართველოს დღეგრძელობას
ღმერთს ვევედრები...’’
როგორც ზემოთ აღინიშნა და როგორც მაგალითებიც გვიმოწმებენ, გამომდინარე პოეტის თავისებურებიდან, ბუნება პატრიოტული გრძნობის გამხსნელად გვევლინება(გარდა ამისა, როგორც გვახსოვს, იგი სიყვარულის გამოვლენის ადრესატთაგანიცაა).სწორედ ამიტომ მისი ცალკე განხილვა, ვფიქრობ, ერთ-ერთ უცილობელ ფაქტორს წარმოადგენს. მით უფრო, რომ იგი სრულიად დამოუკიდებელ მნიშვნელობასაც იძენს და ჩინებულ მხატვრულ სახეებად გარდაიქმნება.
რთულია, ქართულ რეალობაში იყო პოეტი, წერდე ბუნებაზე, ხატავდე მის უჩვეულო პეიზაჟებს და ნოვატორული, ინდივიდუალური და, ამავდროულად, შინაარსობრივად გამართული და ღრმა იდეებით ქმნიდე დიდ ქართველ პოეტთა გვერდით ჭირსეულ ლირიკას. როდესაც ვეხებით აღნიშნულ თემატიკას, შეუძლებელია, არ ვახსენოთ ვაჟა-ფშაველა, რომელმაც ბუნების სურათთა ხატვას პრინციპულად ახალი მწვერვალები დაუსახა მის აღწერას ავტონომიური დატვირთვა მიანიჭა. საინტერესოა, რა სიახლეს გვთავაზობს ამ კუთხით ზინა სოლომნიშვილი, რით იმსახურებს იგი, თუნდაც ზემოხსენებული საკითხის მიხედვით, იხსენებოდეს ნამდვილ ქართველ პოეტად? ქალბატონ ზინას შემოქმედებაში ბუნების სურათთა უჩვეულო სიხშირეს ვხედავთ. როგორც პატრიოტული თემატიკის განხილვისას აღვნიშნეთ, აქ ბუნება, გარესამყაროს პოეტური განცდა, არცთუ იშვიათად, ბუნებუს ცალკეული წარმომადგენლის - იის, ჩირგვის, ,,ტიტლიკანა’’ წყაროს... - მაგალითზეა წარმოდგენილი. იქმნება შთაბეჭდილება, რომ პოეტი შემოქმედს არა მხოლოდ ,,ადამიანთა გულთან’’ მიუშვია, არამედ მას შესწევს უნარი, სწვდეს ბუნების გულსაც. ამაში კი უმთავრეს როლს ისევ და ისევ სიყვარული თამაშობს:
                                                          ,,სულყველაფერი
                                                          მოგიჩანს, სოვრცევ,
                                                          რა გამჭვირვალე
                                                          კაბა გაცვია!
მიწა გააპო,
ერთი ახედეთ,
რა ძალ-ღონე აქვს
იას პაწიას!
ჯეჯილნი წვანან
ტრიალ მინდვრებზე,
ესენი რაღას
დაუქანცია...
მთები,
მწვერვალნი
ვერა სწვდებიან,
ცა რა მაღალი
ვაჟიკაცია!
სულყველაფერი
მოგიჩანს, სივრცევ,
რა გამჭვირვალე
კაბა გაცვია!’’
