ნაწარმოებები


გთხოვთ დავეხმაროთ საიტის წევრს კონკურსში გამარჯვებაში. დეტალები იხილეთ ნაწარმოების ბოლოს https://urakparaki.com/?m=4&ID=113471     * * *         * * *         * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ენი40
ჟანრი: პროზა
1 აპრილი, 2012


ქალი

სარკიდან თვალდალურჯებული,ნამტირალევი ქალი შესცქეროდა.ვეღარ გაუძლო,ხელი მოიქნია და სარკე ნამსხვრევებად აქცია.ნამსხვრევებიდან დამცინავად შეჰყურებდნენ ორეულები.გიჟივით გამოვარდა სააბაზანოდან.საწოლ ოთახში შევიდა,ჩანთა გადმოიღო,ტანსაცმელი უწესრიგოდ ჩატენა შიგ და სწრაფად დატოვა იქაურობა.ცენტრალურ გზაზე გავიდა და უმწეოდ შეაჩერდა ფარდასავით დაშვებულ ღამეს.უეცრად საშინელი დაღლილობა იგრძნო.მიიხედ-მოიხედა.იქვე გზის პირას დიდი ლოდი დაინახა.ზედ ჩამოჯდა და მძიმე ჩანთა მუხლებზე დაიდო.მდინარიდან წამოსული ნიავი თმას უწეწდა,აზრები კი ნელ-ნელა ჩვეულ კალაპოტს უბრუნდებოდნენ.<არა,ახლა კი ნამდვილად ყველაფერი მორჩა!>-მტკიცედ გადაწყვიტა ქალმა,მაგრამ იმავე წამს ისე ძლიერ შეაშინა ამ უეცრად მიღებულმა გადაწყვეტილებამ,რომ ცრემლები წამოსცვივდა.
იჯდა ფართო შარაგზის პირას,დიდ ცივ ლოდზე,მოკუნტული,დათრგუნული ქალი და ტიროდა.ცრემლებმა თითქოს შვება მოჰგვარა.და ამჯერად ოდნავ უფრო მტკიცედ გაიფიქრა:<ეს დასასრულია!>.ცრემლები შეიმშრალა და ერთი საათის წინ მომხდარი ამბავი გაიხსენა:
კაცმა ისე დაარტყა,ნაკვთი არ შერხევია სახეზე.,ქალი მოვლენების ამგვარ განვითარებას არ ელოდა.წყენა და ტკივილი ერთმანეთში აიზილა.კაცმა კი სიტყვის უთქმელად გაიხურა კარი და წავიდა.
ქალს შემზარავი დამცირების გახსენებამ თითქოსდა ძალა შემატა.მოსახვევიდან გამოჩენილი მანქანის შუქის დანახვაზე,წამოდგა და ხელი ასწია.მანქანამ სვლა შეანელა.ქალი მოულოდნელობისგან გაშრა:ის იყო!
კაცი სალონიდან არ გადმოსულა.რამოდენიმე წუთი არაფერი შეცვლილა.შემდეგ კი კაცი გადმოიხარა და კარი გააღო.იდგა შუაგზაზე მხრებჩამოყრილი ქალი,ფეხებთან დიდი ჩანთა ეგდო და სულ უფრო და უფრო ნაკლები სიმტკიცით იმეორებდა<არა!არა!არა!>მერე კი...მერე გაბედა და კაცს შეხედა.კაცს დაღლილი და არაფრისმთქმელი სახე ჰქონდა.და უეცრად ქალმა,კაცის პიჯაკზე ნახევრად აწყვეტილი ღილი შენიშნა.<ო,ღმერთო>,-ძლივს გასაგონად ამოიკვნესა და კი არ ჩაჯდა,ნივთივით შეათრია მანქანის სალონში სხეული.
კაცმა მანქანა დაძრა.
ოთახში ისე შევიდნენ ხმა არცერთს ამოუღია.ქალმა რატომღაც კვლავ სააბაზანოს მიაშურა.ნამსხვრევებიდან დამარცხებული ორეული რომ შეაჩერდა,თვალი აარიდა,ჩანთიდან კბილის ჯაგრისი ამოიღო და აკურატულად დადო თაროზე.შემდეგ ოთახში შებრუნდა და ფანჯარას მიუახლოვდა.
სამყაროში აბსოლუტურად უაზროდ თენდებოდა.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები