ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ჯუბა ხაინდრავა
ჟანრი: პოეზია
21 მაისი, 2012


*†* წერილი დის *†*

                  წერილი დის

შეუნდე იმ კაცს, ვინც დატოვა თავისი სახლი.
შემინდე მე, რომ არაფერი დამამახსოვრდა
შენი ხელების სურნელიდან.
მე ვკვდები.
ნახირს
შებმული ხარის თვალები მაქვს. იცი, ამ დროსაც
როგორ  განვიცდი დასრულებას მოხუცი ზამთრის,
როგორ შორია სიბერისთვე, როგორ ვიღლები.
მე ვერ წავედი, მე ნათოვლარ სიზმარში დავრჩი
და შენს კარამდე მოვიყვანე თეთრი ჩიტები,
რომ დაგენახა ჩემი სითბო, ჩემი ცხოვრება.
ასეთი მძიმე, ასეთი ცრუ, ასე ულევი
და სანამ ფესვებს ხის ტოტები ემახსოვრებათ,
სანამ ბავშვივით ამტკივდება ხელისგულები,
ჯერ გაიხედე,
გაიხედე ჩვენი მინდვრისკენ.
მე იქ რამდენჯერ დავცემულვარ. დი, შენ ხომ უკვე
კარგად გაიგე რა ჩვილია ჩემი სინდისი,
რომელიც დღე და თვენიადაგ ცოდვა–ბრალს უკმევს.
რომელიც სადღაც მარტო არის და ბოლო დღემდე
შენი თვალები აძლებინებს, წყალივით მდორე.
დი, მე ხავსიან საფლავებზე ლოცვების შემდეგ
ვდგები და ჩემს სულს შავი მთების ამარა ვტოვებ.

და მეც ვიცვლები წლიდან წლამდე. ძველი თოვლივით
უღმიმღამოა ეს ზამთარი. წვიმების მერე
მხოლოდღა შენი თითებია ერთი მოვლენა,
როდესაც რაღაც მიხარია. მეძახის "წერე,
გავიგო ბოლო სინანული, გავიგო შენი
მწვანეთვალება სიყვარული." და ამის მსგავსად
მინდა დავწერო, ამ ყველფარს თუ როგორ ვშვენი
ამ ნაადრევი ფოთლებით და ცოდვებით სავსე.
თუ როგორ ვხვდები, ეს ტკივლი აქამდეც იყო,
მუხლებზეც ბევრჯერ გამივლია და ახლა ვხედავ
მოდიხარ ჩემთან. მავიწყდება ყოველი სიტყვა
და სველი ბაგით გავიძახი "დიდება შენდა.
უფალო ჩემო". რომ მე ისევ დამტოვა იქით,
სადაც მე უკვე დავიბადე, სადაც მე ძველი
სიყვარულივით დავიცალე. ახლა კი ვიქნევ
ხელებს და მჯერა ასეთ ტკივილს ყოველთვის შველის
უბრალოდ ჩუმი გაღიმება. თითების ნაცვლად
მიჭირავს თეთრი მარგალიტი, შენი საყურე.
დი, მოდი ჩემთან, დამაჯერე სიზმრიდან წასვლა
და შენი სითბო ცივ სხეულზე შემომახურე.


დი - დედა (სვან.)

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები

საიტის წევრს ნიკით:  ლილიტი_ ვულოცავთ დაბადების დღეს