როგორც ვხედავთ, ამ პატარა სიყვარულით გამთბარი მხატვრული სახეები იყრის თავს: ,,ია პაწია’’, დაქანცული, ტრიალ მინდორზე მიწოლილი ჯეჯილი, ცა - ვაჟიკაცი, ცისკენ მსწრაფი მთები. ის ფაქტი კი, რომ პოეტი საოცრად მიახლოებია ბუნების გულს, საუკეთესოდ ლექსის ,,თავბოლოერთიდან’’ ვლინდება (სივრცე გამჭვირვალე კაბაში). ეს გამჭვირვალობა უფრო შორსაც მიდის, რაც, ვფიქრობ, პოეტის ნოვატორულ მხარეს ქმნის. აქ ნაგულისხმეს სიახლეს, რომელზეც ქვემოთ შედარებით დაწვრილებით ვისაუბრებ, განბუნებოვნებას, ბუნებაში პოეტის ან ლირიკული გმირის განთქმა-გაერთებას ვუწოდებდი. ვნახოთ ნიმუშები და მათს საფუძველზე განვიხილოთ აღნიშული საკითხი:
,,მიწის დიდ ფილტვებით
                                                  ვსუნთქავ და ვმზიანობ,
                                                  ველურ ყვავილებით
                                                  ვხარობ ფუტკარივით’’
ცხადია, აქ პოეტი დედამიწის სულით საზრდოობაზე, მისით არსებობაზე მიგვანიშნებს და მასთან ერთიანობაზე გვესაუბრება. მსგავს შემთხვევას ვხვდებით შემდეგ ტაეპებშიც:
                                                ,,ხევში წაიქვა ღამე ბანცალით,
                                                მთებს ჩანჩქერების წასკდათ სიცილი...
                                                მწვანე მინდვრებმა სხივად დამცალეს
                                                და შემიერთდა მიწა ღვიძლივით’’
ბუნებაში განთქმის საინტერესო მაგალითს ვხვდებით შემდეგ სტრიქონებშიც:
                                                          ,,ცხელ სხეულზე
                                                          შემოვიწვავ
                                                          ცას და მინდორს,
                                                          დავიწყვიტე
                                                          დაბრკოლების არტახები’’
იმაცე ლექსში ვხვდებით საოცრად ცოცხალსა და უშუალო დამოკიდებულებას ბუნებასთან:
                                                          ,,მზე კალთაში
                                                          ჩამოგირეს
                                                          მთებმა
                                                          ახლადდაბადებულ პირმშოსავით’’
ბუნებასთან უშუალო კავშირის ერთ-ერთ საუკეთესო ამსახველად შემდეგი ლექსი გვევლინება:
                                                    ,,მზის სხივებმა
                                                    ოქროს თმები მომცეს,
                                                    ყელს მიმშვენებს ალუბლების მძივი...
                                                    ლურჯ სიმღერად
                                                    აქაფებულ მოლზე
                                                    ვილუმპები სიყვარულის წვიმით...’’
ერთ-ერთი ლექსი ზინა სოლომნიშვილისა კიდევ უფრო ღრმად გვიშლის პოეტის იდეურ საიდუმლოებას: მასში განცხადებულია, რომ არა მხოლოდ ბუნებაა ლირიკული გმირის განუყრელი ნაწილი, არამედ ბუნების გვირგვინის, ცის განუყოფელ ნაწილს წარმოადგენს თავად მგოსანიც. აი, ამის დამადასტურებელი სტრიქონები:
                                          ,,ოღონდ გათენდეს მუდამ ლამაზად,
                                        ტანზე ვეწვოდე მინდა ცას კდემით’’
კიდევ ერთი ფართოდ წარმოდგენილი თემა ზინა სოლომნიშვილის შემოქმედებაში ჩვენს დროში უმწვავესად წამოჭრილი და სრულიად გაშიშვლებული პრობლემის, პატიოსნების საკითხს გვთავაზობს. მასთან დაკავშირებით პოეტს არაერთი ლექსი აქვს დაწერილი, მაგრამ ამჯერად თქვენს ყურადღებას მხოლოდ რამდენიმე მათგანზე შევაჩერებ:
                                          ,,ასპარეზზეა უსინდისობა,
                                          მიხვდი?
                                          ჭკუაზე მოხველ კაი დროს,
                                          ვის უნდა, ნეტავ,
                                          შენი სინდისი,
                                          შენი სინდისით კუჭს ვინ გაიძღობს?!
                                          დღეს სიბინძურე
                                          ზეიმობს მხოლოდ,
                                          ეგ რა ეჭვების
                                          დაგჭრა ისრებმა!
                                          ვინ რა ქვად იხლის
                                          მაგ შენს სიწმინდეს,
                                          არც შეიჭმება,
                                          არც ჩაიცმება!
                                          თავს გაჭარბებენ
                                          ყველა როსკიპნი,
                                          რა გრიგალივით
                                          დახვალ მწყრალი დღეს...
                                          რითი ქედმაღლობ,         
                                          პატიოსნებით?
                                          გზაზე რომ ეგდოს,
                                          არვინ წაიღებს’’
პატიოსნების ხვედრი შესანიშნავადაა წარმოჩენილი ლექსში - ,,სურათი’’:
                                ,,დაბღლაძუნობდნენ მთვრალი ალვები
                                და საჭიდაოდ ერთურთს ელტვოდნენ...
                                ღამე მიჰქონდათ ქაფი სიმღერით
                                შიშველ ქალებით შეშლილ რესტორნებს...
                                გაჭყლეტილ თვალებს ჰგავდნენ ფანჯრები,
                                მთვარე ხტებოდა მტკვარში ხიდიდან...
                                შიმშილი ჰკლავდა ლამაზ ქალს სახლში,
                                რადგან სიყვარულს არა ჰყიდიდა’’
როგორც ვხედავთ, ორივე ზემოთ დამოწმებული ლექსი ერთსა და იმავე პრობლემაზეა შექმნილი, მაგრამ პრინციპულად განსხვავებულია ამ პრობლემის ჩვენების ფორმები მათში. კერძოდ, პირველი მათგანი უფრო მეტად მენტორულ ტონს ატარებს. აქ პოეტი საკმაოდ ირონიულად აყალიბებს თანამედროვეობის ხედვას, მის იდეოლოგიას და, ამგვარად, ,,ირიბად ნასროლ ქვას’’ დღევანდელობის ნამდვილი სურათისა ზუსტადაც ახვედრებს მკითხველის გულს. მეორე ლექსი კი ტავისუფალია ყოველგვარი მენტორულ-დიდაქტიკური ელფერისაგან: მასში პოეტი მხატვრულ რეალობას გვიხატავს და კონტრასტულ სურათთა ფონზე უპირისპირებსმოქეიფე როსკიპთა საზარელ სახეს პატიოსნებას შეწირულ ქალს.
წუთისოფლისწარმავლობის, ამაოებისგანცდადიდშემოქმედთანაღვაწსლაიტმოტივივითსდევსთან, ვინაიდანთავისუფალიმოაზროვნეშესანიშნავადხედავსყოველივესცვალებადობას და სხვებზე უკეთ აანალიზებს, რამდენად არასანდოა ცხოვრება. სწორედ ამის განცდა წამოაძახებინებს ხშირად შემოქმედს: ,,ამაოება ამაოთა და ყოველივე ამაო!” იმავე პრობლემას არცთუ იშვიათად ვხვდებით გალაკტიონის, რუსთაველის შემოქმედებაში. საინტერესოა, რა ხდება ამ მხრივ ზინა სოლომნიშვილის ლირიკაში. აქ დროის წარმავლობის სიმძაფრე ხშირად დროის მიერ პოეტზე დაჩნეული ნაკვალევის მაგალითზეა დანახვებული:
                                ,,თვალთა უპეებზე - მტრედის კვალი,
                                შუბლი - დამჭკნარი და დაზოლილი,
                                სახე - შერუჟღული ოხვრის კვამლით,
                                ტუჩებზე - ღრუბელი გაწოლილი...
                                ცეცხლის ბურთს უჩივის ყელი ცალკე,
                                გული გასკდა, როგორც ლამპის მინა...
                                ცივად დაიკივლა წრფელმა სარკემ -
                                ეს რა დაგმართნია, ჩემო ზინა!’’
კიდევ უფრო მძაფრად ჩანს ბედის ცვალებადობა და სიმუხთლე ლექსში - ,,სადღეგრძელო’’:
                                ,,ლოდქვეშ მწოლარეს გაუმარჯოს,
                                მზე რომ ღვინოსავით სწყურებია...
                                ბრძენსაც, გენიოსსაც გაამასხრებს
                                ბედი თავხედი და სულელია...’’
ძალზედ საინტერესოა პოეტის თვალით ამგვარად დანახულ სამყაროში მცხოვრები ადამიანის ბედი, ადამიანისა, რომელსაც აჰბნევია გზა-კვალი და აღარ უწყის, ვინ არის იგი, ,,საიდან მოდის ან სად მიდის’’. შესაბამისად, კარგავს იგი საკუთარ თავს და ინდივიდად, პიროვნებად ფორმირების შესაძლებლობას, რაც მას თანდათნ სიტუაციათა შესაბამის მარიონეტად აქცევს და ცხოვრების სცენაზე გამოსულ მსახიობად ხდის. სწორედ ამ თემაზეა დაწერილი ზინა სოლომნიშვილის შესანიშნავი ლექსი - ,,მსახიობის აღსარება’’:



                                                    ,,გიჟიც,
                                                    ჭკვიანიც,
                                                    სულელიც,
                                                    ბრძენიც -
                                                    ყველაფერი ვარ.                                                                                             
                                                    არა, არ ვმასხრობ!
                                                    ხან ვდონკიხოტობ,
                                                    ვმეფობ,
                                                    ვდედოფლობ,
                                                    თან ვდედაკაცობ
                                                    ქალი, თან ვბავშვობ...
                                                    ოხ, ღმერთო ჩემო,
                                                    მეძავის როლიც
                                                    მე
                                                    როგორ,
                                                    როგორ
                                                    გავითამაშო?!’’
ამა თუ იმ საკითხის განხილვისას სტატიაში ჩვენ არაერთხელ დავიმოწმეთ ლექსები ,,სხივთა წვიმებიდან’’. დაკვირვებული მკითხველი მათში ადვილად შეამჩნევდა მხატვრული სახეების სიჭარბესა და, რაც მთავარია, გამორჩეულობას, ვინაიდან, ვფიქრობთ, მხატვრული სახე სარკეა პოეტური სულისა. სამწუხაროდ, ჩვენს თანამედროვეობაში ძალზედ ხშირია ნაძალადევი მხატვრული სახეები, რომელთა სიჭარბეს, ვფიქრობ, ოდენ ევფონიაზე ზრუნვა განაპირობებს. არადა, ჩავუკვირდებით თუ არა შინაარსს, უმალ კარგავს ჩვენს ყურში ,,პოეტური სახე’’ თავის რიხიან ჟღერადობას. ზინა სოლომნიშვილის შემოქმედებაში სწორედ რომ გამორჩეულ შემთხვევასთან გვაქვს საქმე. ამ გამორჩეულობას პოეტურ სახეთა ბუნებრიობა, მათი გულწრფელი და უშუალო შინაარსი ქმნის. რასაკვირველია,ამას საუკეთესოდ ისევ და ისევ ლექსები გვიჩვენებენ:
                                          ,,მთებს აპრილი დაჰკისკისებს სერაფიტად,
          ცხელ მიწაზე დაკონებას მთხოვს სხეული,
                                          აბა, მითხარ,მე უშენოდ მზე რად მინდა,
                                          ლერწამი ვარ, სალამურად მომსხვრეული.
                                          ნუ გამისწრებთ, წლებს მივკივი მდევარივით,
                                          მე ამქვეყნად ვარ სიტკბოსთვის მოწვეული,
                                          კახურ ვაზზე ასაგლეჯი მტევანი ვარ,
                                          შენს ცხელ გულზე დასაწურად მოწეული’’
როგორც ვხედავთ, ლექსი პოლითემატურია: მასში თავს იყრის სიყვარული, ბუნების სურათი, დროის ქროლის განცდა. ამჯერად თქვენს ყურადღებას სამ სტროფზე შევაჩერებ: მეოთხე ტაეპში სამყაროზე შეყვარებული პოეტი სალამურად მომსხვრეულ ლერწამს ედრება. ამით კი, როგორც ჩანს, იგი თავს სამყაროსა და სიყვარულის მომღერლად აცხადებს, რაც შინაარსობრივად აბსოლუტურად ბუნებრივად ეხმიანება კონტექსტს და, ამავდროულად, როგორც მხატვრული სახე, უდიდესი ესთეტიზმის მატარებელია. ამ მხრივ, ვფიქრობ, ლექსის გვირგვინად უნდა ჩაითვალოს ორი უკანასკნელი სტრიქონი, რომელთა ახსნაც, ვფიქრობ, საჭიროც კი არაა. იგი, უბრალოდ, უნდა წაიკითხო და განიცადო.
ულამაზეს მხატვრულ სახეებს გვთავაზობს ლექსი ,,მზით ბურთაობენ...’’:
                                                          ,,მზით ბურთაობენ
                                                          მთაში მუხები, მინდორზე ცეკვავს ერთი მათგანი....
- ძუძუ ვის უნდაააა?! - ბღავიან ცხვრები;
                                              - მეეე! - პასუხობს ყველა ბატკანი’’
საოცრადმოქნილისტილითაქბუნებისუმშვენიერესისურათიადახატული. მართლაც, მინდორზე ეულად მოცეკვავე მუხა უმალ მოგვაგონებს ქართან სერკინებულ ხეს, ხოლო მთასი მზით მობურთავე მუხები წარმოსახვას მზიანი დარის საოცრად ორიგინალურ გადმოცემას სთავაზობს. საინტერესოა ის ხერხიც, რომლითაც ავტორი უკვე კალმის ბრწყინვალე მოსმით დახატულ მინდორზე ცხვრის ფარას გვიშლის: ჩვენ თავდაპირველად ვერ ვხედავთ მას, თუმცა პოეტური სამყაროდან მისი ხმები აღწევს ჩვენამდე, რაც გონების თვალთა წინაშე უმშვენიერეს სურათს წარმოგვიდგენს.
ბუნების უნიკალურ სურათს ვხვდებით შემდეგ ლექსშიც:
                                                                ,,ხევები
                                                                გულიანად 
                                                                ხარხარებენ...
                                                                აპრილს
                                                                თეთრი კაბა დახევია;
                                                                მე შენი
                                                                მკლავები მახარებენ,
                                                                მხრებზე შენი სუნთქვა
                                                                მახვევია...’’
აქ ,,ახარხარებული ხევები’’, ვფიქრობ, გვითითებენ მდინარეთა ენით მოლაპარაკე ჭიუხებზე, რომლებიც გაზაფხულზე, თეთრკაბაშემოფლეთილი აპრილის დროს ძალამოცემულნი და, მართლაც რომ, მოხარხარენი აყრუებენ არემარეს.
ამრიგად, ზინა სოლომნიშვილის შემოქმედება არაერთ საყურადღებო და საინტერესო სიახლეს გვთავაზობს, რაც, რომ არა სტუდენტთა ზემოხსენებული ჯგუფის მონდომება, უცნობი დარჩებოდა მკითხველთათვის. სამწუხაროა, მაგრამ ფაქტია, რომ ქალბატონი ზინა უყურადღებოდ დარჩა როგოც მწერალთა კავშირს, ისე ამ საკითხებში კომპეტენტურ ყველა პირს, თუმცა ამას მათს პასიურობას ვერ მივაწერთ, ვინაიდან პრემიათა მინიჭება მათთვის დიდი ხანია, განსაკუთრებულ სიამოვნებად და არცთუ დიდ იშვიათობადაა ქცეული, თუმცა გვირგვინის უღირსთ რომ ადგამენ გვირგვინს, ეს ყველას კადრს მიღმა რჩება. ჩვენ ამ საკითხშიც ქალბატონ ზინას დავუთმობთ ასპარეზს, ვინაიდან მისი ერთ-ერთი ლექსი სწორედ რომ საუკეთესოდ იტყვის ჩვენს სათქმელს:
                                            ,,ისე მირბიხართ ცისკენ, ხეებო,
                                            რომ დედამიწას ფეხს არ აკარებთ.
                                            რატომ აყივლებთ დედლებს, მამლებო?!
                                            დედლებო, მამლებს რად აკაკანებთ?!
                                            გოგრებს ადგამენ დაფნის გვირგვინებს,
                                            ვერსად ხედავენ თავებს და კეფებს,
                                            ძაღლებით სავსე საუკუნეში,
                                            ვაი, თქვენ, ვინაც კატებს აყეფებთ!’’

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები